გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33030-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: დ---------------–--–---–ი
წარმომადგენელი: თ------------------ა
მოპასუხე: ლ-------------ა
წარმომადგენლები: გ------------–---–ი, შ--–-----–--–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ-------------ას დ---------------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 12 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე 12 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 10 200 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2400 აშშ დოლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2008 წლის 19 ნოემბერს დ---------------–--–---–სა და ლ-------------ას შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ქ. თ---–--–--------------------------–---–- მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, ს/კ 0---------------. თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, ნასყიდობის ფასი შეადგენდა 300 000 აშშ დოლარს. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასში არ შედიოდა მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებული ალუმინის სპეციალური ანგარები. შესაბამისად, გამყიდველს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა აღნიშნული ქონების დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანა. მოგვიანებით, 2008 წლის 05 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომელიც წარმოადგენდა 2008 წლის 19 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი დ---------------–--–---–ი აღარ გაიტანდა ნასყიდობის საგანზე დამაგრებულ ალუმინის სპეციალურ ანგარებს, ხოლო სანაცვლოდ გაიზრდებოდა უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება 400 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარამდე.
ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, ლ-------------ა მოსარჩელეს პერიოდულად გადასცემდა სხვადასხვა სახის ქონებასა და ფულად თანხას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა დროულად და მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის სანაცვლოდ გამყიდველისათვის გადაცემული ქონების ღირებულება არ იყო ზუსტად განსაზღვრული, 2015 წელს მხარეთა შორის შესასრულებელი ვალდებულების ოდენობასთან დაკავშირებით წარმოიშვა უთანხმოება. კერძოდ, 2015 წლის მდგომარეობით, მოსარჩელე თვლიდა, რომ მის მიერ მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, ლ-------------ას დარჩენილი ჰქონდა 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება, რასაც მოპასუხე არ ეთანხმებოდა. შესაბამისად, მხარეებმა დაიწყეს მოლაპარაკება და ვინაიდან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან, დავის სწრაფად და მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, 2015 წლის 12 ივნისს წერილობით (ნოტარიულად დადასტურებული) შეთანხმდნენ, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ჰქონდა 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულ შეთანხმებაზე მოსარჩელე დასთანხმდა იმ მიზეზით, რომ ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო ერთი თვის ვადაში. თუმცა, მოპასუხემ ვალდებულება კვლავ არ შეასრულა და მოითხოვა ვალდებულების შესრულების განაწილება. მოსარჩელეს სურდა დავის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რის გამო იგი ამ თხოვნასაც დასთანხმდა და მოპასუხემ დაიწყო ვალდებულების პერიოდულად შესრულება.
მოპასუხემ ორი წლის განმავლობაში მოსარჩელის სასარგებლოდ გადაიხადა გარკვეული ოდენობის თანხა, თუმცა 2017 წლის სექტემბრის თვიდან ვალდებულების შესრულება შეწყვიტა. აღნიშნული პერიოდისათვის მოპასუხეს დარჩენილი ჰქონდა 10 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება.
მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ 2015 წლის 12 ივნისის შეთანხმების 2.9. პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.06%-ის ოდენობით, რაც 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 2400 აშშ დოლარს. ამდენად, მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგენს 12600 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ-------------ამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2008 წლის 05 დეკემბერს დადებული იყო ფორმადაუცველი გარიგება და შესაბამისად 2015 წლის 12 ივნისს დადებული შეთანხმებით აღიარებულ იქნა ფორმადაუცველი შეთანხმებით შეძენილი ანგარების ღირებულება, რის გამოც მათ არ წარმოუშვია მხარეთათვის არც რაიმე სახის უფლება და არც ვალდებულება. აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებული ალუმინის ანგარები წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, რაც დადასტურებულ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილებით იმ მიზეზით, რომ ანგარები მიწასთან უძრავად იყო დაკავშირებული და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო როგორც შენობა-ნაგებობა. შესაბამისად, მათზე გარიგება კანონით განსაზღვრული წესის დაცვით უნდა დადებულიყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლის 19 ნოემბერს ლ-------------ასა და დ---------------–--–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ-------------ამ დ---------------–--–---–ისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თ---–----------------------------–--ა (ნაკვ. 1----), ს/კ 0---------------, მასზე არსებული შენობა ნაგებობებით. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა - 300 000 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, დასახელებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ლ-------------ას საკუთრებად.
ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასში არ შედიოდა მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებული ალუმინის სპეც. ანგარები და გამყიდველს - დ---------------–--–---–ი უფლება ჰქონდა გაეტანა აღნიშნული ნივთები.
3.1.2. 2008 წლის 05 დეკემბერს ლ-------------ასა და დ---------------–--–---–ს შორის მარტივი წერილობითი ფორმით გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი - დ---------------–--–---–ი აღარ გაიტანდა მიწის ნაკვეთიდან იქ დამონტაჟებულ სპეც. ანგარებს, მაგრამ სანაცვლოდ გაიზრდებოდა მთლიანობაში ნასყიდობის საგნის ღირებულება - 400 000 ლარით. მხარეთა განმარტებით, გაზრდილი ღირებულება წარმოადგენდა ალუმინის ანგარების საფასურს.
3.1.3. 2015 წლის 12 ივნისს ლ-------------ასა და დ---------------–--–---–ს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც დადასტურებულ იქნა სანოტარო წესით და რომლის თანახმადაც ლ-------------ამ იკისრა ვალდებულება დ---------------–--–---–ისათვის დამატებით გადაეხადა 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი 30 კალენდარული დღის ვადაში რითაც სრულად და ჯეროვნად შესრულებოდა მყიდველის - ლ-------------ას ვალდებულებები გამყიდველის - დ---------------–--–---–ის მიმართ. კერძოდ, მყიდველს სრულად და ჯეროვნად ექნებოდა გადახდილი გამყიდველისათვის 400 000 ლარი და 300 000 აშშ დოლარი.
აღნიშნული შეთანხმების წინაპირობას წარმოადგენდა მხარეთა შორის 2008 წლის 19 ნოემბერს დადებული ნაყიდობის ხელშეკრულება და 2008 წლის 05 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმება. ასევე, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა განსხვავებული მოსაზრება ნასყიდობის საფასურის დარჩენილ, გადასახდელ ოდენობასთან დაკავშირებით.
შეთანხმების 2.8. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაუხდის გამყიდველს 30 000 აშშ დოლარს, მაშინ მყიდველს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით დაეკისრება გადაუხდელი თანხის 0.06%.
3.1.4. ლ-------------ას მიერ, მასსა და დ---------------–--–---–ს შორის 2015 წლის 12 ივნისს დადებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, გადახდილია ჯამში - 19 800 აშშ დოლარი. მას 2017 წლის სექტემბრის თვიდან აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა.
მტკიცებულება: ნოტარიულად დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ამონაწერები სანოტარი მოქმედებათა ელექტრონული რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 19-23,121-130)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა დ---------------–--–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე, 150-ე, 341-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებაა ლ-------------ას მიერ 19.11.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ალუმინის ანგარები წარმოადგენს თუ არა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს. ამდენად, მოთხოვნის ლეგიტიმურობის დადგენამდე, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოარკვიოს აღნიშნული სადავო საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
ნაწილებს რომელთაგანაც შედგება რთული ნივთი უწოდებენ შემადგენელ ნაწილებს. სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს ნივთის შემადგენელი ნაწილის ზოგად ცნებას. სამართლებრივ დოქტრინაში ნივთის შემადგენელ ნაწილებად ის საგნები მიიჩნევა, რომლებიც თავისი ბუნებით ერთიანობას ქმნიან ან თუ ნივთებმა შეერთების შედეგად დამახასიათებელი თავისებურება იმდენად დაკარგეს, რომ ისინი ერთ მთლიან ნივთად მიიჩნევა. ამდენად, შემადგენელი ნაწილის განსაზღვრება დამოკიდებულია სივრცობრივად ერთიანი, მთლიანი ნივთის წარმოშობაზე.
ამასთან, უნდა განვასხვავოთ არსებითი და არაარსებითი შემადგენელი ნაწილები. არსებითია ნივთის ნაწილები, რომელთა ერთმანეთისაგან გამოცალკევებაც შეუძლებელია ერთ-ერთის განადგურების ან მისი არსებითი შეცვლის გარეშე (მაგ. კედელში ჩაშენებული ბუხარი). აღნიშნული ნივთები მიერთების შედეგად კარგავს თავის ფიზიკურ დამოუკიდებლობას და ხდება ერთიანი ნივთის ნაწილი. იმის დასადგენად, თუ რამდენად მოჰყვა ნივთის ნაწილების განცალკევებას განცალკევებული ნაწილისა და დარჩენილი ნაწილის განადგურება ან დანიშნულების მოსპობა, საჭიროა მათი შეფასება. კერძოდ, შესაძლებელია თუ არა განცალკევების შემდეგ ნივთის ნაწილების ეკონომიკურად გამოყენება და განცალკევებული ნაწილების ღირებულება რამდენად ახლოს არის ნივთის განცალკევებამდე არსებულ ღირებულებასთან. ანალოგიური წესი მოქმედებს როდესაც დემონტაჟი მართალია შესაძლებელია, თუმცა ამისათვის შეუსაბამოდ მაღალი დანახარჯები იქნებოდა საჭირო. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილები არ შეიძლება იყოს სხვა პირის კუთვნილი სპეციალური უფლებების საგანი და შესაბამისად არც სხვა პირის საკუთრებაში იმყოფებოდეს. ამდენად, ძირითადი ნივთის მესაკუთრე ყოველთვის არის, ასევე არსებითი შემადგენელი ნაწილების მესაკუთრეც, თუმცა შესაძლებელია განცალკევებული მფლობელობა. აღნიშნულისაგან განსახვავებით, არაარსებითი შემადგენელი ნაწილების ნივთებისაგან გამოცალკევება შესაძლებელია ზიანის მიყენების გარეშე. მათზე ცალ ცალკე საკუთრების უფლებების არსებობა შესაძლებელია.
საკუთრების უფლება და შეზღუდული სანივთო უფლებები ყოველთვის არსებობს მთლიან ნივთზე არსებითი შემადგენელი ნაწილების ჩათვლით, რომლებიც არ შეიძლება იყოს სხვა სანივთო უფლებების საგანი, არამედ აუცილებლად მოცულია საკუთრების უფლებით. ნივთის ცალკეული საკუთრების უფლებისადმი ან შეზღუდული სანივთო უფლებისადმი მიკუთვნებას საფუძვლად უდევს ნივთის, როგორც ეკონომიკური ერთიანობის შენარჩუნება. ერთიანი ნივთის სხვადასხვა ნაწილებზე სხვადასხვა საკუთრების უფლებები გამოიწვევდა ამ ნაწილების დანაწევრებას. არაარსებით შემადგენელ ნაწილებზე, კი პირიქით, შეიძლება არსებობდეს ძირითადი ნივთის უფლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებული სანივთო სამართლებრივი მდგომარეობა.
რაც შეეხება კონკრეტულად მიწის ნაკვეთს, როგორც სსკ-ის 150-ე მუხლშია მითითებული, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობები და ის ნივთები, რომლებიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. მიწასთან მყარად არის ნივთები დაკავშირებული, თუ მათი განცალკევება შეუძლებელია სუბსტანციის ან დანიშნულების მოსპობის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში მიწის ნაკვეთთან ნივთის მყარად დაკავშირება შესაძლებელია თვით ამ ნივთის სიმძიმით იყოს განპირობებული.
საკითხს, მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა ნივთის შემადგენელი ნაწილი ერთიან, თუმცა, შემადგენელი ნაწილებისაგან შემდგარ ან/და დამოუკიდებელ ნივთად, წყვეტს სამოქალაქო ბრუნვაში აღიარებული შეხედულება და, დამატებით, საკითხის გადაწყვეტისადმი ჩვეულებრივი მიდგომა. ნაწილებს შორის უნდა არსებობდეს სხეულებრივი კავშირი. ხშირად მყარი კავშირი მიუთითებს საგნის შემადგენელი ნაწილის თვისებაზე, თუმცა, შეიძლება საკმარისი იყოს ასევე უფრო ადვილად გასაწყვეტი კავშირიც. არსებითია ისეთი შემადგენელი ნაწილი, როდესაც ის ან დანარჩენი ძირითადი შემადგენელი ნაწილის გაყოფის შედეგად ნადგურდება, ან, ეკონომიკური თვალსაზრისით, არსებითად იცვლება. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია იმაზე, შეიძლება თუ არა გაყოფის შემდეგ სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის თავდაპირველი სახით ეკონომიკური მიზნით გამოყენება, თუნდაც ეს ხდებოდეს ასევე მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ამ მიზნით ისინი კვლავ სხვა ნივთებს უკავშირდებიან. (იხ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, 93-ე პარაგრაფის მე-4 ველი, გვ. 25)
ერთ-ერთ საქმეზე გერმანიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს მიერ, არასერიულად წარმოებული მოდული, რომელი ჩამონტაჟებულ იქნა მცირე თბოელექტროსადგურში ელექტროენეგიისათვის არ იქნა კლასიფიცირებული როგორც არსებითი შემადგენელი ნაწილი. მანამდე, სანამ ნივთის დარჩენილი ნაწილი შემადგენელი ნაწილის გამოცალკევების შემდეგ ჯერ კიდევ შეიძლებოდა გამოყენებულიყო ისე, როგორც ის გამოიყენებოდა თავიდანვე - და თუნდაც ეს ყოფილიყო ასევე იმის შემდეგ, რაც დამონტაჟდება სხვა ანალოგიური მოდული - გამოცალკევებული შემადგენელი ნაწილი, როგორც წესი, მაინც უნდა ყოფილიყო განხილული, როგორც არაარსებითი შემადგენელი ნაწილი. სხვა შემთხვევაში, ადგილი ექნებოდა მხოლოდ იმას, რომ შემადგენელი ნაწილი იმდენად სპეციფიკურად იქნებოდა ძირითად ნივთთან ადაპტირებული, რომ ის გამოცალკევების შემდეგ სხვა ადგილას გამოყენებადი ვეღარ იქნებოდა. (BGHZ 191, 285=NJW 2012, 78)
განსახილველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ 2008 წლის 19 ნოემბერს, როდესაც ლ-------------ასა და დ---------------–--–---–ს შორის დაიდო უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თ---–----------------------------–--ა (ნაკვ. 1----), ს/კ 0--------------- და მასზე არსებული შენობა ნაგებობები) ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარეები, ამავე დროს, ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასში არ შედიოდა მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებული ალუმინის სპეც. ანგარები და გამყიდველს - დ---------------–--–---–ი უფლება ჰქონდა გაეტანა აღნიშნული ნივთები. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ისინი მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებულ ალუმინის ანგარებს მიიჩნევდნენ მოძრავ ნივთებად, ცალკე უფლების ობიექტად და ფიქრობდნენ, რომ დამოუკიდებლად უნდა მომხდარიყო მათი შეძენა და გარიგების დასადებად არ იყო საჭირო კანონით დადგენილი რაიმე სპეციალური ფორმის დაცვა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ასევე არც ის რომ შესაძლებელი იყო ალუმინის ანგარების მიწის ნაკვეთიდან გამოცალკევება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის 05 დეკემბერს ლ-------------ასა და დ---------------–--–---–ს შორის, მარტივი წერილობითი ფორმით, გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი - დ---------------–--–---–ი აღარ გაიტანდა მიწის ნაკვეთიდან იქ დამონტაჟებულ ანგარებს, მაგრამ სანაცვლოდ გაიზრდებოდა მთლიანობაში ნასყიდობის საგნის ღირებულება 400 000 ლარით. მხარეთა განმარტებით, შეთანხმებით გათვალისწინებული გაზრდილი ღირებულება წარმოადგენდა ალუმინის ანგარების საფასურს.
აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, მოპასუხის მტკიცებით ლ-------------ასა და დ---------------–--–---–ს შორის 2008 წლის 05 დეკემბერს დადებული შეთანხმება წარმოადგენს ფორმადაუცველ გარიგებას, რის გამოც 2015 წლის 12 ივნისს დადებულ შეთანხმებას, ასევე არ აქვს იურიდიული ძალა, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის უფლებას. მოპასუხე მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების საფუძვლად მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.2016წ. გადაწყვეტილებას, და ამავე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2017წ. გადაწყვეტილებასა და საქარველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2018წ. განჩინებას, რომელიც გამოტანილ იქნა ლ-------------ას მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსტა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიმართ აღძრულ სარჩელზე, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. მოპასუხის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილებებით აღიარებულია ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ალუმინის ანგარები წარმოადგენს უძრავ ქონებას, ვინაიდან ისინი მყარად არის დამაგრებული მიწასთან და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც შენობა ნაგებობა, რის გამოც მათზე გარიგების დასადებად საჭირო იყო კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვა.
მოპასუხის მოსაზრებით, სასამართლომ, ასევე დაადგინდა, რომ როდესაც მხარეთა შორის თავდაპირველად, 2008 წლის 19 ნოემბერს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ეს ნასყიდობა ასევე მოიცავდა მასზე დამონტაჟებულ ალუმინის ანგარებსაც. თუმცა, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას და განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებები გამოტანილ იქნა ლ-------------ას, როგორც გადასახადის გადამხდელის მიმართ და შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული შეთანხმებები შეფასებულ და გამოკვლეულ იქნა სწორედ საგადასახდო მიზნებიდან გამომდინარე. ამასთან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ არც ერთ გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული მიწის ნაკვეთზე არსებული ალუმინის ანგარების სამართლებრივი სტატუსი. მართალია გადაწყვეტილებაში მითითებულია რომ 2008 წლის 05 დეკემბერს დადებული შეთანხმება არ არის შედგენილი 2008 წელს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლოს ეს მოსაზრება ვერ განიმარტება ისე თითქოს აღნიშნული გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთზე განთავსებული ანგარები მიჩნეულ იქნა უძრავ ქონებად და მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად, არამედ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სადავო ხელშეკრულებებს სამართლებრივი შეფასება მიეცათ ნასყიდობის საგნის - უძრავი ქონების ფასის განსაზღვრისა და მხოლოდ საგადასახდო მიზნებისათვის.
რაც შეეხება საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე განთავსებული ალუმინის ანგარების რეგისტრაციას, სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ნივთების სტატუსს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსი და ამასთან ერთად სამოქალაქო ბრუნვაში აღიარებული შეხედულება. შესაბამისად, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ნივთი უძრავ/მოძრავ ქონებას ან/და მიწის ნაკვეთის არსებით/არაარსებით შემადგენელ ნაწილს განისაზღვრება აღნიშნული ნივთის სუბსტანციითა და დანიშნულებით, შესაბამისად მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ აქცევს ნივთს სხვა ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ 2008 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, ლ-------------ამ საკუთრების უფლება მოიპოვა ნასყიდობის საგანზე - მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებზე, თუმცა მხოლოდ იმ შენობა ნაგებობებზე, რომლებიც მყარად იდგა მიწაზე და წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ალუმინის ანგარები გამოიყენება სასაწყობოდ. ეს არის ერთგვარი კონსტრუქცია, რომლის განცალკევება, სხვა ადგილზე გადატანა და შემდგომ აწყობა არის შესაძლებელი. ეს გარემოება მოპასუხეს არსებითად სადავოდ არ გაუხდია, არამედ პირიქით, მისი განმარტებით, თავდაპირველად მოპასუხეც მიიჩნევდა რომ ალუმინის ანგარი იყო მოძრავი ნივთი და მასზე გარიგების დადება დამოუკიდებლად შესაძლებელი იყო. მისი პოზიციის ცვლილება გამოიწვია სასამართლოს მიერ გამოტანილმა ზემოთ აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა, რომლითაც, მათი განმარტებით, განისაზღვრა, რომ ალუმინის ანგარები წარმოადგენს უძრავ ნივთს და მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენე ნაწილს. თუმცა, მოპასუხის აღნიშნული განმარტება სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ალუმინის ანგარები, მათი სუბსტანციიდან გამომდინარე, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არაარსებით შემადგენელ ნაწილს, რომლის მიწის ნაკვეთიდან მოცილება მისი განადგურების, არსებითი შეცვლის, დანიშნულების მოსპობის ან/და შეუსაბამოდ დიდი დანახარჯების გარეშე შესაძლებელი იყო.
როგორც ზემოთ აღინიშნა უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილები. ყველა სხვა ნივთი წარმოადგენს მოძრავ ნივთს, ვინაიდან მათ შეუძლია თავიანთი სივრცობრივი მდებარეობის შეცვლა.
შესაბამისად, ვინაიდან ნივთის არაარსებითი შემადგენელი ნაწილი შესაძლებელია იყოს ცალკე უფლების ობიექტი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის სპეციალური ფორმას, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2008 წლის 05 დეკემბერს მხარეთა შორის დადებული შეთანხმება კანონით დაგენილი ფორმის დაცვითაა შედგენილი და შესაბამისად, 2015 წლის 12 ივნისის შეთანხმებაც არის იურიდიული ძალის მქონე.
6.2. განსახლველი დავის ფარგლებში, ასევე სადავოა ლ-------------ასა და დ---------------–--–---–ს შორის 2015 წლის 12 ივნისს დადებული შეთანხმება წარმოადგენს, თუ არა ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით იდება ახალი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს. კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ძველი ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. (იხ. სუსგ. საქმე№ას-839-890-2011; 08.11.2011წ.)
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ივნისს ლ-------------ასა და დ---------------–--–---–ს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით და რომლის თანახმადაც ლ-------------ამ იკისრა ვალდებულება დ---------------–--–---–ისათვის დამატებით გადაეხადა 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი 30 კალენდარული დღის ვადაში რითაც სრულად და ჯეროვნად შესრულებოდა მყიდველის - ლ-------------ას ვალდებულებების გამყიდველის - დ---------------–--–---–ის მიმართ. კერძოდ, მყიდველს სრულად და ჯეროვნად ექნებოდა გადახდილი გამყიდველისათვის 400 000 ლარი და 300 000 აშშ დოლარი. აღნიშნული შეთანხმების წინაპირობას წარმოადგენდა მხარეთა შორის 2008 წლის 19 ნოემბერს დადებული ნაყიდობის ხელშეკრულება და 2008 წლის 05 დეკემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი - დ---------------–--–---–ი აღარ გაიტანდა მიწის ნაკვეთიდან იქ დამონტაჟებულ სპეც. ანგარებს, მაგრამ სანაცვლოდ დამატები გადაიხდიდა 400 000 ლარის. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ალუმინის ანგარები წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არაარსებით შემადგენელ ნაწილს, რის გამოც მათზე გარიგების დადებისათვის არ იყო საჭირო რაიმე სპეციალური ფორმის დაცვა. შესაბამისად, ასევე მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2008 წლის 05 დეკემბერს და შესაბამისად 2015 წლის 12 ივნისს დადებული შეთანხმებები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე გარიგებებს. გარდა ამისა, 2015 წლის 12 ივნისის შეთანხმებით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაუხდიდა „გამყიდველს“ 30 000 აშშ დოლარს, მაშინ „მყიდველს“ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით დაეკისრებოდა გადაუხდელი თანხის 0.06%.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებაში იკვეთება ძველი - 05.12.2008წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მზაობა. ამასთან, უდავოა, რომ აღნიშნული შეთანხმებით ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად, ახალი მოთხოვნა წარმოიქმნა. მხარეებმა შეთანხმებით, სსკ-ის 319-ე მუხლით განმტკიცებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, მის საფუძვლად არსებული ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად განსაზღვრეს როგორც შეთანხმების არსებითი პირობები - მაგალითად დავალიანების ოდენობა, პირგასამტეხლო, ასევე დავალიანების დაფარვის თარიღი. შესაბამისად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ ლ-------------ას მიერ მასსა და დ---------------–--–---–ს შორის 2015 წლის 12 ივნისს დადებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, გადახდილ იქნა ჯამში მხოლოდ 19 800 აშშ დოლარი. ხოლო, 2015 წლის 12 ივნისის ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებით, კი ლ-------------ას მიერ აღიარებულ იქნა დავალიანების ოდენობა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, 12.06.2015წ. შეთანხმებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 10 200 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
მხარეთა შორის 2015 წლის 12 ივნისს დადებული შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.06%. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე შეთანხმების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს დ---------------–--–---–ს გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს 2015 წლის 12 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 1000 აშშ დოლარის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი 2400 აშშ დოლარისა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 1025 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან დ---------------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ლ-------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (ჯამში - 11 200 აშშ დოლარი), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 912.78 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი კი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - დავის საგნის 4%-ის, მოპასუხისათვის დაკისრებას, თუმცა მას არ წარმოუდენია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რის გამოც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, დ---------------–--–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ლ-------------ას საკუთრებაში არსებულ ავტომობილს, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი VAZ 210099, სანომრე ნიშნით AAQ 747, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AT0005184.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ---------------–--–---–ის სარჩელი ლ-------------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ლ-------------ას მოსარჩელე დ---------------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი დავალიანების - 10 200 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
1.2. მოპასუხე ლ-------------ას მოსარჩელე დ---------------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
2. მოპასუხე ლ-------------ას მოსარჩელე დ---------------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 912.78 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებულად - 50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/33030-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
06 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: დ---------------–--–---–ი
წარმომადგენელი: თ------------------ა
მოპასუხე: ლ-------------ა
წარმომადგენლები: გ------------–---–ი, შ--–-----–--–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ---------------–--–---–ის სარჩელი ლ-------------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ლ-------------ას მოსარჩელე დ---------------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი დავალიანების - 10 200 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
1.2. მოპასუხე ლ-------------ას მოსარჩელე დ---------------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
2. მოპასუხე ლ-------------ას მოსარჩელე დ---------------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 912.78 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებულად - 50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი