ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში;

ბ) კოლეგიური საჯარო დაწესებულება – საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს;

გ) კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი – საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში;

დ) თანამდებობის პირი – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი;

ე) სხდომა – საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხის განხილვა;

ვ) გამოქვეყნება – კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;

ზ) საჯარო მონაცემთა ბაზა – საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;

თ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6327);

ი) აღმასრულებელი პრივილეგია – საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან;

კ) გადაუდებელი აუცილებლობა – კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას;

ლ) პროაქტიული გამოქვეყნება − შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის  კანონი
№4355
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№159
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2223 – ვებგვერდი, 15.12.2022