გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2018
საქმის ნომერი
160310017002189626
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310017002189626

N3/181-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

17.10.2018 წელი ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი, ელენე თაგაური, თამთა როყვა

 

მოსარჩელე გი---–-----–----ვა,მოსარჩელის წარმომადგენელი ნა----------–--ლი,მოპასუხე მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი თუ----–-------–--ვი, კა-----------–-ძე, ბე-------–-ლი,მესამე პირი ნო-----------ვა,წარმომადგენელი აი------------ნი,თარჯიმანი ნა--–------------ვა, ევ-----------------ნი,აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა;

 

1.1. მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 7 მარტის N448 ბრძანების (მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის ,,არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების და ნებართვის გაცემის შესახებ“ N232 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) ბათილად ცნობა.

 

1.2. მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის N58 და N34 ნებართვების ბათილად ცნობა;

 

1.3. მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 ოქტომბრის N2085 ბრძანების (გი---–-----–----ვას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2001 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელე გი---–-----–----ვამ და მისმა ოჯახმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თანასაკუთრების უფლებით დაირეგისტრირა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული საცხოვრებელი სახლი ს.კ 83.01.04.5--.

 

მოსარჩელის მომიჯნავედ მესამე პირს ნო-----------ვას გააჩნია 140 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია საკადასტრო კოდით N83.01.------. 2017 წლის ივლისის თვეში ნო-----------ვამ დაიწყო მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ უკანონო მშენებლობა. ვინაიდან მოსარჩელის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის წინ განთავსებულია სადავო ნაგებობები, იგი მოყვა სრულ იზოლაციაში და აღარ დარჩა საკუთარ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა, იგი თავისუფლად ვერ ფლობს და ვერ განკარგავს კუთვნილ ქონებას.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიამ და სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა ნო-----------ვამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე მა-------–ის რაიონის სოფელ ყიზ--–----–--ში საკადასტრო კოდი 83.01.------ საკუთრების უფლებით ირიცხება ნო-----------ვას სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- საკადასტრო გეგმა;

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

 

4.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე მა-------–ის რაიონის სოფელ ყიზ--–----–--ში საკადასტრო კოდი 83.01.04.5-- საკუთრების უფლებით ირიცხება გი---–-----–----ვას, სა----–-----ას და ან----–----ვს სახელზე, რომელიც განთავსებულია ნო-----------ვას მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- საკადასტრო გეგმა;

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

 

4.1.3. დადგენილია, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 22 თებერვალს ნო-----------ვას სახელზე გასცა ბრძანება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების და ნებართვის გაცემის შესახებ. 2016 წლის 26 თებერვალს გასცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა N34, მა-------–ის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე 140.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 თებერვლის N232 ბრძანება.

- 2016 წლის 26 თებერვალს გასცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა N34.

 

4.1.4. დადგენილია, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 7 მარტის ბრანებით გაგრძელდა ნო-----------ვას მიმართ, მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის ,,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების და ნებართვის გაცემის შესახებ“ N232 ბრძანებაში მშენებლობის წარმოებისათვის განსაზღვრული ვადა 12 თვის მოქმედების ვადით, მშენებლობის პროცესის შემდეგი ეტაპების დასრულების სათანადო ოქმების შედგენის პირობებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 7 მარტის N448 ბრძანება.

- 2017 წლის 10 მარტის სამშენებლო ნებართვა.

 

4.1.5. დადგენილია, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 17 ოქტომბერს გი---–-----–----ვას 2017 წლის 22 აგვისტოს N1411/03 საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 17 ოქტომბრის N1411/03 ბრძანება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოწმის სახით დაკითხულმა ჯაბა ასანიძემ და დავით დავაძემ განმარტეს, გი---–-----–----ვას და ნო-----------ვას შენობებს შორის მანძილი 2 მეტრია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც გი---–-----–----ვას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 ოქტომბრის N2085 ბრძანება (გი---–-----–----ვას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე), მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 7 მარტის N448 ბრძანება (მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის ,,არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების და ნებართვის გაცემის შესახებ“ N232 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე), მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის N58 ნებართვა, მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის N34 ნებართვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა:

ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე);

ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე;

გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე;

დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 8 დეკემბერს, ნო-----------ვამ განცხადებით მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მა-------–ის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

აღნიშნული კი თავის მხრივ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას.

 

6.3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა ეს არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

6.4. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების IX თავით (42-45-ე მუხლები) მოწესრიგებულია მშენებელობის ნებართვის გაცემის წესის პირველი სტადია- მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცების წესი.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 42.1 მუხლის თანახმად, ნაკვეთის გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. ამავე დადგენილების 43.5 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე შენობა–ნაგებობის მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს:

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს;

გ) მიწის ნაკვეთის განმწვანების კოეფიციენტს;

დ) შენობა–ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას;

ვ) შენობა–ნაგებობის სართულიანობას და გაბარიტებს;

ზ) სამშენებლო მოენდის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში;

თ) საჭიროების შემთხვევაში ამ დადგენილების შესაბამისად სხვა მონაცემებს.

 

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განცხადების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I-ლი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულების და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნებართვის მაძიებლის ნო-----------ვას მიერ წარდგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მოიცავდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს.

 

6.5 მოსარჩელე მიღებული ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სადაო გადაწყვეტილებების აღსრულების შედეგად მას ხელი ეშლება მის საკუთრებაშია არსებულ მიწის ნაკვეთთან მისვლა, თუმცა აღნიშნული ვერ იქნა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნო-----------ვას მიერ წარდგენილი სამშენებელო დოკუმენტის პროექტი სრულად პასუხობდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

6.6 ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 54.1 მუხლის თანახმად, მშენებელობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

 

თავის მხრივ ,,ლიზენციებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, -დასახელებული მუხლის თანახმად, ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;

ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს.

გ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.

 

ამდენად, იმ პირობებში მაშინ როდესაც ნებართვის მაძიებლის ნო-----------ვას მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყო და სახეზე არ იყო ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გაცემაზე, შესაბამისად მიღებული ბრძანებები სანებართვო მოწმობა კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებივი საფუძველი.

 

6.7. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 ოქტომბრის N2085 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 ოქტომბრის N2085 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გი---–-----–----ვას სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 14 მარტის N332 ბრძანების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის რეკონსტრუქციისთვის (მიშენება/დაშენება) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნა დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან დავის საგანთან არ არის დაკავშირებული.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გი---–-----–----ვას სარჩელი მოპასუხე - მა-------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე