გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2908-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - გე------ მღ-----–---–ი
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
წარმომადგენელი - სა-–---- ტყ-–--–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 31 დეკემბრის №2-- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება გე------ მღ-----–---–ის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გე------ მღ-----–---–ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომის თანახმად, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2001 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გე------ მღ-----–---–ს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2003 წლის 20 ნოემბრის N0----- სერთიფიკატის მიხედვით, მოსარჩელე გე------ მღ-----–---–მა ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
მოსარჩელე გე------ მღ-----–---–ი 2003 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე, არ გაწევრებულა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, არ დანიშნულა პროკურორის თანამდებობაზე და არ გამწესებულა მოსამართლის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომი (ს.ფ. 14);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2003 წლის 20 ნოემბრის N0----- სერთიფიკატი (ს.ფ. 13);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. 2018 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელე გე------ მღ-----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს და ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება მოითხოვა.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 31 დეკემბრის №2-- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გე------ მღ-----–---–ის განცხადება გაწევრიანების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასული იყო 10 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 40);
- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 31 დეკემბრის სხდომის ოქმი (ს.ფ. 53-54);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.2.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გე------ მღ-----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 31 დეკემბრის №2-- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება გე------ მღ-----–---–ის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს, გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე გე------ მღ-----–---–ის მოთხოვნა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლზე, რომლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა გულისხმობს ადამიანის პიროვნული განვითარების თავისუფლების ორ ძირითად მიმართულებას - ზოგად პიროვნულ უფლებას და საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, ხოლო საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობას, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს საქმიანობის შესაბამისი სფეროსათვის კანონით გათვალისწინებულ პირობებს და იგი იცავს ადამიანს საქმიანობის თავისუფლების თვითნებური, არამართლზომიერი შეზღუდვისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია თუ მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული იმპერატიული დანაწესის თანახმად, თუ პირი, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად მას სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უარს ეტყვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2003 წლის 20 ნოემბრის N0----- სერთიფიკატის მიხედვით, მოსარჩელე გე------ მღ-----–---–მა ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე გე------ მღ-----–---–ი 2003 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე, არ გაწევრებულა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, არ დანიშნულა პროკურორის თანამდებობაზე და არ გამწესებულა მოსამართლის თანამდებობაზე, ხოლო 2018 წლის 27 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს და ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება მოითხოვა.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გე------ მღ-----–---–ი ვერ აკმაყოფილებდა ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-21 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რაც მისთვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული პირობა იყო.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არა აქვს ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ.
მითითებული კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გე------ მღ-----–---–ს უნდა დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 2---ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გე------ მღ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გე------ მღ-----–---–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი