გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2005-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,მ------- ს-------ი“;
წარმომადგენელი: დ----- მ-------–---–ი;
მოპასუხე: ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი: რ----–-- გ------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხეს შპს „მ------- ს-------ი“-ს სასარგებლოდ 5850 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 29 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება N1--, რომლის შესაბამისად შპს „მ------- ს-------მა“ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე (შემსყიდველთან შეთანხმებულ ადგილზე) 20 წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ს-------სმენების სავარჯიშო დარბაზისათვის ტრენაჟორები და ს-------ული ინვენტარი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 153 999 ლარს.
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულია პირგასამტეხლო შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%. მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდება განხორციელდა 3 ეტაპად: 2017 წლის 20 აპრილს, 2017 წლის 19 მაისს და 2017 წლის 9 ივნისს. მოპასუხემ საერთო ჯამში მოსარჩელეს გადაურიცხა 148149 ლარი, ხოლო სხვაობა 5850 ლარი მოპასუხის განმარტებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს თანხა მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან ვადაგადაცილება არ არის გამოწვეული მათი ბრალით. მოპასუხემ არ გადმორიცხა დროულად პირველი ეტაპით მიწოდებული საქონლის ღირებულება 97081 ლარი, რის გამოც შეფერხდა დარჩენილი საქონლის მიწოდება.
უდავოა, რომ მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელმა 2017 წლის 20 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო საქონელი 97081 ლარის ოდენობით. შესაბამისად მოპასუხეს ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად წარმოეშვა ანგარიშსწორების ვალდებულება 10 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა ანგარიშსწორება განხორციელდა ნაწილობრივ და გადმორიცხულ იქნა მხოლოდ 69781 ლარი. აღნიშნული ფაქტის გამო მათ ვერ შეძლეს დროულად დანარჩენი საქონლის მიწოდება, ვინაიდან იძულებული იყვნენ დანაკლისი თანხა მოეძიებინა სხვა წყაროებიდან, რასაც დასჭირდა დრო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ საქონლის დაგვიანებით მიწოდება არ არის გამოწვეული მათი ბრალით, საქონელი მიწოდებულია სრული ოდენობით და შესაბამისად მოპასუხე ვალდებულია, სრულად აანაზღაუროს შესყიდული საქონლის ღირებულება, მაგრამ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ თანხა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, მაშინ პირგასამტეხლო როგორც არაგონივრული შემცირებულ იქნეს 0.05%-მდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „მ------- ს-------ს“ შორის 2017 წლის 29 მარტს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტით ანგარიშსწორება განხორციელდება „მიმწოდებლის“ წერილობითი მომართვის საფუძველზე, ხოლო 8.3 პუნქტით ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულების ეტაპობრივ შესრულებას რაც შეეხება, ასეთი რამ მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესაბამისად, წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, უფრო მეტიც ხელშეკრულების მე-5 მუხლი იმპერატიულად ადგენს საქონლის მიწოდების პირობებსა და ვადებს, კერძოდ, მიმწოდებელი ვალდებული იყო 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემსყიდველისათვის. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში. სწორედ მითითებული ვადის დარღვევის გამო დაეკისრა მოსარჩელეს ხელშეკრულების 9.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პრეტენდენტის, შპს ,,მ------- ს-------ის“ სატენდერო წინადადების საფუძველზე ერთ ეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის NS---------- ჩატარების შედეგად 2017 წლის 29 მარტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომში შემსყიდველი) და შპს „მ------- ს-------ს“ (შემდგომში მიმწოდებელი) შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1--, რომელიც ითვალისწინებდა 20 წლამდე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ს-------სმენების სავარჯიშო დარბაზისათვის სხვადასხვა ტიპის ს-------ული ტრენაჟორების მიწოდებას.
ხელშეკრულების:
3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს: 153 999 (ას ორმოცდაცამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს.
5.1 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე (შემსყიდველთან შეთანხმებულ ადგილზე) 20 წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ს-------სმენების სავარჯიშო დარბაზისათვის ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით ტრენაჟორებისა და ს-------ული ინვენტარის მიწოდება და მონტაჟი.
7.2 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
8.1 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება „მიმწოდებლის“ წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) ფაქტიურად მიწოდებული საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი; გ) მიწოდებული საქონლის შესაბამისად ამოწერილი დ.ღ.გ.-ს ანგარიშფაქტურა.
8.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
11.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებულ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
11.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
13.3 პუნქტის თანახმად, თუ „მიმწოდებელი“ გადააცილებს საქონლის მიწოდების ვადას, „მიმწოდებელს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
13.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (სრული ან ცალკეული ნაწილის) შეწყვეტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ გადაიხდის პირგასამტეხლოს 123200 (ას ოცდასამი ათას ორასი) ლარის ოდენობით.
16.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით, გარდა მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1-- (ს.ფ. 16-21).
3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 20 აპრილს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მ------- ს-------ს“ შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N1 და სულ მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 97 081 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 2017 წლის 20 აპრილის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №1 (ს.ფ. 22-23).
3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 19 მაისს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მ------- ს-------ს“ შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N2 და სულ მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 32 118 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 2017 წლის 19 მაისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №2 (ს.ფ. 24-25).
3.1.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 09 ივნისს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მ------- ს-------ს“ შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N3 და სულ მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 24800 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 2017 წლის 09 ივნისს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №3 (ს.ფ. 26-27).
3.1.5. 2017 წლის 28 აპრილის საგადახდო დავალება N517-ის თანახმად, მოპასუხე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელე შპს ,,მ------- ს-------ს“ ჩაურიცხა 69 781 ლარი.
2017 წლის 21 ივნისის საგადახდო დავალება N9---ის თანახმად, მოპასუხე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელე შპს ,,მ------- ს-------ს“ ჩაურიცხა 32 118 ლარი.
2017 წლის 21 ივნისის საგადახდო დავალება N9---ის თანახმად, მოპასუხე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელე შპს ,,მ------- ს-------ს“ ჩაურიცხა 18 950 ლარი.
2017 წლის 21 ივნისის საგადახდო დავალება N9---ის თანახმად, მოპასუხე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელე შპს ,,მ------- ს-------ს“ ჩაურიცხა 27 300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალება N517 (ს.ფ. 28).
- საგადახდო დავალება N9-- (ს.ფ. 29).
- საგადახდო დავალება N9-- (ს.ფ. 30).
- საგადახდო დავალება N9-- (ს.ფ. 31).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. შპს ,,მ------- ს-------ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა სრულად 2017 წლის 01 მაისამდე. დადასტურებულია და მხარეების მიერ სადაოდ არაა გამხდარი, რომ მოსარჩელემ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას საბოლოოდ ჩააბარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვენტარი 2017 წლის 9 ივნისს.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მათ მიერ სამუშაოს შესრულების დაგვიანება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოპასუხემ 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად არ აუნაზღაურა 2017 წლის 20 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით მიწოდებული საქონლის ღირებულება. აღნიშნულის დამადასტურებელი მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ მან წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოთხოვა თანხის სრულად გადახდა ან მიმართა მას და მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რადგან მათი ბრალეულობის გამო ვერ ახერხებდნენ ხელშეკრულების ვადაში შესრულებას. ამ მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა. მან ასეთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და ვერც ხელშეკრულების ვადაში შესრულება დაადასტურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების არსებობა, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ------- ს-------ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს ,,მ------- ს-------ზე“ დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს 1083 ლარამდე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 4767 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
სასამართლო განმარტავს, რომ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული ორგანოა, მაგრამ ის ხშირად გამოდის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. თუ მისი მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, ასეთ მიზნით მის მიერ დადებული ყველა გარიგება სამოქალაქო გარიგებაა და მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნები. სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და პრეტენდენტის, შპს ,,მ------- ს-------ის“ სატენდერო წინადადების საფუძველზე ერთ ეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის N S---------- ჩატარების შედეგად 2017 წლის 29 მარტს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1--, რომელიც ითვალისწინებდა 20 წლამდე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ს-------სმენების სავარჯიშო დარბაზისათვის სხვადასხვა ტიპის ს-------ული ტრენაჟორების მიწოდებას. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 153999 ლარით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. როგორც ზემოთ აღინიშნა შპს ,,მ------- ს-------ს“ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთვის უნდა გადაეცა შესრულება. მერია კი აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. ანგარიშსწორება განხორციელდება „მიმწოდებლის“ წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) ფაქტიურად მიწოდებული საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი; გ) მიწოდებული საქონლის შესაბამისად ამოწერილი დ.ღ.გ.-ს ანგარიშფაქტურა. ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ მოსარჩელემ საბოლოოდ ხელშეკრულება შეასრულა 2017 წლის 9 ივნისს, ხოლო ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 21 ივნისს სრულად აუნაზღაურა თანხა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების დაცვით 20 წლამდე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ს-------სმენების სავარჯიშო დარბაზისათვის სხვადასხვა ტიპის ს-------ული ტრენაჟორების მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ, მოსარჩელისაგან მოეთხოვა 20 წლამდე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ს-------სმენების სავარჯიშო დარბაზისათვის სხვადასხვა ტიპის ს-------ული ტრენაჟორები მოეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს მოითხოვოს სრულყოფილი შესრულება ვადაში. მაგრამ ვალდებულია მიიღოს შესრულება და გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება. შპს ,,მ------- ს-------ის“ ვალდებულებაა სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების პირობების დაცვით. ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვს შესრულების მიღება და მისი ღირებულების ანაზღაურება. ორივე მხარე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. შპს ,,მ------- ს-------მა“ სამუშაოები ვერ შეასრულა ხელშეკრულების პირობების დაცვით. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უფლებაა ვადის დარღვევის გამო დააკისროს პირგასამტეხლო, რადგან ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება.
6.5. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
6.6. სწორედ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა მოპასუხეს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ამ სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი (361-ე, 400-ე მუხლები), ანუ ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.7. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში შპს ,,მ------- ს-------ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება უკვე ვადაგადაცილებაა და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოპასუხეს ანიჭებს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.
6.8. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.). პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც ინფორმაციული და არა არსებითია, მით უფრო იმ პირობებში, რომ მისი დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა საერთოდ ვალდებულების შეუსრულებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 153.95 ლარის ოდენობით, სულ 5850 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება 0,05 %-მდე, რაც იქნება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 28.5 ლარი (153999 - 97081 = 56918; 56918 x 0,05% = 28,5). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს ,,მ------- ს-------ის“ მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მიერ გადასახდელ პირგასამტეხლოდ ნაცვლად 5850 ლარისა უნდა განისაზღვროს 1083 ლარი.
6.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ დიდი, იგი უნდა შემცირდეს და მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით უნდა გადაეხადა 1083 ლარი. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი აქვს 5850 ლარი.
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილია 4767 ლარი, რაც ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლიდან გამომდინარე არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შპს ,,მ------- ს-------ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა დაეკისროს მოპასუხე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელისათვის 4767 ლარის დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით,მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 176 ლარი. მოცემულ შემთხვევაში კი ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 143.51 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 32.49 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მ------- ს-------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,მ------- ს-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 4767 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,მ------- ს-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 143,51 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე შპს ,,მ------- ს-------ის“ მიერ გადახდილი ბაჟიდან - 32,49 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა