გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3959-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - გ------- ბ-----ე
წარმომადგენელი - დ----------------–-
მოპასუხე - შპს "მ------ი"
წარმომადგენელი - ლ------ თ-------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,მ------ს“ მოსარჩელე გ------- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 887.65 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 27 ივლისს, მოსარჩელე გ------- ბ-----ეს და მოპასუხე შპს ,,მ------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც მხარეებმა დაამოწმეს სანოტარო წესით. სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 400 ლარს. სესხის ვადა განისაზღვრა 360 დღით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა სესხის ძირითადი თანხის 6%-ით, ხოლო პირგასამტეხლო 1%-ით.
2018 წლის 30 მაისს ნოტარიუს დ----- წ--–----ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. მოცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი თანხა შეადგენს 1507.34 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენს 216.94 ლარს, საპროცენტო სარგებელი 176.34 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 986.28 ლარი. სანოტარო მოქმედებების საფასური ჯამში შეადგენს 128.06 ლარს.
სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2018 წლის 01 ივნისს. ამავე თვეში მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა სარჩელით, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ, მოითხოვა აღსასრულებელი თანხის 887.650 ლარით შემცირება.
2018 წლის 21 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, საქმეზე #2--------- მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გ------- ბ-----ის სარჩელი შპს ,,მ------ის“ მიმართ დაკმაყოფილდა და განისაზღვრა ნოტარიუს დ----- წ--–----ის მიერ 30.05.2018 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, აღსასრულებელი თანხის 1507.56 ლარის შემცირება 887.650 ლარით.
მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოება ვერ იქნა შეჩერებული, ვინაიდან სასამართლოს მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, სააღსრულებო წარმოების შეჩერების გამოყენების შემთხვევაში, მოსარჩელის სახელფასო ანაგრიშზე შენარჩუნდებოდა ყადაღა და დავის გადაწყვეტამდე ვერ მოახერხებდა ხელფასის აღებას, შესაბამისად, მოსარჩელე იძულებული გახდა არ შეეჩერებინა აღსრულება, რათა ხელფასის ნახევარი მაინც აეღო ყოველთვიურად ანგარიშიდან.
სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი სრულად აღსრულდა და მოსარჩელეს სახელფასო ანგარიშიდან სრულად ჩამოეჭრა 887.650 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ გ------- ბ-----ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 30 მაისს ნოტარიუს დ----- წ--–----ის მიერ 2016 წლის 27 ივლისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც გ------- ბ-----ის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი თანხა შეადგენს 1507.34 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენს 216.94 ლარს, საპროცენტო სარგებელი 176.34 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 986.28 ლარი. სანოტარო მოქმედებების საფასური ჯამში შეადგენს 128.06 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ------- ბ-----ის სარჩელი შპს ,,მ------ის“ მიმართ დაკმაყოფილდა სრულად. ცვლილება შევიდა ნოტარიუს დ----- წ--–----ის მიერ 30.05.2018 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, აღსასრულებელი თანხა, 1507.56 ლარი, შემცირდა 887.650 ლარით და განისაზღვრა 619.9 ლარით. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერდა ნოტარიუს დ----- წ--–----ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებო წარმოება, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 07 თებერვლის ცნობის თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული #A-------- სააღსრულებო საქმე, ნოტარიუსის მიერ 30.05.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, შპს ,,მ------ის“ სასარგებლოდ გ------- ბ-----ეს დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება, აღსრულებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა #---- (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
აღნიშნული ნორმა ამახვილებს ყურადღებას ვალდებულების შესრულებასთან დაკვაშირებით სხვისთვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნების საფუძვლებზე. დანაწესის თანახმად, თუ პირმა ვალდებულების შესასრულებლად სხვას გადასცა რაიმე ქონება, შესაძლებელია მისი უკან გამოთხოვა, თუ ვალდებულება ფაქტობრივად არ არსებობს. ეს დასაშვებია მაშინ, როცა გარიგება გაბათილებულია და არარსებულად ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელობას მოკლებულია ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლწინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ მას მოუწია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით მისთვის დაკისრებული თანხის გადახდა, იმ ვითარების ფონზე, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის ოდენობა შემცირდა 887.650 ლარით.
მოპასუხე შპს ,,მ------მა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, თუმცა მისი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაასაბუთა, თუ რა ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით უნდა დაეკისროს მოსარჩელეს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიღებული თანხის მოვალისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.
სასამართლო მხარეთა პოზიციების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,მ------მა“ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ 887.65 ლარით არ გამდიდრებულა, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. სასამართლო მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მიღებული ფულადი თანხის მოვალისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სასამართლოს მიერ გაუქმდა და შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით თანხის მოპასუხე მხარეზე დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე გ------- ბ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს "მ------ს" მოსარჩელე გ------- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 887.65 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს "მ------ს" მოსარჩელე გ------- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე