განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2018
საქმის ნომერი
010310017001970606
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310017001970606

საქმე №3/ბ-587-2017წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

წარმომადგენელი – მ-------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ”ბ---------–---–ი“

წარმომადგენელი – შ--–--------–--ე

 

მესამე პირი – თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

წარმომადგენელი – მ-------------------ე

 

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2017 წლის 15 ივნისს ააიპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს ”ბ---------–---–ისა“ და მესამე პირის თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს ,,ბ---------–---–ის“ დავალდებულება მიაწოდოს 2017 წლის 10 მაისის №გ------ წერილით მოთხოვილი საჯარო ინფორმაცია;

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის 10 მაისს განცხადებით მიმართა შპს ,,ბ---------–---–ს“ და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა, კერძოდ: 1. რამდენი ადამიანი იყო (არის) დასაქმებული შპს ,,ბ---------–---–ში“ 2014 წელს, 2015 წელს, 2016 წელს და 2017 წლისათვის; 2. შპს ,,ბ---------–---–ის“ საშტატო ნუსხა შესაბამისი თანამდებობრივი სარგოების მითითებით; 3. ჩატარდა თუ არა მიმდინარე ან გასულ წლებში შპს ,,ბ-----------–---–-ს“ აუდიტორული შემოწმება აუდიტის სამსახურის ან/და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერის მიერ? დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რაც შპს ,,ბ---------–---–ს“ არ მიუწოდებია და 2017 წლის 19 მაისის წერილით აცნობა, რომ კომპანია ფუნქციონირებს თვითანაზღაურების პრინციპით, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სფერო.

 

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხე წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, ვინაიდან, აღნიშნული შპს-ს 100% წილის მფლობელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, ინფორმაციას, რომელსაც იგი ითხოვს, განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. ამდენად, მოპასუხე ვალდებულია გასცეს მოთხოვილი ინფორმაცია.

 

მოპასუხე შპს ,,ბ---------–---–ის“ წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

მესამე პირის თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ასევე აღნიშნა, რომ შპს ,,ბ---------–---–ი“ დაფუძნებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, თუმცა იგი არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწვეტილებით ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. შპს ,,ბ---------–---–ი“ 2006 წლის 21 მარტიდან როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს რეგისტრირებული პირის მონაცემებს, დგინდება, რომ შპს ,,ბ---------–---–ის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი;

 

2.1.2. შპს ,,ბ---------–---–ი“ დაფუძნებულია ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მისი დამფუძნებელი პარტნიორია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, საწესდებო კაპიტალის 100% წილით, ხოლო პარტნიორის უფლებამოსილებებს ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი მერი. საზოგადოების მიზანია მოგების მიღება; საწესდებო ამოცანების შესრულებისათვის საზოგადოებას უფლება აქვს დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში, საარბიტრაჟო და სამედიატორო სასამართლოებში; საზოგადოებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპებით; საკუთარ ვალდებულებებზე საზოგადოება პასუხს აგებს მთელი თავის ქონებით;

 

2.1.3. 2017 წლის 10 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ Nგ------ განცხადებით მიმართა შპს ,,ბ---------–---–ს“ და საქართველოს კონსტიტუციის 41-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: 1. რამდენი ადამიანი იყო (არის) დასაქმებული შპს ,,ბ---------–---–ში“ 2014 წელს, 2015 წელს, 2016 წელს და 2017 წლისათვის; 2. შპს ,,ბ---------–---–ის“ საშტატო ნუსხა შესაბამისი თანამდებობრივი სარგოების მითითებით; 3. ჩატარდა თუ არა მიმდინარე ან გასულ წლებში შპს ,,ბ---------–---–ის“ აუდიტორული შემოწმება აუდიტის სამსახურის ან/და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერის მიერ? დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი აუდიტორული დასკვნები;

 

2.1.4. შპს ,,ბ---------–---–ის“ 2017 წლის 19 მაისის Nშ------ წერილობითი კორესპოდენციით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ შპს ,,ბ---------–---–ი“ დაფუძნებულია ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ. კომპანია მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპით, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან, შესაბამისად კომპანია არ წარმოადგენს არც საჯარო დაწესებულებას და არც ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო შპს ,,ბ---------–---–ზე“ არ ვრცელდება;

 

2.1.5. ქალაქ ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნა ქვეპროგრამა, რომლის დაფინანსებისათვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 2017 წელში გათვალისწინებული იქნა 11497 000 ლარი.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ბ-----------–---–ს“ შორის 2016 წლის 27 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ბ---------–---–ს“ შორის, ელექტრონული ტენდერის (SPA 160029275) საფუძველზე დაიდო სანიაღვრე არხების მიმდინარე მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 1634 077 ლარს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

სასამართლოს მითითებით, ზემოხსენებული საკონონმდებლო აქტით კანონით დადგენილ შემთხვევებში საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაეკისრა მხოლოდ საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო დაწესებულებას ან ადმინისტრაციულ ორგანოს. სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 27-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტს. აღნიშნული ნორმით დეკლარირებულია საჯარო დაწესებულების ცნება, კერძოდ, საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი და განკარგული თანხების შესახებ სრული ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომი გახადოს იგი საზოგადოებისათვის, რაც რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის საჯარო დაწესებულებად მიჩნევას ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, რომელიც უშუალოდ კერძო სამართლის რეგულირების სფეროს განეკუთვნება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმის თაობაზე, რომ შპს ,,ბ---------–---–ი“ საჯარო დაწესებულებად უნდა განვიხილოთ, რადგან 2017 წლის მონაცემების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მისი სუბსიდირება გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი შენატანით, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში გათვალიწინებული იქნა ქალაქ ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების ქვეპროგრამა და აღნიშნული პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა გარკვეული რაოდენობის თანხა, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს მოპასუხე მხარის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რადგან იგი გამოყოფილია ქვეპროგრამის ფარგლებში და არა კონკრეტულად მოპასუხე მხარის დაფინანსებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ასევე დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ქალაქ ბათუმში, სანიაღვრე არხების მიმდინარე მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურებისათვის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხის გამოყოფა და დაფინანსება განხორციელდა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, სადაც ნებისმიერ პირს შეეძლო მიეღო მონაწილეობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ბ----------–---–ს“ შორის, ელექტრონული ტენდერის (SPA 160029275) საფუძველზე დაიდო სანიაღვრე არხების მიმდინარე მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნებისათვის, შპს ,,ბ----------–---–ზე“ ვერ გავრცელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი რეჟიმი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ შპს ,,ბ---------–---–ის“ დამფუძნებელ პარტნიორს და 100%-იანი წილის მფლობელს თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, ვერ გახდება მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაციის გაცემის დავალდებულების საფუძველი, ვინაიდან შპს ,,ბ---------–---–ი“ კერძო სამართლის იურიდიული პირია, არ ახორციელებს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებას და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბიუჯეტის სახსრებიდან მისი დაფინანსების ფაქტი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, 2017 წლის 10 მაისს ა(ა) იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია N გ----- განცხადებით მოპასუხისაგან ითხოვდა საჯარო ინფორმაციებს შემდეგ საკითხებზე: ,,რამდენი ადამიანი იყო (არის) დასაქმებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბ---------–---–ში 2014 წელს, 2015 წელს, 2016 წელს და 2017 წელს (განცხადების შეტანამდე). ასევე ვითხოვდით ინფორმაციას მოპასუხის საშტატო ნუსხის შესახებ თანამდებობრივი სარგოების მითითებით და ჩატარდა თუ არა შპს ,,ბ---------–---–ი"-ს აუდიტორული შემოწმება, შპს-ს წერილობითი პასუხით მოთხოვნა არ დაგვიკმაყოფილდა, იმ არგუმენტით, რომ მოპასუხე გახლავთ კერძო სამართლის იურიდიული პირი და მასზე ვერ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში განვითარებული პოზიცია, გაიზიარა სასამართლომაც;

 

3.1.2. აპელანტის აღნიშვნით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკი) მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, სზაკ-ის 27-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესბამისად კი საჯარო დაწესებულება გახლავთ ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში", განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ შპს ,,ბ---------–---–ი"-ს დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. შპს ,,ბ---------–---–ის" წესდების პირველი მუხლის მიხედვით, საზოგადოების საქმიანობაში, პარტნიორის უფლებამოსილებებს ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, პარტნიორის უფლებამოსილებებს უფრო კონკრეტიზირებულად განსაზღვრავს წესდების მე-6 მუხლი, რომლის თანახმად პარტნიორი შეიმუშავებს წესდებას, საზოგადოების კაპიტალში უფლება აქვს შეიტანოს მათ შორის ფულადი შენატანები, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებიდან გააქვს კაპიტალი, მონაწილეობას ღებულობს საზოგადოების მართვაში, იღებს წილს საზოგადოების საქმიანობით მიღებული მოგებიდან, ასევე პარტნიორს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს წესდებით და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები, მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომლებიც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, გამომდინარე აქედან ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მონაწილეობის გარეშე, შპს ,,ბ---------–---–ი" ვერ იფუნქციონირებს, ასევე საზოგადოების ყოველწლიური მოგებას იღებს ბათუმის მერია.

 

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ს დაფუძნების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს მმართველობითი პოლიტიკის გაიოლება, ეფექტურობის უზრუნველყოფა, ნიუროკრატიის გამარტივება და არა ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღრული ინფორმაციის თავისუფლების პრინციპის უგულებელყოფა, ამრიგად განმცხადებლებს უნდა ქონდეთ წვდომა, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს-ში მიმდინარე პროცესების თაობაზე, კერძოდ საშტატო ნუსხის აუდიტორული შემოწმების განხორციელებისა და თანამდებობრივი სარგოების გაცემის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს-ეები აღმოჩნდებიან სამოქალაქო კონტროლს მიღმა, რაც ბუნებრივია ხელს არ შეუწყობს მათ საქმიანობაში კანონის უზენაესობის პრინციპის უზრუნველყოფას;

 

3.1.3. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის მოსამართლის მხრიდან საკანონმდებლო ნორმებისადმი მარტოოდენ ფორმალისტური მიდგომით, შეიქმნა სახიფათო პრეცედენტი, ვინაიდან ფაქტიურად გადაგვეკეტა ყველა გზა მუუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობაზე მონიტორინგის განსახორციელებლად, აღნიშნული გადაწყვეტილევბა ცუდად იმოქმედებს ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებზეც, მათ თავისუფლად შეეძლებათ საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შექმნან კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც საჭიროებისას დაუსხლტებიან სამოქალაქო კონტროლს იმ მოტივით, რომ არ არიან საჯარო დაწესებულებები, რის შემდეგაც მივიღებთ შემდეგ სურათს: მაგალითად არქიტექტურის სამსახური რომელიც დღეის მდგომარეობით გახლავთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი განყოფილება, შესაძლებელია მისი უფლებამოსილებები სამომავლოდ გადაეცეს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ რომელიმე შპს-ს, რის შემდეგაც შეუძლებელი იქნება იმის გამორკვევა, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული შპს-ში ჩატრდა თუ არა აუდიტორული შემოწმებები და რა ოდენობითააა განსაზღვრული თანამშრომელთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები, ასევე სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ ინფორმაციებიც იქნება მიუწვდომელი ჩვენთვის, შესბამისად საჯარო ინფორმაციების გამოთხოვის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის პოლიტიკა, სამშენებლო პროცესების კანონიერების შესაფასებლად ვერ იქნება გადამოწმებადი, რაც უცილობლად შეუწყობს ხელს კორუფციის გაღრმავებას;

 

3.1.4. აპელანტის მითითებით, განსახილველი დავის მიზნებისთვის, აუცილებლად უნდა განისაზღვროს არის თუ არა ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციების ნაწილში, შპს ,,ბ---------–---–ი" საჯარო დაწესებულება. ვფიქრობთ, აღნიშნულ კითხვას უნდა გაეცეს დადებითი პასუხი შემდეგი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ინფორმაციის თავისუფლების გარანტიების შემცველი ნორმები მხოლოდ მაშინ შეიძლება მოქმედებდნენ ეფექტურად, როდესაც მათი გავრცელების სფერო მაქსიმალურად ფართოა და მოიცავს საჯარო ფუნქციის მატარებელ ყველა დაწესებულებას. თუმცა, ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაზე, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმები. ქვეყნათა უმრავლესობაში, სასამართლოები და საკანონმდებლო ორგანოები სწორედ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენენ;

 

3.1.6. აპელანტის აღნიშვნით, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს ,,ბ---------–---–ი"-ს სახელით გადაწყვეტილებებს ღებულობს მისი ერთადერთი პარტნიორი - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, დადგენილი ფაქტია ასევე ისიც, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით მიმდინარე წელს ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან შპს ,,ბ--------–---–ი"-ს სუბსიდირება გათვალისწინებულია 11 945 000 ლარით, მხარეთა შორის სადავოდ არაა გამხდარი ის გარემოებაც, რომ ყოველწლიურად შპს ბ---------–--–--გან დივიდენდებს იღებს მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ამდენად ჩვენ მიერ გადახდილი წყლის საფასური შპს ,,ბ---------–---–ი"-ს შუამავლობით, მიემართება სწორედ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საიდანაც უნდა მოხდეს სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელება და საჯარო მიზნების მიღწევა, შესაბამისად ამ კუთხით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს-ში პირობითად თანხების არარაციონალურად გამოყენება, ნეგატიურად აისახება ყველა ჩვენგანის საჯარო ინტერესზე. ჩვენ მიერ საშტატო ნუსხების თაობაზე მოთხოვნილი ინფორმაცია თანამდებობრივი სარგოების მითითებით გვსურდა დაგვედგინა ხომ არ ქონდა ადგილი შპს-ში სახელფასო ფონდის ხელოვნურ ზრდას, რაც მთლიანობაში დამაზიანებელი იქნებოდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის, კანონიერების შემოწმების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა ასევე ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია აუდიტორული შემოწმების ჩატარების პერიოდულობის შესახებ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ინფორმაციის გამოთხოვის ნაწილში, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი არ შეიძლება დავაყენოთ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის გვერდით, როგორც ამას ცდილობს პირველი ინსტანციის სასამართლო, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში მივიღებთ სავალალო შედეგებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

სიტყვა ,,ინფორმაცია’’ მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან ("informatio") და განმარტებას, შეტყობინებას, რაიმე მდგომარეობის, მომხდარი ამბის, ვისიმე მოღვაწეობის ცნობებას ნიშნავს. ინფორმაცია არის ცნობები იმ პირების, ობიექტების, ფაქტების, მოვლენებისა და პროცესების შესახებ, რომელთა მოძიებასაც ვახდენთ საჭიროების შემთხვევაში და მათი აქტუალურობა ინფორმაციის შემგროვებელი პირის სუბიექტურ დამოკიდებულებაში გამოიხატება.

 

საჯარო ინფორმაცია კი ეს არის ისეთი სახის მონაცემების ერთობლიობა, რომლის საჯაროობა, საქვეყნოობა, ღიაობა და ხელმისაწვდომობა გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ გარდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, რაც კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის გათვალისწინებით ემსახურება სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის უფლებათა შორის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის აღსანიშანავია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით წარმოადგენს საჯარო წესრიგის დაცვის კონსტიტუციურ დებულებას. კონვენციის მე-10 მუხლი აღიარებს ადამიანის უფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. თუმცა დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის მოცემულობიდან გამომდინარე, კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლება არ წარმოადგენს აბსოლიტურ უფლებას, რადგან იგი შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობისა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

ასეთივე განმარტებას იძლევა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც, რომლის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას, რომ სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით თუ პრესისა და გამოხატვის მხატვრული ფორმების საშუალებით ან სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანით.

 

დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობას და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. მაშასადამე, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთ შეზუდვასთან, რომლებიც უნდა იყოს კანონით დადგენილი და აუცილებელი სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის და სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის დასაცავად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად აუცილებობას წარმოადგენს განისაზღვროს ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2017 წლის 10 მაისს Nგ----- განცხადების ფარგლების გათვალისწინებით შპს ,,ბ---------–---–ი’’ წარმოადგენდა თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით (ინფორმაციის თავისუფლება) გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებას და შესაბამისად ვრცელდებოდა თუ არა მასზე ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში.

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს ,,ბ---------–---–ის“ დამფუძნებელ პარტნიორს და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, თუმცა პალატის მოსაზრებით მხოლოდ ამ გარემოების არსებობა არ წარმოადგენს შპს ,,ბ---------–---–ის“ საჯარო დაწესებულებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-19 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დააფუძნოს და მართოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.

 

საქმის მასალებით, მათ შორის შპს ,,ბ---------–---–ის“ წესდებით არ დასტურდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან საზოგადოების დაფინანსების ფაქტი; პირიქით, წესდების შესაბამისად საზოგადოების მიზანია მოგების მიღება. საზოგადოებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპებით. საკუთარ ვალდებულებებზე საზოგადოება პასუხს აგებს მთელი თავის ქონებით.

 

რაც შეეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შპს ,,ბ---------–---–ის“ მიერ სანიაღვრე არხების მიმდინარე მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურების დაფინანსების საკითხს, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება საზოგადოებამ მოიპოვა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შედეგად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ვერ ჩაითვლება ინფორმაციის თავისუფლების თავის მიზნებისთვის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების წყაროდ.

 

საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებას გააჩნია გარკვეული სახის ვალდებულებები; კერძოდ საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში (მუხლი 35), საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე (მუხლი 36), საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში (მუხლი 49) და სხვა. სადავო არაა ის გარემოება, რომ შპს ,,ბ---------–---–ს“ ამგვარი მოქმედებები მისი შექმნის დღიდან არ განუხორციელებია.

 

ამდენად პალატა ასკვნის, რომ ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2017 წლის 10 მაისს Nგ----- განცხადების ფარგლების გათვალისწინებით შპს ,,ბ---------–---–ი’’ არ წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებას, შესაბამისად არც განცხადებაში მითითებული ინფორმაციის გაცემის ვალდებულება გააჩნდა. პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას ამგვარი სასამართლო პრაქტიკის დანერგვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე სამოქალაქო კონტროლის განუხორციელებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებულ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის მიღება სრულად იყო შესაძლებელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ ააიპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე