განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310019002948285
საქმე N3/ბ-337-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – ი-----–-----------ე
მოწინააღმდეგე – თ-----------ე
წარმომადგენლები – პ------–----ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2019 წლის 16 აპრილს თ-----------ემ წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი:
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური სახდელის დადების - ,,საყვედურის" გამოცხადების შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის N------ ბრძანება;
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტრული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მოსმენის №2 სხდომის ოქმი;
- დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ 2019 წლის 18 მარტის №------- დასკვნა;
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 მარტის №----- ბრძანება;
- ასევე მოითხოვა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა, მოპასუხეზე იძულებითი განაცდურის (თვეში 1200 (ათას ორასი) ლარი) სახით ხელზე ასაღები ხელფასის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლებიდან მის აღდგენამდე და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელის მიხედვით, 2019 წლის 18 თებერვალს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტრული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ, უკანონოდ და არაკომპეტენტურად იქნა ჩატარებული ზეპირი მოსმენა, რაზედაც შედგა №2 სხდომის ოქმი. აღნიშნული ზეპირი მოსმენის შემდეგ, 2019 წლის 18 მარტს გამოიცა N------- დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ, ხოლო ამავე დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა N----- (18.03.2019) ბრძანება თ-----------ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება და შესაბამისად, ზემოაღნიშნული აქტი თ-----------ის მიმართ გამოცემული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რითაც არსებითი ზიანი მიადგა მოსარჩლეს.
მოსარჩელის განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რის თაობაზე მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქმე N525-512 (კ-14).
მოსარჩელის მოსაზრებით, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ უნდა გაარკვიოს არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა დისკრეციული უფლებამოსილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტუტუციური ვალდებულებაა გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც, იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებულობაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებული იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის არარსებობისას, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდეს, მითუმეტეს, როდესაც საქმე შეეხება სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც ცალსახად შეფასებითი კრიტერიუმია და როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობის პირი ასეთი სახის გადაწყვეტილებას იღებს, ვალდებულია იმსჯელოს და დაასაბუთოს თუ რაში მდგომარეობს უხეში დარღვევა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ გახდა აუცილებელი მაინცდამაინც მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება. ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის - მერის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა დისკიმინაციულ მიდგომას მის (მოსარჩელის) მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებები არ შეიცავს დასაბუთებას როგორც დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის, ასევე იმის შესახებ, თუ რატომ გახდა აუცილებელი მისი - თ-----------ის მიმართ ისეთი მკაცრი სახდელის გამოყენება საჭირო და აუცილებელი, როგორიც სამუშაოდან გათავისუფლებაა. სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობასთან დაკავშირებით, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დისციპლინური წარმოების დასაწყებად საკმარისი არაა დისციპლინური გადაცდომის თაობაზე მხოლოდ ვარაუდის არსებობა. ეჭვი უნდა იყოს დასაბუთებული, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადაცდომის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების არსებობაში.
ბრძანებაში თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებად მითითებულია შემდეგი: დროის რაციონალურად გამოყენებისა და მუშაკებზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას: 2019 წლის 15 თებერვალს, 09:45 საათზე სამუშაო ადგილას არ იმყოფებოდა თ-----------ე, ხოლო შემდეგ, როდესაც დაეკითხნენ სამსახურის ხელმძღვანელს, ჯ---------------ეს, იყო თუ არა შეთანხმებული მინაძის სამუშაოზე არ ყოფნა მასთან, მიიღეს უარყოფითი პასუხი. ამის შემდეგ თ-----------ეს 2019 წლის 18 თებერვალს N2081-01 წერილით მოსთხოვეს ახსნა-განმარტება, იყო თუ არა შეთანხმებული სამსახურში მისი არ ყოფნა არაბიძესთან და მინაძისაგან მიიღეს დადებითი პასუხი. შემოწმების მიმდინარეობისას, კიდევ ერთხელ მოხდა არაბიძესთან დაკონტაქტება და არაბიძემ კვლავ განაცხადა, რომ მინაძეს მისგან ნებართვა არ აუღია. ვინაიდან მინაძისა და არაბიძის მიერ მიცემული განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დისციპლინური წარმოების განხორციელების პროცესში ჩაეტარებინათ ზეპირი მოსმენა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რის შესახებაც 2019 წლის 18 თებერვლის N------1 წერილით ეცნობა თ-----------ეს და აღნიშნულ წერილში განმარტებული იყო მისი უფლებები და აღნიშნული იყო ზეპირი მოსმენის თარიღიც, ადგილიც და დროც (25.02.2019 12:00 სთ) (იხილეთ ბრძანება).
ბრძანებაში ასევე მითითებულია, რომ 2019 წლის 25 თებერვალს, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოსაჩელემ წერილობით მიმართა შიდა აუდიტის განყოფილებას, სადაც მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა გამო, ვერ ახერხებდა მონაწილეობა მიეღო ზეპირ მოსმენაში და იშუამდგომლა გონივრული დროით ყოფილიყო გადადებული საქმის მოსმენა, რაც დაკმაყოფილდა. სხდომა 10 დღით გადაიდო, რის შესახებაც შედგა N1 ოქმი. სხდომის ახალ თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 01 მარტი.
გასაჩივრებულ აქტებში და მათ შორის ბრძანებაში მითითებულია, რომ თ-----------ის მხრიდან სამუშაო დრის არარაციონალურად გამოყენების ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის N------ ბრძანებით თ-----------ეს გამოეცხადა საყვედური. 2019 წლის 22 თებერვალს 09:45 წუთზე ის კვლავ არ იმყოფებოდა სამუშაოზე. შესაბამისად, სამსახურში მცირეოდენი ხნით, ისიც ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ავადმყოფობის გამო დაგვიანებისათვის მოსარჩელე დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.
სარჩელის მიხედვით, მიმდინარე წლის 25 თებრვლიდან თ-----------ე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. 25.02.2019 წლის №------- წერილით აცნობა ქალაქის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტური ერთეულის, ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ნ--------------–ს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე (ასევე დაუფიქსირა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეული იყო იმ დისკრიმინაციისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარების შედეგად, რასაც ქალაქის მერი თ-----------ის მიმართ ახორციელებდა უკვე ერთი წლის განმავლობაში) და ვერ შეძლებდა ჩანიშნულ ზეპირ მოსმენაზე დასწრებას. აღნიშნულ წერილში ცალსახად იქნა მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული, რომ სურვილი ჰქონდა კანონით მონიჭებული უფლებით ესარგებლა და დასწრებოდა ზეპირ მოსმენას და არ ჩატარებულიყო ზეპირი მოსმენა მისი დასწრების გარეშე, რადგან ის აპირებდა სხდომაზე წარმოედგინა მისი სიმართლის დამდასტურებელი ფაქტები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.
მოსარჩელის განმარტებით, ის სამსახურში დაწინაურდა კონკურსის გზით. მიუხედავად აღნიშნულისა, სამსახურის უფროსი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ აძლევდა დავალებას. მთელი წლის განმავლობაში დაეწერა მხოლოდ სამი განცხადება, რომლისგან ორი ფუნქციურად არ ეკუთვნოდა და გადაეცა ადრესატს. იმ ფონზე, როცა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში ყოველდღიურად შემოსული ათობით განცხადებიდან მას არცერთი ეწერებოდა, მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული მის მიმართ დისკრიმინაციას წარმოადგენდა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით თ-----------ეს კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ცხოვრობს მარტო. მისთვის ხელფასი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიეცეულიყო აღსასრულებლად.
მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N------ ბრძანების (2018წ 08.06), ასევე ზეპირი მოსმენის №2 სხდომის ოქმისა და №------- დასკვნის (18.03.2019) ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი იყო დაუშვებელი, რადგან N----- ბრძანებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ხოლო დანარჩენი აქტები უნდა მიჩნეულიყო მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის წერილებად და არა ადმინისტრაციულ აქტებად.
წარმომადგენლმა უარყო სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის №---- (18/03/2019) ბრძანება თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობდა აქტის ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
წარმომადგენელმა ასევე მიუთითა ადმინისტრაციული წარმოების გამართვის პროცედურულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ თ-----------ის შუამდგომლობის საფუძველზე, 2019 წლის 25 თებერვალს დანიშნული ადმინისტრაციული წარმოება გადაიდო 2019 წლის 07 მარტის 12:00 საათისათვის, რომელიც ობიექტური მიზეზის გამო გადაიდო ერთი საათით, ხოლო თ-----------ეს ეცნობა სატელეფონო აქტით. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, თ-----------ის გამოუცხადებლობას არსებითი მნიშვნელობა არ მოუხდენია ადმინისტრაციულ წარმოებაზე და სათანადო, უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნა დასკვნა, რა გარემოებებიც სარჩელის უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით თ-----------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კერძოდ შეწყდა საქმის წარმოება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N------ ბრძანების (2018წ. 08.06), ზეპირი მოსმენის №2 სხდომის ოქმის და №------- (18.03.2019) დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის მოტივით. ამავე გადაწყვეტილებით, გამოცემის მომენტიდან, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის №----- (18.03.2019) ბრძანება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. თ-----------ე დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის, თვეში 1200 (ათას ორასი) ლარის - ხელზე ასაღები ხელფასის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების თარიღიდან მის აღდგენამდე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიერ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარდგენილი №------- 25.02.2019 წლის განცხადებით, მ/წლის 25 თებერვლიდან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და ითხოვდა გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლას.
ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიერ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარდგენილი 2019 წლის 18 მარტის განცხადებით, მ/წლის 25 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, 18 მარტიდან ისევ იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე და ითხოვა, რომ გაცდენილი საათები ჩათვლოდა საპატიოდ.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 25.02.2019 წლის №----- ბრძანების თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ე’’ ქვეპუნქტისა და თ-----------ის პირადი განცხადების საფუძველზე - შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა თ-----------ეს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, დროებით, შრომისუუნარობის გამო, 2019 წლის 25 თებერვლიდან.
2019 წლის 25 თებერვალს გაცემული საავადმყოფო ფურცლით ირკვევა, რომ თ-----------ემ მკურნალობა დაიწყო 2019 წლის 25 თებერვალს და დაასრულა 2019 წლის 07 მარტს. საავადმყოფო ფურცელში ასევე მითითებულია, რომ თ-----------ეს შეუძლია შეუდგეს მუშაობას 2019 წლის 16 მარტიდან, რომელზეც ხელს აწერს ექიმი ნერვოლოგი ე----–-----ე.
შპს ,,ქუთაისის დ. ნაზარაშვილის სახელობის სახ. საოჯახო მედიცენტრის’’ მიერ 2019 წლის 18 მარტს თ-----------ეზე გაცემული საავადმყოფო ფურცლის თანახმად, მკურნალობდა 2019 წლის 18 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით. საავადმყოფო ფურცელზე მითითებულია დაავადების დასახელება; კერძოდ მარჯვენა მხრის სახსრის ტრამვისშემდგომი პერიართრიტი, გამწვავება. საავადმყოფო ფურცელზე ასევე მითითებულია, რომ თ-----------ეს შეუძლია სამუშაოს შეუდგეს 2019 წლის 28 მარტიდან, რომელზეც ხელს აწერს ქირურგი ვ----------------–--ე;
2.1.2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მოსმენის №2 სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 თებერვლის №--- ბრძანებით დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას 2019 წლის 27 თებერვლამდე ახორციელებდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული შიდა აუდიტის განყოფილება. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №91 დადგენილებით შეიქმნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახური და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება დაევალა ამავე სამსახურის მეორადი სტრუქტურულ ერთეულს სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილებას. ზეპირ მოსმენას თავმჯდომარეობდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ზ-------------ა.
სხდომის დასაწყისში თავმჯდომარის მიერ დასმული იქნა შემდეგი სახის შეკითხვები: დაესწრება თუ არა ზეპირ მოსმენას დაინტერესებული მხარე/მისი წარმომადგენელი ან თუ არსებობს მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. სხდომაზე განიმარტა, რომ ზეპირ მოსმენას არ ესწრება დაინტერესებული მხარე/მისი წარმომადგენელი და დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისათვის უცნობია მათი გამოუცხადებლობის მიზეზი. აქვე განიმარტა, რომ 2019 წლის 07 მარტს 10:40 საათზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ადგილი ჰქონდა დაინტერესებული პირის სახელით განცხადების ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში რეგისტრაციის მცდელობას, რაც სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო არ განხორციელდა, შესაბამისად არ არსებობდა ზეპირი მოსმენის გადადების საფუძველი.
მიმოხილული იქნა საქმის არსებითად მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი, აღნიშნულ იქნა, რომ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია დისციპლინური წარმოების მასალები და ასევე განმარტებულია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მ/წ 25 თებერვალს თ-----------ემ №---------განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა საავადმყოფო ფურცელზე გასვლის შესახებ, ასევე მ/წ. 25 თებერვალს თ-----------ემ №------- განცხადებით მიმართა მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის ხელმძღვანელის ფუნქციების შემსრულებელ ნ--------------–ს, შეატყობინა ჯანმთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ და აღნიშნა რომ მისი, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობა ზეპირ მოსმენაში აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო, მას გააჩნდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლის წარმოდგენით და დასაბუთებით შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ასევე შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელს მიმართა თხოვნით შეჩერებულიყო ზეპირი მოსმენა გონივრული ვადით და კანონით მინიჭებული წესით მიცემოდა საშუალება მიეღოს მონაწილეობა ზეპირ მოსმენაში. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ერთეულმა გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა და ზეპირი მოსმენის სხდომა ჩანიშნა მიმდინარე წლის 07 მარტს.
სხდომის თავმჯდომარის მიერ დაისვა შემდეგი სახის შეკითხვა: არსებობდა თუ არა 2019 წლის 15 თებერვალს თ-----------ის მიერ სამსახურში დაგვიანების ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა, რაზეც განიმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ამოღებული იქნა ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო კადრები, სადაც ნათლად ჩანდა დაგვიანების ფაქტი.
სხდომის თავმჯდომარემ დააზუსტა ჰქონდა თუ არა წარსულში თ-----------ეს შეფარდებული რაიმე სახის დისციპლინური სახდელი, რაზეც შიდა აუდიტის მიერ განემარტა, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის №------ ბრძანებით თ-----------ეს დისციპლინური წარმოების ზომად განესაზღვრა საყვედური, რაც მის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. ასევე შიდა აუდიტის თანამშრომლების მიერ დამატებით აღნიშნულ იქნა ის ფაქტი, რომ მიმდინარე დისციპლინური წარმოების დაწყების შემდგომ მ/წ 22 თებერვალს განხორციელებული შემოწმებისას (ოქმი №6) თ-----------ე ისევ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას და მის ხელმძღვანელს ასევე არ ჰქონდა ინფორმაცია მისი გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით;
2.1.3. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 18.03.2019 წლის №------- დასკვნის თანახმად, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიერ ადგილი ჰქონდა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, კერძოდ დარღვეული იქნა საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტი, 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის №----- ბრძანებით, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, თ-----------ეს გამოეცხადა საყვედური. ვინაიდან პირველი დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არ იყო გასული ერთი წელი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახეზე იყო 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დისციპლინური გადაცდომა. შესაბამისად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 98-ე მუხლის თანახმად. დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, ასევე გადაეგზავნა თ-----------ეს;
2.1.4. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 18.03.2019 წლის №------კ ბრძანების თანახმად, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიერ ადგილი ჰქონდა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, კერძოდ, დარღვეული იქნა საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტი, 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი. შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე, 86-ე, 87-ე, 89-ე, 90-ე, 91-ე, 93-ე, 94-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე, 111-ე და 112-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ე.ე’’ ქვეპუნქტისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის 2019 წლის 18 მარტის №------- დასკვნის საფუძველზე, მიღებული იქნა ბრძანება 2019 წლის 18 მარტიდან თ-----------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
2.1.5. 2018 წლის 24 დეკემბერს თ-----------ეს ჩამოერთვა ახსნა - განმარტება, სადაც თ-----------ე უთითებს მის მიმართ განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტზე; კერძოდ, ის მიმართავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს და აღნიშნავს, რომ ,,თქვენი მერობისა და გ-------------–---–ის ვიცე მერობის (რომელმაც საკურატოროდ ჩაიბარა საბინაო ინფრასტრუქტურისა მართვისა და განვითარების სამსახური) პერიოდში მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთგზის იკვეთება ჩემს მიმართ დისკრიმინაციისა და საქართველოს მთავრობის 2017წლის 20 აპრილის №200 დადგენილების მე-3 თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების, განსაკუთრებით მე-14, მე-16 და 25-ე მუხლების განზრახ დარღვევისა და შეუსრულებლობის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის დავაფიქსირე აღნიშნულის შესახებ როგორც პირადად თქვენთან, ასევე სხვა შესაბამის ხელმძღვანელ პირებთან და სოციალური ქსელის მეშვეობითაც, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გ-------------–---–ის გავლენითა და გაცემული დავალებების საფუძველზე ვარ დისკრიმინირებული, რაც გამოიხატება შემდეგში: შეუზღუდეთ თანამშრომლებს ჩემთან ურთიერთობა, ელექტრონული წარმოების წესით არ მეწერებოდა დავალებები, არ მასწრებდნენ არც ერთ ჩატარებულ სამსახურებრივ თათბირს, სამსახურის მიერ განხორციელებულ არცერთ პროექტსა და ღონისძიებაში არ მქონდა მონაწილეობის მიღების საშუალება ხელოვნურად. არაერთგზის, აბსურდული მიზეზებით, დაიწყეს ჩემს მიმართ დისციპლინური დევნა. დისკრიმინაცია შეეხო ჩემს 9 წლის მოჭადრაკე შვილსაც, რომელმაც ქალაქს თვენივე მერობისა და გ-------------–---–ის ვიცე-მერობის (მას ჩაბარებული აქვს საკურატოროდ (ა)აიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება) დროს მოუტანა ხუთი მნიშვნელოვანი წარმატება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ვრცლად განმარტებას მივცემ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. უფრო მეტიც, როგორც საკრებულოს წევრები, ასევე სოციალურ ქსელში შესაბამისი საინფორმაციო სააგენტოების მხრიდან დაანონსდა, რომ საბინაო სამსახური უქმდებოდა და რატომღაც მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი გაჟღერდა, რომ დავტოვებ კანონის სრული დაცვით დაკავებულ პოზიციას. აღნიშნულ ფაქტზეც სასურველია ჩაერიოს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები, რათა დადგინდეს, ხომ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია პირადი ინტერესებისა და კთილსინდისიერი საჯარო მოხელეების დისკრიმინაციის ხარჯზე’’;
2.1.6. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 12.10.2018 წლის №---- ბრძანების თანახმად, ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე, 87-ე, 88-ე, 89-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.ე’’ ქვეპუნქტის, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებით დამტკიცებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-14 მუხლის და 2018 წლის 10 ოქტომბრის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის საჯარო მოხელეთა მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენების, მათზე დაკისრებული ვალდებულებების, მერიის შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის შემოწმების №53 ოქმის საფუძველზე დაიწყო დისციპლინური წარმოება ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 19.10.2018 წლის №------ ბრძანება კ-ს თანახმად, კერძოდ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ოქტომბრის №---- ბრძანებით დაწყებული დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ ირკვევა, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ოქტომბრის №---- ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაონ ინფრასტრუსქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით დისციპლინური წარმოების განხორციელება დაევალა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილებას.
‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე, 86-ე, 87-ე, 89-ე, 90-ე, 91-ე, 93-ე, 94-ე, 95-ე, 96-ე მუხლებისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენიულებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-14 მუხლის საფუძველზე, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილებამ განახორციელა დისციპლინური წარმოება, დაადგინა დისციპლინური გადაცდომის არარსებობის ფაქტი და 2018 წლის 16 ოქტომბერს წარმოადგინა დასკვნა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის პირველიპუნქტის ,,ე.ე’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთელის შიდა აუდიტის განყოფილების 2018 წლის 16 ოქტომბრის №-------- დასკვნის საფუძველზე - დისციპლინური წარმოების შედეგად დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო შეწყდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაონ ინფრასტრუსქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ოქტომბრის №---- ბრძანებით დაწყებული დისციპლინური წარმოება;
2.1.7. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თ-----------ემ №-------1 11/12/2018 წელს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს გ-----------------ას მიმართა განცხადებით, კერძოდ ითხოვა, რომ მიეწოდებინა დეტალური საჯარო ინფორმაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ. კონკრეტულად რამდენი თანამშრომელი იყო სამსახურში დასაქმებული შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების და მათი პოზიციების მითითებით. ასევე 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში რამდენჯერ მოხდა დანამატებისა და ჯილდოების გაცემა და კონკრეტულად ვისზე, შესაბამისი თანხის მითითებით. გარდ ამისა, ითხოვა ინფორმაციის მიწოდება, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა თუ არა ავტომობილები სამსახურეობრივი საჭიროებისათვის და კონკრეტულად ვინ სარგებლობდა 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე აღნიშნული ავტომობილებით;
2.1.8. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 20.12.2018 წლის №----- ბრძანების თანახმად, დაიწყო დისციპლინური წარმოება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუსქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. დისციპლინური წარმოების განხორციელება დაევალა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერტეულის შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელს გ---------–---ს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს - ლ--–-------–--------ეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის გაყოფილების შრომითი ხელშეკრულებთ დასაქმებულ პირს - ზ-------------–--ეს;
2.1.9. 29.01.2019 წლის №------- დისციპლინური გადაცდომის არარსებობისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დასკვნის თანახმად: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიერ ადგილი არ ჰქონია დისციპლინური გადაცდომის ფაქტს და შესაბამისად დისციპლინური წარმოება უნდა შეწყვეტილიო;
2.1.10. მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე გ---------–---მა განმარტა, რომ 2018 წელს მუშაობდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, თ-----------ე არის ნიჭიერი, კეთილი პიროვნება. ამასთანავე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით იყო მომთხოვნი. 2018 წლის 07 ივნისს მან მოამზადა დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის გამოცხადების შესახებ, რომლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, 2018 წლის 08 ივნისის N------ ბრძანებით, თ-----------ეს გამოუცხადა საყვედური.
მოწმემ განმარტა, რომ მას დავალებული ჰქონდა დასკვნა მოემზადებინა საყვედურის ფორმით, თუმცა შეეძლო გაფრთხილებითაც შემოფარგლულიყო. მანვე აღნიშნა, რომ თ-----------ის მიმართ ორჯერ შეწყვიტა უსაფუძვლოდ დაწყებული დისციპლინური დევნა, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. გ---------–---ის განმარტებით, ქუთაისის მერიაში დადგენილი პრაქტიკით, მცირეწლოვანი ბავშვის დედებს, დილით სამსახურში გამოცხადება შეუძლიათ ნახევარი საათის დაგვიანებით;
2.1.11. მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ზ-------------ამ განმარტა, რომ ამჟამად მუშაობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2019 წლის 07 მარტს ის ხელმძღვანელობდა თ-----------ის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ ადმინისტრაციულ წარმოებას. მიაჩნია, რომ დისციპლინური წარმოების შესახებ თ-----------ისათვის ცნობილი იყო კანონით დაგენილი წესით; კერძოდ, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, 2019 წლის 25 თებერვალს გადაიდო სხდომა და დაინიშნა 2019 წლის 07 მარტს. თ-----------ის წარმომადგენელის შუამდგომლობის შესახებ განმარტა, რომ 2019 წლის 07 მარტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას შუამდგომლობა წარმოდგენილი არ ყოფილა;
2.1.12. მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ჯ---------------ემ განმარტა, რომ ამჟამად მუშაობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველდი სტრუქტურული ერთეული საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. თ-----------ე იყო მისი მოადგილე და მის უფლებამოსილებაში შედიოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ურთიერთობა, განცხადებების მიღება და მათზე რეაგირება. მოწმის ჩვენებით, თ-----------ის მიმართ ერთხელ დაფიქსირდა მოქალაქის პრეტენზია, ძირითადად მოქალაქები მისი მუშაობით კმაყოფილნი იყვნენ. მისივე განმარტებით, თ-----------ე სამსახურის საკითხებს მასთან ათანხმებდა, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თხოვნით მიმართა, თუმცა წერილობითი განცხადება არ დაუფიქსირებია. მოწმის განმარტებით, მცირეწლოვანი ბავშვის დედებს, რომლებიც დასაქმებული არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ნამდვილად ეძლევათ შეღავათი და შეუძლიათ დილით 30 წუთის დაგვიანებით გამოცხადნენ სამსახურში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით (2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (საქმე ბს№1655-1627(კ-11),11.04.2012წ.), ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ი აქტის - თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის №----- (18/03/2019) ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ სადავო ბრძანების კანონიერების, სტაბილურობის უტყუარობა სათანადოდ არ იყო დადასტურებული, არ იყო დასაბუთებული, რომ თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებულ იქნა კერძო და საჯარო ინტერესის როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით, რადგან საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას ინფორმირებული იყო მისი ავადმყოფობისა და საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ (ტ.1. ს.ფ. №48; ტ.2. ს/ფ. 36-41). სასამართლომ დააკვნა, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად მოსარჩელე აღდგენილი უნდა ყოფილიყო სამსახურში და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას დაკისრებოდა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში, თვეში 1200.00 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სასამართლომ დაუშვებლობის მოტივით შეწყვიტა საქმისწარმოება, რადგანაც მიიჩნია, რომ შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტრული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მოსმენის №2 სხდომის ოქმი და დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ დასკვნა №------- (18/03/2019), რომლის ბათილად ცნობას ითხოვდა მოსარჩელე, არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ წარმოადგენდა სარეკომედაციო ხასითის (შინაარსის) წერილს. ამასთან მიუთითა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის N------ ბრძანება - ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური სახდელის დადების-,,საყვედურის" გამოცხადების შესახებ, თ-----------ეს ჩაბარდა 2018 წლის 08 ივნისს, რაც კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაუსაჩივრებია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვინაიდან თ-----------ეს კმაყოფაზე ჰყავდა ორი არასრულწლოვანი შვილი, ამასთან მისი პირვანდელი თანამდებობა დაკავებული არ იყო, არსებობდა წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამდენად იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2019 წლის 18 თებერვალს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის №--- ბრძანებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილებას დაევალა დისციპლინური წარმოების განხორციელება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. დისციპლინური წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, გ--------------ის მოხსენებითი ბარათი №------- და შიდა აუდიტის განყოფილების ოქმი N4.
აღნიშნულ ფაქტზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 15 თებერვალს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, შიდა აუდიტის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა ი-----–----–-----ემ და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, შიდა აუდიტის განყოფილების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა ზ-------------–--ემ, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N10 დადგენილების მე-14 მუხლის საფუძველზე, განახორციელეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენების, მათზე დაკისრებული ვალდებულებებისა და მერიის შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება. შემოწმებით დადგინდა, რომ 09:45 საათზე სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, თ-----------ე. აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემდგომ, ი-----–----–-----ე დაუკავშირდა სამსახურის ხელმძღვანელს ჯ---------------ეს და ჰკითხა იყო თუ არა ის, როგორც სამსახურის ხელმძღვანელი ინფორმირებული თ-----------ის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, რაზეც მიიღო უარყოფითი პასუხი;
3.1.2. აპელანტის განმარტებით, შიდა აუდიტის განყოფილებამ, 2019 წლის 18 თებერვალს №2081-01 წერილით მიმართა თ-----------ეს და მოითხოვა მისგან ახსნა-განმარტების წარმოდგენა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. იმავე დღეს, თ-----------ემ ზეპირად განმარტა, რომ მისი სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმირებული იყო სამსახურის უფროსი, ხოლო 2019 წლის 22 თებერვალს, №------- ახსნა-განმარტებაშიც დაადასტურა 15 თებერვლის 09:45 საათზე სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი და რომ ამის შესახებ აცნობა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს, ჯ---------------ეს.
თანამშრომელთა შემოწმების მიმდინარეობისას, თ-----------ის გამოუცხადებლობის შეტყობისთანავე მოხდა შიდა აუდიტის თანამშრომლების მიერ ჯ---------------ესთან დაკავშირება, ხოლო მისი განცხადებით ის არ იყო საქმის კურსში თ-----------ის დაგვიანება ან/და გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით. ვინაიდან ზემოხენებული ინფორმაციები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის, შიდა აუდიტის განყოფილებამ მიზანშეწონილად მიიჩნია დისციპლინური წარმოების განხორციელების პროცესში ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რის შესახებაც 2019 წლის 18 თებერვლის №------- წერილით ეცნობა თ-----------ეს. აღნიშნულ წერილში განმარტებული იყო მისი უფლებები და აღნიშნული იყო ზეპირი მოსმენის თარიღი, დრო და ადგილი (25.02.2019წ. 12:00 სთ).
3.1.3. აპელანტის მითითებით, 2019 წლის 25 თებერვალს, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, თ-----------ემ წერილით მიმართა შიდა აუდიტის განყოფილებას, სადაც მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა მონაწილეობა მიეღო ზეპირ მოსმენაში და იშუამდგომლა გონივრული ვადით სხდომის გადადების თაობაზე. შიდა აუდიტის განყოფილებამ, 2019 წლის 25 თებერვლის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა და დააკმაყოფილა - სხდომა გადაიდო 10 დღით, რის შესახებაც შედგა ოქმი N1, რომელიც კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა დაინტერესებულ მხარეს, ხოლო სხდომის ახალ თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 07 მარტი, 12:00 საათი. ზეპირი მოსმენის სხდომის ახალი თარიღის შესახებ თ-----------ეს გაეგზავნა წერილი 2019 წლის 01 მარტს, იმავე დღეს მოხდა სატელეფონო ზარით დაბარება, რის შესახებაც შედგა „ზეპირი მოსმენის სხდომაზე ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) დაბარების შესახებ“ N1 აქტი;
3.1.4. აპელანტის განმარტებით, 2019 წლის 06 მარტს, შიდა აუდიტის განყოფილებისათვის ცნობილი გახდა, რომ ზეპირი მოსმენის ჩატარების ადგილი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, ოთახი N401) 12 საათისათვის დაკავებული იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომის გამო, ამიტომ საჭირო გახდა სხდომის დროის ცვლილება 1 საათით. იმავე დღეს, თ-----------ეს სატელეფონო ზარის საშუალებით ეცნობა, რომ სხდომა გაიმართებოდა 2019 წლის 07 მარტს, თუმცა ნაცვლად 12:00 საათისა ტარდებოდა 13:00 საათზე. ამის თაობაზე შედგა დაბარების შესახებ N2 აქტი.
2019 წლის 27 თებერვლის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №91 დადგენილებით შეიქმნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - შიდა აუდიტის სამსახური. 2019 წლის 07 მარტს შევიდა ცვლილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 თებერვლის N362 ბრძანებაში და დისციპლინური საქმისწარმოების განხორციელება დაევალა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს - ზ-------------ას, პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით შემსრულებელს - ნ--------------–ს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს - ი-----–----–-----ესა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს - ზ-------------–--ეს.
2019 წლის 07 მარტს, 13:00 საათზე თ-----------ე ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოცხადებულა. შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა საქმის განხილვა დაიწყეს 30 წუთის დაგვიანებით იმ იმედით, რომ თ-----------ე მოახერხებდა აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადებას, თუმცა ის არ გამოცხადდა. 2019 წლის 07 მარტს თ-----------ეს ერთად გაეგზავნა ზეპირი მოსმენის სხდომის N2 ოქმი. 2019 წლის 15 მარტს დაინტერესებულის მხარის ადვოკატმა პ. შ-----მ წარმოადგინა შენიშვნები ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმთან დაკავშირებით. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, მხარეს/მის კანონიერ წარმომადგენელს არ მიეცა საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება და არ მომხდარა საქმის გარემოებების გამოკვლევა.
შიდა აუდიტის სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი შენიშვნები და არ გაითვალისწინა შემდეგ გარემოებათა გამო: 1. მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო ჯეროვნად მომზადებულიყო შემდგომი ზეპირი მოსმენის სხდომისათვის (დროულად აეყვანა უფლებადამცველი და ა.შ) შესაბამისისად, ადმინისტრაციული ორგანო მხედველობაში არ იღებს შენიშვნას, რომ მხარეს არ ჰქონდა საკმარისი დრო საქმის გარემოებების გაცნობისათვის. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ მხარის არგუმენტები ემსახურება მხოლოდ პროცესის გაჭიანურებას და არა მზაობას საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. 2. სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილებამ განმარტა, რომ მხარეს კანონის მოთხოვნათა დაცვით განემარტა თავისი უფლებები დისციპლინური წარმოების პროცესთან დაკავშირებით, მიეცა შესაძლებლობა, როგორც ზეპირად, ისე წერილობით წარმოედგინა თავისი მოსაზრება საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, რაც განახორციელა კიდეც. მიეცა შესაძლებლობა მისი შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა გადადებულიყო 10 დღის ვადით. საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ერთეულმა მოიპოვა ვიდეო - ჩანაწერები მერიის ადმინისტრაციული შენობიდან, სადაც ნათლად ჩანს თ-----------ის მიერ სამუშაო დროის არარაციონალურად გამოყენების, კერძოდ სამსახურში დაგვიანების ფაქტი. ამასთან, მოწმის სახით გამოიკითხა თ-----------ის უშუალო უფროსი (სამსახურის ხელმძღვანელი) ჯ---------------ე, რომელმაც დაადასტურა თ-----------ის მიერ 2019 წლის 15 თებერვალს სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ფაქტი. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა სტრუქტურულმა ერთეულმა შეაგროვა სანდო, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად და ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობას გავლენა არ მოუხდენია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევაზე. აქედან გამომდინარე, მხარის შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნა.
მეტიც სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ თ-----------ის მიმართ სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის ფაქტზე არაერთხელ დაიწყო დისციპლინური წარმოება, ყველა შემთხვევაში წარმოების დაწყების დღესვე ან მომდევნო დღეს თ-----------ე გადიოდა საავადმყოფო ფურცელზე და ითხოვდა უფლებამოსილების შეჩერებას, რაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს აძლევდა საფუძველს იმისას, რომ თ-----------ის ზეპირ მოსმენაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვალა არასაპატიოდ და მიეჩნია დისციპლინური წარმოების გაჭიანურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობად, მით უფრო, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის პირველი პუნქტით „დისციპლინური წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს“. ამასთან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 ნაწილი აძლევდა უფლებას „საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც.“
3.1.5. აპელანტის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად; „მოხელის სამუშაო დრო არის კალენდარული დროის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც მოხელე ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება”, ხოლო 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; „მოხელე ვალდებულია სამუშაო დრო ეფექტიანად და მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოიყენოს“.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით, „საჯარო მოსამსახურე იცავს სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინების, საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს”, ხოლო მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით, „საჯარო მოსამსახურე ცდილობს, იყოს სამაგალითო სხვა საჯარო მოსამსახურეებისა და საზოგადოებისათვის“, 25-ე მუხლის მე-17 პუნქტით კი, „ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურე ცდილობს, იყოს სამაგალითო საჯარო მოსამსახურეებისა და საზოგადოებისათვის“.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 მარტის N--- ბრძანებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეები მუშაობენ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. სამუშაო საათები განისაზღვრება 9 სთ-დან 18 სთ-მდე, ერთ საათიანი შესვენებით - 13-დან 14 საათამდე“.
აპელანტის მითითებით, თ-----------ის მიერ სამუშაო დროის არარაციონალურად გამოყენების ფაქტი არ ატარებს ერთჯერად ხასიათს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის №----- ბრძანებით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების ხელმძღვანელის მოადგილეს, თ-----------ეს გამოეცხადა საყვედური. 2019 წლის 22 თებერვალს 09:45 წუთზე ის კვლავ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას (ოქმი N6).
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით „დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.“ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის №----- ბრძანებით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების ხელმძღვანელის მოადგილეს, თ-----------ეს გამოეცხადა საყვედური. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის მიხედვით სახეზეა მძიმე დისციპლინური გადაცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, შიდა აუდიტის სამსახურმა იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 85-ე, 86-ე, 87-ე, 89-ე, 90-ე, 91-ე, 93- ე, 94-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე, 111-ე და 112-ე მუხლებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 მარტის №371 ბრძანებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის 22-ე, 23-ე, 24-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 30-ე და 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, 32-ე, 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N10 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-14 მუხლისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის N91-ე დადგენილებით, დაასკვნა, რომ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიერ ადგილი ჰქონდა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, კერძოდ, დარღვეულ იქნა საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 60.1 მუხლის, 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი და იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის №----- ბრძანებით ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების ხელმძღვანელის მოადგილეს, თ-----------ეს გამოეცხადა საყვედური, ამასთან პირველი დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არ იყო გასული ერთი წელი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახეზეა 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისინებული მძიმე დისციპლინური გადაცდომა და გასცა რეკომენდაცია თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულიყო „სამსახურიდან გათავისუფლება“ (იხ. 2019 წლის 18 მარტის N------- დასკვნა).
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2019 წლის 18 მარტის N------- დასკვნის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქ ვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება და 2019 წლის 18 მარტს გამოიცა N---- ბრძანება „ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“.
3.1.6. აპელანტის მითითებით, Nბს-1182-1176 (2კ-170) ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს შემდეგს: “საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის. სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და ა.შ. სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. თუმცა მმართველობის არსი არასწორად არ უნდა იქნეს გაგებული, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე სასამართლო კონტროლი არ უნდა ლახავდეს ადმინისტრაციული ორგანოს დამოუკიდებლობის ხარისხს, უნდა ჯდებოდეს მათი უფლებამოსილების ფარგლებში და შეესაბამებოდეს ხელისუფლების დანაწილებისა და ურთიერთგაწონასწორების კონსტიტუციურ პრინციპს. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჰქონდეს საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა. ხელი არ უნდა შეეშალოს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირებას. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში ჩარევის აუცილებლობა არსებობს, როდესაც აშკარაა პირის კონსტიტუციით დაცული უფლებების დარღვევა ან არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებული ვარაუდი”. N3/595-2011 ადმინისტრაციულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში (შესულია კანონიერ ძალაში, იხ. Nბს-431-426(კ-12) ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განჩინება) განმარტავს: ,,დისციპლინური გადაცდომის შეფასების უფლებამოსილება გააჩნია დაწესებულების ხელმძღვანელობას, შესაბამისად მოსარჩელეს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება უდავოდ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელიც ჩადენილი გადაცდომის ხასიათისა და სიმძიმის გათვალსწინებით განსაზღვრავს მოხელის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ადეკვატურ ზომას, რა მიმართებითაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმნისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ანუ მისი დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება, რადგან აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების, მათ შორის სამსახურის მუშაობის ორგანიზაციის, კოორდინაციის, კონტროლის და სამსახურის წინაშე დასმული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებელ პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს განეკუთვნება“;
3.1.7. აპელანტის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა“, ამავე კანონის 98-ე მუხლით კი „სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში“.
აპელანტი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 მარტის N---- ბრძანების ბათილად ცნობის, შესაბამისად თ-----------ის სამუშაოზე აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი.
3.1.8. აპელანტის მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად ოთხ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების დროს თ-----------ე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე;
2. თ-----------ე არ დასწრებია ზეპირ მოსმენას;
3. გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ არის თანაზომიერი ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის.
4. თ-----------ეს არ ეწერებოდა დავალებები და ამით განიცდიდა დისკრიმინაციას.
აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას ზემოთ მოყვანილ მოტივაციაზე დაყრდნობით. მისი განმარტებით, სასამართლომ უგულვებელყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ინკვიზიციურობის პრინციპი, უფრო მეტიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს შეუზღუდა უფლებები (არ მისცა დრო მტკიცებულებათა წარმოსადგენად, მთავარი სხდომისათვის მოსამზადებლად, არ მისცა ახსნა-განმარტების დასრულების საშუალება), რათა უზრუნველეყო ქალაქ ქუთისის მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვა და საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე სრულად გაიზიარა თ-----------ის პოზიცია მის მიმართ სამსახურში დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თითქოსდა თ-----------ეს სამსახურის ხელმძღვანელის მიერ არ ეწერებოდა დავალებები და აღნიშნული ჩათვალა დისკრიმინაციად. მოწმის სახით დაკითხულმა ჯ---------------ემ (სამსახურის ხელმძღვანელი) აჩვენა, რომ იგი თ-----------ეს აწერდა დავალებებს მისი შესაძლებლობის მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ თ-----------ის მხრიდან ხშირად ჰქონდა ადგილი შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტებს, არ ატყობინებდა აღნიშნულის შესახებ შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დაცვაზე კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად გაუგებარია რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ თ-----------ის მიმართ სამსახურებრივი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
თ-----------ემ მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე ყურადღება გაამახვილა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 თებერვლის №--- ბრძანებით დაწყებული დისციპლინური წარმოების მიმდინარეობისას, რაზედაც მოკვლევა ჩაატარა შიდა აუდიტის სამსახურმა და დასვნა თ-----------ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არ არსებობის შესახებ წარუდგინა როგორც თ-----------ეს, ასვე მის უშუალო ხელმზღვანელს ჯ---------------ეს და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს (იხ. N3301-01 - 19/03/2019 წერილი);
3.1.9. აპელანტის განმარტებით, N3/144-19 ადმინისტრაციულ საქმეზე 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სრულად იქნა მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მოთხოვნებს და მიმართულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მატერიალური ზიანის მიყენებისაკენ. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებით, "სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ".
განსახილველ შემთხვევაში N3/144-19 ადმინისტრაციულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით თ-----------ის სარჩელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ-----------ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2019 წლის 18 მარტს, ქუთაიის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გადაყვეტილების საფუძველზე მისი აღდგენა სამუშაოზე აღდგენა მოხდა 2019 წლის 14 აგვისტოს. საქალაქო სასამართლომ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია გადაწყვეტილება თ-----------ისათვის არა სამი თვის, არამედ ხუთი თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ, რითაც სრულად უგულვებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, მატერიალური ზიანი მიაყენა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და თ-----------ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გარდაუვლად აქცია ახალი დავის დაწყების აუცილებლობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის 26-ე მუხლით (ცვლილებამდე 30-ე მუხლი), კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება.
შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის (ცვლილებამდე 29-ე მუხლი) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ-------------–აკი, ნ-----–--------–ი, ზ---------------–---–ი, ე---------------ე, გ-----------–--ე და მ--------------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მ--------------–-–---–ი, ნ-------------–---–ი და მ---------–-----–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კ----------ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ-------------–აკი, ნ-----–--------–ი, ზ---------------–---–ი, ე---------------ე, გ-----------–--ე და მ--------------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 25-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, პალატა მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით. ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი.
ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო-სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე, მისი გათავისუფლების საკითხიც.
პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურე საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.
ამავე კანონის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. მე-3 პუნქტით, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 98-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაყვეტილებაში მოყვანილ მოტივაციაზე (საქმე №ბს-184-183(კ-16)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,საჯარო სამსახურში საქმიანობა საჯარო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს არის საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. საჯარო მოსამსახურე საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის პროცესში ანგარიშვალდებულია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა და რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით’’.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,მართალია, სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ (ანალოგიური დატვირთვისაა ტერმინი ,,მძიმე’’) დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა.
ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება’’.
საკასაციო სასამართლო მითითებით, ,,ადმინისტრაციული ორგანო სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდებისას დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას’’.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია თ-----------ის მიერ 2019 წლის 15 თებერვალს სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ფაქტი, რაც ფორმარულად მართალია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 მარტის N--- ბრძანებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი“-ს მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას (სამსახურში დაგვიანება) წარმოადგენდა, თუმცა ფაქტის დისციპლინურ გადაცდომად კვალიფიკაციისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კანონის ფორმალური ჩანაწერის დაცვა, არამედ მნიშვნელოვანია ამ ქმედების სუბიექტური და ობიექტური მიზეზების დადგენა.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 15 თებერვალს სამსახურში დაგვიანების შესახებ ტელეფონის საშუალებით აცნობა სამსახურის ხელმძღვანელს ჯ---------------ეს, რაც ამ უკანასკნელმა უარყო. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოების დადასტურება გარდა მხარეთა ახსნა-განმარტების შეფასებისა, მარტივად იყო შესაძლებელი მითითებული პირების კორპორატიულ ნომრებზე სატელეფონო ქსელიდან შესაბამისი ზარების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის გზით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი ვერ იქნა, მოსარჩელე კი სატელეფონო ნომრის კორპორატიული სტატუსიდან გამომდინარე მოკლებული იყო ამგვარი მტკიცებულების წარმოდგენის შესალებლობას.
პალატა მიიჩნევს, რომ თ-----------ის სამსახურში დაგვიანების დისციპლინურ გადაცდომად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ დაგვიანების მიზეზების კვლევა, ამ ქმედების სუბიექტური და ობიექტური გარემოებები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ დადგენილა.
პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის დანაწესზე, რაც მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მართალია ითვალიწინებს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ არის იმპერატიული და უპირობო და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების კვლევის საფუძველზე დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას, რა პრინციპები მოცემულ შემთხევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცული არ ყოფილა. პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, მათ შორის მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სამსახურიდან გათავისუფლება არსებულ ვითარებაში არ იყო მისაღები, აუცილებელი და პროპორციული, რა მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის უკანონობის თაობაზე აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის დანაწესი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისის სახით უშვებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევებს. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის. სსკ-ის 268-ე მუხლი ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მნიშვნელობას მოცემულ ეტაპზე.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას ხელფასის მიკუთვნების ნაწილში სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობაზე, თუმცა პალატა ითვალიწინებს იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ მოსარჩელეზე ნაცვლად 3 თვისა, ანაზღაურებულია 5 თვის სახელფასო დავალიანება, შესაბამისად ამ საფუძვლით არ არსებობს დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა. ამასთან პალატა მიუთითებს, რომ თუკი აპელანტს ხელფასის მიკუთვნების ოდენობის შესახებ გადაყვეტილება მიაჩნდა ბუნდოვნად, შეეძლო განმარტებისთვის მიემართა სასამართლოსათვის, რაც არ განუხორციელებია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. სასამრთლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის უსაფუძვლობა, ამასთან ვერც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ფორმალურ-მატერიალური კანონიერების თვალსაზრისითაც წარმოადგინა რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე