გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210018002778620
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36941-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე - შპს ,,ს----------–-------–------–ია’’

წარმომადგენელი - ს-----------------–---–ი, ზ------------ი

მოპასუხე - სს ,,დ-------------------–-------------------------’’

წარმომადგენელი - ა------------------ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 17 342 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი-ს.ფ. 1-14):

1.1.1. 2----–-–----------არს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2---- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაზღვევის ობიექტად მიეთითა სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც დაზღვეული მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან მინდობილ საკუთრებაში აქვს მიღებული;

1.1.2. 2----–-–----------არს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ---------ი-ლ--------ის საავტომობილო გზაზე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა მარკა/მოდელი - ,,F------------’’, სახელმწიფო ნომრით ,,G---------’’;

1.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ავტომანქანას მართავდა მისი უფლებამოსილი თანამშრომელი უ--------ე, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში;

1.1.4. შპს ,,ა---------ის’’ მიერ 2----–-–------------ს შედგენილი დეფექტური აქტის თანახმად, მისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 17 342 ლარი;

1.1.5. შპს ,,ა---------ი’’ წარმოადგენს ავტომობილის მარკა/მოდელი - ,,F------------’’ ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში;

1.1.6. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბ-----ოს დასკვნის თანახმად, ავტომობილზე მარკა/მოდელი - ,,F------------’’, სახელმწიფო ნომრით ,,G---------’’ ნამდვილად ჩატარებულია აღდგენითი სამუშაოები და შეცვლილია დაზიანებული დეტალები;

1.1.7. მოპასუხემ 2----–-–------------–ის წერილით უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ მიზეზით, რომ სატრანსპორტო საშუალების დაზიანება განხორციელდა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით;

1.1.8. მოპასუხე ვერ უთითებს მათ შორის დადებული ხელშეკრულების რომელ პუნქტზე დაყრდნობით განაცხადა უარი ზიანის ანაზღაურებაზე;

1.1.9. 2----–-–----------რის ხელშეკრულებით ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირის მიერ ავტომობილის მართვისას დამდგარი ზიანის გამომრიცხავი გარემოებები არ არის მითითებული, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მოთხოვნილი ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 87-96).

შესაგებლის საფუძვლები:

2.1.1. მხარეთა შორის 2----–-–----------რის ხელშეკრულების დადებასთან ერთად, განხორციელდა კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა, რის შედეგადაც გაიცა დაზღვევის პოლისი. ხსენებული დოკუმენტაცია ერთობლიობაში წარმოადგენს მხარეთა შორის დაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობის მარეგულირებელ დებულებებს და ხსენებულ დოკუმენტებში ჩამოყალიბებულია არა მხოლოდ დაზღვევის რისკები, პოლისის მოქმედების ვადა, სადაზღვევო თანხა და პრემიის გადახდის გრაფიკი, არამედ განსაზღვრულ იქნა მხარეთა უფლება-მოვალეობები, შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარების წინაპირობები, სადაზღვევო ანაზღაურების წესები (მათ შორის გამონაკლისები), უფლებამოსილი მძღოლები, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წესი და სხვა;

2.1.2. მისი პოზიცია ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სრულ შესაბამისობაშია როგორც მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, ასევე საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებით;

2.1.3. სადავო შემთხვევასთან მიმართებით ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამდგენი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, არ იკვეთება მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის რეალური ოდენობა;

2.1.4. წარმოდგენილ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბ-----ოს ექსპერტიზის დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მზღვეველის ვალდებულებისაგან გათავისუფლების წინაპირობის არსებობას. სარჩელზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნით კი ვერ იქნება უარყოფილი აღნიშნული გარემოება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2----–-–----------არს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს - დამზღვევს და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს - მზღვეველს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2---- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაზღვევის ობიექტია სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც დამზღვევის სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის განაცხადის საფუძველზე გათვალისწინებულია მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისით და რომელსაც დამზღვევი (დაზღვეული) მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან მინდობილ საკუთრებაში აქვს მიღებული.

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ გაიცა სახმელეთო საშუალებათა დაზღვევის პოლისი №M-----------.

ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პოლისი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, დაზღვევის მოქმედება იწყება 2017 წლის 18 იანვრის 00:01 საათიდან და სრულდება 2017 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათზე.

ხელშეკრულების №1 დანართის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ ერთ-ერთ ავტომანქანას წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - ,,F------------’’, სახელმწიფო ნომრით ,,G---------’’.

ხელშეკრულების №3 დანართის თანახმად, სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი მომსახურების პირობებში მითითებულია ავტოსაგზაო შემთხვევა. ამავე დანართის თანახმად უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენს შპს ,,ს----------–-------–------–იის თანამშრომლები’’.

ხელშეკრულების №4 დანართის თანახმად, გამონაკლისებს, რომლებიც არ ანაზღაურდება მიმწოდებლის (მზღვეველის) მიერ წარმოადგენს: 1. ზარალი, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ავტოტრანსპორტის რალიში, რბოლაში, გამძლეობაზე ან ნებისმიერ სხვა შეჯიბრში ან ტესტირებაში მონაწილოებით; 2. ზარალი, თუ შემსყიდველი (დაზღვეული) განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით; 3. იონიზირებული რადიაციით, რადიოაქტიური დაბინძურებით, ნებისმიერი სახის რადიოაქტიური გამოსხივების მქონე ბირთვული საწვავით ან რადიოაქტიური წვის შედეგად მიღებული ნარჩენებით, ბირთვული კომპონენტებით გამოწვეული ზარალი; 4. რადიოაქტიური, მომწამლავი, ფეთქებადი ან სხვა საშიში ნაერთების, ქიმიური ნივთიერებების ან ტრანსპორტირებით გამოწვეული ზარალი; 5. საომარი მოქმედებით (მიუხედავად ომის გამოცხადებისა თუ გამოუცხადებლობისა), სამოქალაქო ომით, რევოლუციით, სამხედრო ან უზურპატორული ძალაუფლების გამოყენებით, აჯანყებით, ტერორიზმით ან სამოქალაქო არეულობით გამოწვეული ზარალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 17-43)

- ხელშეკრულების დანართები - №1, 2, 3, 4, 5, (ს.ფ. 22-27)

- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 97)

 

3.1.2. 2----–-–----------არს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას გ---------ი-ლ--------ის საავტომობილო გზაზე დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა მარკა/მოდელი - ,,F------------’’, სახელმწიფო ნომრით ,,G---------’’.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 54)

 

3.1.3. 2----–-–----------არის ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილს მარკა/მოდელი - ,,F------------’’, სახელმწიფო ნომრით ,,G---------’’ მართავდა მოსარჩელის თანამშრომელი უ--------ე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

2----–-–--------------ლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ბ----------- ოქმის თანახმად, 2----–-–----------რის ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია იმით, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ავტომობილის მარკა/მოდელი - ,,F------------’’, სახელმწიფო ნომრით ,,G---------’’ მძღოლმა - უ--------ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, გადავიდა სავალი ნაწილიდან და მოახდინა შეჯახება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 54)

 

3.1.4. 2----–-–----------არს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილი იქნა უ--------ე.

საქართველოს შ---------------------------ოს ს----------–-------–-–-------------------ის მ–---------------ის მ---------------------–ოს 2----–-–--------------ლის №ბ----------- დადგენილებით, უ--------ეს 2----–-–----------არს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეუჩერდა მართვის უფლება 07/02/2017-დან 36 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- დადგენილება (ს.ფ. 55)

 

3.1.5. 2----–-–------------–ის №1-- მიმართვის თანახმად, მოპასუხემ უარი განაცხადა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა/მოდელი - ,,F------------’’, სახელმწიფო ნომრით ,,G---------’’ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ დასაბუთებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ბრალეულ პირად ცნობილი იქნა მოსარჩელის თანამშრომელი, რომელიც მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით - ავტომობილს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- მიმართვა (ს.ფ. 66)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2----–-–----------არს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.

წარმოდგენილი სარჩელის და მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში სასამართლო უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შპს ,,ა---------ის’’ 2----–-–------------ის შეფასება (ს.ფ. 64-65) რომლის თანახმადაც ჩატარებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 17 342 ლარით, ასევე სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბ-----ოს დასკვნა (ს.ფ. 67-74), რომელშიც მითითებულია, რომ ავტომობილს ჩატარებული აქვს აღდგენითი სამუშაოები და შეცვლილი აქვს რიგი დეტალები (დანართი №1). განსახილველი დოკუმენტების შეფასებისას სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ზიანის ოდენობის დასადგენ სათანადო მტკიცებულებებს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ჩასატარებელი სამუშაოების აღწერაში მითითებული ყველა დაზიანება გამოწვეული იყო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხის პოზიცია არსებითად ემყარება მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებას - მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას.

უდავოა მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების, ისევე როგორც ამ ხელშეკრულების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა/მოდელი - ,,F------------’’, სახელმწიფო ნომრით ,,G---------’’ დაზღვევის ფაქტი. ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნული ავტომობილით 2----–-–----------არს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ამ შემთხვევის დროს ავტომობილს მართავდა მოსარჩელის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სადავო გახადა მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე და განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მოსარჩელის თანამშრომელი, რომელიც მართავდა ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ ავტომობილს, მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, ვინაიდან იგი ავტომობილს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა განამტკიცებს დაზღვევის ხელშეკრულების ფუნდამენტურ პრინციპს. მისი მიზანი კი არის დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა.

შესაბამისად, იმისთვის რომ გამოირიცხოს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა, უნდა დადგინდეს დამზღვევის ბრალეულობის ხარისხი შემთხვევის დადგომისას. სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალი შეფასებითი კატეგორიაა და თოთოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგინდეს მისი არსებობა ან ხარისხი. სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს დარღვევა ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით. ამასთან, ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მესამე ნაწილის შესაბამისად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელის თანამშრომელი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ასევე დადგენლია, რომ იგი ცნობილ იქნა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ საქმე №ას-745-713-2014; ამგვარი განმარტებაა ასევე მოცემული საქმეში №ას-943-901-2013).

ამასთან, 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-1306-1226-2015).

,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსტრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად ( იხ. სუსგ №1319-1257-2014).

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების გონივრული განსჯის შედეგად, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტომობილს სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, უფრო მეტიც, მისი ქმედების შედეგად პირდაპირ იქნა დარღვეული ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი აკრძალვა.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, სამართალდარღვევის ოქმი უფლებამოსილი მძღოლის მიერ გასაჩივრდა, რითაც იგი დაეთანხმა საკუთარი ქმედების კვალიფიკაციასა და სანქციას. სამართალდარღვევის ოქმი კი ადგენს, რომ შეჯახება მძღოლის მიერ ავტომობილის ალკოჰოლურ მდგომარეობაში მართვითაა გამოწვეული, რაც ადასტურებს მის უხეშ გაუფრთხილებლობას.

შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–----------არს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შპს ,,ს----------–-------–------–იის’’ უფლებამოსილი მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 54)

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 799-ე, 820-ე, 829-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია 2----–-–----------რის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2---- ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმადაც დაზღვევის ობიექტია სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც დამზღვევის სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის განაცხადის საფუძველზე გათვალისწინებულია მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისით და რომელსაც დამზღვევი (დაზღვეული) მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან მინდობილ საკუთრებაში აქვს მიღებული.

6.2. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. სამოქალაქო კოდექსი დაზღვევის კლასიფიკაციას დაზღვევის ობიექტის მიხედვით ადგენს. ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგანაა გამიჯნული ზიანის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. თავის მხრივ ზიანის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები მოიცავს როგორც ქონების დაზღვევის, ისე სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. 821-ე მუხლით კი გათვალისწინებულია, რომ მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.

როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობით მზღვეველი გარკვეული წინაპირობის არსებობისას თავისუფლდება დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი მოვალეობის შესრულებისაგან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2----–-–----------არს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს მზღვეველის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველი.

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ვინაიდან უხეში გაუფრთხილებლობით პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება ხელშეკრულებით არ გათვალისწინებულა, დამზღვევს არ შეუძლია დაეყრდნოს აღნიშნულ ნორმით დადგენილ დანაწესს და ა.შ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, საქმეზე №ას-1319-1257-2014, რომელშიც მითითებულია შემდეგი: ,,საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის (მოპასუხის) მოსაზრებას, რომ ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება (და მისი სპეციფიკური პირობები) არ შეიცავდა მითითებას დამზღვევის ბრალით (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების მოვალეობის შესახებ, მძღოლის უხეში გაუფთხილებლობის პირობებში, სადაზღვევო კომპანიას არ ეკისრებოდა დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს’’.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ შეიცავს დებულებას დამზღვევის ბრალის არსებობისას (ან ბრალის მიუხედავად) ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ, ამასთან, დადგენილია ავტოსაგზაო შემთხვევისას მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების ფაქტი, რაც გამორიცხავს დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მზღვეველისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1 222.26 ლარის ოდენობით (ს.ფ. 78). სარჩელის ფასისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის გათვალისწინებით, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 702 ლარი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 520.26 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ს----------–-------–------–იის’’ სარჩელი მოპასუხე სს ,,დ-------------------–-------------------------ს’’ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–იას’’ დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 702 ლარი, რომელიც გადახდილია 2----–-–-------------ოს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №8--). მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი