გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.06.2019
საქმის ნომერი
130210019002873235
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

30210019002873235

2-144-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

 

მოსარჩელე - ე-------------------შვილი

წარმომადგენლები - მ----------–-–---–--------------------შვილი

მოპასუხე - ა(ა) იპ ს----–------–-----------–-------–----------------–------–-------–-------------–--------–----–----- გაერთიანება

წარმომადგენლები - ნი------------–---–---------------–-ძე

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი

განაცდურის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ს----–------–-----------–-------–----------------–------–-------–-------------–--------–----–----- გაერთიანების 2019 წლის 1 თებერვლის ბრძანება N286 ე-------------------შვილის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ;

1.2. ე-------------------შვილი აღდგენილი იქნეს სამუშაოზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 500 ლარი (სარჩელი. 2019 წლის 10 აპრილის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 15:27:08-15:27:35).

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მისი განცხადება, რაც გასაჩივრებული ბრძანების საფუძველი გახდა, მის ნამდვილი ნების გამომხატველი არ არის და დაწერა მერიის თანამშრომლების მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო. შესაბამისად, უკანონო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, აღდგეს სამუშაოზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო რადგან გათავისუფლება მოხდა მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე, მასზე ზემოქმედების გარეშე;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ე-------------------შვილი 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე მუშაობდა ს----–------–-----------–-------–----------------–------–-------–-------------–--------–----–----- გაერთიანების ფ–--------–---------------------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ბრძანებები ე-------------------შვილის დანიშვნის და გათავისუფლების შესახებ (ს.ფ.23, 24);

3.1.2. 2019 წლის 1 თებერვალს ე-------------------შვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა ა(ა) იპ ს----–------–-----------–-------–----------------–------–-------–-------------–--------–----–----- გაერთიანებას.

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე-------------------შვილის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. 2019 წლის 20 თებერვალს, ე-------------------შვილმა განცხადებით მიმართა მოპასუხეს და ითხოვა იმვე სამუშაოზე დაბრუნება, რაც არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე-------------------შვილის განცხადება სამუშაოზე დაბრუნების თაობაზე (ს.ფ.43);

- მოპასუხის პასუხი სამუშაოზე დაბრუნებაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების - აუდიტის სამსახურის უფროსის და იურიდიული სამსახურის უფროსის მხრიდან ზეწოლის გამო დაწერა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას მოსარჩელეზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება არ ყოფილა, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, არც სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტი;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 მუხლი, 102-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2019 წლის 31 იანვარს, მოპასუხეს მიმართა მშობელმა და მიუთითა მისი ბავშვის მიმართ საბავშვო ბაღის ფსიქოლოგის მხრიდან ძალადობაზე. ამ ფაქტის გამო, იმავე დღეს, ფ–-- საბავშვო ბაღში მივიდა ს----–------–-----------–-------–----------------–------–-------–-------------–--------–----–----- გაერთიანების მმართველი მერიის თანამშრომლებთან ერთად, იმავე დღეს, რადგან მმართველმა დაიბარა, საბავშვო ბაღის დირექტორი ე-------------------შვილი და საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი გამოცხადდნენ მმართველის კაბინეტში. ფსიქოლოგმა იმავე დღეს დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელემ - მეორე დღეს. ორივე განცხადება დაკმაყოფილდა;

მოსარჩელემ განმარტა, რომ გაერთიანების მმართველის თანდასწრებით მერიის აუდიტის სამსახურის და იურიდიული სამსახურის უფროსებმა მოსთხოვეს დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადებას ბავშვზე ძალადობის შესახებ მიეცემოდა მსვლელობა, ,,გაიხსენებდნენ" ბავშვის იმავე საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებლის მიერ ცემასაც. მუქარის შეეშინდა, იფიქრა, რომ გაგრძელდებოდა ზეწოლა, შემოწმებები, ყოველდღე ეტყოდნენ განცხადება დაეწერა სამსახურიდან გათავისუფლებაზე, მმართველის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გაითვალისწინა, რომელიც თანაუგრძნობდა, მასთან ,,გადასარევი" ურთიერთობა ჰქონდა და განცხადება დაწერა, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად არის მითითებული;

ს----–------–-----------–-------–----------------–------–-------–-------------–--------–----–----- გაერთიანების მმართველმა განმარტა არც თვითონ და არც სხვას უთქვამს ე-------------------შვილისათვის განცხადება დაეწერა სამსახურიდან გათავისუფლებაზე;

სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ე-------------------შვილი მხოლოდ ერთ მიზეზზე, ფ–-- ტერიტორიულ ორგანოში მერის წარმომადგენლის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მიუთითებდა სამსახურში დაბრუნების შესახებ განცხადებაში (ს.ფ.43);

გარდა ამისა, მართალია, მხარეებმა დადასტურეს, რომ მოსარჩელესა და ფ–-- ტერიტორიულ ორგანოში ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, მერის წარმომადგენლის და მისი ნათესავების შვილები ფ–-- საბავშვო ბაღში დადიან. მათ და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ, მაგრამ ამ გარემოებას გავლენა არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა მოსარჩელის საკუთარი ნებით სამსახურის დატოვებაზე, - მხარეებმა დაადასტურეს, რომ ტერიტორიულ ორგანოში მერის წარმომადგენელი, როგორც საჯარო მოხელე, არ არის უფლებამოსილი მოახდინოს საბავშვო ბაღის, მისი თანამშრომლების საქმიანობის რევიზია, საქმის განხილვისას გაირკვა, - მერის წარმომადგენელს შეიძლება საბავშვო ბაღთან ურთიერთობა ქონდეს მხოლოდ როგორც მშობელს. მას, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, არ შეეძლოთ კანონსაწინააღმდეგო გავლენა მოეხდინათ სამუშაოს დატოვების შესახებ მოსარჩელის გადაწყვეტილებაზე;

სასამართლო ითვალისწინებს, რომ თვითონ მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მის მიერ დასახელებულ პირებთან შეხვედრიდან მეორე დღეს დაწერა, მას შემდეგ, როდესაც თავის და-ძმას დაეკითხა აღნიშნულის შესახებ რადგან, სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მათ კმაყოფაზე უნდა ყოფილიყო და თავის კოლექტივსაც უთხრა, რომ განცხადების დასაწერად მიდიოდა.

სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე, ე-------------------შვილის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ზომა 2018 წლის 24 დეკემბერს, სადავო არ გამხდარა, რომ დირექტორის და ფსიქოლოგის მიერ სამუშაოს დატოვების გამო ბავშვზე ძალადობის ფაქტზე მოკვლევა (წარმოება) აღარ წარიმართა, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით დატოვების შესახებ განცხადება მის ნამდვილ ნებას შეესაბამებოდა. მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი ობიექტურად შეესაბამება მის ადგილას მყოფი საშუალო შესაძლებლობების ადამიანისგან მოსალოდნელ გადაწყვეტილებას სამუშაოს საკუთარი ნებით დატოვების თაობაზე. ძალადობის ფაქტზე წარმოების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო მის მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენება და შეიძლება მას თანამდებობა დაეტოვებინა უკვე სხვა საფუძვლით;

არ დადასტურდა არც საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული გარემოება - პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით, - არც მოსარჩელეს მიუთითებია ასეთი გარემოებების არსებობაზე;

არ წარმოდგენილა დისკრიმინაციის, რაიმე სახის ზეწოლის ან იძულების დამადასტურებელი მტკიცებულება. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება მასზე ზეწოლის შესახებ, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება და სხვა მტკიცებულებით გამყარებული არ არის, დადასტურებულად არ ჩაითვლება;

სამსახურის დატოვების დროს მოსარჩელის ნების ნამდვილობაზე მსჯელობისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე, რომ ე-------------------შვილმა 2019 წლის 20 თებერვალს მოითხოვა სამსახურში დაბრუნება. განცხადებაში აღნიშნავს, რომ ემოციური ფონის გადავლის და დამშვიდების შემდეგ, დაფიქრდა, მიხვდა, რომ სამსახურიდან არ უნდა წასულიყო (ს.ფ.43). საქმის განხილვისას კი განმარტა, სამსახურში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან მერის წარმომადგენელი ტერიტორიულ ორგანოში საბავშვო ბაღის მასწავლებელს დაემუქრა, რომ დირექტორის და ფსიქოლოგის ,,გზას გაუყენებდა", ფსიქოლოგი ვერ დაიცვა და კოლექტივსაც ვერ მიატოვებდა.

გათავისუფლებიდან მე-19 დღეს სამსახურში დაბრუნების მოთხოვნა, მით უმეტეს, როდესაც განცხადებაში და საქმის განხილვისას დაბრუნების მოთხოვნის სხვადასხვა მიზეზებზე მიუთითებს არ არის დასაქმებულის მიერ საკუთარი ნების გამოთხოვა;

გარდა ამისა, მოსარჩელე, ერთი მხრივ, სამსახურში დაბრუნების შესახებ განცხადებაში და სარჩელში (ს.ფ.5.) აღნიშნავს, რომ განცხადება დაწერა ტერიტორიულ ორგანოში მერის წარმომადგენლის და მისი ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო და ნების გამოვლენა ნამდვილი არ იყო, მეორე მხრივ, დამსაქმებელს მიმართა სამსახურში დაბრუნების, - ნების გამოთხოვის მოთხოვნით;

ამდენად, არ დადასტურდა, სამუშაოს დატოვებისას, ე-------------------შვილის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა, იძულება ან სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, რაც გამორიცხავს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი, №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ხაშური, კოსტავას ქ.№15).

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი