გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210019002832281
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1790-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - ლ----------------ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ------------–--ე

მოპასუხე - ნ-------------–---–ი

წარმომადგენელი - შ------------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ-------------–---–ს ლ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 5 450 აშშ დოლარის გადახდა;

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ლ----------------ს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ვ----------------ლის შესახვევი IV, ბ N3, ს/კ N0----------------------- თანხა რომელიც მოსარჩელეს ესაჭიროებოდა შეადგენდა 7 000 აშშ დოლარს. მოპასუხემ სს „ბ--------------–--ასგან“ ბინის უზრუნველყოფით სესხად აიღო აღნიშნული თანხა და უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადაუხადა მოსარჩელეს, ხოლო დარჩენილი თანხა ზეპირი მორიგების თანახმად, 8 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა მომავალი ერთი წლის განმავლობაში. მოსარჩელეს აღნიშნული პირობის შესრულებაში ეჭვი არ ეპარებოდა, თუმცა ვალის აღიარების მიზნით მათ შორის იმავე დღეს 2015 წლის 19 მარტს დაიდო სესხის ხელშეკრულება.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, ლ----------------მა შემდეგში „გამსესხებელი“ ნ-------------–---–ს ასესხა 8 000 აშშ დოლარი. სესხის ვადად განისაზღვრა 60 თვე, მსესხებელს სესხი 2015 წლის 25 აპრილიდან უნდა ეხადა ყოველი თვის 25 რიცხვში არანაკლებ 50 აშშ დოლარისა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, მსესხებელს გადახდილი აქვს 1 200 აშშ დოლარი, მაგრამ ზეპირი მორიგების პირობის თანახმად, თანხა სრულად უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 25 მარტამდე, დღემდე არ აბრუნებს, უარს აცხადებს აღნიშნული მორიგების არსებობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 28 მარტს მოპასუხემ ბანკიდან აიღო ახალი კრედიტი შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, გამსესხებლის თანხის დაბრუნებას ექმნება საფრთხე, ვინაიდან მის მიერ ბანკის მიმართ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი იქნება პირველი რიგის კრედიტორი, რომელიც დაიკმაყოფილებს მის მოთხოვნას, ხოლო მოსარჩელის თანხის დაბრუნება დადგება რისკის ქვეშ.

 

ამასთან, მოპასუხის სურვილი იყო აღნიშნული სესხის ხელშეკრულება დადებულიყო ათი წლის ვადით, რაზეც თავად ნოტარიუსმა განაცხადა უარი ამგვარი აქტის შედგენაზე, ხოლო 5 წლის ვადით იმ პირობით დაიდო, რომ ერთი წლის ვადაში აპირებდა მსესხებელი თანხის გადახდას, როგორც თავად ამბობდა მისთვის სესხის ხელშეკრულება ფორმალურ მხარეს წარმოადგენდა.

 

როგორც მოსარჩელე განმარტავს, დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხე უარყოფს ყოველგვარ პირობას და უარს აცხადებს სესხის დაბრუნებაზე. ამდენად, მოსარჩელემ გაყიდა მისი კუთვნილი ბინა, რომელიც შეიძინა მოპასუხემ ბანკიდან აღებული კრედიტის საფუძველზე. მოსარჩელეს გადაუხადა 7 000 აშშ დოლარი, ხოლო ერთი წლის ვადაში უნდა გადაეხადა დარჩენილი 8 000 აშშ დოლარი. დღეს, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ბანკის იპოთეკის უფლება, რაც საკმაო რისკების შემცველია მოსარჩელისთვის თანხის დასაბრუნებლად, ხოლო სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების მე-9 და მე-10 მუხლების არსებობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ყოველთვიურად არანაკლებ 50 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე მხარემ აღიქვა თვეში 50 აშშ დოლარის გადახდად. იმისათვის რომ ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულდეს ყოველთვიური პროპორციული გადახდისათვის საჭიროა მინიმუმ 133 აშშ დოლარის გადახდა. ვინაიდან, ამჟამად ქონება იპოთეკით არის დატვირთული მსესხებლის მდგომარეობა გაუარესებულია და არსებობს საფრთხე ვალდებულების შესრულებისა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ნ-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გაუგებარია რას გულისხმობს მოსარჩელე, როცა აცხადებს, რომ მოპასუხემ აიღო კრედიტი „ბინის უზრუნველყოფის მიზნით“. მცდარია ის გარემოება, რომელიც ამბობს რომ მოპასუხეს თანხა ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა, რადგან აბსოლუტურად სხვა პირობებზე შეთანხმდნენ და ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელისგან ისესხა 8 000 აშშ დოლარი. სესხის ვადად განისაზღვრა 60 თვე, სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო შემდეგნაირად: 2015 წლის 25 აპრილიდან მსესხებელს უნდა გადაეხადა არანაკლებ 50 აშშ დოლარი ყოველი თვის 25 რიცხვში.

 

მოპასუხის განმარტებით, კეთილსინდისიერად მიყვება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად ასრულებს მოპასუხის წინაშე არსებულ ვალდებულებას. გარდა სანოტარო ხელშეკრულებისა მხარეთა შორის სხვა ზეპირი შეთანხმება არ დადებულა. მითუმეტეს, მსგავსი ხელშეკრულება არ/ვერ დაიდებოდა სანოტარო წესით ხელშეკრულების დადების შემდეგ, რადგან თუ მხარეები თვლიდნენ, რომ სანოტარო წესით ხელშეკრულების დამოწმება საჭირო იყო და განახორციელეს რელევანტური ღონისძიებები, ვერ იქნებოდა ლოგიკური ზეპირი შეთანხმების დადება.

 

მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მოსარჩე-ლისთვის უნდა გადაეხადა 8 000 აშშ დოლარი 60 თვის ვადაში. უძრავი ქონება წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და მისი სხვა ვალდებულებები გავლენას არ ახდენს მხარეებს შორის არსებულ შეთანხმებაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ხელშეკრულებაში არ არის დათქმა დავალიანების პროპორციულ გადახდაზე, ამასთან ზეპირი შეთანხმება არასაკმარისია აღნიშნულის დასადასტურებლად. რაც შეეხება იპოთეკის ხელშეკრუ-ლებას აღნიშნული დაიდო თავად ძირითადი ხელშეკრულების დადების დროს. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მხარეებს შორის როგორც ზეპირი გარიგების, ისე მდგომარეობის გაუარესების დადასტურება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 12 მარტს ნ-------------–---–ს და სს „ბ--------------–--ა“-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-22)

 

3.1.2. 2015 წლის 19 მარტს ლ----------------სა და ნ-------------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ-------------–---–მა შეიძინა ლ----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა გ---------–ი, შესახვევი IV, ბ N3, საკადასტრო კოდით N0----------------------- მხარეთა განმარტებით, უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარით, საიდანაც 7 000 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდა სს „ბ--------------–--ა“-ში აღებული სესხით, დარჩენილი 8 000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო 60 თვის ვადაში თვეში 50 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 20);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-22)

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)

 

3.1.3. 2015 წლის 19 მარტს ლ----------------სა და ნ-------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, დამოწმებული სანოტარო წესით. ხელშეკრულების თანახმად, ლერი მირზოინმა ნ-------------–---–ს სესხად გადასცა 8 000 აშშ დოლარი, ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, სესხის ვადა განისაზღვრა 60 თვის ვადით, გადახდის გრაფიკი განისაზღვრა 2015 წლის 25 აპრილიდან, ყოველი თვის 25 რიცხვში არანაკლებ 50 აშშ დოლარისა. გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხი (ს.ფ. 23-24)

 

3.1.4. 2016 წლის 22 მარტს ნ-------------–---–ს და სს „თ----------ს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27-28)

 

3.1.5. ნ-------------–---–ის მიერ 2015 წლის 19 მარტის სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ყოველთვიურად ხდება 50 აშშ დოლარის გადახდა ლ----------------ისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- საბანკო ამონაწერი ლ----------------ის პირადი ანგარიშიდან

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ნ-------------–---–ის მიერ არ მომხდარა 2015 წლის 19 მარტის ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბა-მისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

წინამდებარე შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურ-დება მხარეთა შორის სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას რომ მოპასუხის მხრიდან ყოველთვიურად ხდება 50 აშშ დოლარის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებას უკავშირებს მსესხებლის მდგომარეობის გაუარესებას და მოთხოვნას აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, „გამსეს-ხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსეს-ხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერე-სების დამცავ აღმჭურველ ნორმას, რომელიც გამსესხებელს ანიჭებს უფლებას ამ მიზნით, გარკვეული გარემოებების დადგომისას, რაც საფრთხეს უქმნის მისი მოთხოვნის დაკმაყო-ფილებას, განახორციელოს გარკვეული ქმედება, კერძოდ, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო რომ მოპასუხეს ჯერ კიდევ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში ქონდა ბანკთან ურთიერთობა და დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ 2016 წელს მოპასუხემ სს „თ----------თან“ დადო იპოთეკის ხელშეკრულება არ შეიძლება აღქმულ იქნას მისი მდგომარეობის გაუარესებად. ზემოაღნიშნული მუხლი მსესხებლის ქონებრივი მდგომა-რეობის გაუარესებას ითვალისწინებს ხელშეკრულების დადებამდე პერიოდშიც, თუმცა იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კრედიტორისათვის ხელშეკრულების დადების შემდგომ გახდება ცნობილი. მხარეთა შორის კი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდეც არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მოპასუხის მდგომარეობის გაუარესების გამო არსებობს ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400-ე, 623-ე, 627-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადე-ბულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრუ-ლების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირითად პირობებზე და ყოველთვიურად განსაზღვრეს მსესხებლის მიერ არანაკლებს 50 აშშ დოლარის გადახდა 60 თვის ვადით. დადგენილია, რომ მოპასუხე ყოველთვიურად იხდის 50 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 8 000 აშშ დოლარი. თუმცა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მათ შორის რაიმე სახის შეთანხმების არსებობა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება განხორციელდებოდა ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ხელშეკრულებით დადგენილი პირობის შესაბამისად ახორციელებს ვალდებულების შესრულებას, რაც შეეხება მოსარ-ჩელის განმარტებას, რომ დარჩენილ პერიოდში ყოველთვიურად 50 აშშ დოლარის გადახდით მოპასუხე ვერ შეძლებს ვალდებულების სრულად შესრულებას, აღნიშნუ-ლთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორის მხრიდან ჯერ არ დარღვეულ უფლებაზე დავა უსაფუძვლოა და არ არსებობს თანხის წინასწარ მოთხოვნის საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა არც ძირითადი და არც შეგებებული სარჩელი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე