გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
330210018002585455
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23848-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე თა----------------

კანონიერი

წარმომადგენელი სხ------------

წარმომადგენელი ი------------

მოპასუხე მა------------

წარმომადგენელი სო---------–------

მოპასუხე სს „მ-----------------------------–---------------------------–-“

წარმომადგენელი კო----------------------

დავის საგანი ჯანმრთელობის დაზიანების გამო მიყენებული

მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება,სარჩოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების სს მ-----------------------------–----------------------------–---“ და მა------------სათვის სოლიდარულად მოსარჩელე თა----------------ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 18 876.34 ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.2. მოპასუხეების სს მ-----------------------------–----------------------------–---“ და მა------------სათვის სოლიდარულად მოსარჩელე თა----------------ს სასარგებლოდ სარჩოს სახით 17 000 ლარის გადახდის დაკისრება.

1.3. მოპასუხეების სს მ-----------------------------–----------------------------–---“ და მა------------სათვის სოლიდარულად მოსარჩელე თა----------------ს სასარგებლოდ სარჩოს სახით სარჩელის შეტანიდან 2018 წლის 10 აგვისტოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.4. მოპასუხეების სს მ-----------------------------–----------------------------–---“ და მა------------სათვის სოლიდარულად მოსარჩელე თა----------------ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მა------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

განაჩენით დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ოქტომბერს, ქ. თბილისში, რ---------–-----------ზე მა------------ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომანქანა მ--------სს, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მიწისქვეშა გადასასვლელის ბეტონის კედელს, რის შედეგადაც თა----------------მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა. დაზიანებების შედეგად, მას აღენიშნება პოსტტრამვული ენცეფალოპათია III სტადია, ინტელექტუალური, მნესტიური და ქცევითი დარღვევები. აღენიშნება შრომითი საქმიანობის, ურთიერთობის უნარის მეორე ხარისხის შეზღუდვა. დაზიანებების შედეგად, დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, გამოვლინდა მისი შესაძლებლობის შეზღუდვის მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფზე გადასვლა. ამ ეტაპზე სჭირდება მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა, საჭიროებს რეაბილიტაციას, იმყოფება აღრიცხვაზე ნ-------------------------–--------------–-–------ში, მოსარჩელეს დაუდგინდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალება, მ--------ს ბ--–------, საგზაო შემთხვევის დროისათვის, რეგისტრირებული იყო მ-----------------------------–-- „მ-----------------------–--“ სახელზე. 2017 წლის 16 მაისს მესაკუთრემ ავტომანქანა მოხსნა რეგისტრაციიდან.

 

თა---------------- ჯანმრთელობის დაზიანებამდე იყო შრომისუნარიანი, მუშაობდა კაფე „მ------–---------–-“ მიმტანად. მისი სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს.

 

ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მედიკამენტებსა და მკურნალობაზე გაღებული ხარჯების ოდენობა შეადგენს 3242.023 ლარს. ოპერაციისა და სხვა ხარჯების ნაწილი 14 920 ლარი ანაზღაურებულია მოსარჩელის ოჯახის მიერ. 2016 წელს მედიკამენტების შესაძენად გადახდილია 490 ლარი. 2017 წლის 02 აგვისტოს მედიკამენტების ხარჯებიდან მოსარჩელის დედის მიერ გადახდილია 224.317 ლარი.

 

თა----------------ს მიყენებული დაზიანების შედეგად მიადგა სახის წარუშლელი დაზიანება, რამაც სრულად შეცვალა მისი გარეგნობა, სახე თითქმის სრულად პროთეზირებულია, აგებულია მეტალო ფირფიტებზე. მან მიიღო მძიმე დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილები, მიღებული დაზიანებების შედეგად მიიღო მყარი ინტელექტურალური დარღვევა, რის გამოც განიცდის მძიმე სულიერ ტანჯვას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სს „მ-----------------------------–---------------------------–-ს“ წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2013 წლის 30 ოქტომბერს სს მ------------------------------–-- „მ-----------------------–ს, ავტომანქანის მესაკუთრე კ-------–-------–---სა და ავტომანქანის მოსარგებლე ვ-–------------ს შორის გაფორმდა ავტო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კ-------–-------–---ს განესაზღვრა კრედიტის მაქსიმალური თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა კ-------–-------–--ის კუთვნილი ავტომობილი M------------ C----------------, გამოშვების წელი - 1997, სახელმწიფო ნომერი K------ ტიპი - ფერი: კუპე, რუხი 1/8, WIN კოდი: W----------------. სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის თანახმად, გამსესხებელმა ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელწერილის საფუძველზე, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტოსატრანპორტო საშუალება მოსარგებლე ვ-–------------ს.

 

აღნიშნული სასესხო ვალდებულება მოვალე კ-------–-------–---მ დაფარა 2015 წლის 22 ივნისს, რის საფუძველზეც სს მ-----------------------------–-- „მ-----------------------–--“ მიერ 2015 წლის 22 ივნისს გაიცა მინდობილობა, რომლითაც კ-------–-------–---ს მიანიჭა ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის უფლებამოსილება. მინდობილობა მას ჩაბარდა 2015 წლის 22 მაისს.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სატრანპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მა------------ არ წარმოადგენს მ-----------------------------–იის საკუთრებას, ეს ავტომანქანა წარმოადგენდა კ-------–-------–---სთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს, რომელიც ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ დაუბრუნდა მესაკუთრეს.

 

მოპასუხე მა------------მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 10 ოქტომბერს, ქ. თბილისში, რ---------–-----------ზე, მა------------ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა ავტომანქანა „მ--------სს“, რაც დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მიწისქვეშა გადასასვლელის ბეტონის კედელს, რის შედეგადაც მგზავრმა 1----–-–------------------ს დაბადებულმა თა----------------მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს

2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

განაჩენი.

 

3.1.2. მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიიყვანეს შპს „მ-----–---------–-------------–---------–------–-“.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტის დიაგნოზია: პოლიტრავმა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თ/ტ დაჟეჟილობა. ინტრაკრანიალური ჰიპეტენზია. სახის ძვლების მრ. მოტეხილობა. გულმკერდის დახურული ტრავმა. ორმხრივი ჰემოთორაქსი, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი. მარჯვნივ მე-2 ნეკნის მოტეხილობა. მუცლის დახურული ტრავმა. ღვიძლის დაზიანებით. გულსისხლძარღვთა და სუნთქვის უკმარისობა. პოსტრეანიმაციული დაავადება. ლაპარატომიის, ჰეპატორაფიის, ორივე პლევრის ღრუს დრენირების, სახის ძვლების ოსტეოსინთეზის და ტრაქეოსტომიის შ.პ.

 

ზემოაღნიშნული ცნობის მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, პაციენტი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. მუცლის ღრუს ექოსკოპიურმა გამოკვლევამ აჩვენა მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე. პაციენტი საჭიროებდა გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას.

 

ჩატარდა ქირურგის, თორაკოქირურგის, ყბა-სახის ქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯ.გ და რზ კოაგულაგრამა, ელექტროლიტები, სეროლოგიური კვლევა, მ/დ-ს ექოსკოპიური გამოკვლევა, თავის, კისრის, გულმკერდის, მუცლის CT- გამოკვლევა, გულმკერდის რენდგენოსკოპია.

 

პაციენტისათვის ჩატარებული მკურნალობა: ზოგადი ანესთეზიის ქვეშ გაკეთდა ოპერაცია: ლაპაროტომია. მუცლის ღრუს რევიზია, ჰეპათორაფია, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება. პოსროპერაციულად პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. მართვით სუნთქვაზე ტრაქეოსტომიური მილის საშუალებით. ჰემოდინამიკა არასტაბილური. უტარდებოდა ინფუზიური, ტრანსფუზიური, ანტიბაქტერიული, ანტიკონვულსიური, რესპირატორული, ანტოკოაგულაციური, ჰეპატო და გასტროპროტექტორული, სპეციფიური თერაპია. ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია ვაზოპრასორებით. 12.10.2015 -ორივე პლევრის ღრუს დრენირება, თორაკოცენტეზი/ 12.11.2015 პაციენტი გადავიდა ქირურგიულ დეპარტამენტში. გაგრძელდა მეთვალყურეობა, მკურნალობა ნევროლოგის დანიშნულებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიღებული ქალა-ტვინის ორგანული დაზიანებიდან, მოსარჩელეს განუვითარდა დემენცია.

 

პოსტტრავმული ენცეფალოპათია, ინტელექტუალური, მნესტიური და ქცევითი დარღვევები.

 

მინიჭებული აქვს მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები.

ცნობები.

სსიპ ლ----------------–--------–------------------–----------------------------–-----------ს დასკვნა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მა------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს

2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი.

 

3.2.2. მ-------------–-ს მარკის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციის შედეგადაც მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, საგზაო შემთხვევის დროისათვის არ წარმოადგენდა სს მ-----------------------------–-------------------------------“ საკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში კონკრეტული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ფაქტი, შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებაა, ვინც რეგისტრირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, მაგრამ ასეთი რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე - ავტომანქანაზე საკუთრების გადაცემისათვის. აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანა, რომლის ექსპლუატაციის შედეგადაც ზიანი დადგა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მ-----------------------------–იის სახელზე იყო რეგისტრირებული, მოპასუხე სადავოდ ხდის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რის დასტურადაც წარმოადგინა მტკიცებულებები.

 

მოპასუხის მიერ რეგისტრაციის ფაქტის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, შემდეგი გარემოებები:

 

2013 წლის 30 ოქტომბერს სს მ------------------------------–-- „მ-----------------------–ს, ავტომანქანის მესაკუთრე კ-------–-------–---სა და ავტომანქანის მოსარგებლე ვ-–------------ს შორის გაფორმდა ავტო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კ-------–-------–---ს განესაზღვრა კრედიტის მაქსიმალური თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მსესხებელი (ან/და მესაკუთრე) ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით გამსესხებელს საკუთრებაში გადასცემს (გადაუფორმებს) მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს -ავტოსატრანსპორტო საშუალებას, M------------ C----------------, გამოშვების წელი - 1997, სახელმწიფო ნომერი K------ ტიპი - ფერი: კუპე, რუხი 1/8, WIN კოდი: W----------------.

 

სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 2013 წლის 30 ოქტომბერს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა სს მი----------------------------–----------------------------–---------–---- აღნიშნული გარემოება დასტურდება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შსს მომსახურების სააგენტოს ცნობიდან.

 

2014 წლის 16 აგვისტოს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა ავტო სესხის ხელშეკრულება, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მსესხებელი (ან/და მესაკუთრე) ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით გამსესხებელს საკუთრებაში გადასცემს (გადაუფორმებს) მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს -ავტოსატრანსპორტო საშუალებას, M------------ C----------------.

 

2015 წლის 22 ივნისს მ-----------------------------–იის უფლებამოსილმა პირმა, მინდობილობით კ-------–-------–---ს მიანიჭა ზემოაღნიშნული სატრანპორტო საშუალების თავის სახელზე საკუთრებაში აღრიცხვის უფლებამოსილება. ამასთან, მინდობილობის თანახმად, წინამდებარე დოკუმენტი არ მოქმედებს და კ-------–-------–---ს არა აქვს უფლება თავის საკუთრებაში გაიფორმოს ავტოსატრანსპორტო საშუალება იმ შემთხვევაში, თუ გადაფორმების მომენტისათვის მ-----------------------------–იის სახელზე ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ირიცხება რაიმე ჯარიმა ან საურავი, რომლის გადახდის ვადა არ გასულა, ან რომელიც ვადაგადაცილებულია კ-------–-------–--- უფლებამოსილია თავისი სახელით და ხარჯით გადაიხადოს ხსენებული თანხები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიფორმოს ავტოსატრანსპორტო საშუალება.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების თანახმად, ცალსახად დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციის შედეგად ზიანი მიადგა მოსარჩელის ჯანმრთელობას, არ წარმოადგენს მ-----------------------------–იის საკუთრებას და რეალურად ეს ავტომანქანა წარმოადგენდა კ-------–-------–---სთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს.

 

3.2.3. მოსარჩელის ოჯახის მიერ მკურნალობაზე გაწეული ხარჯია 18 876.34 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებების მტკიცების ტვირთი. მან წარმოადგინა სს გ---------------------- პროგრამული ამონაწერი, რომლის მიხედვით, დგინდება, რომ 2016 -2017 წლებში, მედიკამენტების შესაძენად გაღებული აქვს ხარჯი 3242.023 ლარის ოდენობით.

2015 წლის 21 ოქტომბრის ინვოისის თანახმად, დგინდება, რომ თა----------------ს სტაციონარული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 22 920 ლარი, საიდანაც 8000 ლარი ანაზღაურდა სახელმწიფოს მიერ, ხოლო 14 920 ლარი პაციენტის გადასახდელ თანხად განისაზღვრა. (იხ. ინვოისი და ჯ-----–------------–---–---------------------------–---------------ის წერილი).

2016 წლის 28 იანვრის კალკულაციის მიხედვით, თა----------------ს მკურნალობისათვისთვის დასჭირდა სხვადასხვა სახის მედიკამენტები ღირებულებით -890.296 ლარი, რომლიდანაც 490 ლარი პაციენტის მიერ გადასახდელ თანხად განისაზღვრა. 2017 წლის 02 აგვისტოს მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხამ შეადგინა 424.317 ლარი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, ასევე ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მკურნალობაზე გაღებული მატერიალური ხარჯია 18 876.34 ლარი. სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ოდენობის დასადგენად საყურადღებოა მოსარჩელისათვის მიყენებული დაზიანებები, მათი ხარისხი, დაზიანებების განვითარების დინამიკა, ამ დაზიანებებიდან გამომდინარე ჩატარებული მკურნალობა, არაერთი ოპერაცია, გამოკვლევები, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, მედიკამენტებით მკურნალობის საჭიროება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის აპელირება ზემოაღნიშნული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობაზე უსაფუძვლოა.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 408-ე, 413-ე, 998-ე, 999-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის),უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება წარმოიშვა ზიანის მიყენების - დელიქტის საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მა------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო მოსარჩელემ, რომელსაც დასჭირდა მკურნალობა და მედიკამენტური ჩარევა.

 

ზიანი მიადგა ე.წ. აბსოლუტურად დაცულ ადამიანის უფლებას, კერძოდ, ზიანი მიაყენეს ჯანმრთელობას. საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მა------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართალსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა „სამართალდარღვევის“ შემადგენლობის არსებობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დადგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებობდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომის უნარი შემცირებულია, რაც სარჩოს დაკისრების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს.

 

ზიანის ანაზღაურების მიზნიდან გამომდინარე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობდა, მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც, შრომის უნარის შეზღუდვის გამო, დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას და ამის გამო, მას უკვე არ აქვს უნარი, მიეღო შემოსავალი ხელფასის სახით. აღნიშნულის შესაბამისად, სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული იღებდა ჯანმრთელობის დაზიანებამდე, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით.

 

დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოსარჩელე მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დახასიათებიდან დგინდება, რომ თა---------------- 2015 წლის 1 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო კ----–---------ის პოზიციაზე. 2013-2016 წლებში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში რ----------ში დასაქმებული ქალების ხელფასი მერყეობს 366.6 ლარიდან-545.6 ლარამდე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიური 500 ლარით, რაც ზიანის მიყენებიდან 2015 წლის 10 ოქტომბრიდან სარჩელის შეტანამდე 34 თვეზე, შეადგენს 17 000 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხე მა------------ს მიერ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რამაც განაპირობა მისი სულიერი ტანჯვა და ემოციური განცდები. (სისტემატური სამკურნალო პროცედურების გავლა, მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულფასოვნების განცდა და სხვა).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის კომპენსაცია ხდება ფულადი სახით. არც სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონები არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ზუსტ წესს. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო პირველ რიგში, მხედველობაში ღებულობს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. ბრალი სამოქალაქო სამართალში არის პასუხისმგებლობის პირობა და არა ზომა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია გამონაკლისი, ამიტომ კომპენსაციის ოდენობის განისაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. ფიზიკური ტანჯვა ივარაუდება, მხოლოდ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის, სასამართლომ უნდა დაადგინოს პირის ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ტკივილის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი (იმ შემთხვევაში, როცა ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და სხვა ყურადღსაღები გარემოებები. თავისი არსით არაქონებრივი ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. ვსაუბრობთ რა არაქონებრივ ზიანზე, მხედველობაშია მისაღები კონკრეტული საზოგადოების მორალური სტანდარტები. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიულ საფუძვლებს.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე არის ახალგაზრდა ქალბატონი. უდავოა, რომ იგი განიცდის ტკივილს, მოუხდა არაერთი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, განიცდის მორალურ დაძაბულობას. გასათვალისწინებელია ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხიც.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რა ზემოაღნიშნულ გარემოებებს, მოპასუხის ფინანსურ მდგომარეობას, აგრეთვე ქვეყანაში მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით არსებულ პრაქტიკას, მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა 5000 ლარი.

 

მოსარჩელე ითხოვს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე ავტომანქანის მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 395.1-ე და 992-ე მუხლები) განსხვავებულ წესს ადგენს. როგორც წესი, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ის ამ საშუალებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, თუ ზიანი მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი გამოყენება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

აღნიშნული მუხლი არის დელიქტური ვალდებულებებისათვის სპეციალური ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა.

 

მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველი მოპასუხის (ზიანის მიმყენებლის) მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის (მესაკუთრის) მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-1085-1022-2015). „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად“ (იხ. სუსგ ას-143-139-2016).

 

ვინაიდან მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს. ამდენად, იმ შემთხვევაშიც, კი თუ დადასტურდებოდა, ის გარემოება, რომ საგზაო შემთხვევის მომხდენი ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენს სს მ-----------------------------–-- „მ-----------------------–ი“ ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელის მოთხოვნა მესაკუთრის მიმართ უსაფუძვლოა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდისაგან და სასარჩელო მოთხოვნის 38,26% დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორიციულად 1147.8 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე, 55-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თა----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1.დაეკისროს მოპასუხე მა------------ს მოსარჩელე თა----------------ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 18 876.34 ლარის გადახდა.

1.2.1.დაეკისროს მოპასუხე მა------------ს მოსარჩელე თა----------------ს სასარგებლოდ 17 000 ლარის გადახდა.

1.2.2. დაეკისროს მოპასუხე მა------------ს მოსარჩელე თა----------------ს სასარგებლოდ სარჩელის შეტანიდან 2018 წლის 10 აგვისტოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა.

1.3. დაეკისროს მოპასუხე მა------------ს მოსარჩელე თა----------------ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდა.

1.4. სარჩელის მოთხოვნა სს მ-----------------------------–-- "მ-----------------------–--" ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

2. დაეკისროს მოპასუხე მა------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 1147.8 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია