გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2019
საქმის ნომერი
330310018002736150
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7356-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

8 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - შპს ,,ჭ---------’’;

წარმომადგენელი - ლ---- ა-–----–---–-;

 

მოპასუხე - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი;

წარმომადგენელი - მ------ კ------;

 

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - ნ---- ხ-----------;

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრს მოსარჩელე მხარის 2018 წლის 30 აგვისტოს წარდგენილ N--- აკრედიტაციის განაცხადზე აკრედიტაციის ხელშეკრულების დადება და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარება.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაციის განხორციელება არის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 11), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით (96.4, 97.1. და 99.4 მუხლები), საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის #511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (მუხლი 1) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N------- ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულებით (მუხლი 2). დაინტერესებული პირი, მას შემდეგ რაც მოაწყობს ინსპექტირების ცენტრს, აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს. განაცხადის მიღების შემდგომ აკრედიტაციის ცენტრსა და დაინტერესებულ პირს/განაცხადის წარმდგენს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები და აკრედიტაციის/მონიტორინგის პროცედურები. განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, თუკი განაცხადი/საკითხი არის აკრედიტაციის საგანი და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციაზე უარის თქმის/ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს და უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება აკრედიტაციაზე. აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ნორმატიული აქტით, გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის N-- ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 : 2012 - აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურების“ მე-5 და მე-6 მუხლებით (აღნიშნული ნორმატიული აქტი გაუქმდა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 ოქტომბრის #---- ბრძანებით. მუხლი 5.2, მუხლი 7 და მუხლი 8).

 

შპს „ჭ---------“-მა, რომელიც არის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, 2018 წლის 30 აგვისტოს დამატებით სფეროში აკრედიტაციაზე წარადგინა განაცხადი, რომელიც დარეგისტრირდა N----ით, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 ოქტომბრის N---- ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესები და პროცედურების“ 7.2. მუხლის (მანამდე მოქმედი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ნორმატიული აქტით, გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის N-- ბრძენებით დამტკიცებული საკ 1.1 : 2012 - აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის) შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ განაცხადი და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო წარდგენილი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ კონკრეტული საფუძვლის მითითებისა და დასაბუთების გარეშე უარი უთხრა მოსარჩელე მხარეს აკრედიტაციის გაფორმებასა და დამატებით სფეროში აკრედიტაციაზე, რაც მოსარჩელეს ეცნობა 2018 წლის 01 ოქტომბრის #G--------- წერილით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 2 ნოემბრის #------- წერილით მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ ამ სახელშეკრულებო დავაზე უნდა მიემართა სასამართლოსთვის.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის წარმოამდგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარეს არაერთხელ განემარტა, რომ აკრედიტაციის ცენტრი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციისთვის დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, მის განაცხადს ვერ მისცემდა მსვლელობას და შესაბამისად, ვერ გააფორმებდა ხელშეკრულებას დამატებით სფეროს აკრედიტაციაზე. მოსარჩელე მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა იმ კონკრეტული საკანონმდებლო ნორმების შესახებ, რომლის საფუძველზე აკრედიტაციის ცენტრი ვეღარ განიხილავდა მის განაცხადს დამატებით სფეროს აკრედიტაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი პოზიცია სარჩელზე არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ჭ---------’’ (ს.ნ. 2--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, სამართლებრივი ფორმაა შპს. რეგისტრაციის ნომერი, თარიღი: 7------, 15.04.1997 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 21.03.2018 წ. (ს.ფ. 18-19);

 

3.1.2. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წ. 13 ივლისის N----------- წერილით შპს ,,ჭ----------ის’’ დირექტორს 2018 წლის 19 ივნისის წერილის პასუხად ეცნობა აკრედიტაციის ცენტრის მიერ მომზადებული განმარტებები, კერძოდ: 2017 წლის 6 ოქტომბერს აკრედიტაციის ცენტრში დარეგისტრირდა N--- განაცხადი შპს "ჭ---------''-ის ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის თაობაზე. განაცხადი წარმოდგენილი იყო საკ 1------- - წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 1---------------თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისთვის (თანდართული სრული დოკუმენტაციით). 2017 წლის 9 ნოემბერს გაფორმდა N------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აკრედიტაციის ცენტრის წამყვანმა შემფასებელმა განახორციელა შპს "ჭ---------"-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი. აღსანიშნავია, რომ შპს "ჭ---------"-ის ინსპექტირების ორგანოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში, კერძოდ კი დანართი 4 - "ინფორმაცია ხელსაწყო მოწყობილობების თაობაზე" წარმოდგენილი იყო იმ რაოდენობის ხელსაწყო მოწყობილობები, რამდენიც აკმაყოფილებდა ერთი ინსპექტირების ხაზის გამართულ მუშაობას, ასევე დაკალიბრების სერტიფიკატებიც ფარავდა მხოლოდ ერთი ხაზისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს. 2017 წლის 3 ნოემბერს შპს "ჭ---------"-ის ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის ფარგლებში შემფასებელთა ჯგუფმა ჩაატარა ადგილზე შეფასება, რომლის დროსაც შეფასებული იქნა 1 ინსპექტირების ხაზი, რადგან იმ მომენტისთვის სხვა გამართული ხაზი ინსპექტირების ორგანოში არ დაფიქსირებულა. ჩატარებული შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით 2017 წლის 17 ნოემბერს შპს "ჭ---------"-ის ინსპექტირების ორგანოს მიენიჭა აკრედიტაცია (G----------) განაცხადში მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის აკრედიტაციის მოწმობაში და მის დანართში (აკრედიტაციის სფერო) არ მიეთითებოდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოებში არსებული ინსპექტირების ხაზების რაოდენობა, თუმცა ქვეყანაში მოქმედი ინსპექტირების ხაზების თაობაზე მოთხოვნილ ინფორმაციაში აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან ფიქსირდებოდა, რომ შპს "ჭ---------’’-ს გააჩნდა 1 ინსპექტირების ხაზი.

 

2018 წლის 8 იანვარს გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება, რომლითაც შევიდა ცვლილებები 2010 წლის 16 მარტის N------- ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში და დადგინდა დამატებით პირობები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოების მიმართ. აღსანიშნავია, რომ აკრედიტაციის ცენტრის გარდა შპს "ჭ---------"-ის ინსპექტირების ორგანოში აუდიტი ჩაატარა სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა კონტრაქტორმა საკონსულტაციო კომპანია S---მა, რომელმაც 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით დააფიქსირა 1 მოქმედი ხაზი. აღნიშნული აუდიტის შედეგების საფუძველზე 2018 წლის 22 თებერვალს აკრედიტაციის ცენტრმა ჩაატარა ზედამხედველობა შპს "ჭ---------"-ის ინსპექტირების ორგანოში და მაშინაც მხოლოდ 1 გამართული ინსპექტირების ხაზი გააჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების მოთხოვნის შესაბამისად ინსპექტირების ორგანოები ვალდებულები იყვნენ გაეფორმებინათ ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ყოველ დამატებით ხაზზე და შპს "ჭ---------"-სა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 1 ინსპექტირების ხაზზე, ხოლო აკრედიტაციის დროს შეფასებული და დაფიქსირებული იყო ერთი მოქმედი ინსპექტირების ხაზი, შპს "ჭ---------"-ის ინსპექტირების ორგანოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აქვს უფლებამოსილება, ოპერირება მოახდინოს სულ 2 ინსპექტირების ხაზზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წ. 13 ივლისის N----------- წერილი (ს.ფ. 38-39);

 

3.1.3. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წ. 8 აგვისტოს N----------- წერილით შპს ,,ჭ----------ის’’ დირექტორს 23.07.2018 წ. წერილის პასუხად კიდევ ერთხელ განემარტა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წ. 8 იანვრის ბრძანებით ცვლილებები შევიდა 2010 წ. 16 მარტის N------- ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში, შესაბამისად აკრედიტაციის ცენტრს არ გააჩნია შესაძლებლობა, დამატებით გასცეს შპს ,,ჭ----------ის’’ ინსპექტირების ორგანოზე მესამე ხაზის აკრედიტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წ. 8 აგვისტოს N----------- წერილი (ს.ფ. 40);

 

3.1.4. 2018 წლის 30 აგვისტოს ინსპექტირების A ტიპის ორგანოს - შპს ,,ჭ----------ის’’ მიერ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრში წარდგენილ იქნა N--- განაცხადი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა პერსონალის ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემის თანახმად სსტ ისო/იეკ 1-------------- სტანდარტთან შესაბამისობაზე აკრედიტაციისთვის შესაბამისი პროცედურების გავლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ჭ---------’’-ის 30.08.2018 წ. განცხადება და დანართები (ს.ფ. 45-52);

 

3.1.5. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წ. 1 ოქტომბრის N G--------- წერილით შპს ,,ჭ----------ს’’ 30.08.2018 წ. N--- განაცხადის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანების შესაბამისად, რომლითაც შევიდა ცვლილებები 2010 წლის 16 მარტის N------- ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში და დადგინდა დამატებითი პირობები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოების მიმართ, აკრედიტაციის ცენტრს არ აქვს უფლება, შპს ,,ჭ----------ის’’ ინსპექტირების ორგანოს მიერ წარდგენილ განაცხადს მისცეს მსვლელობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წ. 1 ოქტომბრის N G--------- წერილი (ს.ფ. 16);

 

3.1.6. 2018 წლის 31 ოქტომბერს შპს ,,ჭ----------ის’’ დირექტორმა N1------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წ. 1 ოქტომბრის N G--------- წერილის ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2018 წ. 2 ნოემბრის N0------ წერილით შპს ,,ჭ----------ის’’ დირექტორს N1------- ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წ. 1 ოქტომბრის N G--------- წერილით შპს ,,ჭ----------ს’’ უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე, ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა წარმოადგენს ასკ 251 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად სახელშეკრულებო დავას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წ. 2 ნოემბრის N0------ წერილი (ს.ფ. 17);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ჭ---------’’-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვარის №1-1/5 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში. რომლის დანართი N1 „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისათვის განისაზღვრა დამატებითი პირობები.

 

ზემოაღნიშნული N1 დანართის პირველის მუხლის თანახმად, ეს დებულება განსაზღვრავს „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის (შემდგომში – ინსპექტირების ცენტრი) აკრედიტაციის დამატებით პირობებს. ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ამ დებულებით დადგენილი წესით. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობისა და ამ დებულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით.

 

ამავე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარება: ა) 2017 წლის 11 დეკემბრამდე აკრედიტებული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები, რომლებსაც შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით, ამავე თარიღამდე მოპოვებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვს განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით და 2018 წლის 25 იანვრამდე სამინისტროში წარდგენილი აქვთ ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დამატებითი დოკუმენტაცია (შემდგომში – არსებული ცენტრები). ბ) ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცხადებულ შერჩევის პროცესში და დააკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (შემდგომში – დაინტერესებული პირები).

 

,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ – აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი). ამავე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ხოლო მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

 

სასამართლო მიუთითებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 ოქტომბერის №01-1 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია აკრედიტაციის წესები და პროცედურები. აღნიშნული ბრძანების მე-7 მუხლის პირველი მუხლის თანახმად, აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის.

 

ამავე ბრძანების მე-8 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს: ა) არის თუ არა განაცხადით წარმოდგენილი საკითხი აკრედიტაციის საგანი; ბ) შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი განაცხადი აკრედიტაციის სქემებს, კანონმდებლობასა და დადგენილ მოთხოვნებს. ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული პირობები არ სრულდება, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის შემდგომ პროცედურებს, რის შესახებაც წერილობით განმარტებას აწვდის განმცხადებელს. თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული პირობები სრულდება, მაშინ აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება აკრედიტაციაზე. აკრედიტაციის საფასურის დაანგარიშება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი – „აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის N----------- წერილის საფუძველზე დგინდება, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს გაფორმდა N------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აკრედიტაციის ცენტრის წამყვანმა შემფასებელმა განახორციელა შპს "ჭ---------"-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი. აღსანიშნავია, რომ შპს "ჭ---------"-ის ინსპექტირების ორგანოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში, კერძოდ კი დანართი 4 - "ინფორმაცია ხელსაწყო მოწყობილობების თაობაზე" წარმოდგენილი იყო იმ რაოდენობის ხელსაწყო მოწყობილობები, რამდენიც აკმაყოფილებდა ერთი ინსპექტირების ხაზის გამართულ მუშაობას, ასევე დაკალიბრების სერტიფიკატებიც ფარავდა მხოლოდ ერთი ხაზისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს. 2017 წლის 3 ნოემბერს შპს "ჭ---------"-ის ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის ფარგლებში შემფასებელთა ჯგუფმა ჩაატარა ადგილზე შეფასება, რომლის დროსაც შეფასებული იქნა 1 ინსპექტირების ხაზი, რადგან იმ მომენტისთვის სხვა გამართული ხაზი ინსპექტირების ორგანოში არ დაფიქსირებულა. ჩატარებული შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით 2017 წლის 17 ნოემბერს შპს "ჭ---------"-ის ინსპექტირების ორგანოს მიენიჭა აკრედიტაცია (G----------) განაცხადში მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს შპს ,,ჭ----------ის’’ მიერ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრში წარდგენილ იქნა N--- განაცხადი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა პერსონალის ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემის თანახმად სსტ ისო/იეკ 1-------------- სტანდარტთან შესაბამისობაზე აკრედიტაციისთვის შესაბამისი პროცედურების გავლა.

 

სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წლის 1 ოქტომბრის N G--------- წერილის თანახმად, შპს ,,ჭ----------ს’’ 2018 წლის 30 აგვისტოს N--- განაცხადის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანების შესაბამისად, რომლითაც შევიდა ცვლილებები 2010 წლის 16 მარტის N------- ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში და დადგინდა დამატებითი პირობები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოების მიმართ, აკრედიტაციის ცენტრს არ აქვს უფლება, შპს ,,ჭ----------ის’’ ინსპექტირების ორგანოს მიერ წარდგენილ განაცხადს მისცეს მსვლელობა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ შპს ,,ჭ----------მა“ აკრედიტაციის ცენტრს განცხადებით მიმართა 2018 წლის 30 აგვისტოს, შესაბამისად მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანებით ცვლილებები უკვე შესული იყო 2010 წლის 16 მარტის N------- ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში და დადგენილი იყო დამატებითი პირობები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოების მიმართ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანებით ცვლილებების შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრისადმი მიმართვის უფლება აკრედიტაციის მაძიებელი პირს წარმოეშობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა, თავად აკრედიტაციის უფლებას სამინისტრო ანიჭებს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს. ხოლო განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ,,ჭ----------მა“ განცხადებით პირდაპირ მიმართა აკრედიტაციის ცენტრს და მას არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ხელშეკრულება. შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრს არ ჰქონდა უფლება, შპს ,,ჭ----------ის’’ ინსპექტირების ორგანოს მიერ წარდგენილ განაცხადებაზე მიეცა მსვლელობა.

 

სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი მოსარჩელე მხარის 2018 წლის 30 აგვისტოს წარდგენილ N--- აკრედიტაციის განაცხადზე აკრედიტაციის ხელშეკრულების დადება და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარება. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის N---------------- განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა“. საკასაციო სასამართლომ ამავე განჩინებაში მიუთითა, რომ იგი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრძანების დებულებები ახდენენ კანონში მითითებული დანაწესების კონკრეტიზაციას, რაც ცხადია გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობის არსებობას.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე - შპს ,,ჭ---------’’-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი