გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.06.2019 წელი ქ. რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ვა--------------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - სო----------------ე
მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური
წარმომადგენელი - მა----------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის N-- ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანება.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 31 მაისს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ რ-------–-----------–---–------------ა-ში, საკადასტრო კოდი: 0----------- .---------------. ქონების შეძენის პერიოდში თავდაპირველ მესაკუთრეს მიწის ნაკვეთზე დაწყებული ჰქონდა სამშენებლო სამუშაოები.
მოსარჩელემ 2017 წელს მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. 2018 წლის 2 აგვისტოს N ა------- ბრძანების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა N---. ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 02 ნოემბერი. დარჩენილი, მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო მან აღნიშნული სამუშაოები უპრობლემოდ დაასრულა 2018 წლის 02 ნოემბრამდე.
2018 წლის 02 ნოემბერს ვა--------------–---–მა მიმართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს, აცნობა დამთავრებული სამუშაოების შესახებ და წარადგინა მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმები. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული ოქმების ჩაბარებისას რეგისტრაციაში გაატარეს მხოლოდ პირველი ოქმი და მისი ჩაბარებისას ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა განუმარტა, რომ მოსარჩელეს დანარჩენი ოქმების ჩაბარება უნდა მოეხდინა ეტაპობრივად.
ვა--------------–---–მა განმარტა, რომ მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს მიღებული N-- ბრძანება მისი დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ერთჯერადად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა 2019 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა „ვა--------------–---–ის დაჯარიმების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის N-- ბრძანება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 აგვისტოს Nა------- ბრძანებით მოსარჩელის სახელზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა N--- ქალაქ რ-------–-----------–---–------------ა-1-ში ფასადის რეკონსტრუქციის, მიშენების მშენებლობაზე. სანებართვო მოწმობის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 02 ნოემბერი ხოლო, შენობა-ნაგებობას მიენიჭა მესამე კლასი.
“მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების 74-ე მუხლით დადგენილია Ш კლასის შენობა - ნაგებობის სანებართვო პირობები, როგორიცაა: “აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების, სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით; შეადგინოს სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების (გარდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1 500 მ 2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14-მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სათავსებისა) და სხვა სანებართვო პირობები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული დადგენილება განსაზღვრავს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმების წარმოების წესს, კერძოდ ამ დადგენილების 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულების შესახებ ოქმი სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, II, III, და IV კლასების მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი, სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით უნდა წარედგინოს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს. მხოლოდ ამ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ არის იგი იურიდიული ძალის მქონე.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მოცემულ შემთვევაში ვა--------------–---–ის ვალდებულებას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ეტაპის ოქმების წარმოება, რომელიც გათვალისწინებული იყო მშენებლობის N--- სანებართვო მოწმობით და სამშენებლო პროექტის სამუშაოთა წარმოების კალენდარულ გრაფიკით, კერძოდ: საძირკველის მოწყობა; სვეტების მოწყობა; კედლების ამოშენება; კარებების მოწყობა; გადახურვის მოწყობა; სამშენებლო ნაგვის გატანა. მიუხედავად აღნიშნულისა ვა--------------–---–მა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 2 ნოემბერს N1------- განცხადებით წარადგინა მხოლოდ „სამშენებლო მოედნის მოწესრიგების შესახებ“ მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (N1-------; 15.08.2018წ), რომელიც ეხებოდა ობიექტზე საინფორმაციო ბანერის განთავსებისა და უსაფრთხოების ღობის მოწყობას. მშენებლობის ობიექტის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მშენებლობა რეალურად უკვე დასრულებული იყო, ამასთან, დარღვეული იყო სამშენებლო დოკუმენტი (მშენებლობის პროექტი), რაც გამოიხატა შემდეგში: ა) შენობა-ნაგებობის „1-3“ ღერძში არასწორად იყო მოწყობილი გადახურვის საყრდენი სვეტები და კარ-ფანჯარა, ასევე ზედმეტად იყო მოწყობილი ფანჯრის ჟალუზი და კონდიციონერები; ბ) შენობა ნაგებობის „ა-ბ“ და „ბ-ა“ ღერძებში არ იყო მოწყობილი პროექტით გათვალისწინებული აგურის კედლები და „ა-ბ“ ღერძში მოწყობილი იყო მსუბუქი კონსტრუქციის ღობე; გ) შენობა-ნაგებობის სამივე ღერძში დარღვეული იყო პროექტით გათვალისწინებული ზეძირკვლის ფორმა;
მოპასუხის განმარტებით, ვა--------------–---–მა დაარღვია როგორც სამშენებლო დოკუმენტი, ასევე, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმების წარმოების კანონით დადგენილი პროცედურები, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის ბოლო დღეს - 2018 წლის 2 ნოემბერს ადმინისტრაციულ ორგანოში დაარეგისტრირა მხოლოდ მშენებლობის ერთი ეტაპი, მაშინ როცა, მას კანონით ევალებოდა მშენებლობის დასრულების ოქმების ჩაბარება მშენებლობის პროცესში ეტაპობრივად, რომელთა რიგითობა განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკით. ვა--------------–---–ს მშენებლობის მორიგი ეტაპის დასრულებამდე უნდა ეწარმოებინა გასული ეტაპის ოქმები და დაერეგისტრირებინა ადმინისტრაციულ ორგანოში. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულ იქნა „მშენებლობის ნებარვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 მარტის N57 დადგენილების 74-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები.
აღნიშნული სანებართვო პირობების დარღვევის საფუძველზე ვა--------------–---–ის მიმართ 2018 წლის 11 დეკემბერს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომიქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 23 ნაწილის „ე“ პუნქტის შესაბამისად დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და 2018 წლის 19 დეკემბერს გამოიცა „ვა--------------–---–ის დაჯარიმების შესახებ“ N-- ბრძანება, რომლითაც სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მოპასუხის განმარტებით ბრძანება ვა--------------–---–ის დაჯარიმების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისწარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მერიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული 2018 წლის 19 დეკემბრის „ვა--------------–---–ის დაჯარიმების შესახებ“ N-- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.
მოპასუხის განმარტებით სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 0----------- .--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარცელე ვა--------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 207)
3.1.2. 2018 წლის 02 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული იქნა ბრძანება N ა------- ვა--------------–---–ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. მშენებლობის სანებართვო მოწმობის მომზადება დაევალა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 02 აგვისტოს ბრძანება N ა------- (ს.ფ. 10);
3.1.3. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 02 აგვისტოს გაიცა N--- მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ამავე სანებართვო მოწმობის მე-12 პუნქტში მოსარჩელე მხარეს განემარტა, შენობა - ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები. მოწმობაში მიეთითა, რომ მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე;
გ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;
დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამეტების მოთხოვნათა დაცვით;
ე) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2 -მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სათავსებისა);
ვ) უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ზ) ახალი მშენებლობისა და შენობა - ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა - ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის;
თ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;
ი) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 02 აგვისტოს N--- მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ს.ფ 11-13)
3.1.4. გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობით და “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების შესაბამისად ვა--------------–---–ის ვალდებულებას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ეტაპის ოქმების წარმოება, რომელიც გათვალისწინებული იყო მშენებლობის N--- სანებართვო მოწმობით და სამშენებლო პროექტის სამუშაოთა წარმოების კალენდარულ გრაფიკით, კერძოდ: საძირკველის მოწყობა; სვეტების მოწყობა; კედლების ამოშენება; კარებების მოწყობა; გადახურვის მოწყობა; სამშენებლო ნაგვის გატანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 02 აგვისტოს N--- მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ს.ფ 11-13)
3.1.5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 2 ნოემბერს N1------- განცხადებით მოსარჩელე ვა--------------–---–მა წარადგინა მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი N1-------, რომელიც შეეხებოდა სამშენებლო მოედნის „სამშენებლო მოედნის მოწესრიგების შესახებ“ მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (N1-------; 15.08.2018წ), რომელიც ეხებოდა ობიექტზე საინფორმაციო ბანერის განთავსებისა და უსაფრთხოების ღობის მოწყობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 02 ნოემბრის N1------- განცხადება (ს.ფ 16-17)
- მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი N1------- (ს.ფ 14)
3.1.6. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 11 დეკემბერს მიიღო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ N41 შემოწმების აქტი. მითითებული აქტის მიხედვით შემოწმებისას დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა მშენებლობის სანებართვო პირობები, კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის ნაწარმოები მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმები. ამასთან, დაირღვა სამშენებლო დოკუმენტი (მშენებლობის პროექტი). კერძოდ: ა) „1-3“ ღერძში არასწორადაა მოწყობილი გადახურვის საყრდენი სვეტები და კარ-ფანჯარა, ასევე ზედმეტადაა მოწყობილი ფანჯრის ჟალუზი და კონდიციონერი;
ბ) შენობა - ნაგებობის „ა-ბ“ და „ბ-ა“ ღერძებში არ არის მოწყობილი პროექტით გათვალისწინებული აგურის კედლები და „ა-ბ“ ღერძში მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის ღობე;
გ) შენობა - ნაგებობის სამივე ღერძში დარღვეულია პროექტით გათვალისწინებული ზეძირკვლის ფორმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 11 დეკემბერის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ N41 შემოწმების აქტი (ს.ფ. 88)
- ფოტომასალა (ს.ფ 89-97)
3.1.7. სანებართვო პირობების დარღვევის საფუძველზე ვა--------------–---–ის მიმართ 2018 წლის 11 დეკემბერს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 23 ნაწილის „ე“ პუნქტის შესაბამისად დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება - შედგა შემოწმების აქტი N41. 2018 წლის 11 დეკემბრის N0------- უწყებით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი და დრო. 2018 წლის 19 დეკემბერს 11:00 საათზე დაბარებული იქნა ზეპირი მოსმენის განხილვაზე,სადაც სამართალდამრღვევი არ გამოცხადდა. 2018 წლის 19დეკემბრის ოქმში მითითებულია, რომ საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არქიტექტურისა და სამსენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს მიეცა რეკომენდაცია 2018 წლის 11 დეკემბერს N41 შემოწმების აქტით დაწყებული არქიტექტურულ - სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ვა--------------–---–ის მიმართ დაჯარიმების შესახებ ბრძანების მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 11 დეკემბრის N0------- უწყება (ს.ფ 98-99)
- 2018 წლის 19დეკემბრის ოქმი (ს.ფ 101-103)
3.1.8. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის ვა--------------–---–ის დაჯარიმების შესახებ N-- ბრძანების საფუძველზე ვა--------------–---–ი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბერის N-- ბრძანება ვა--------------–---–ის დაჯარიმების შესახებ (ს.ფ 106-107)
3.1.9. 2018 წლის 31 დეკემბერს მოსარჩელემ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა N1------- ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბერს N-- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. მითითებულ საჩივართან დაკავშირებით ვა--------------–---–მა 2019 წლის 11 იანვარს წარადგინა N254/02 განცხადება დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 31 დეკემბერის N1------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 227-235)
-2019 წლის 11 იანვარის N254/02 განცხადება დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ (ს.ფ. 163-164)
3.1.10. 2019 წლის 15 თებერვალს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო N--- ბრძანება, რომლითაც ვა--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული 2018 წლის 19 დეკემბრის „ვა--------------–---–ის დაჯარიმების შესახებ“ N-- ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 15 თებერვლის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის N--- ბრძანება (ს.ფ. 136-146)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ვა--------------–---–ის განმარტებით, მის მიერ სრულად იქნა შესრულებული 2018 წლის 02 აგვისტოს მშენებლობის სანებართვო მოწმობით დადგენილი ვალდებულებები. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ მიღებული ბრძანება დაჯარიმების შესახებ და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ბრძანება უკანონოა და უნდა გაბათილდეს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავო აქტების მიღებისას დარღვეული აქვს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარის ახსნა - განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვა--------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
- საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის N-- და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს. აღნიშნული მუხლის ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს. დაუშვებელია სამართალდამრღვევის სუბიექტის დადგენის გარეშე სამართალდარღვევის სანქციის შეფარდება. (საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება/ განჩინება (საქმეზე №ბს-149-146 (3კ-14).
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 0----------- .--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქ რ-------–----------–---–--------------ში საკუთრებაში აქვს მოსარჩელე ვა--------------–---–ს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ასევე ის, რომ სამშენებლო ნებართვა გაცემულია მოსარჩელეზე შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა--------------–---–ი წარმოადგენს სამართალდარღვევის სუბიექტს. მითითებულის გათვალისწინებით, მასზე მოცემულ შემთხვევაში ვრცელდება საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
6.5. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად - სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ N22 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების განხორციელება;
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო დარღვევის საქმეზე შესაბამისი წარმოების დაწყება და „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების განხორციელება დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, – ამავე მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგ შემთხვევებში: 1. მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას;
2. ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას;
3. დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;
4. დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
5. საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
6. შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;
7. თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;
8. ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი 23-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობა. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა დაეწყო შემოწმების აქტის შედგენით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 11 დეკემბერს მიიღო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ N41 შემოწმების აქტი. მითითებული აქტის მიხედვით შემოწმებისას დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა მშენებლობის სანებართვო პირობები, კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის ნაწარმოები მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმები. ამასთან, დაირღვა სამშენებლო დოკუმენტი (მშენებლობის პროექტი). კერძოდ: ა) „1-3“ ღერძში არასწორადაა მოწყობილი გადახურვის საყრდენი სვეტები და კარ-ფანჯარა, ასევე ზედმეტადაა მოწყობილი ფანჯრის ჟალუზი და კონდიციონერი;
ბ) შენობა - ნაგებობის „ა-ბ“ და „ბ-ა“ ღერძებში არ არის მოწყობილი პროექტით გათვალისწინებული აგურის კედლები და „ა-ბ“ ღერძში მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის ღობე;
გ) შენობა - ნაგებობის სამივე ღერძში დარღვეულია პროექტით გათვალისწინებული ზეძირკვლის ფორმა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
6.6. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული იქნა ბრძანება Nა------- ვა--------------–---–ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ხოლო, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 02 აგვისტოს გაიცა N--- მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ამავე სანებართვო მოწმობის მე-12 პუნქტში მოსარჩელე მხარეს განემარტა, შენობა - ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები. მოწმობაში მიეთითა, რომ მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე;
გ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;
დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამეტების მოთხოვნათა დაცვით;
ე) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2 -მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სათავსებისა);
ვ) უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ზ) ახალი მშენებლობისა და შენობა - ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა - ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის;
თ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;
ი) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლო განმარტავს, რომ გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობით და “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების შესაბამისად ვა--------------–---–ის ვალდებულებას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ეტაპის ოქმების წარმოება, რომელიც გათვალისწინებული იყო მშენებლობის N--- სანებართვო მოწმობით და სამშენებლო პროექტის სამუშაოთა წარმოების კალენდარულ გრაფიკით, კერძოდ: საძირკველის მოწყობა; სვეტების მოწყობა; კედლების ამოშენება; კარებების მოწყობა; გადახურვის მოწყობა; სამშენებლო ნაგვის გატანა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 2 ნოემბერს N1------- განცხადებით მოსარჩელე ვა--------------–---–მა წარადგინა მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი N1-------, რომელიც შეეხებოდა სამშენებლო მოედნის „სამშენებლო მოედნის მოწესრიგების შესახებ“ მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (N1-------; 15.08.2018წ), რომელიც ეხებოდა ობიექტზე საინფორმაციო ბანერის განთავსებისა და უსაფრთხოების ღობის მოწყობას. მითითებული ადასტურებს, რომ მოსარჩელე ვა--------------–---–ის მიერ არ განხორციელებულა გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობით და “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების შესაბამისად შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ეტაპის ოქმების წარმოება და სამშენებლო პროექტის სამუშაოთა წარმოება კალენდარულ გრაფიკით, კერძოდ: საძირკველის მოწყობა; სვეტების მოწყობა; კედლების ამოშენება; კარებების მოწყობა; გადახურვის მოწყობა; სამშენებლო ნაგვის გატანა.
საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 11 დეკემბერს მიიღო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ N41 შემოწმების აქტი. მითითებული აქტის მიხედვით შემოწმებისას დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა მშენებლობის სანებართვო პირობები, კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იყო ნაწარმოები მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმები. ამასთან, დაირღვა სამშენებლო დოკუმენტი (მშენებლობის პროექტი). კერძოდ: ა) „1-3“ ღერძში არასწორად იყო მოწყობილი გადახურვის საყრდენი სვეტები და კარ-ფანჯარა, ასევე ზედმეტადაა მოწყობილი ფანჯრის ჟალუზი და კონდიციონერი;
ბ) შენობა - ნაგებობის „ა-ბ“ და „ბ-ა“ ღერძებში არ იყო მოწყობილი პროექტით გათვალისწინებული აგურის კედლები და „ა-ბ“ ღერძში მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის ღობე;
გ) შენობა - ნაგებობის სამივე ღერძში დარღვეულია პროექტით გათვალისწინებული ზეძირკვლის ფორმა.
სანებართვო პირობების დარღვევის საფუძველზე ვა--------------–---–ის მიმართ 2018 წლის 11 დეკემბერს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 23 ნაწილის „ე“ პუნქტის შესაბამისად დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება - შედგა შემოწმების აქტი N41. 2018 წლის 11 დეკემბრის N0------- უწყებით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი და დრო. 2018 წლის 19 დეკემბერს 11:00 საათზე დაბარებული იქნა ზეპირი მოსმენის განხილვაზე,სადაც სამართალდამრღვევი არ გამოცხადდა. 2018 წლის 19დეკემბრის ოქმში მითითებულია, რომ საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არქიტექტურისა და სამსენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს მიეცა რეკომენდაცია 2018 წლის 11 დეკემბერს N41 შემოწმების აქტით დაწყებული არქიტექტურულ - სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ვა--------------–---–ის მიმართ დაჯარიმების შესახებ ბრძანების მიღებაზე.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის ვა--------------–---–ის დაჯარიმების შესახებ N-- ბრძანების საფუძველზე ვა--------------–---–ი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით. მითითებული ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრით. ხოლო, 2019 წლის 15 თებერვალს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო N--- ბრძანება, რომლითაც ვა--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული 2018 წლის 19 დეკემბრის „ვა--------------–---–ის დაჯარიმების შესახებ“ N-- ბრძანება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევას, შესაბამისად სახეზე არ არის სადავო აქტების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაშის სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვა--------------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობით და “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების საფუძველზე აღებული ვალდებულება, შესაბამისად ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის ვა--------------–---–ის დაჯარიმების შესახებ N-- ბრძანება სრულიად კანონიერია და ეფუძნება საქმეში სრულყოფილად გამოკვლეულ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
6.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას, რის გამოც არ არსებობს სადავოდ გამხდარი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვა--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი