გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210016001265325
საქმე №2/225-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე ს.ს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი ლ--–ი გ------ა
მოპასუხე მ--ა პ---–--–---–ი, დ---თ ი-------–---–ი
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს მ--ა პ---–--–---–სა და დ---თ ი-------–---–ს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 11 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 6016.80 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3650 ლარი, პროცენტი - 1516.80 ლარი და ჯარიმა - 850 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სს „ლ-------------სა“ და მოპასუხე მ--ა პ---–--–---–ს შორის 2013 წლის 11 ივნისს გაფორმდა N0002/2013/1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 3650 ლარის ოდენობით, კრედიტის მოქმედების ვადა - 30.05 2017 წ, წლიური საპროცენტო სარგებელი 24%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% ოდენობით.
საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა 2013 წლის 11 ივნისს დ---თ ი-------–---–თან დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით.
ვინაიდან მოპასუხეთა მიერ დაირღვა საკრედიტო ხელშკრულების პირობები, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებზე არსებულ დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ სესხის ძირის - 3650 ლარის ნაწილში, ხოლო დანაჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 ს.ს „ლ-------------სა“ და მოპასუხე მ--ა პ---–--–---–ს შორის 2013 წლის 11 ივნისს გაფორმდა N0002/2013/1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 3650 ლარის ოდენობით, კრედიტის მოქმედების ცადა - 30.05 2017 წ, წლიური საპროცენტო სარგებელი 24%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% ოდენობით.
3.1.2 2013 წლის 11 ივნისს ს.ს „ლ-------------სა“ და დ---თ ი-------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაეფარა ძირითადი მოვალის დავალიანება.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. მოპასუხეების მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ და შესაბამისად, 2013 წლის 11 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა - 3650 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი - 1516.80 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით მოპასუხე მხარე ვერ ადასტურებს სესხზე გათვალისწინებული პროცენტის და ჯარიმის თანხის გადახდის არამართებულობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 420-ე, 429-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე მ--ა პ---–--–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 3650 ლარი, ხოლო მოსარჩელესა და დ---თ ი-------–---–ს შორის თავდებობის ხელშეკრულება მითითებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
7.7. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
7.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
7.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო , რაზეც მოპასუხემ ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო თავდებობის ხელშერულებით, რომელიც ასევე ნებაყოფლობით იყო დადებული მხარეთა შორის.
7.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მოსამზადებელ სხდომაზე სესხის ძირის - 3650 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ შესასრულებელი ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხა - 3650 ლარი და პროცენტი - 1516.80 ლარი საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7.13. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება -პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, რომლის ოდენობაც განსახილველ შემთხვევაში არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 ლარით, ნაცვლად სარჩელით მითითებული 850 ლარისა, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის, თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 208.97 ლარი, ამასთან, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის ნაწილში შეამცირა 948.60 ლარით, მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი საქმის მოსამზადებელ ეტაპზე - 3650 ლარის ნაწილში.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 208.97 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 137.95 ლარი, 51 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს მ--ა პ---–--–---–სა და დ---თ ი-------–---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 5366.80 (ხუთიათას სამას სამოცდაექვსი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;
4. მოსარჩელე სს „ლ-------------ს“ (ს/. 2-------4) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 25 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 208.97 (ორას რვა ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარიდან 137.95 (ასოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხეებს მ--ა პ---–--–---–სა და დ---თ ი-------–---–ს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 51 (ორმოცდათერთმეტი) ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე