გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210018002663072
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28886-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე

მოსარჩელე – შ----- ჯ-----ე

წარმომადგენელი – ნ---–------–---–---–-

მოპასუხე – ლ--–- გ-----–---–ი

წარმომადგენელი - ფ----------------, პ-----------ა

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ--–- გ-----–---–ს მოსარჩელე შ----- ჯ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 4000 ლარის ოდენობით.

 

სარჩელში მითითებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებები:

 

მოსარჩელის და მოპასუხის თანასაკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ლ-------------- ქ. #14 (საკ.კოდი 0--------------), წილობრივი მონაცემებით 1/4 და 1/4, დარჩენილი 2/4 ნაწილის თანამესაკუთრეა ლ--–- ქ-------–---. მოსარჩელე და მოპასუხე მესაკუთრეები არიან ორსართულიანი სახლის პირველი სართულის, ხოლო მოპასუხე მეორე სართულის. მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს საფრანგეთში და დღესასწაულებზე ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ამ პრობლემის გამო, მოსარჩელის ოჯახი იძულებული გახადა არაერთხელ ჩამოსულიყო პრობლემის გადასაწყვეტად.

2014 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ლ-–--------–---–ი) გადაწყვეტილებით საქმეზე # 2---------- ლ--–- გ-----–---–ს აეკრძალა აღნიშნულ მისამართზე, მე-2 სართულზე მდებარე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი (საძინებელი) ოთახის ზევით მდებარე აბაზანის და საპირფარეშოს მოწყობა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, მოპასუხემ უგულებელყო ეს აკრძალვა და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში არყოფნის პერიოდში დაამონტაჟა სველი წერტილები. ანუ, მხარემ ნებაყოფლობით არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილება, რაზეც სააღსრულებო ფურცლის წარდგენით განცხადებით მიმართა მოსარჩელემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ლ--–- გ-----–---–ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, თუმცა ისევ მოხდა მოსარჩელის მოთხოვნის უგულებელყოფა, რის საფუძველზეც კვლავ მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სთხოვეს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო საქმე განსახილველად გადაეცათ სამართალდამცავი ორგანოებისათვის. პოლიციაში საქმის წარმართვისას მოსარჩელეს აცნოbეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შესრულებულია. იმ პერიოდში, როცა მოსარჩელე დაობდა სააღსრულებო ბიუროდან დაწყებული პოლიციამდე, მოპასუხის მიერ განხორციელდა მთელი რიგი უკანონო ქმედებები. კერძოდ, მოპასუხემ აწარმოა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მიწის გათხრითი სამუშაოები საკანალიზაციო სისტემაში მის საცხოვრებელ სართულზე აკრძალული სველი წერტილების ქსელში ჩართვის მიზნით, რამაც გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება (მიწის გათხრა ხდებოდა ბულდოზერით ზამთრის პერიოდში). ამ სამუშაოების წარმოების დაწყება მოსარჩელის ოჯახს აცნობეს მეზობლებმა და მოსარჩელის მიერ მოხდა დაკავშირება მერიის სამსახურებთან საფრანგეთიდან. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ორჯერ იქნა დაჯარიმებული შპს „ჯ---------------------------------ზე“ მიწის გათხრითი სამუშაოებისათვის, გამოიწერა შესაბამისი საჯარიმო ოქმები.

 

ამ პრობლემებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ოჯახი იძულებული გახდა რამდენჯერმე ჩამოსულიყო საქართველოში. ჩამოსვლისთანავე კვლავ დაიწყო მოპასუხის მხრიდან საშინელი შეურაცხყოფები, უჩივლა პოლიციაში, რომ თურმე მოსარჩელის ძაღლის მიერ წაბილწულია აივანი. მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, კვლავ მიაყენეს შეურაცხყოფა. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით აეკრძალათ მოსარჩელის საძინებელი ოთახის თავზე საპირფარეშოსა და სააბაზანოს მოწყობა, თითქოს ინვენტარი მოხსნეს, მაგრამ მაინც საშინელი დამცირების ქვეშ არიან. მათგან ჩამოდის უცნაური ხმები. რადგან თუ არ აქვთ ტუალეტი და აბაზანა და არ სარგებლობენ ქვედა ტუალეტით, მოსარჩელე ფიქრობს, რომ ჩუმად მაინც აერთებენ ამ მოწყობილობებს. დაიღალნენ და დაიტანჯნენ მათთან საუბრით, რადგან უარყოფენ ყველაფერს, რაზეც სასამართლო გადაწყვეტილებით ახსენებენ. მოსარჩელის გასვლა სახლიდან და ისევ და ისევ იწყება პრობლემები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ--–- გ-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ ცხოვრობს ლ-------------- ქუჩა #14-ში. იგი მუდმივად ცხოვრობს ქ. რ-------ში, კ--------ს გამზირი #18, ბინა #41. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გადაწყვეტილება შესრულებული სრულად და აღნიშნული გარემოება არაერთხელ იქნა დადასტურებული კომპეტენტური ორგანოების მიერ. ასევე, მოპასუხე მხარისათვის გაუგებარი და ბუნდოვანია მორალური ზიანის მოთხოვნის კონტექსტში აღნიშნული გარემოებების შემხებლობა. შესაბამისად, მხარის მითითებით, შ----- ჯ-----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ლ-------------- ქუჩა #14, ნაკვეთის წინა ნომერი 29, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------, თანასაკუთრებით ეკუთვნით შ----- ჯ-----ეს, ლ--–- გ-----–---–ს და ლ--–- ქ-------–---ს, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: შ----- ჯ-----ე ¼ ნაწილი, ლ--–- გ-----–---–ი ¼ ნაწილი, ლ--–- ქ-------–--- 2/4 ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;

- 08/09/2016 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 17-18).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, შ----- ჯ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ--–- გ-----–---–ს აეკრძალა ქ.თბილისში, ლ-------------- ქუჩა #14-ში, მე-2 სართულზე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, კერძოდ შ----- ჯ-----ის კუთვნილი საცხოვრებელი საძინებელი) ოთახის ზევით მდებარე ოთახში აბაზანის და საპირფარეშოს მოწყობა. შ----- ჯ-----ის სარჩელი ქ.თბილისში, ლ-------------- ქუჩა #14-ში, მე-2 სართულზე მდებარე, ლ--–- გ-----–---–ის საცხოვრებელ ფართში არსებული წყლისა და საკანალიზაციო ქსელის დემონტაჟის და საცხოვრებელი ოთახის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;

- 2014 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-21).

 

3.1.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 31.05.2017 წლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ლ--–- გ-----–---–ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ შეესრულებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 23.10.2014 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისი პუნქტი, რომლის თანახმად, ლ--–- გ-----–---–ს აეკრძალა შ----- ჯ-----ის კუთვნილი საცხოვრებელი (საძინებელი) ოთახის ზევით მდებარე ოთახში აბაზანის და საპირფარეშოს მოწყობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31.05.2017 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 23).

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრის თანახმად, 14.12.2016 წელს, შპს ,,ჯ---------------------------------ი“ დაჯარიმდა მისამართზე: თბილისი, ლ-------------- ქ. #14 მიმდებარედ განხორციელებული გათხრითი სამუშაოებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები

- საჯარიმო ქვითარი #0----- (ს.ფ. 27);

- საჯარიმო ქვითარი #0----- (ს.ფ. 28).

 

3.1.5. მხარეთა ახსნა-განმარტებების და არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საქმეზე არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელისათვის რაიმე სახის სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მისი უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნე მითითებული და შესაბამისად არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება სხეულის დაზიანების თუ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 413-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. აღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესია, რომ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული საფუძველი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან. იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არ არსებობასთან. მოქმედი კანონმდებლობა მართალია ითვალისწინებს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას სხვადასხვა შემთხვევაში, მათ შორის, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია არსებობდეს დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი სქემა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის, ასევე ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ამ ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. მორალური ზიანი განსაზღვრულია როგორც ფიზიკური ან სულიერი ტკივილი. მაცალკევებელი კავშირი „ან“ უშვებს მორალური ზიანის არსებობას როგორც მხოლოდ ფიზიკური ან სულიერი ტკივილისას, ისე ორივესას ერთდროულად.

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ანუ როგორც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას ისე მისგან დამოუკიდებლად. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებულ ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხს. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ამდენად, ანგარიშგასაწევი.

ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი შეიძლება მდგომარეობდეს ფიზიკურ ტკივილში, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის ან სხვაგვარი ვნების მიყენებასთან, ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა), აგრეთვე სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრამვის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც ადასტურებენ დაზარალებულის მიერ გადატანილ ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვას (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება - ას-762-818-2011).

სამართლის მიერ დაცული ერთ-ერთი სიკეთე, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, კერძოდ, განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს, ზედა სართულის მაცხოვრებელი მოპასუხის მიერ, მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში არსებული ე.წ. ,,სველი წერტილებით“ სარგებლობის შედეგად, მოსარჩელე მხარისთვის შექმნილი ერთგვარი დისკომფორტი, რაც გამოიხატება ზედა სართულიდან ჩამოსულ უცნარ ხმებში, ერთმანეთთან პერიოდულ კონფლიქტებში.

სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევად მოვლენას წარმოადგენს და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება.

კონკრეტული ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით, საქმის გარემოებების შეფასებისა და მტკიცებულებებიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული საფუძველი, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ მიუთითებენ, მხარის მიერ იმ სახის ტანჯვის და ტკივილის განცდაზე, რაც განაპირობებს სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძველს. მით უფრო, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მითითებით, იგი ცხოვრობს სულ სხვა მისამართზე და არა სარჩელში მითითებულ ბინაში. მოსარჩელემ კი ვერ შეძლო მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი გარემოების, მოპასუხე მხარის მის მიერ მითითებულ მისამართზე ცხოვრების დამადასტურებელი გარემოების დამტკიცება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----- ჯ-----ის სარჩელი ლ--–- გ-----–---–ის მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, მოსარჩელე შ----- ჯ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შ----- ჯ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე