გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310017002106491
№3/153-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 20-- წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე, ელენე თაგაური, თამთა როყვა
მოსარჩელე - პუ------------–---ი;
წარმომადგენელი - ვა---–----------ე, დი----------–--–-–---–ი;
მოპასუხე - მარ-----–ის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი- კახ----------–-ძე;
თარჯიმანი - ნა--–------------ვა;
დავის საგანი - ინდივიდულაურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 24 ივლისის N1412 ბრძანების ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ბათილად ცნობა;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - მარ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 4 აპრილს მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა შემოწმებისას დააფიქსირა მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზ--–-ჯლოში, მოქალაქე პუ------------–---ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სავაჭრო ობიექტის და ავტოსახელოსნოს სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის წარმოება, რის გამოც შედგა შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი სახის დარღვევა, კერძოდ, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობა. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მარ-----–ის რაიონის სოფელ ყიზ--–-ჯლოში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №83.--------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია პუ------------–---ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 510.00კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 - საერთო ფართით 898.25 კვ.მ, (მათ შორის - I სართული ფართით - 395.45 კვ.მ და II სართული ფართით 502.80 კვ.მ )
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 20.12.2016;
3.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 21 მაისს მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ N538 ბრძანებით, დაამტკიცა პუ------------–---ის კუთვნილ 510.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე მარ-----–ი, სოფელი ყიზ--–-ჯლო სავაჭრო ობიექტის და ავტოსახელოსნოს ასაშენებლად, მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძირითადი დოკუმენტაციით, მონაცემებით და მოთხოვნებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 21 მაისის მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის N538 ბრძანება;
3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაიცა N1382 ბრძანება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის და ავტოსახელოსნოს მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების და ნებართვის გაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა მშენებლობის პროცესის შემდეგი ეტაპების დასრულების სათანადო ოქმების შედგენის პირობებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 2 ნოემბრის მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის N1382 ბრძანება;
- მშენებლობის სანებართვო მოწმობა N341;
3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 4 აპრილს, მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა შემოწმებისას დააფიქსირა მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზ--–-ჯლოში მოქალაქე პუ------------–---ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სავაჭრო ობიექტის და ავტოსახელოსნოს სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის წარმოება, რის გამოც შედგა შემოწმების აქტი შემოწმების შედეგად დადგინდა დარღვევა, კერძოდ, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარმოუდგენლობა.
საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობის სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევისათვის პუ------------–---ი დაჯარიმდა 200 ლარით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 14 აპრილს, მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის N522 ბრძანება;
3.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ივლისს, მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა განმეორებით შემოწმებისას დააფიქსირა, რომ პუ------------–---ის მიერ არ მოხდა სამართალდარღვევის გამოსწორება, რის გამოც მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 24 ივლისის N1412 ბრძანებით პუ------------–---ი დაჯარიმდა და ასევე დაევალა სავაჭრო ობიექტისა და ავტოსახელოსნოს დემონტაჟის განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 24 ივლისის მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის N1412 ბრძანება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც პუ------------–---ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება“, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 24 ივლისის N1412 ბრძანების ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, წარმოადგენენ რა ადმინისტრაციულ აქტს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე პუ------------–---ის მოთხოვნას წარმოადგენს მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 24 ივლისის N1412 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც პუ------------–---ი დაჯარიმდა 600 ლარით, ასევე დაევალა განახორციელოს სავაჭრო ობიექტის და ავტოსახელოსნოს დემონტაჟი, მარ-----–ის რაიონის სოფელ ყიზ--–-ჯლოში, სავაჭრო ობიექტისა და ავტოსახელოსნოს ს.კ 83.01.2--0-- შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევისათვის, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ „ა“ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
6.3. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა და გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 4 აპრილს, მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა შემოწმებისას დააფიქსირა მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზ--–-ჯლოში მოქალაქე პუ------------–---ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სავაჭრო ობიექტის და ავტოსახელოსნოს სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის წარმოება, რის გამოც შედგა შემოწმების აქტი შემოწმების შედეგად დადგინდა დარღვევა, კერძოდ, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარმოუდგენლობა. საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობის სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევისათვის პუ------------–---ი დაჯარიმდა 200 ლარით. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 1 თვის ვადა.
დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 10 ივლისს, მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა განმეორებით შემოწმებისას დააფიქსირა, რომ პუ------------–---ის მიერ არ მოხდა სამართალდარღვევის გამოსწორება, რის გამოც მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 24 ივლისის N1412 ბრძანებით პუ------------–---ი დაჯარიმდა და ასევე დაევალა სავაჭრო ობიექტისა და ავტოსახელოსნოს დემონტაჟის განხორციელება.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 200 ლარით.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 23-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად, ობიექტის მფლობელი ვალდებულია: არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 24 ივლისის N1412 ბრძანებით, პუ------------–---ი დაჯარიმდა 600 ლარით, ასევე დაევალა განახორციელოს სავაჭრო ობიექტის და ავტოსახელოსნოს დემონტაჟი, მარ-----–ის რაიონის სოფელ ყიზ--–-ჯლოში, სავაჭრო ობიექტისა და ავტოსახელოსნოს ს.კ 83.01.2--0-- შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევისათვის, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის.
6.4. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
ამავე დადგენილების 75-ე მუხლის თანახმად, IV კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მაღალი ფაქტორით. IV კლასს განეკუთვნება:
ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ2-ზე მეტი ფართობისა და 22 მ-ზე მეტი სიმაღლის მქონე შენობა;
ბ) 200 მ3-დან 1000 მ3-მდე მოცულობის, 30 მ-დან 50 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 20 მ-დან 30 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 12 მ-ზე და ნაკლები ან ტოლია 24 მ-ისა;
დ) ხიმინჯიანი ფუნდამენტის მქონე შენობა-ნაგებობები;
ე) ხაზობრივი ნაგებობები – II კატეგორიის ნავთობსადენი, II კატეგორიის გაზსადენი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის გაზმომარაგებისთვის, 500 მ3/სთ და ზევით წარმადობით, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, II კატეგორიის რკინიგზა, II კატეგორიის საავტომობილო გზა, I კატეგორიის ქუჩა; (19.10.2016 N 474)
ვ) ელექტროქვესადგური 220 კ.ვოლტი; II კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 10 მვტ-დან 50 მვტ-მდე);
ზ) წყალსაცავი 10 000 მ3-დან 100 000 მ3-მდე მოცულობის;
თ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების ჯამური მოცულობით 500 მ3-დან 1000 მ3-მდე;
ი) აეროდრომი კოდური აღნიშვნით 4D-ზე ქვევით (ასაფრენი ზოლის სიგრძე 1800 მ-მდე და თვითმფრინავის ფრთების გაშლის სიგანე 36 მ-მდე) და მზიდუნარიანობით PCN 25-მდე.
კ) ბუნებრივი ან/და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზგასამართი სადგურები (გარდა მოძრავი სადგურისა) ან/და ავტოგასამართი სადგურები ან/და ავტოგასამართი კომპლექსები; (27.07.2017 N369)
ლ) მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგური, წარმადობით 500 მ3/სთ-დან 3000 მ3/სთ-მდე.
ამავე დადგენილების 78-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე;
გ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;
დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით;
ე) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი;
ვ) უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ზ) მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის;
თ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; (12.08.2011 N 315)
ი) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოსარჩელე პუ------------–---მა დაარღვია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები, კერძოდ, არ წარადგინა საეტაპო ოქმი დადგენილი წესით.
6.6. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს პუ------------–---ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. პუ------------–---ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. პუ------------–---ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
3. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე