განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
190100119002813902
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/43-19

(№021171218001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი,ბრალდებული: ს----------------ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: გა------------------–---------ი და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.------------------–---------------–-----------–-----------–------------------------.

 

ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი,თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 20:20 საათზე, ქ-----------–--------–---------------–---------------------------ში ლ-------------–--ა იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მასთან მივიდა ყ------–---------–ე ს----------------ი, რომელიც მას გაშორების მიუხედავად, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ აძლევდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას, ს----------------მა კარზე ძლიერად დაარტყა ხელი და მოსთხოვა ლ-------------–--ას კარის გაღება, უარის მიღების შემდეგ, ს----------------მა ხელებისა და ფეხების დარტყმით შეამტვრია საცხოვრებელი სახლის კარი, ლ-------------–--ა კედელს მიახეთქა, შემდეგ ძირს დააგდო და ზურგში მუშტები დაარტყა, რის შედეგადაც ლ-------------–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ს----------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ს----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულმა ლ-------------–--ამ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (ყ------–---------–ე) ს----------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულმა განმარტა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს ნამდვილად მივიდა ლ-------------–--ასთან, სთხოვდა კარის გაღებას და ამ მიზნით ურტყავდა კარს, თუმცა პირადად მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ ისინი შეაფასა გამოკვლევის გარეშე.

 

2018 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა ლ-------------–--ას საცხოვრებელი ბინის დათვალიერება, რომლის მიხედვით შემთხვევის ადგილს წარმოადგენდა ქ-------------------–----------------–------------–-----------–---------------------ში მდებარე ლ-------------–--ას ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა. იგი მდებარეობს სადარბაზოს ცენტრში (შუაში) რომელსაც აქვს მუქი წითელი ფერის საღებავით შეღებილი ერთ ფრთიანი ხის კარები, რომელსაც ნაწილობრივ აცლილი აქვს საღებავი. კარების ქვედა ნაწილი არის მოტეხილი, შიგნით მხრიდან აქვს თხელი ხის ფანერი, კარების ჩამკეტი არის გატეხილ მდგომარეობაში (დეფორმირებული) საკეტის მექანიზმი, ხის კარების გატეხილი ნაწილები ალაგია ბინის შესასვლელში ხის იატაკზე. შემთხვევის ადგილი დასურათდა და ფოტოები დაერთო ოქმს.

 

2018 წლის 17 დეკემბერს გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვით მოძალადეა ს----------------ი, მსხვერპლი ლ-------------–--ა.

 

2018 წლის 8 აპრილს გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი (ოქმი N 0----- და N 0-----), რომლის მიხედვით, ს------------------ის ძე ს--------ს აეკრძალა ლ-------------–--ასთან აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სხვა სახის კომუნიკაცია.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის Nბე 000032372 მიხედვით, დამრღვევია ს----------------ი, 2018 წლის 10 აპრილს ს----------------მა დაარღვია 2018 წლის 8 აპრილის შსს გ---------------------–ი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----;

 

მოწმე ბ----------------–---მ გამოძიებისას განმარტა, რომ არ ერევა შვილისა და ბრალდებულის ურთიერთობაში, ვინაიდან წინააღმდეგი იყო მათი ქორწინების. მისი განმარტებით ცხოვრობს ლ-------------–--ას მეზობლად ერთოთახიან ბინაში. იგი არაერთხელ უნახავს დაზიანებებით, თუმცა ლ------ს არ უთქვამს რატომ ჰქონდა ისინი. 2018 წლის 17 დეკემბერს მან გაიგონა ლ------ს ყვირილის ხმა, რომელიც დახმარებას სთხოვდა და მაშინვე გაიქცა ბინაში შემოსასვლელი კარისკენ. ლ------ იდგა კარებთან და კანკალებდა, ხოლო ბრალდებული ძლიერად აბრახუნებდა კარზე და უყვიროდა გამოდი გარეთო. ლ------მ უთხრა, რომ თუ არ წავიდოდა, დარეკავდა პოლიციაში, ამის შემდეგ ორივემ გაიგონეს სადარბაზოში კიბეზე ჩარბენის ხმა და მიხვდნენ, რომ ს------ი გაიქცა. მოწმე ასევე აღნიშნავს, რომ უშუალოდ ძალადობის ფაქტს იგი არც ამ და არც სხვა შემთხვევაში არ შესწრებია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ს----------------ი ძალადობს მის შვილზე.

 

მოწმე ბ----------------–---ს ჩვენებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები 17 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით არის არათანმიმდევრული და არასრული. ერთ შემთხვევაში მოწმე უთითებს, რომ გაიგონა კარებზე ბრახუნისა და კიბეზე ჩარბენის ხმა, როდესაც ლ------მ პოლიციის გამოძახებაზე მიანიშნა, ხოლო მეორეს მხრივ მოწმე არ აკონკრეტებს შევიდა თუ არა ბრალდებული სახლში და ცემა თუ არა დაზარალებული. თუკი მისი ჩვენების მიხედვით ვიმსჯელებთ, რადგან კარზე ბრახუნის შემდეგ ორივემ ერთდროულად გაიგონა ს----------------ის კიბეზე ჩარბენის ხმა, შესაბამისად, დგინდება, რომ ს----------------ი სახლში არ შესულა.

 

საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ს-----------–----მ და ვ-–-----------–-------მ გამოკითხვის ოქმებში მიუთითეს ს----------------ის დაკავების აუცილებლობის საკითხზე. მათი განმარტებით ლ-------------–--ას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდეგ დააკავეს იგი ბრალდებულის სახით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

4. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.

 

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით.

ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა უდავოდ გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.

 

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მტკიცებულებათა საკმარისობაზე და ირიბი ჩვენებების მნიშვნელობაზე ასევე ნამსჯელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27). სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).

 

მითითებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ლ-------------–--ას შეტყობინება, რომ მისმა მეგობარმა მამაკაცმა დაამტვრია მისი სახლის კარები და იძალადა მასზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათები არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.

 

დაზარალებულ ლ-------------–--ას მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

დაზარალებულ ლ-------------–--ას დედა ბ---------------–--ა ჩვენებაში უთითებს, რომ დაზიანებები უნახავს შვილზე, თუმცა მას არ უთქვამს საიდან მიიღო ისინი, ასევე უშუალოდ არ შესწრებია 2018 წლის 17 დეკემბერს მომხდარ ფაქტს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით კი დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლ-------------–--ამ მიუთითა ის ადგილი, სადაც ს----------------მა შეამტვრია კარი. მას არ მიუთითებია ადგილი ან ვითარება, სადაც ყოფილმა მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი ლ-------------–--ას მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავდა ძირს დაგდებისა და ზურგის არეში მუშტების დარტყმის სამედიცინო შედეგს, ხოლო ბრალდებულის დაკავება და დაკავებასთან დაკავშირებული პირების ჩვენება, უთითებს მხოლოდ ამ საპროცესო მოქმედების გამოყენების ნამდვილობაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკმარის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა ძალადობის ფაქტი და მიეცა სამართლებრივი შეფასება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისთვის ს----------------ის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ (22.01.2015 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა სასამართლოს მიერ გამოკვლეული, ასევე პრეიდუციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ს----------------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ს----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ს----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს----------------ს, განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე