გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
330210118002783575
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/37200-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - შპს ,,მ----------------------“

წარმომადგენელი - გ-----------------–---–ი

მოპასუხეები - გ----------–---–ი, ა-----------------ე, გ--------------–---–ი

წარმომადგენელი - ლ------------–---–ი (გ--------------–---–ი)

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ----------–---–ს, ა-----------------ეს და გ--------------–---–ს შპს ,,ე---------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 8 954.34 ლარის გადახდა;

 

1.2. გ----------–---–ს, ა-----------------ეს და გ--------------–---–ს შპს ,,ე---------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ საპროცენტო სარგებლის 6 566.34 ლარის გადახდა;

 

1.3. გ----------–---–ს, ა-----------------ეს და გ--------------–---–ს შპს ,,ე---------------ი“-ს სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი - 100 ლარის გადახდა;

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 16 მაისს გ----------–---–ს და მოსარჩელეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება Nდ-–---------, რომლის საფუძველზეც გაცემული სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება Nდ-–----------ით მოსარჩელემ მეხრიშვილს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 18 325 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარვდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 1 108 ლარის ოდენობით სესხის გადაცემის სესახებ შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - მერსედეს ბენცი. მსესხებლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო ა-----------------ისა და გ--------------–---–ის სოლიდარული თავდებობით.

 

2017 წლის 01 ოქტომბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 13 325 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად, განხორციელდა შემდეგნაირად: 672 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო; 3 590 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 8 972.67 ლარით - შემცირდა ძირი თანხა.

 

ვინაიდან, გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 17 927.01 ლარი, ავტმობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება-სესხის ძირითადი თანხა 8 954.34 ლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან, ავტომობილის რეალიზაციიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 14 თვე (01.11.2017წ და ყოველი მომდევნო თვე 01.12.2018წლის ჩათვლით) და 20 კალენდარული დღე (2018 წლის 01 დეკემბრიდან), დარიცხული სარგებელი შეადგენს 6 556.34 ლარს (447.71*14+20 დღის სარგებელი 298.40 ლარი).

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნვლეყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში“. სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2018 წლის 26 ნოემბერს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეებს და განესაზღვრათა დამატებითი ვადაც. არცერთი მოპასუხე შეტყობინებას არ გამოხმაურებია.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. გ--------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ თავისი სურვილისამებრ გადაანაწილა ავტომანქანის რეალიზაციის გზით მიღებული თანხები. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სრულად უნდა დაფარულიყო სესხის ძირი თანხა. მოპასუხის განმარტებით, მართალია არის თავდები, თუმცა მას აქვს მისი პირადი კრედიტი, სარგებლობს სს „თ----------ი“-ს ე.წ. „პ------------ი“-ს ლიმიტით, საიდანაც ყოველ თვე უწევს 200 ლარის გადახდა. ამასთან, ყავს მეუღლე და სამი შვილი და წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ მარჩენალს.

 

2.2. მოპასუხეებს ა-----------------ეს და გ----------–---–ს სარჩელისა და სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. მხარეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 16 მაისს გ----------–---–ს და შპს ,,მ---------------------“-ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება Nდ-–---------, რომლის საფუძველზეც გაცემული სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება Nდ-–----------ით მოსარჩელემ მეხრიშვილს თვეში 5% -იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 18 325 ლარის ოდენობით. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 24 000 ლარით.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტით, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება საკრედიტო შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საპრო-ცენტო განაკვეთის ზედა ზღვარისა. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყება მისი მსესხებლისათვის გადაცემის დღიდან და გრძელდება თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში მოხერხდება მისი რეალზიაცია.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე გ----------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომობილი დაიტვირთა გირავნობით, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - მერსედეს-ბენც ML 350, სარეგისტრაციო ნომერი - H------, გამოშვების წელი - 2005, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N 4----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A-------.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის დარჩენილი/მიუღებელი ნაწილის ამოღების მიზნით გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება და რეალიზაცია, აგრეთვე საბანკო ანგარიშების დაყადაღება და სხვ. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 21 მარტის სესხის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-21);

- საკრედიტო შეთანხმება (ს.ფ. 22-23)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 16 მაისს შპს ,,მ---------------------“-ს, ა-----------------ეს და გ--------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ა-----------------ე და გ--------------–---–ი დაუდგნენ თავდებად, 2017 წლის 16 მაისს, შპს ,,მ---------------------“-თან დადებული სესხის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

 

თავდებობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 72 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 16 მაისის წერილობითი განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 25-26);

- 2017 წლის 16 მაისის ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 27-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მსესხებლის მხრიდან 2017 წლის 16 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში ფულადი ვალდებულება ან/და მისი ნაწილი შესრულებული არ არის (არ მომხდარა არც ერთი გადახდა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 21 მარტის სესხის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-21);

- საკრედიტო შეთანხმება (ს.ფ. 22-23)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 08 აგვისტოს წერილით გ----------–---–ს ეცნობა გირავნობის საგნის მოსარჩელის მფლობელობაში გადასვლის შესახებ, ამასთან, ინფორმირებულ იქნა ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მოგირავნისათვის მინიჭებული უფლებების თაობაზე, რომ წინამდებარე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან ორი კვირის შემდეგ უზრუნველყოფს ავტომობილის მესამე პირის სასარგებლოდ რეალიზაციას ან საკუთარ სახელზე გადაფორმებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინებები (ს.ფ. 31-33)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. შემფასებლის ი----------–--–---–ის მიერ 2017 წლის 19 ივლისს მომზადებული დასკვნის თანახმად, დაგირავებული ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - MERCEDES BENZ ML350, ვინ კოდი 4----------------, სახელმწიფო ნომერი H--------, ძრავის მოცულობა 3.5, გამოშვების წელი - 2005, ფერი - ვ---–--–-------ი დამრგვალებით შეადგენდა 14 200 ლარს, ხოლო ლიკვიდური 11 800 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეფასების აქტი (ს.ფ. 34-40)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2017 წლის 01 ოქტომბერს, შპს ,,მ---------------------ს“ და შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი-----------------ემ 13 235 ლარად შეიძინა დაგირავებული ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - MERCEDES BENZ ML350, ვინ კოდი 4----------------, სახელმწიფო ნომერი H--------, ძრავის მოცულობა 3.5, გამოშვების წელი - 2005, ფერი - ვ---–--–-------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 41)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით (13 235 ლარი) დავალიანების გაქვითვა განხორციელდა შემდეგნაირად: 672 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 3 590.33 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 8 972.67 ლარით - შემცირდა ძირი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინებები (ს.ფ. 43-44);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 16 მაისის სესხის და გირავნობის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 01 ოქტომბერს, მოპასუხეთა დავალიანება შპს „მ----------------------“-ს მიმართ განისაზღვრება სესხის ძირი თანხით, რაც შეადგენს 8 954.34 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტით დაადგინეს პროენტის გადახდის წესი, კერძოდ, განსაზღვრეს რომ სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება საკრედიტო შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მოქმედი კანონმდებ-ლობით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარისა. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყება მისი მსესხებლისათვის გადაცემის დღიდან და გრძელდება თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში მოხერხდება მისი რეალზიაცია.

 

დადგენილია, რომ ავტომობილის რეალიზება მოსარჩელის მიერ განხორციელდა 2017 წლის 01 ოქტომბერს. დადგენილია, რომ ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ შეადგინა 13 235. დავალიანების გაქვითვა განხორციელდა შემდეგნაირად: 672 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 3 590.33 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 8 972.67 ლარი - შემცირდა ძირი თანხა. მოსარჩელის მიერ ამჟამად მოთხოვნილი სარგებელი წარმოადგენს ავტომობილის რეალიზების შედეგად დარჩენილ ძირ თანხაზე დარიცხულ ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომობილის რეალიზების შედეგად მხარეთა შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოსარჩელეს მხარესთან არსებული ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტი ართმევს უფლებას აღნიშნულის შემდგომ კვლავ დაარიცხოს სარგებელი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 464-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე-895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბა-მისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს შპს "მ---------------------სა" და მოპასუხე გ----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული სესხის ძირითადი თანხის გადახდა.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მის შეწყვეტამდე, რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ, ვალდე-ბულების შეუსრულებლობის გამო, სარგებლის სახით თანხის გადახდის მოთხოვნას, იგი არ განიხილება სარგებლად თუმცა იგი შესაძლოა მიჩნეულ იქნას სსკ-ის 403-ე მუხლით გათვალისიწინებულ მიუღებელ შემოსავლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვა-ლისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ, №ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი; №ას-408-381-2017, 30 ივნისი, 2017წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნდათ ფულადი ვალდებულება, დადგენილია ასევე მოპასუხეთა მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის რაიმე პროცენტზე. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმე-დების ვადაში გათვალისწინებულ სარგებელზე (პროცენტზე) შეთანხმება ვერ გამოდგება სსკ-ის 403-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.

 

6.3. 2016 წლის 21 მარტის ხელშეკრულების 6.4. პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტომანქანის შეფასებისათვის გადახდილი თანხის 100 ლარის ანაზღაურება, რაც წარმოადგენს ხარჯების/დანა-ხარჯებს გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში და რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრება მოპასუხე მხარეს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 16 მაისს შპს ,,მ---------------------“-ს ა-----------------ესა და გ--------------–---–ს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. 2017 წლის 16 მაისის შპს ,,მ---------------------“-თან დადებული სესხის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად. თავდებობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 72 000 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 16 მაისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, ანაზღაურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნულის ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 272.02 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე ა-----------------ეს (ს/ნ 1----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ფოლქსვაგენ T4, ფერი - რუხი 4/8, გ. წელი - 1995, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W---------------- გასხვისება და უფლებრივად (გირავნობით) დატვირთვა;

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ----------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. გიგა მეხრიშვილს, ა-----------------ეს და გ--------------–---–ს შპს ,,ე---------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 8 954.34 ლარის გადახდა;

 

1.2. არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ე---------------ი“-ს მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის 6 566.34 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. გ----------–---–ს, ა-----------------ეს და გ--------------–---–ს შპს ,,ე---------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი - 100 ლარის გადახდა;

 

3. გ----------–---–ს, ა-----------------ეს და გ--------------–---–ს შპს ,,ე---------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 272.02 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე