განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2019
საქმის ნომერი
330100119002935048
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ თ------- ჭ---------–--ს

ბრალდებულ _ მ------ კ------ის

ადვოკატ _ ნ----- პ---------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ------ გ---------ს ძე კ------ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ჭ----------------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ კ------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მ------ კ------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.-----–--–-----–----–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ კ------ემ მეუღლეს - ე----- ხ----–--–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელით ძლიერად მოქაჩა თმები, შემდეგ ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, დააგდო ლოგინზე და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა დაზიანებები. აღნიშნული ქმედებების შედეგად ე----- ხ----–--–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ე----- ხ----–--–---ს მიმართ ძალადობას სდევდა მისი გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ე----- ხ----–--–---ს მიადგა მორალური ზიანი.

ე.ი. მ------ კ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი).

2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.-----–--–-----–----–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ კ------ემ მეუღლეს - ე----- ხ----–--–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა თავში. ე----- ხ----–--–--- შეეცადა თავი დაეღწია მ------ კ------ისათვის, რომელმაც მას ესროლა პლასტმასის სკამი, რომელიც დაზარალებულს მოხვდა ზურგში. ყველა შემთხვევაში ე----- ხ----–--–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ე----- ხ----–--–---ს მიმართ განხორციელებულ ძალადობას თან სდევდა გინება, რის შედეგადაც ე----- ხ----–--–---ს მიადგა მორალური ზიანი.

ე.ი. მ------ კ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი).

2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.-----–--–-----–----–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ კ------ემ მეუღლეს - ე----- ხ----–--–---ს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მ------ კ------ის ქმედების შედეგად ე----- ხ----–--–---ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში.

ე.ი. მ------ კ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2019 წლის 14 თებერვალს მ------ კ------ის მიმართ გამოიწერა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მას მსხვერპლთან - ე----- ხ----–--–---სთან, იმ სახლთან, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ე----- ხ----–--–--- შეიძლება იმყოფებოდეს. მიუხედავად აკრძალვისა, მ------ კ------ე 2019 წლის 14 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით ცხოვრობდა ქ.-----–--–-----–----–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ე----- ხ----–--–---, რითაც მ------ კ------ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აქვე უნდა აღინიშნოს იმ ტექნიკური ხარვეზის შესახებ, რომელიც დაშვებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, კერძოდ, მითითებულ დადგენილებაში ბრალდების ფორმულირებაში აღნიშნულია, რომ მ------ კ------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი, რომლის მოთხოვნების დარღვევის გამოც წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოიცა 2019 წლის 14 აპრილს, ხოლო საქმეში არსებული №------ შემაკავებელი ორდერითა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ე----- ხ----–--–---ს მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო მ------ კ------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი (გარდა 2019 წლის 22 თებერვალს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერისა) გამოიცა 2----–-–----------------–-- შესაბამისად, აღნიშნული ცდომილება მიჩნეულ უნდა იქნეს ტექნიკურ ხარვეზად.

ე.ი. მ------ კ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა მ------ კ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მ------ კ------ის დაკავების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, №------ და №------ შემაკავებელ ორდერებს, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ------ კ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მ------ კ------ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობა ატარებდა არაერთჯერად ხასიათს და ამასთან, თითოეულ შემთხვევაში გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით, რაც გამოიხატებოდა ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით, სხვა საგნების (სკამი) სროლითა და ყელში ხელების მოჭერით, რასაც თან ახლდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომლის განხორციელების საფუძვლიანი შიში ე----- ხ----–--–---ს გაუჩნდა ბრალდებულის მომეტებული აგრესიული ქცევისა და უკვე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების საფუძველზე. როგორც დაზარალებული გამოკითხვის ოქმში აღწერს, 2019 წლის 22 თებერვალს ბრალდებულის ძალადობრივი ქმედებების აღკვეთა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მესამე პირის (ბინის მეპატრონის) ჩარევის შემდეგ.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.

ამასთან, დანაშაულის რეციდივის რისკთან მიმართებით სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ უკვე მიღებული ადმინისტრაციულსამართლებრივი ზომები შემაკავებელი ეფექტის მქონე არ აღმოჩნდა და მან დაარღვია 2019 წლის 14 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, ხოლო მოვალეობების დარღვევის ხასიათი გამოიხატა არაერთგზისი და მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ქმედებებით, რაც მეტყველებს მის არაკანონმორჩილებაზე და ძალადობის განმეორების მაღალ რისკზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი. „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად, ასეთ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი დამოკიდებულების განგრძობადი ხასიათი. შესაბამისად, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა მხოლოდ პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მ------ კ------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც მატერიალურად უზრუნველყოფდა (დაკავებამდე მუშაობდა კერძო სამუშაოებზე და ჰქონდა საკუთარი შემოსავალი), აცნობიერებს დაზარალებულთან თანაცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში კონფლიქტის განმეორების რისკებს და აპირებს ცალკე ცხოვრებას, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. მ------ კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. მ------ კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

4. მ------ კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდისათვის), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ კ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

6. მ------ კ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან.

7. მსჯავრდებულ მ------ კ------ის ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ------ კ------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

8. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ელექტრონულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი