გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1245-19წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ნ----------------ა, ლ-–-----------ე
მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 18 იანვრის №--- ბრძანება.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - აღსრულების ეროვნული ბიუროს სს „თ----------ს“ დაუბრუნოს აღსრულების საფასური - 2465.57 თეთრი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 13 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ N2/------- საქმეზე გაიცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი კრედიტორის - სს „თ----------ის“ სასარგებლოდ, მოვალეების - ი-----–-----------–---–ის, თ--------------------ის, ე-–----------ის, ნ-----–-------ის, დ---------------–---–ის და ლ--------------ის მიმართ. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი სს „თ----------ის“ მიერ აღსრულების მიზნით წარდგენილი იქნა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში. სს „თ----------ის“ მიერ გადახდილი იქნა აღსრულების საფასური - 2465.57 თეთრი.
2014 წლის 25 აპრილის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი - ს/ფ 109-113.
- განცხადების მიღების ბარათი - ს/ფ 106-107.
- 2014 წლის 25 აპრილის განცხადება - ს/ფ 122-123.
- სალაროს შემოსავლის ორდერი - ს/ფ 39.
3.1.2. 2014 წლის 13 მაისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა NA---------0------ წერილით მიმართა სს „თ----------ს“ და მიუთითა, რომ წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში ვერ ირკვეოდა კონკრეტულად რომელ უზრუნველყოფილ საგანზე უნდა მომხდარიყო აღსრულება, ამიტომ ითხოვა იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების წარდგენა, რისთვისაც სს „თ----------ს“ განუსაზღვრა ერთი თვის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდებოდა შეუსრულებელი სახით.
სს „თ----------ის“ მიერ, დადგენილ ვადაში წარდგენილი იქნა იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2014 წლის 13 მაისის NA---------0------ წერილი - ს/ფ 124-125.
- სს „თ----------ის“ 2014 წლის 11 ივნისის განცხადება თანდართული მასალებით - ს/ფ 128-151.
3.1.3. 2017 წლის 17 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა NA---------0------ წერილით მიმართა სს „თ----------ს“ და მიუთითა, რომ 2008 წლის 13 მაისიდან 2011 წლის 11 მაისამდე თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება ზემოთ მითითებულ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით, რა დროსაც მოხდა რიგი უზრუნველყოფის საშუალებების აუქციონის წესით რეალიზაცია. გარკვეულ ქონებებზე კი კრედიტორის განცხადებით მოიხსნა შეზღუდვები. თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა N2/------- სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, რომლის მიხედვითაც ვერ ირკვევა კონკრეტულად რომელ უზრუნველყოფილ საგანზე უნდა მოხდეს აღსრულება და რა მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „თ----------ს“ მიეცა შეტყობინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადა მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საშუალებების დასაზუსტებლად გამომდინარე N2/------- სააღსრულებო ფურცლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდებოდა შეუსრულებელი სახით.
სს „თ----------ის“ 2017 წლის 01 აგვისტოს წერილის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა იყო იძულებითი სააღსრულებო საქმის წარმოება მოვალეების მიმართ განხორციელებულიყო, როგორც კრედიტორის არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა, შესაბამისად, აღსრულება უნდა დაწყებულიყო მოვალეების სახელზე რეგისტრირებულ ყველა სახის უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 17 ივლისის NA---------0------ წერილი - ს/ფ 167-168.
- სს „თ----------ის“ 2017 წლის 01 აგვისტოს წერილი და თანდართული მასალები - ს/ფ 173-178
3.1.4. 2017 წლის 04 სექტემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა NA---------0------ წერილით მიმართა სს „თ----------ს“ და მიუთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა N2/------- სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, რომლის მიხედვითაც ვერ ირკვევა ამოწურულია თუ არა უზრუნველყოფის საშუალებებზე აღსრულება, კონკრეტულად რომელ უზრუნველყოფილ საგანზე უნდა მოხდეს აღსრულება და რა მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „თ----------ს“ მიეცა შეტყობინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადა მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საშუალებების დასაზუსტებლად გამომდინარე N2/------- სააღსრულებო ფურცლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდებოდა შეუსრულებელი სახით.
2018 წლის 10 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა NA---------0------ წერილით მიმართა სს „თ----------ს“ და მიუთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა N2/------- სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, რომლის მიხედვითაც ვერ ირკვევა ამოწურულია თუ არა უზრუნველყოფის საშუალებებზე აღსრულება, კონკრეტულად რომელ უზრუნველყოფილ საგანზე უნდა მოხდეს აღსრულება და რა მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „თ----------ს“ მიეცა შეტყობინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადა მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საშუალებების დასაზუსტებლად გამომდინარე N2/------- სააღსრულებო ფურცლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდებოდა შეუსრულებელი სახით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 04 სექტემბრის NA---------0------ წერილი - ს/ფ 179-180.
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 10 ოქტომბრის NA---------0------ წერილი - ს/ფ 184-185.
3.1.5. 2018 წლის 30 ნოემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა NA---------0------ წერილით მიმართა სს „თ----------ს“ და მიუთითა, რომ ვინაიდან ერთი თვის ვადაში ვერ განხორციელდა მოთხოვნის ოდენობისა და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების აღსრულება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 30 ნოემბრის NA---------0------ წერილი - ს/ფ 190-191.
3.1.6. სს „თ----------მა“ 2018 წლის 19 დეკემბერს საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და აღსრულების გაგრძელება ან აღსრულების საფასურის უკან დაბრუნება მოითხოვა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 18 იანვრის №--- ბრძანებით სს „თ----------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩივარი - ს/ფ 92-94.
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 18 იანვრის №--- ბრძანება - ს/ფ 101-103.
3.1.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 18 მარტის N2---- წერილის თანახმად, A-------- სააღსრულებო საქმეზე მოვალეების მიმართ არ განხორციელებულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 18 მარტის N2---- წერილი - ს/ფ 207.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 18 იანვრის №--- ბრძანებას, რომლითაც სს „თ----------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსარჩელის მითითებით, მისი მოთხოვნაა აღსრულების საფასურის დაბრუნება მხოლოდ და არ ითხოვს სააღსრულებო საქმის გაგრძელებას. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, ხოლო 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 13 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ N2/------- საქმეზე გაიცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი კრედიტორის - სს „თ----------ის“ სასარგებლოდ, მოვალეების - ი-----–-----------–---–ის, თ--------------------ის, ე-–----------ის, ნ-----–-------ის, დ---------------–---–ის და ლ--------------ის მიმართ. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი სს „თ----------ის“ მიერ აღსრულების მიზნით წარდგენილი იქნა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში. სს „თ----------ის“ მიერ გადახდილი იქნა აღსრულების საფასური - 2465.57 თეთრი. 2014 წლის 25 აპრილის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა NA---------0------ წერილით მიმართა სს „თ----------ს“ და მიუთითა, რომ ვინაიდან ერთი თვის ვადაში ვერ განხორციელდა მოთხოვნის ოდენობისა და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების აღსრულება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრულ, ასევე სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს/პირის მიერ გათხოვის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილი საფასური კრედიტორს არ უბრუნდება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სს „თ----------ის“ მიერ გადახდილი იქნა აღსრულების საფასური - 2465.57 თეთრი. სასამართლო, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ A-------- სააღსრულებო საქმეზე მოვალეების მიმართ არ განხორციელებულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს კრედიტორის - სს "თ----------ისათვის" მომსახურება არ გაუწევია, მისივე განმარტებით სააღსრულებო მოქმედებები არ განუხორციელებია, არ არსებობდა აღსრულების საფასურის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 18 იანვრის №--- ბრძანება აღსრულების საფასურის უკან დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში და უნდა დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სს „თ----------ს“ დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური - 2465.57 თეთრი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 18 იანვრის №--- ბრძანება, აღსრულების საფასურის უკან დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში.
3. დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სს „თ----------ს“ დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური - 2465.57 თეთრი.
4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი