გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
160210019002947167
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2/299-19

160210019002947167

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - ჯა----ე უზ-----ლ (არ გამოცხდდა)

წარმომადგენლები - არ----რ გა----ი, ვე----ა ჩი------ი(არ გამოცხდდნენ)

მოპასუხე - ელ----ა უზ-----ლ (არ გამოცხდდა)

წარმომადგენელი - ჯე--------------ვი (არ გამოცხდდა)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ელ----ა უზ-----ლს ჯა----ე უზ-----ლის სასარგებლოდ დაეკისროს 12971 აშშ დოლარის გადახდა;

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯა----ე უზ-----ლსა და მოპასუხე ელ----ა უზ-----ლს შორის 2016 წლის 6 იანვარს დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ჯა----ე უზ-----ლი, ელ----ა უზ-----ლს, მისივე თხოვნის საფუძველზე პერიოდულად სესხად გადასცემდა ფულს, ფულადი გზავნილის ,,ვესტერნ იუნიონის’’ მეშვეობით. თავის მხრივ ელ----ა უზ-----ლი შეთანხმების თანახმად ვალდებული იყო სესხად აღებული ფულადი თანხა სრულად დაებრუნებინა არაუგვიანეს 2018 წლის 6 იანვრისა.

 

2018 წლის 6 იანვრიდან, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, ელ----ა უზ-----ლს თანხა ჯა----ე უზ-----ლისთვის არ დაუბრუნებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხემ, რომელმაც არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ჯა----ე უზ-----ლი იყო მისი ოჯახის წევრი - დედამთილი, რომელთანაც მას სესხის ხელშეკრულება არასოდეს დაუდია. დასახელებულ თანხას მოსარჩელე მას ნამდვილად უგზავნიდა თურქეთის რესპუბლიკიდან ყოფილი მეუღლის ფა---- უზ-----ლის დავალებით, ქ.მარნეულში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა და მცირეწლოვანი შვილების აღსაზრდელად. მისი მეუღლე ცხოვრობდა და მეზღვაურად მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში და დროის უმეტეს ნაწილს ზღვაზე ატარებდა, სწორედ ამიტომ, ყოფილი მეუღლე დედამისის ანუ მოსარჩელის საშუალებით უგზავნიდა მას თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 12971 აშშ დოლარი, კერძოდ: 2016 წლის 6 იანვარს ჯა----ე უზ-----ლის მიერ ელ----ა უზ-----ლისთვის გამოგზავნილ და მიღებულ იქნა 800 აშშ დოლარი;2016 წლის 5 თებერვალს 900 აშშ დოლარი; 2016 წლის 7 მარტს 675 აშშ დოლარი; 2016 წლის 11 აპრილს 535 აშშ დოლარი; 2016 წლის 15 აგვისტოს 100 აშშ დოლარი, 2016 წლის 26 აგვისტოს 700 აშშ დოლარი; 2016 წლის 6 სექტემბერს 1000 აშშ დოლარი; 2016 წლის 13 ოქტომბერს 1246 აშშ დოლარი; 2016 წლის 1 ნოემბერს 383 აშშ დოლარი; 2016 წლის 4 ნოემბერს 1000 აშშ დოლარი; 2016 წლის 9 დეკემბერს 850 აშშ დოლარი; 2017 წლის 4 იანვარს 700 აშშ დოლარი; 2017 წლის 12 მარტს 150 აშშ დოლარი; 2017 წლის 4 აპრილს 50 აშშ დოლარი; 2017 წლის 5 აპრილს 500 აშშ დოლარი; 2017 წლის 13 აპრილს 300 აშშ დოლარი; 2017 წლის 8 მაისს 450 აშშ დოლარი; 2017 წლის 29 მაისს 700 აშშ დოლარი; 2017 წლის 10 ივნისს 150 აშშ დოლარი; 2017 წლის 17 ივნისს 200 აშშ დოლარი; 2017 წლის 25 ივნისს 390 აშშ დოლარი; 2017 წლის 29 ივლისს 300 აშშ დოლარი; 2017 წლის 10 აგვისტოს 150 აშშ დოლარი; 2017 წლის 30 აგვისტოს 300 აშშ დოლარი; 2017 წლის 5 სექტემბერს 200 აშშ დოლარი; 2017 წლის 8 ოქტომბერს 242 აშშ დოლარი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომელიც აღნიშნავს, რომ მან 12971 აშშ დოლარი გადასცა მოპასუხეს. მოპასუხეს სადაო არ გაუხდია ამ თანხის მიღება. მათ შორის, მას სადაო არ გაუხდია მოსარჩელისაგან მიღებული თანხის ოდენობა. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 12971 აშშ დოლარის მიღების ფაქტობრივი გარემოება ასევე დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გადარიცხვის ქვითრები

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია მისგან მიღებული 12971 აშშ დოლარი.

აღნიშნული გარემოება სადაო არ არის მხარეთა შორის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მასსა და ელ----ა უზ-----ლს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 30 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება სამოქალაქო საქმეს ელ----ა უზ-----ლსა და მის ყოფილ მეუღლეს ფა---- უზ-----ლს შორის. მხარეთა მიერ სხდომაზე გაცხადებულ იქნა რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ჯა----ე უზ-----ლთან არსებული სასესხო ურთიერთობის არსებობა გაქარწყლებულ იქნა. ელ----ა ზ-----ლმა მიუთითა, რომ ჯა----ე უზ-----ლი იყო მისი დედამთილი, ხოლო მეუღლე ფა---- უზ-----ლი, რომელიც იმ პერიოდში ასევე თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ იმყოფებოდა, სწორედ დედის მეშვეობით უგზავნიდა მას ფულად თანხებს, მარნეულში მდებარე საცხოვრებელი სახლის აშენებისა და მცირეწლოვანი შვილების მოვლა-აღზრდის მიზნით.

 

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2008 წლის 4 აგვისტოდან, ელ----ა უზ-----ლი და ფა---- უზ-----ლი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ელ----ა უზ-----ლსა და ფა---- უზ-----ლს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 2 აპრილს დაბადებული ალ------ უზ-----ლი და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებული ელ--- უზ-----ლი. ამჟამად, ალ------ უზ-----ლი და ელ--- უზ-----ლი აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან ელ----ა უზ-----ლთან. ელ----ა უზ-----ლი ცხოვრობს საქართველოში, ხოლო ფა---- უზ-----ლი ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში. საგულისხმოა ისიც, რომ ზემორე პუნქტში მოხსენებული სამოქალაქო საქმის განხილვისას საქმეში ჩართულ იქნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელმაც გასცა დასკვნა და სადაც აღნიშნულია, რომ ელ----ა უზ-----ლის ... მეუღლე მუშაობს თურქეთის რესპუბლიკაში... ფა---- უზ-----ლი არის მეზღვაური და დროის უმეტეს ნაწილს ატარებს გემზე, პერიოდულად კი ჩამოდის საქართველოში. 2013 წლის 19 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფა---- უზ-----ლის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე ქ. მარნეულში, ს/კ 83.02.15.522, დაზუსტებული ფართობი: 800.00 კვ.მ.. უძრავი ქონების ს/კ 83.02.15.522 დაყოფის შედეგად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ორი უძრავი ქონება: ს/კ 83.02.15.530, დაზუსტებული ფართობი: 400.00 კვ.მ. და ს/კ 83.02.15.531, დაზუსტებული ფართობი: 400.00 კვ.მ. უძრავი ქონება მდებარე ქ. მარნეული, ვაჟა-ფშაველას ქ. N54ბ, ს/კ 83.02.15.530 და უძრავი ქოენება ს/კ 83.02.15.531, რეგისტრირებულია ფა---- უზ-----ლის სახელზე.2013 წლის 28 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ ფა---- უზ-----ლის დაკვეთით გაიცა სანებართვო მოწმობა საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით. ამჟამად, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. მარნეული, ვაჟა-ფშაველას ქ. N54ბ, ს/კ 83.02.15.530, აშენებულია საცხოვრებელი სახლი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო 2018 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ელ----ა უზ-----ლსა (პ/ნ 28001082911) და ფა---- უზ-----ლს (თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბ: 16.09.1975წ) შორის, 2008 წლის 4 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი N37170300011. ელ----ა უზ-----ლს ფა---- უზ-----ლის სასარგებლოდ დაეკისრა 8500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; ბოლნისის რაიონული სასამართლო 2018 წლის 30 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ელ----ა უზ-----ლი (პ/ნ 28001082911) ცნობილ იქნეს მოპასუხე ფა---- უზ-----ლის (პ/ნ U07220533) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. მარნეული, ვაჟა-ფშველას ქ. N54ბ, ს/კ 83.02.15.530 და ს/კ 83.02.15.531, 1/2 წილის მესაკუთრედ.

 

მოსარჩელე მხარეს ჯა----ე უზ-----ლსა და ელ----ა უზ-----ლს შორის არსებული ნათესაური კავშირიც არც უარყოფა და არც დადასტურება არ მოუხდენია, ამასთან არც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამომრიცხველი მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსთვის.

 

12971 აშშ დოლარის სესხის სახით მიღება სადაო გახადა მოპასუხემ. მოსარჩელეს სასამართლოსათვის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შესაბამისი თანხა მოპასუხეს გადასცა სესხის სახით, არ წარმოუდგენია. მხოლოდ მის განმარტებას სასამართლო აღნიშნულის დამადასტურებლად ვერ გაიზიარებს. სასამართლო წარმოდგენილი ფულადი გზავნილის ამსახველი დოკუმენტაციით დგინდება, რომ 2016 წელს, ჯა----ე უზ-----ლის მიერ ელ----ა უზ-----ლისთვის ფულადი სახრების გადარიცხვა განხორციელდა 10-ჯერ, თითქმის ყოველთვიურად, ხოლო 2017 წელს 15 -ჯერ. თავად გადარიცხვის თაობაზე საბუთებში კი გადახდის დანიშნულება მითითებული არ არის. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ აღნიშნული თანხები ჯა----ე უზ-----ლმა ელ----ა უზ-----ლს მისი მოთხოვნის საფუძველზე პერიოდულად სესხად გადმოუგზავნა, თუმცა მტკიცებულება, (მიმოწერა, ელექტრონული ან მატერიალური სახის, სატელეფონი კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერი და ა.შ) რომელიც ელ----ა უზ-----ლის მხრიდან სესხის სახით თანხის მოთხოვნას დაადასტურებდა მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე უარყოფს სესხის ხელშეკრულების არსებობას. მოსარჩელეს სესხის ურთიერთობის შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, აღნიშნულის დასადასტურებლად კი სასამართლო მხოლოდ მის განმარტებას და საბანკო გადარიცხვის ქვითრებს ვერ გაიზიარებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრისა და 2018 წლის 30 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 12971 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316–ე, 317–ე, 361–ე, 623-ე, 624-ე, 976–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, GarciaRuiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სესხის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე, როგორც წესი, სადავოა სესხის ხელშეკრულების დადების, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის მსესხებლისათვის გადაცემისა და ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფაქტების დადასტურების წესის თავისებურების შესახებ შესახებ.(ას-361-343-2015, 14.12.2015 წელი; საქმე Nას-41- 38-2015, 23.03.2015 წელი; საქმე Nას-115-111-2016; 08 აპრილი, 2016 წელი; საქმე #ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი; საქმე Nას74-71-2016, 25 მაისი, 2016 წელი; საქმე Nას-938-888-2015, 27 მაისი, 2016 წელი) საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგნის გარკვევის შემდეგ სამართალურთიერთობის კვალ---იკაციის მომდევნო ეტაპს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება წარმოადგენს. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, პალატამ მიუთითა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ, ისე საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მე-2 წინადადებაზე, (ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა, არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით), რომელშიც სწორედ ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების თავისებურებებზეა ყურადღება გამახვილებული და დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს.

 

სასამართლო აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ იქნა მიჩნეული სასესხო ურთიერთობად, მოპასუხე მხარემ გააქარწყლა მოსარჩელის მტკიცება, მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის თაობაზე. სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა მხარეთა შორის არსებული ნათესაური კავშირი და თანხის გადარიცხვების პერიოდულობა (გადარიცხვები ხორციელდება თითქმის ყოველთვიურად, თანხის გადარიცხვის ქვითრებში არ არის მითითებული დანიშნულება), არ ჩათვალა ეს ურთიერთობა სასესხო ურთიერთობად. ხოლო იმისათვის, რომ სასამართლოს ემსჯელა უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებლად მიაჩნია, რომ, მოსარჩელეს თავისი მოთხოვნა, სწორედ, ამ ფაქტზე დაეყრდნო. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა სრულად თანხვედრაშია საქართველოს უზენასი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, სადაც უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია, მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა, სწორედ, ამ ფაქტს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს სარჩელის სამართლებრივი საფუძველი. ეს დაარღვევს, არა მარტო, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას _ თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს _ უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის სამართლებრივი საფუძველი. ეს დაარღვევს, არა მარტო, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას _ თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს _ უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცებისტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი (საქმე Nას-177-170-2016, 29 ივლისი, 2016 წელი).

 

6.3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯა----ე უზ-----ლის მიერ ოჯახის წევრისთვის (მოპასუხე უთითებს, რომ მოსარჩელე მისი მეუღლის დედაა, მათ აქვთ საერთო გვარი, ფათიფ უზ-----ლი ასევე თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა დედასთან ერთად) გამოგზავნილი ფულადი გზავნილების დაბრუნების ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებს. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს შემსრულებლის ზნეობრივ მოვალეობასთან და მიმღების სუბიექტურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კანონის მითითებული დანაწესის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური, სისტემური და შინაარსობრივი ანალიზი. განსახილველ შემთხვევაში. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე რომ მხარეები იყვნენ ნათესავები, ამასთან, 2013 წლიდან ნამდვილად ხორციელდება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მოპასუხეს ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელნიც ცხოვრობდენ დედასთან, ვინაიდან მამის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდა თურქეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სხვადასხვა დროს თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოგზავნილი თანხების დანიშნულებას წარმოადგენდა საცხოვრებელი პირობების შექმნის, ასევე შვილების/შვილიშვილების აღზრდასთან დაკავშირებული საჭიროებების უზრუნველყოფა.

 

სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, ჯა----ე უზ-----ლს უნდა გაეთვალისწინებინა რომ შესრულება მიიჩნეოდა, მასზე, როგორც ახლო ნათესავზე დაკისრებული ზნეობრივი მოვალეობის შესრულებად, მათი ახლო ნათესაური კავშირის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიმღების მხრიდან მიღებულ შესრულებაზე განხორციელდებოდა სრული ბატონობა, რაც თავის თავში, აღნიშნული საშუალებების განკარგვას გულისხმობს. ამდენად, თუ მას სურდა განხორციელებული შესრულებიდან თავის სასარგებლოდ რაიმის დაზოგვა, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გამოევლინა ნება, შეექმნა სამართლებრივი გარანტია და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ზნეობრივი მოვალეობის შესაბამისი შესრულების უკუმოთხოვნით იგი მძიმე მდგომარეობაში აგდებს ყოფილ რძალს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯა----ე უზ-----ლის მოთხოვნა სხვადასხვა დროს განხორციელებული გზავნილების უკუმოთხოვნის თაობაზე სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს, როგორც ზნეობრივი მოვალეობის შესრულების უკან დაბრუნების დაუშვებლობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, ჯა----ე უზ-----ლის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ელ----ა უზ-----ლისთვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც არ არსებობს საბიუჯეტო ანგარიშსწორების საკითხი (საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი). ამასთან, მხარეთა ანგარიშსწორების ფარგლებში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ჯა----ე უზ-----ლის სარჩელი მოპასუხე ელ----ა უზ-----ლის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 971 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი