განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
330100119002907517
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ გ-------– ნ-–------ის

ბრალდებულ _ მ--–---- ბ-–--ის

ადვოკატ - ს---–--- კ------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ--–---- თ----------ის ძე ბ-–--ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ჭ--------ის რაიონის სოფელ თ---–-----ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–---------------------------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–---- ბ-–--ეს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის და სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–---- ბ-–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 6 თებერვალს, დილის საათებში, თ---–--–-----------------–----------------------------------------------------ში, მ--–---- ბ-–--ემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--------------–ს. კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი და მუშტი, რის შედეგადაც ა--------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მ--–---- ბ-–--ე თანაცხოვრების პერიოდში ა--------------–ს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

ამის გამო მ--–---- ბ-–--ეს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებულ იქნა ბრალდებულის მიერ ა--------------–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი, თუმცა არ იქნა დადასტურებული მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რის გამოც მ--–---- ბ-–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ--–---- ბ-–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ბავშვებისათვის არასათანადო ყურადღების მიქცევის გამო მეუღლესთან - ა--------------–თან ჰქონდა კონფლიქტი, რა დროსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2019 წლის 6 თებერვალს მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც, რასაც არ შესწრებია მათი არასრულწლოვანი შვილი, ვინაიდან ეს უკანასკნელი კონფლიქტის დროს იმყოფებოდა სხვა ოთახში.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ა--------------–მა განმარტა, რომ თერთმეტი წელია მ--–---- ბ-–--ესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 6 თებერვალს, ღამის ცვლის დასრულების შემდეგ, დილით დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მეუღლემ უსაყვედურა, რომ ბავშვებს არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. აღნიშნულის გამო მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ კონფლიქტს შეესწრო მისი დედამთილი - ი---- ს------ე, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილებიდან ძალადობას არავინ შესწრებია, რადგან ამ დროს უფროსი შვილი იმყოფებოდა სკოლაში, უმცროსს ეძინა, ხოლო შუათანა იმყოფებოდა სხვა ოთახში და ყურსასმენით თამაშობდა ტელეფონზე. მანვე განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს წარსულშიც არაერთხელ ჰქონია ადგილი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ განუცხადებია.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ი---- ს------ემ განმარტა, რომ მის შვილს - მ--–---- ბ-–--ეს და რძალს - ა--------------–ს საყოფაცხოვრებო საკითხების გამო ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, ხოლო 2019 წლის 6 თებერვალს, ა--------------–ი სამსახურიდან დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მ--–---- ბ-–--ემ უთხრა, რომ მიეხედა ბავშვებისთვის, რის გამოც მათ შორის კვლავ წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი და შევიდნენ სხვა ოთახში, ხოლო ბრალდებულის მხრიდან ა--------------–ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს პირადად არ შესწრებია. ამასთან, აღნიშნულ კონფლიქტს არ შესწრებია არასრულწლოვანი ბავშვი, რადგან იგი ამ დროს იმყოფებოდა ბებიასთან ერთად და არაფერი უნახავს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული მ--–---- ბ-–--ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობა განხორციელებულია ბინაში, რა დროსაც იქ მყოფი პირებიდან არცერთმა არ დაადასტურა ძალადობის ჩადენა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით: ბრალდებულის დედამ - ი---- ს------ემ, თავად ბრალდებულმა და დაზარალებულმა უარყვეს არასრულწლოვნის შესწრება კონფლიქტის ფაქტს და სამივე მათგანმა განმარტა, რომ სახლში მყოფი ორი ბავშვიდან ერთს ეძინა, ხოლო მეორე იმყოფებოდა სხვა ოთახში და ყურსასმენების გამოყენებით თამაშობდა ტელეფონზე, ხოლო თავად არასრულწლოვანი ბავშვის - ნ-----–---- ბ-–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი არც 2019 წლის 6 თებერვალს და არც სხვა დროს არ შესწრებია მამის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რაც შეეხება სასამართლოს დასკვნას მ--–---- ბ-–--ის მიერ ა--------------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ჩადენის თაობაზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით), გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა და დაზარალებულის ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 7 თებერვალს პირადი შემოწმებისას ა--------------–ს აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ--–---- ბ-–--ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ--–---- ბ-–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მ--–---- ბ-–--ის მხრიდან მეუღლის - ა--------------–ის მიმართ განხორციელებულია სისტემატური შეურაცხყოფა, რაც 2019 წლის 6 თებერვალს გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, რაც არ გახდა მისთვის შემაკავებელი ხასიათის და მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფს კვლავ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობით, ხოლო გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მან ჩაიდინა ახალი განზრახი და ამავდროულად ძალადობრივი ხასიათის დანაშაული მეუღლის მიმართ, ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ არასაპატიმრო სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა და ვერ შეაკავა მისი დანაშაულებრივი ქმედებები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით მ--–---- ბ-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით (დანიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

თბილისის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად, მ--–---- ბ-–--ეს გამოსაცდელი ვადა უსრულდებოდა 2021 წლის 30 იანვარს. შესაბამისად, იგი ოჯახში ძალადობის ჩადენის დროისათვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ამასთან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, მ--–---- ბ-–--ის მიერ არ არის გადახდილი ზემოაღნიშნული განაჩენით დაკისრებული ჯარიმის თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) ნასამართლევი პირის მიერ კვლავ ჩადენილია განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით შეადგენს 1 წელს და 6 თვეს, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას (სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული ბრალდების ნაწილში), დაზარალებულის პოზიციას, რომლის თანახმადაც, იგი თანახმაა ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და მეზობლებისაგან და დამსაქმებლისაგან ხასიათდება დადებითად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საკმარისად მიიჩნევს მ--–---- ბ-–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადის განსაზღვრას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, - სასჯელთა არა სრული, არამედ ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებას, საბოლოოდ, დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–---- ბ-–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მ--–---- ბ-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მ--–---- ბ-–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–---- ბ-–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. მ--–---- ბ-–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 თებერვლიდან.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი