გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-254-19
(130210119002926353)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე - სს “თიბისი ბანკი”
წარმომადგენელი - რამაზ აიწურაძე
მოპასუხე - ნ-----–---------–-–---–ი
წარმომადგენელი - ქეთევან გონგლაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ-----–---------–-–---–ს მოსარჩელე სს ”თიბისი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 7666 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5240.70 ლარი, დასაფარი პროცენტია - 2128.81 ლარი, ხოლო ჯარიმაა - 296.49 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს "თიბისი ბანკსა" და ნ-----–---------–-–---–ს შორის 2017 წლის 28 სექტემბერს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ-----–---------–-–---–ზე გაიცა სესხის თანხა 5500 ლარის ოდენობით, წლიური 34% სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით. სს "თიბისი ბანკის" საკრედიტო რისკის დასაზღვევად სს "თიბისი ბანკსა" და ნ-----–---------–-–---–ს შორის ასევე ელექტრონულად გაფორმებული იქნა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა, რომ სესხი გაცემული იყო არა ელექტრონული ფორმით, არამედ დისტანციური არხების მეშვეობით.
2019 წლის 30 მარტის მდგომარეობით მოპასუხე ნ-----–---------–-–---–ის დავალიანება შეადგენს 8319.35 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5240.70 ლარი, დასაფარი პროცენტია - 2128.81 ლარი, ჯარიმაა - 946.41 ლარი, ხოლო დაზღვევის დასაფარი პრემიაა - 3.43 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ-----–---------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მან სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირი თანხის - 5240.70 ლარის ნაწილში და მიუთითა, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის და ჯარიმის თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი. მას "თიბისი ბანკის" გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია. მოპასუხე უთითებს, რომ ბიზნეს საქმიანობას არ ეწევა და არც სწრაფი ბიზნეს სესხი არ აუღია. საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო ელექტრონულად ინტერნეტბანკის მეშვეობით, არის პენსიონერი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არ ეწევა არც ბიზნეს საქმიანობას და არც ინტერნეტბანკის და არც ელექტრონული სესხის დაფარვის პირობები მისთვის ცნობილი არ არის.
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 28 სექტემბერს სს ”თიბისი ბანკსა” და მოპასუხე ნ-----–---------–-–---–ს შორის გაფორმდა №3572220-9221233 სწრაფი ბიზნეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაცემული იქნა კრედიტი 5500 ლარის ოდენობით, წლიური 34% სარგებლის დარიცხვით 36 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 28 სექტემბრის ხ--––-------–--------------------;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.1.2. 2017 წლის 28 სექტემბერს, სს ”თიბისი ბანკსა” და მოპასუხე ნ-----–---------–-–---–ს შორის გაფორმებული №3572220-9221233 საკრედიტო ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 28 სექტემბრის ხ--––-------–-------------------- (ხელშეკრულების 2.9- და 2.10 მუხლები);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ნ-----–---------–-–---–მა ვალდებულება არ შეასრულა. მას ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება, მაგრამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოპასუხეს არ უცდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 სექტემბრის შეტყობინება.
3.2.2. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელე სს „თიბისი ბანკის მიმართ, 2019 წლის 30 მარტის მდგომარეობით, შეადგენს 8319.35 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 5240.70 ლარი, დასაფარი პროცენტია - 2128.81 ლარი, ჯარიმაა - 946.41 ლარი, ხოლო დაზღვევის დასაფარი პრემიაა - 3.43 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია დავალიანების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”თიბისი ბანკის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება და მოპასუხე მხარემ დარღვია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც იყო სარგებლიანი და რომლითაც გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. ასევე დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ მოპასუხის მიერ 2017 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით, სს ”თიბისი ბანკის” წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილოდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ”თიბისი ბანკის” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 230 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. შესაბამისად, მოპასუხე ნ-----–---------–-–---–ს სს "თიბისი ბანკის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახლემწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 230 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განჩინების გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ-----–---------–-–---–ს (პ--------------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქ ხაშურში, ჯორჯაძის ქუჩა N2-ში, საკადასტრო კოდი 69.03.60.064 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. "თიბისი ბანკი"-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნ-----–---------–-–---–ს (პ--------------) სს "თიბისი ბანკი"-ს (ს/ნ 204854595 სასარგებლოდ დაეკისროს 7666 (შვიდი ათას ექვსას სამოცდაექვსი) ლარის გადხდა, საიდანაც ძირითადი დავალიანების თანხაა 5240,70 ლარი, პროცენტი 2128,81 ლარი, ხოლო ჯარიმა 296,49 ლარი.
3. მოპასუხე ნ-----–---------–-–---–ს სს "თიბისი ბანკი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 230 (ორასოცდაათი) და სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადხდილი 50 ლარის სულ 280 (ორასოთხმოცი) ლარის გადახდა.
4 . საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ-----–---------–-–---–ს აეკრძალა ქ. ხაშურში ჯორჯაძის ქუჩა N2-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 69.03.60.064) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი