გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.12.2018
საქმის ნომერი
330310018002596640
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/5297-18

25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - ა---------–-------------–ი

წარმომადგენელი - ა---------------ე

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

მესამე პირი - შპს კ---------------------------–-----------------ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება ა---------–-------------–ის CH--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ ა---------–-------------–ის სახელზე 2006 წლის 7 სექტემბერს გაცემული CH--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - შპს კ---------------------------–-----------------ის წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა (მხარეს ეცნობა სხდომის თარიღი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად).

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს კ---------------------------–-----------------ის იურიდიული ფაკულტეტის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ა---------–-------------–ს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მის სახელზე 2006 წლის 07 სექტემბერს გაიცა CH--------- დიპლომი (სარეგისტრაციო №3-).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დიმლომი CH--------- (ს.ფ. 15).

 

4.1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2018 წლის 19 ივლისის №M----------------- სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 3 აპრილს შპს კ--------------------------–----------------ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს კ----------------------------–------------------მა ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2018 წლის 19 ივლისის №M----------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 70-71).

 

4.1.3. 2018 წლის 20 ივნისს ა---------–-------------–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ 2006 წელს გაცემული უმაღლესი განათლების CH--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით ა---------–-------------–ს უარი ეთქვა CH--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ცენტრმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. შპს კ--------------------------–----------------ს 2005 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე არ გაუვლია ინსტიტუციური აკრედიტაცია, ხოლო 2010 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე არ გაუვლია ავტორიზაცია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, შპს კ----------------------------–------------------მა (ს/კ - 2--------) ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და დღემდე საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ, არაღიარებულ რეჟიმში. აღნიშნულის შესაბამისად, შპს კ--------------------------–----------------ში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით ა---------–-------------–ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - 2006 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი CH--------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 20 ივნისის განცხადება (ს.ფ. 55-56).

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-21).

 

4.1.4. საქმეში წარმოდგენილი შპს კ---------------------------–-----------------ის რექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ა---------–-------------–მა ნამდვილად დაამთავრა შპს კ---------------------------–-----------------ის იურიდიული ფაკულტეტის ხუთწლიანი სწავლების სრული კურსი 2006 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; ა---------–-------------–ის სახელზე გაიცა დიმლომი CH---------, სარეგისტრაციო ნომერი -3-.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს კ---------------------------–-----------------ის რექტორის ცნობა (ს.ფ. 74).

 

4.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სას--------ო პოლიციის სახმელეთო ს--------ის დაცვის დეპარტამენტის სას--------ო პოლიციის №7-------------–--ს (ყ------ი) 2018 წლის 10 აგვისტოს №1------ ცნობით დგინდება, რომ ა---------–-------------–ი 2003 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სას--------ო პოლიციის №7-------------–--ში (ყ------ი).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სას--------ო პოლიციის სახმელეთო ს--------ის დაცვის დეპარტამენტის სას--------ო პოლიციის №7-------------–--ს (ყ------ი) 2018 წლის 10 აგვისტოს №1------ ცნობა (ს.ფ. 16).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება

 

აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო

 

დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

 

ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

 

7.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განს--------ა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის

 

დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმაოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

7.4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის უფლებამოსილი დაწესებულების/დაწესებულებების მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების

 

დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. შპს კ--------------------------–----------------ს 2005 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე არ გაუვლია ინსტიტუციური აკრედიტაცია, ხოლო 2010 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე არ გაუვლია ავტორიზაცია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, შპს კ----------------------------–------------------მა ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და დღემდე საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ, არაღიარებულ რეჟიმში. აღნიშნულის შესაბამისად ცენტრმა მიიჩნია, რომ შპს კ--------------------------–----------------ში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით ა---------–-------------–ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - 2006 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი CH--------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ა---------–-------------–ის მიერ დიპლომის მიღების დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.

 

აღნიშნული კანონის 661 მუხლი არეგულირებდა ახალდაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ მდგომარეობას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარება აკრედიტაციას მისი საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განს--------ული, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი შედეგები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2018 წლის 19 ივლისის №M----------------- სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 3 აპრილს შპს კ--------------------------–----------------ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს კ--------------------------–----------------ში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან 2006 წლის ჩათვლით ა---------–-------------–ის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომის გაცემის დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, შპს კ---------------------------–-----------------ის იურიდიული ფაკულტეტის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ა---------–-------------–ის სახელზე 2006 წლის 07 სექტემბერს გაცემული CH--------- დიპლომი (სარეგისტრაციო №3-) ექცევა მოცემული ნორმის რეგულირების ფარგლებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს კ---------------------------–-----------------ი, CH--------- დიპლომის გაცემის პერიოდში, წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილი იმ სამართლებრივი შედეგების მატარებელ სუბიექტს, რომელიც ასევე გათვალისწინებულია აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 88-ე მუხლში დამატება განხორციელდა 21.07.2010. №3--- საქართველოს კანონით და ამოქმედდა 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისადმი მფლობელის კანონიერი ნდობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით პირდაპირ დადგენილი არ არის, თუმცა შესაბამის ნორმათა გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტება იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ დიპლომსა და დიპლომის დანართს როგორც უკვე არსებული ფაქტის (აქტის) დამადასტურებელ სპეციალურ დოკუმენტს, რეალაქტს გააჩნია აღმჭურველი ბუნება მისი ადრესატისადმი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიმართ გაცემული დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა დიპლომმა მიანიჭა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დასაქმებულია თავისი პროფესიის გათვალისწინებით საქართველოს სას--------ო პოლიციის №7-------------–--ში (ს.ფ. 16). აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა

 

გათვალისწინებული. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის ინტერსების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს სხვა პირთა ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება.

 

განსაახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმს--------ელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება ა---------–-------------–ის CHU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ ა---------–-------------–ის სახელზე 2006 წლის 7 სექტემბერს გაცემული CHU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - ა---------–-------------–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტ ა:

 

1. ა---------–-------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება ა---------–-------------–ის CHU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ ა---------–-------------–ის სახელზე 2006 წლის 7 სექტემბერს გაცემული CHU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

4. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს ა---------–-------------–ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა აფციაური