გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
330210019002898668
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/15369-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30.05.2019 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: ა-------–-------კო

წარმომადგენელი: შ----------------ე, დ----------–---–---–ი

 

მოპასუხე: მ-----------–---ი

წარმომადგენელი: რ---------------–ი

 

დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-----------–---ს დაეკისროს ა-------–-------კოს სასარგებლოდ 34 000 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარში გადახდა;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფატქობრივ გარემოებებს: 2015 წლის სექტემბერში ა-------–-------კო (წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს) დასასვენებლად იმყოფებოდა თბილისში, სადაც გაიცნო მ-----------–---ი. მათ შორის დამყარდა მეგობრული ურთიერთობა. 2015 წლის 7 ნოემბერს მოსარჩელემ გადმოურიცხა მ-----------–---ს 23 000 აშშ დოლარი და 50 000 აშშ დოლარი. ა-------–-------კოს განმარტებით ჯამში მან გადმოურიცხა 73 000 აშშ დოლარი, საიდანაც მ-----------–---მა დააბრუნა 12 000 აშშ დოლარი, ასევე ერთობლივად შეძენილი ავტომანქანა, რომლის ღირებულება შეადგენდა 12 000 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2016 წლის 3 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარმოადგინა მ-----------–---მა, რითიც სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ გადმორიცხული თანხები წარმოადგენდა საჩუქარს და მოპასუხეს არ ეკისრება არანაირი ვალდებულება მის დაბრუნებაზე;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 7 ნოემბერს ა-------–-------კომ გადმოურიცხა მ-----------–---ს 50 000 აშშ დოლარი.

 

3.1.2. 2015 წლის 7 ნოემბერს ა-------–-------კომ გადმოურიცხა მ-----------–---ს 23 000 აშშ დოლარი.

 

3.1.3. ა-------–-------კოს მიერ შედგენილი თანხის გადარიხვის #769 და #2360 განაცხადების შესაბამის გრაფაში (გადახდის შესახებ ინფორმაცია) მითითებულია;

 

„...საჩუქარი. ჩუქების ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით და მომავალში თავისუფლდება ნებისმიერი დაპირებით საჩუქრის უკან დაბრუნებაზე...„ (ს/ფ 22 და 26)

 

3.1.4. მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის ურთერთობა გართულდა, მ-----------–---მა მოსარჩელეს დაუბრუნა 12 000 აშშ დოლარი და ერთობლივად შეძენილი ავტომანქანა (12000 აშშ დოლარის ღირებულებით);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ა-------–-------კოს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. განსახილველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დატვირთულია უცხოური ელემენტით. უცხოური ელემენტის მონაწილებისას მხარეთა შორის არსებული კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები სცილდება ერთი სახელმწიფოს ფარგლებს და შესაძლებელია, მოიცვას რამდენიმე სახელმწიფო, უცხოური ელემენტების რაოდენობათა გათვალისწინებით. ამგვარი მოცემულობისას, დავის რეგულირებისათვის მნიშვნელოვანია ორი აუცილებელი პირობის განსაზღვრა: პირველი, საერთაშორისო სამართლის თანახმად, განეკუთვნება, თუ არა სამოქალაქო საქმე კონკრეტული სახელმწიფოს სასამართლოების კომპეტენციას და მეორე, რომელი სამართლებრივი სისტემა უნდა იქნეს გამოყენებული სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად.

 

პირველ შემთხვევაში, სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია მოიცავს კონკრეტული სახელმწიფოს სასამართლოების შესაძლებლობას, განიხილოს სამოქალაქო საქმე უცხოური ელემენტის მონაწილეობით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის საგანს სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოადგენს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სარჩელის ავტორი ა-------–-------კო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის მე-20 მუხლის თანახმად, თუ წინამდებარე თავის II-V ნაწილებით სხვა რამ არაა დადგენილი, სარჩელები პირებისადმი, რომელთაც გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, წარედგინება, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებში.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე მ-----------–---ი წარმოადგენს საქარველოს მოქალაქეს. ამდენად, საქართველოს სასამართლოს გააჩნია მოცემული საკითხების გადაწყვეტის საერთაშორისო კომპეტენცია.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მეორე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ რომელი კანონმდებლობა უნდა იქნეს გამოყენებული სადავო ურთიერთობის დასარეგულირებლად. ამავე კონვენციის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობათა თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, იგი შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს შეთანხმებით განსაზღვრონ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, მიუხედავად იმისა რომელი ქვეყანა წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების ადგილს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ა-------–-------კოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოდგენისას მისი მოთხოვნა ეფუძნებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. გასათვალისწინებელია, ასევე მ-----------–---ის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით, რომელსაც სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ არჩეული სამართალი. უფრო მეტიც, მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მოყვანილი არგუმენტები, ასევე ემყარება ქართულ სამართალს. აქედან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მოქმედებებით მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება გამოსაყენებელ სამართალზე, კერძოდ, მათ მიერ აღიარებული იქნა ქართული სამართლებრივი წესრიგი, რაც მოცემული დავის მიმართ შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს გამოიყენოს ეროვნული სამართლის ნორმები.

 

6.2. ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავო საკითხი ინიცირებულია სესხის ხელშეკრულების კონტექსტით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს, ამ ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი, როგორც მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტებზე, ასევე პროცედურაზე, რომელიც ფაქტების მითითების ვალდებულებით არის წარმოდგენილი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „...საკასაციო პალატის მოსაზრებით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ, ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა...“. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება; #ას-127-119-2015)

 

ამგვარად, საკასაციო პალატამ სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისას, ცალკეული გარემოებების სახით, განსაზღვრა სესხის ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ორი სავალდებულო წინაპირობა (თანხის გადაცემა და შეთანხმება დაბრუნებაზე). შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების ჭრილში საკითხის განხილვა ამ ორი წინაპირობის გათვალისწინებით ხდება.

 

ა-------–-------კოს სარჩელი შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ თანხის გადაცემის, კერძოდ, 23 000 აშშ დოლარის და 50 000 აშშ დოლარის ნაწილში, თუმცა არ არსებობს პირდაპირი ასახვა მ-----------–---ის ვალდებულებაზე დაებრუნებინა მიღებული თანხა, რაც განსაზღვრავდა სესხის ხელშეკრულების იურიდიული კონსტრუქციას. ამ კონტექსტში, მოპასუხეებმა განმარტეს, რომ სარჩელში გაკეთებული მითითებები 12 000 აშშ დოლარის და ავტომანქანის დაბრუნებაზე შესაძლებელია განხილული იქნას, როგორც ირიბი მითითება ამ წინაპირობაზე.

 

საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ვალდებულებები პროცესუალური ინსტიტუტების გამოყენების ჭრილში, მათ შორის მოიცავს სასამართლოს ფუნქციას, კონტროლი გაუწიოს საპროცესო უფლებების გამოყენების თავისუფალ სივრცეს. მოსამართლე ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობის განხორციელებას საპროცესო დანაწესების დაცვით. საპროცესო უფლებების რეალიზაციის თავისუფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო სამართალწარმოების სუბიექტები თავისუფალნი არიან საპროცესო მოქმედებების არჩევანში მანამ, სანამ მათი თავისუფლება არ არღვევს კანონის ნორმებს ან არ ზღუდავს სხვა პირის ინტერესებს.

 

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს ფაქტებზე მხარის საპროცესო ბატონობას, ამავდროულად ზღუდავს მას ვალდებულებით, დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც წარმოადგენს სამართალწარმოების წესის მნიშვნელოვან ელემენტს.

 

ფაქტების მითითების, როგორც მხარეთა პროცესუალური ვალდებულების არსი განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ „......ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. საქმე #ას-664-635-2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე'' ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სარჩელის მოთხოვნას. “.....მოსარჩელის ახსნა-განმარტებები მაშინ არის გამართული (დასაბუთებული), თუ მასში დასახელებული ფაქტები და გარემოებები შესაბამის სამართლებრივ (სამოქალაქო კოდექსის) ნორმასთან ერთად ქმნის იმის საფუძველს, რომ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება წარმოეშვას მოსარჩელე პირს, ანუ დაფუძნდეს მის პიროვნებასთან და მის კონკრეტულ საქმესთან მიმართებით....“

 

საპროცესო წესრიგი უზრუნველყოფს მხარეთა ავტონომიას და შესაძლებლობას ანიჭებს მათ, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. “...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. ტომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი)

 

ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან განსაზღვრავს მოსამართლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციის წინაპირობებს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ, მოსარჩელის მიერ ნორმის დისპოზიციის შესატყვისი წინაპირობები არ არის ანდა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია მოთხოვნის ამ კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში. (მოსარჩელის სტადია).

 

სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ფაქტებზე მითითებას არაპირდაპირი ფორმით, თუმცა მისი შინაარსი მკაფიოდ და არა ორაზროვნად უნდა ასახავდეს კავშირს სავალდებულო წინაპირობასთან. ამავდროულად, რთულდება მტკიცების პროცედურული ნაწილიც, რადგან მოსარჩელის მტკიცების ტვირთი ვრცელდება, როგორც წარმოდგენილი ირიბი ფაქტების არსებობის მიმართ, ასევე მან უნდა ადასტუროს მათი კავშირი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დისპოზიციასთან. განსახილველ საკითხთან მიმართებით, ა-------–-------კოს საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს დაადასტუროს მის მიერ მითითებული ფაქტები, კერძოდ, 12 000 აშშ დოლარის და ავტომანქანის დაბრუნება. ასევე, რომ აღნიშნული ინიციატივა განპირობებული იყო ვალის დაბრუნების შეთანხმებით და იგი მოქმედებდა ვალდებულების შესრულების განზრახვით.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფაქტების არსებობა არ არის სადავო, თუმცა განსხვავებულია მხარეთა პოზიციები მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რადგან მოპასუხემ უარყო ამ ვალდებულების შესრულების დანიშნულებით მათი გამოყენება. მისი განმარტებით, ყოფითი შეუთანხმებლობის საფუძველზე საჩუქრის უკან დაბრუნება. მოსარჩელის არგუმენტების საპირწონედ, გასათვალისწინებელია ასევე გადმორიცხვის დოკუმენტის, შესაბამის გრაფაში, მითითებული დანიშნულიება: „...საჩუქარი. ჩუქების ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით და მომავალში თავისუფლდება ნებისმიერი დაპირებით საჩუქრის უკან დაბრუნებაზე...„ ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული მტკიცების პროცესუალური ვალდებულებების ფარგლებში და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის ფონზე, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა შეთანხმება ვალის დაბრუნებაზე.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-------–-------კოს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან ა-------–-------კოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფა, რომელიც უნდა გაქუმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------–-------კოს სარჩელი მ-----------–---ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივლისის განჩინება და ყადაღა მოეხსნას მ-----------–---ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ს-------------------------------–----------------------. ს/კ 0---------------.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე #2/15369-19

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

30.05.2019 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: ა-------–-------კო

წარმომადგენელი: შ----------------ე, დ----------–---–---–ი

 

მოპასუხე: მ-----------–---ი

წარმომადგენელი: რ---------------–ი

 

დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------–-------კოს სარჩელი მარინე ვიბლიანის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივლისის განჩინება და ყადაღა მოეხსნას მ-----------–---ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ს-------------------------------–----------------------. ს/კ 0---------------.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი