გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3131-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - მა-- გო–-----ე
მოპასუხე - ქე------ ხუ–-–---–ი
დავის საგანი - თანხის ანაზღაურების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ქე------ ხუ–-–---–ს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის (სახელმწიფო პენსიის), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 540 ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია:
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 26 სექტემბერს ქე------ ხუ–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. მან ასევე სააგენტოს წარუდგინა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის 2018 წლის 25 სექტემბრის ცნობა, რომლის მიხედვითაც, ქე------ ხუ–-–---–ი მუშაობს ამავე კლინიკის ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტში ექიმი ტრანსფუზიოლოგის თანამდებობაზე. ამასთან, განცხადებაში, შეკითხვაზე - ახორციელებდა, თუ არა საჯარო საქმიანობას, მოპასუხე ქე------ ხუ–-–---–მა უარყოფითი პასუხი გასცა.
2018 წლის 28 ნოემბრის №0------------- გადაწყვეტილებით ქე------ ხუ–-–---–ს შეუწყდა სახელმწიფო პენსია, რადგან იგი ზემოაღნიშნულ სამსახურთან ერთად დასაქმებულია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება (ს.ფ. 14);
- ქე------ ხუ–-–---–ის 2018 წლის 26 სექტემბრის განცხადება სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 14);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 28 ნოემბრის №0------------- გადაწყვეტილება ქე------ ხუ–-–---–ისთვის სოციალური შემწეობის შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.13);
- შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის 2018 წლის 25 სექტემბრის ცნობა;
- მხარის ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
3.1.2. სს „ლიბერთი ბანკის“ საბანკო ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე ქე------ ხუ–-–---–ს, სახელმწიფო პენსიის შეწყვეტამდე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საარსებო შემწეობის სახით ჩაერიცხა სახელმწიფო პენსია 540 ლარი ოდენობით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 29 იანვარს №0----------- წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციური სამსახურის უფროს, რომლის მიხედვითაც სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ისან-სამგორის სერვის ცენტრს ეცნობა, რომ ქე------ ხუ–-–---–ი საჯარო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციური სამსახურში და ასევე მოითხოვა, ქე------ ხუ–-–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარედგინა სპეციალურ პენიტენციური სამსახურში მუშაობის დაწყების დამადასტურებელი საბუთი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 20 თებერვლის №4------- წერილის თანახმად ქე------ ხუ–-–---–ს გაეგზავნა შეტყობინება, სპეციალური პენიტენციური სამსახურში საქმიანობის დაწყების დამადასტურებელი საბუთის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის შესახებ.
2018 წლის 27 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს №0------------ წერილით ქე------ ხუ–-–---–ს ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული მონაცემთა ბაზის საფუძველზე იგი დასაქმებულია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაც მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის საფუძველია, შესაბამისად 2019 წლის 1 იანვრიდან ქე------ ხუ–-–---–ს შეუწყდა „სოციალური პაკეტი (პენსია)“.
ქე------ ხუ–-–---–ს აღნიშნული წერილით ასევე ეცნობა, რომ თუ იგი დასაქმებული იყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, უმოკლეს ვადაში უნდა წარედგინა დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა მტკიცებულების საფუძველზე ცენტრის მიერ განხორციელებულიყო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. დასაქმების შეთხვევაში კი დაევალა სამსახურის დაწყების შესახებ ბრძანების წარდგენა. ქე------ ხუ–-–---–ის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 17);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 იანვარს №0----------- წერილი (ს.ფ. 18);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 20 თებერვლის №4------- წერილი (ს.ფ. 19);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №0------------ წერილი (ს.ფ. 20);
- მხარის ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ქე------ ხუ–-–---–ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 540 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ამასთან, მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ პირს არ წარმოეშობა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და მიღების უფლება, თუ იგი ახორციელებს საჯარო საქმიანობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს ქე------ ხუ–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. მან ასევე სააგენტოს წარუდგინა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის 2018 წლის 25 სექტემბრის ცნობა, რომლის მიხედვითაც, ქე------ ხუ–-–---–ი მუშაობს ამავე კლინიკის ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტში ექიმი ტრანსფუზიოლოგის თანამდებობაზე. ამასთან, განცხადებაში, შეკითხვაზე - ახორციელებდა, თუ არა საჯარო საქმიანობას, მოპასუხე ქე------ ხუ–-–---–მა უარყოფითი პასუხი გასცა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ქე------ ხუ–-–---–ი, ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ახორციელებს და ზემოთ აღნიშნული განცხადების წარდგენის დროს ახორციელებდა სახელმწიფო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რის გამოც 2018 წლის 28 ნოემბრის №0------------- გადაწყვეტილებით, 2019 წლის 01 იანვრიდან მას შეუწყდა სახელმწიფო პენსია, ხოლო სს „ლიბერთი ბანკის“ საბანკო ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე ქე------ ხუ–-–---–ს, სახელმწიფო პენსიის შეწყვეტამდე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საარსებო შემწეობის სახით ჩაერიცხა სახელმწიფო პენსია 540 ლარი ოდენობით.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ქე------ ხუ–-–---–მა ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო პენსია მიიღო იმ პირობებში, როდესაც კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა უფლება მიეღო სახელმწიფო პენსია.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ქე------ ხუ–-–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ ჩაერიცხა სახელმწიფო პენსია, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 540 ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ქე------ ხუ–-–---–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის ანაზღაურება უნდა დაევალოს 540 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს ქე------ ხუ–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის (სახელმწიფო პენსიის) ანაზღაურება 540 ლარის ოდენობით.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი