გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2019
საქმის ნომერი
330210019002853711
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/3011-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ--–---“

წარმომადგენელი - ზ------------

 

მოპასუხე - შპს ,,ყ--------------------–---“

წარმომადგენელი - გ-----------–---–-

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით 392.22 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, თბილისში, კ-----------ს ქუჩაზე, ა---–-----------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, 2018 წლის 3 ნოემბერს შპს „ყ--------------------–---ს“ მიერ დაზიანებული იქნა 6 კვ საკაბელო ტრასა. დაზიანებული საკაბელო ტრასა მოსარჩელემ აღადგინა და აღდგენის ხარჯი 379,62 ლარს შეადგენს. აღნიშნულს ემატება დაზიანებული ხაზის აღდგენამდე აბონენტებისთვის მიუწოდებელი ელ. ენერგიის გამო, მიუღებელი შემოსავალი - 12,60 ლარი.

 

მიწის გათხრის სამუშაოების წარმოების დაწყების შესახებ მოპასუხემ არ შეატყობინა მოსარჩელეს, სამუშაოების წარმოებისას ისინი მოქმედებდნენ გაუფრთხილებლად, რითაც დაირღვა საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის N366 დადგენილებისა და 17.12.2013 წლის N347 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები. აღნიშნულის გამო მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ჯამში 392,22 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ არ სცნო სარჩელი. გამორიცხა მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება და განმარტა, რომ აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა დაზიანების ადგილიდან მოშორებით, ასევე განმარტა, რომ თავად მოსარჩელის მიერ ადგილი რომ ჰქონოდა ტექნიკური ნორმების დაცვას, კაბელის დაზიანება არ მოხდებოდა. მართალია, ტრაქტორის გადაადგილების შედეგად მოხდა კაბელის დაზიანება, თუმცა აღნიშნული არის შემთხვევითობა, ან კაბელი იყო უხარისხო ან არ იყო საკმარის სიღრმეზე ჩადებული. გარდა ამისა, სარემონტო სამუშაოებს სხვა კომპანიებიც აწარმოებდნენ და ნებისმიერის მხრიდან მიმდინარე სამუშაოების შედეგად არსებობდა კაბელის დაზიანების ალბათობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 3 ნოემბერს, თბილისში, კ-----------ს ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობისას დაზიანდა სს „თ--–---ს“ ბალანსზე რიცხული ც-------------------- დამაკავშირებელი 6კვ საკაბელო ტრასა. საკაბელო ტრასის დაზიანება გამოწვეულია მექანიკური (ვიბრაციული) ზეგავლენით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჰაერო ან საკაბელო ხაზის მექანიკური დაზიანების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. დაზიანებული კაბელის აღდგენისთვის მოსარჩელემ გასწია ხარჯი - 379,62 ლარი. რასაც ემატება ასევე დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე მოსარჩელის აბონენტებისთვის მიუწოდებელი ელ. ენერგიის გამო მიუღებელი შემოსავალი - 12,60 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ცნობა-გაანგარიშება;

- ხარჯთაღრიცხვა.

 

3.1.3. თბილისში, კ-----------ს ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კომპანია, მათ შორის 2018 წლის 3 ნოემბერსაც, შპს „ყ--------------------–---ს“ თანამშრომლების გარდა სხვა კომპანიების თანამშრომლებიც მუშაობდნენ. შპს „ყ--------------------–---“ აწარმოებდა უკვე ამოღებული ტრანშის ბალიშებით ამოვსების სამუშაოებს, რა დროსაც გამოყენებული იყო მძიმე ტექნიკა - ტრაქტორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები.

 

3.1.4. სამუშაოების ჩატარების თანხმობის მიღების მოთხოვნით მოპასუხის მიერ განცხადება სს „თ--–--ში“ წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მსგავსი თანხმობის მიღების მოთხოვნით მიმართეს თუ არა მას იმ კომპანიებმა, რომლებიც კ-----------ს ქუჩაზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოების აწარმოებდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოწმის ჩვენება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საკაბელო ტრასის დაზიანება მოპასუხის ქმედებით გამოწვეული არ არის.

 

ფაქტია, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი კაბელი, მაგრამ ზიანი, რომ უშუალოდ მოპასუხის ქმედებით არის გამოწვეული, ანუ დაზიანებაში მოპასუხეს, რომ მიუძღვის ბრალი და შესაბამისად, მოპასუხის ქმედების შედეგია, ამას მოსარჩელე ვერ ადასტურებს. მოწმე გ-------–-------–---- (სს „თ--–---ს“ სრ დ--–---- უფროსი) განმარტავს, რომ იმ ტერიტორიაზე სხვა კომპანიებიც აწარმოებდნენ სამუშაოებს და სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოწმე ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ზიანი ტრაქტორის ზეგავლენით იყოს გამოწვეული. ასევე განმარტავს, რომ იმ ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის პერიოდში ადგილი ჰქონდა სხვა საკაბელო ტრასის დაზიანებასაც.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აქტის მოპასუხის მიმართ შედგენის საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ ვინაიდან დაზიანება გამოწვეული იყო კაბელზე ვიბრაციული ზემოქმედებით, ხოლო დაზიანების ადგილთან იმ მომენტისთვის ყველაზე ახლოს მოპასუხის ტექნიკა მუშაობდა, კომპანიამ იგი მიიჩნია ბრალეულ სუბიექტად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობს. მოსარჩელეს ევალება სარჩელში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. ამავე დროს, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებას. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დამდგარ შედეგში მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას, ხოლო მხოლოდ ვარაუდზე დაყრდნობით შეუძლებელია მოპასუხის ბრალეულობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმეების ჩვენებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 408-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომაროება, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რის შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ 15.02.2018წ. საქმე №72-72-2018).

 

იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგენისთვის გამოვლენილი უნდა იყოს ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და უარყოფითი შედეგი, უპირველესად დასადგენია, რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არსებობს, შესაბამისად არც დანარჩენი კომპონენტების - არც მიზეზობრივი კავშირის და ამ ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალის არსებობა არ დასტურდება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის პოზიცია მხოლოდ ვარაუდს ეყრდნობა და არ არის საკმარისი მტკიცებულებით გამყარებული, რომ ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ქმედებით და შესაბამისად არც მიზეზობრივი კავშირია სახეზე. რაც შეეხება ნებართვის არარსებობას, აღნიშნული ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე ვერ ადასტურებს დამდგარ ზიანში მოპასუხის ბრალს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ--–---“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი წინასწარ გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე