განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
170100119002883211
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 გ , 126
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/14-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

4 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-–-------------–-----------------–--------, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------------, პირადი #2----------- დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, უმუშევარი, მცხოვრები: ქ. თ------–-----------------–--------, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - ნ-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ------–------–----------------------–------------ში მდებარე ს--–----------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა-–--------------–--------- სიტყვიერი შელაპარაკებისას გაშლილი ხელის მარჯვენა მხარეს სახეში დარტყმის, ხოლო მცირე დროის შემდეგ ჯოხის თავში ჩარტყმის გზით იძალადა თავისი დის - ა---------–--------- მიმართ, ასევე ხელის ხელის მტევანში ერთჯერადი დარტყმის, ხოლო მცირე დროის შემდეგ ჯოხის ხელის მტევანში ერთჯერადი დარტყმის გზით იძალადა თავისი დედის - ვ--–----------------–----- მიმართ, ასევე გაშლილი ხელის მარჯვენა მხარეს სახეში დარტყმის, ხოლო მცირე დროის შემდეგ ჯოხის თავში ჩარტყმის გზით იძალადა თავისი მეუღლის - თ------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ა-–--------------–--------ს მიერ 2019 წლის 19 იანვარს ა---------–---------, ვ--–----------------–-----ა და თ------------- მიმართ ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.

 

4. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისთვის (მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, და) ერთი მხრივ, ა-–--------------–-------- და, მეორე მხრივ, ა---------–--------, ვ--–----------------–---- და თ------------ არიან ერთი ოჯახის წევრები, რაც სადავო არ გამხდარა.

 

ძალადობის ეპიზოდი:

 

5. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისათვის ძალადობა გულისხმობს როგორც ცემას, ანუ არაერთჯერად დარტყმას, ასევე ძალადობის სხვაგვარ ფორმებს, მაგალითად ერთჯერად დარტყმას. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი შეიძლება დადგინდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმით.

 

6. ბრალდებულმა დუმილის უფლებით ისარგებლა, ხოლო დაზარალებულებმა ა---------–--------მ, ვ--–----------------–----- და თ------------- ა-–--------------–--------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, საქმეზე დაიკითხნენ გამომძიებლები - ჯ--–-------–-------, მ------------------, ლ---------------–-–---–- და მ---------------–---–-, ექსპერტი გ----------------–---–-, ასევე მოწმეები - ო---------------–---–- და მ-----------–-----, გარდა ამისა გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო დანარჩენი ყველა მტკიცებულება დაცვის მხარემ უდავოდ ცნო.

 

7. #1----- შეტყობინების მიხედვით, ინციდენტის ტიპია ჩხუბი, ხოლო განმცხადებელი გ--–------------------. 2019 წლის 20 იანვრის ვიზუალური დათვალიერების ოქმებით, ა---------–--------- აღენიშნება მარჯვენა თვალის არეში სიწითლე და სილურჯე, მარჯვენა წარბის ზემოთ ნაკაწრი, კეფაზე კოპი სისხლჩაქცევით; ვ--–----------------–---- აღენიშნება მარცხენა ხელის მტევანზე შეშუპება და სილურჯე, ხოლო თ------------ - კეფაზე კოპი. აღნიშნული ოქმების შედგენისას სპეციალისტი არ მონაწილეობდა. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, პირადი გასინჯვით, ა---------–--------- აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე და კეფაზე მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, პირადი გასინჯვით, ვ--–----------------–---- აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაციით, თ------------ დაუდგინდა ჭრილობა კეფის არეში. დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო მიმყენებელი საგნისა და ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა გ----------------–---–-- დაადასტურა აღნიშნული დასკვნების სისწორე. სამედიცინო ბარათი #5---ის მიხედვით (თარიღი 19.01.19), თ------------ აღენიშნება სისხლმდენი ჭრილობა კეფის არეში. მოწმეებმა ო---------------–---–-- და მ-----------–------ (ბრალდებული მათი შვილის ნათლიაა) განაცხადეს, რომ 2019 წლის 19 იანვარს 23:30 საათის შემდეგ მივიდნენ ს--–----------- სახლში, ა-–---------- იყო ნასვამი და წაიყვანეს თავიანთ სახლში. მოწმე ა----------–---------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მან დარეკა 112-ში, თუმცა სახელი იცრუა, მას არ დაუნახავს, რომ ა-–--------------–-------- ძალადობდა ვინმეზე, თუმცა გაიგონა, თუ როგორ ყვიროდა ვ--–----------------–---- და შველას ითხოვდა, ვინაიდან ვიღაც სცემდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების მიხედვით, დაზარალებულებმა გამომძიებელს აჩვენეს ის ადგილები, სადაც ა-–--------------–--------- მათ მიმართ განახორციელა ძალადობა. მოწმე გ--–----------------- ირიბი მოწმეა, ისევე როგორც გამომძიებლები - ჯ--–-------–-------, მ------------------, ლ---------------–-–---–- და მ---------------–---–-. ისინი თავად არ შესწრებიან რაიმე ფაქტს. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით, ა-–--------------–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

8. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ა---------–---------, ვ--–----------------–-----ა და თ------------- მიმართ ძალადობის ფაქტი. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ დაზარალებულებზე არსებული დაზიანებები სწორედ ბრალდებულის მიერ იქნა მიყენებული. საქმეზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულება ვერ მიუთითებს ამაზე. ასეთ ვითარებაში, მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ა-–--------------–--------- განახორციელა ძალადობა დაზარალებულებზე, არც საკმარისია და არც უტყუარი. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეყრდნობა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, ვინაიდან მათი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმეთა ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მათ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, ისინი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმებს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმეთა ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა. იგივე ითქმის მოცემულ საქმეზე არსებულ შემაკავებელ ოქმებზე.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა-–--------------–--------ს მიერ ა---------–---------, ვ--–----------------–-----ა და თ------------- მიმართ ფიზიკურ ძალადობას.

 

10. ფაქტების დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, და. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

12. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ა-–--------------–--------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ა-–--------------–--------- განახორციელა ძალადობა მეუღლეზე, დედასა და დაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება ( იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).

 

13. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

14. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–--------------–--------ს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–--------------–-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ა-–--------------–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ა-–---------- ს--–-------- უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი