განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310018002659362
საქმე N3/ბ-216-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 აგვისტო 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – შპს ,,ბ---------------------–------“
წარმომადგენლები – ნ--------------ია, თ------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე – სსდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი
წარმომადგენლები – ნ----------–----ე, ნ-----------–---–ია
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,ბ---------------------–-------ის“ სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 26 სექტემბერს შპს „ბ---------------------–-------მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა გაეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მცურავი საშუალებები: 1. S-------, 2. R-----------------------, 3. S-------, 4. A--------- და ო-–------------, ასევე გაეცა მცურავ საშუალებებთან დაკავშირებულ მესაკუთრე ფიზიკურ პირებთან (გემთმფლობელებთან) მიმართებაში მის ხელთ არსებული ინფორმაცია;
მოსარჩელე თავის მოთხოვნას იმ გარემოებებზე ამყარებდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 26.01.2015 წლის Nს-28 ბრძანებით ი-----–--–-–--–--ე დაინიშნა შპს ,,ბ-------------------------------“ დირექტორის თანამდებობაზე. ამ ბრძანების მე-6 პუნქტით შპს ,,ბ-------------------------------“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ნავსაყუდელის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-----------), ხოლო მე-8 პუნქტის საფუძველზე შპს ,---------------------------------- შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ბ---------------------–------“. 2015-2017 წლებში დირექტორის, ი-----–--–-–--–--ის მიერ გაფორმებულ იქნა ხელშეკრულებები მცურავი საშუალებების მფლობელებთან, რომლითაც შპს ,,ბ---------------------–-------მა“ აიღო ვალდებულება, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. 2017 წლის 04 აპრილიდან დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ზ------–---. დანიშვნის დღიდან მიმდინარეობს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ზოგიერთ გემთმფლობელებთან სამართლებრივი დავა არსებული დავალიანების დაკისრების მიზნით. ხელშეკრულებების შესწავლის ეტაპზე გამოვლინდა ისეთი სახის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც ვერ დგინდება მცურავი საშუალებების მესაკუთრეთა ვინაობა, რის გამოც შეუძლებელი ხდება მათთან დაკავშირება და არსებული ინფორმაციის მიწოდება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციას ფლობს მოპასუხე სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც 24.08.18 წელს მიმართეს კიდეც წერილობით ზემოხსენებული ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, რაზეც 2018 წლის 30 აგვისტოს შეტყობინებით ეთქვათ უარი.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ინფორმაციის მიღებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან ეს ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. ამასთან, სანაპირო დაცვა არ აწარმოებდა გემის რეგისტრაციას. სანაპირო დაცვას გემის შესახებ დოკუმენტები და ინფორმაცია გააჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც გემი მოძრაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში. ყველა გემი, რომელიც ნაოსნობს საზღვაო სივრცეში, აწვდის სანაპირო დაცვას შესაბამის დოკუმენტაციას და ინფორმაციას. აღნიშნული დოკუმენტაცია ყოველწლიურად ახლდება და წინამდებარე დოკუმენტაცია კარგავს იურიდიულ ძალას. აქედან გამომდინარე მოპასუხესთან ინახება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში არსებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის წერილში მითითებული მონაცემებით გემებს 2017-2018 წლებში არ განუხორციელებიათ საზღვაო სივრცეში ნაოსნობა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აღნიშნული ინფორმაცია არ მოეპოვება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ---------------------–-------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2015 წლის 26 იანვრის Nს-28 ბრძანების შესაბამისად, ცნობად იქნა მიღებული საზოგადოების დირექტორის ინფორმაცია 2014 წელს გაწეული სამეურნეო საქმიანობის შესახებ და წლიური შედეგები. გათავისუფლდა შპს ,,ბ-------------------------------“ დირექტორი რ------------- დაკავებული თანამდებობიდან. შპს ,,ბ-------------------------------“ საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკის ნავსაყუდელის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ: ნავსაყუდელის ნაგებობები ღირებულებით 1 626 298 ლარი, ნავსაყუდელის ელექტროგაყვანილობა ღირებულებით 4170 ლარი, 3878 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ღირებულებით 1 230 102 ლარი;
2.1.2. 2016 წლის 20 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ბ---------------------–-------სა“ და მოტონავის ,------------- გემის მფლობელ ფიზიკურ პირ რ-------–----–------–-- შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის მოტონავის ,------------- რეკვიზიტები;
2.1.3. 2016 წლის 21 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ბ---------------------–-------სა“ და იახტა ,-------------- გემის მფლობელ კაპიტან R------------------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის იახტა ,-------------- რეკვიზიტები;
2.1.4. 2016 წლის 01 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ბ---------------------–-------სა“ და მოტონავი ,,S--------ის“ გემის მფლობელ ფიზიკურ პირ ლ-----------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის მოტონავი ,,S--------ის“ რეკვიზიტები;
2.1.5. შპს ,,ბ---------------------–-------ის“ 2018 წლის 24 აგვისტოს წერილის შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეცნობა, რომ შპს ,,ბ---------------------–-------ის“ დამფუძნებელი და 100 % წილის მფლობელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. შპს ,,ბ---------------------–------“ ახორციელებდა ნავსაყუდელის აკვატორიაში მცურავი საშუალებების განთავსებას. ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები რიგ გემთმფლობელებთან, რომელთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო. საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეთხოვა ინფორმაცია აღნიშნული პირების იდენტიფიცირებისათვის;
2.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს წერილის თანახმად, შპს ,,ბ---------------------–-------ს“ ეცნობა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-5 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა გახმაურება შეუძლებელია თვით ამ პირის თანხმობის ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა მცურავ საშუალებებთან და მათ მესაკუთრეებთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლს. 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ)მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე)მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; ვ)კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
საქალაქო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ სანაპირო დაცვა არ აწარმოებდა გემის რეგისტრაციას. სანაპირო დაცვას გემის შესახებ დოკუმენტები და ინფორმაცია გააჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც გემი მოძრაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში. ყველა გემი, რომელიც ნაოსნობს საზღვაო სივრცეში აწვდის სანაპირო დაცვას შესაბამის დოკუმენტაციას და ინფორმაციას. აღნიშნული დოკუმენტაცია ყოველწლიურად ახლდება და წინამდებარე დოკუმენტაცია კარგავს იურიდიულ ძალას. აქედან გამომდინარე მოპასუხესთან ინახებოდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში არსებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის წერილში მითითებული მონაცემებით გემებს 2017-2018 წლებში არ განუხორციელებიათ საზღვაო სივრცეში ნაოსნობა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აღნიშნული ინფორმაცია არ მოეპოვებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება 2019 წლის 13 მაისს გააჩივრა შპს „ბ---------------------–-------მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი ითვალისწინებს მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებული ფორმის - მოქმედების განხორციელების თაობაზე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ადმინისტრაციული ზომის (რეალაქტის) განხორციელების მოთხოვნა, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ასეთი სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოქმედების განხორციელების ვალდებულების დადგენას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ ინფორმაციის სახეებს, რომელთა ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის გარანტიები მოცემულია კოდექსში და ამასთან, აღიარებულია ქვეყნის ძირითადი კანონით;
3.1.2. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (რომელიც შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ნახაზის, მაკეტის, გეგმის, სქემის, ფოტოსურათის, ელექტრონული ინფორმაციის, ვიდეო და აუდიო ჩანაწერის სახით), რომელიც საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიღებულია, დამუშავებულია, შექმნილია ან გაგზავნილია სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 25.05.12წ. კანონით შეტანილი ცვლილებების (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი, 44-ე მუხლი, 99-ე მუხლი) თანახმად, პერსონალური მონაცემი კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს კანონიერი ინტერესია ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და მონაცემთა სუბიექტს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი არ გააჩნია, ვინაიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ხელშეკრულების დადებისას ისედაც უნდა გადაეცათ მოვალეებს და შესაბამისად, ამ ინფორმაციის ფლობის კანონიერი საფუძველი გააჩნია აპელანტს. მონაცემთა სობიექტის ინტერესი კი არის ის, რომ თავი აარიდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას;
3.1.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად; ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით; გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.
აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი განმარტავს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ესაჭიროებოდა იმისთვის, რომ მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა ხელმოწერებით დადასტურებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება მოვალეებისათვის;
3.1.4. აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 186-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, სასამართლომ შესაძლოა წარმოებაში არ მიიღოს მათი სარჩელი თუ მითითებული არ იქნება მოპასუხის პირადი ნომერი. სარჩელში უნდა იყოს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება იყოს შესაძლებელი. ასევე მნიშვნელოვანია მოპასუხის პირადი ნომრის მითითება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის დაყენებისას.
მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა საზოგადოების კანონიერი მოთხოვნის განხორციელებისათვის, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტის ღირსება არ შეილახება, განსაზღვრულია კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და კანონიერი მიზანი, მოთხოვნილი მონაცემების მოცულობა, რაც საკმარისია სამართალწარმოებისათვის;
3.1.5. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, რომ გემის მოძრაობისას მათთვის მიწოდებული ინფორმაცია კარგავს იურიდიულ ძალას, აპელანტი განმარტავს, რომ შეუძლებელია უკვე განხორციელებული და დადასტურებული ფაქტის კონსტატაციას დაეკარგოს იურიდიული ძალა. იურიდიული ძალა შესაძლოა დაეკარგოს წესს, რომელსაც ადგენს კანონი ან სხვა აქტი, და არა რეგისტრაციის ჟურნალს ან იდენტური შინაარსის მქონე მონაცემების შემცველ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განხორციელებულ ფაქტებზე. ასევე შეუძლებელია განახლდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაგალითად 2016 წლის კონკრეტულ თარიღში იახტა „--------- საქართველოს საზღვაო სივრცეში მოძრაობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულია ინფორმაციის შენახვის ვადა, ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს ინფორმაცია გაანადგურა და ახლა არ ფლობს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება ინფორმაციის განადგურების შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა გამოცხადებულ მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სიტყვა ,,ინფორმაცია’’ მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან ("informatio") და განმარტებას, შეტყობინებას, რაიმე მდგომარეობის, მომხდარი ამბის, ვისიმე მოღვაწეობის ცნობებას ნიშნავს. ინფორმაცია არის ცნობები იმ პირების, ობიექტების, ფაქტების, მოვლენებისა და პროცესების შესახებ, რომელთა მოძიებასაც ვახდენთ საჭიროების შემთხვევაში და მათი აქტუალურობა ინფორმაციის შემგროვებელი პირის სუბიექტურ დამოკიდებულებაში გამოიხატება.
საჯარო ინფორმაცია კი ეს არის ისეთი სახის მონაცემების ერთობლიობა, რომლის საჯაროობა, საქვეყნოობა, ღიაობა და ხელმისაწვდომობა გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ გარდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, რაც კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის გათვალისწინებით ემსახურება სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის („ინფორმაციის თავისუფლება“) სამართლებრივ მოწესრიგებაში. აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო მონაცემთა ბაზა არის საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტისათვის, არსებითია განისაზღვროს, შპს „ნავსაყუდელი 2015-ის“ 2018 წლის 24 აგვისტოს განცხადების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა თუ არა სხვის პერსონალურ მონაცემებს, რომლის დაცვის ღირსი ინტერესი აღემატება ამ ინფორმაციის გამჟღავნების ინტრესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად (ინფორმაციის გამოთხოვის დროს არსებული რედაქციით), საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; ვ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
აპელანტი მიუთითებს, რომ არსებობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, რაც გამორიცხავს პერსონალური მონაცემების გაცემაზე უარს. მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ იგი მიეკუთვნება პირისა და მისი საკუთრების მაიდენტიფიცებელ ინფორმაციას, რაც პერსონალურ მონაცემთა კატეგორიაა და კანონის თანახმად მისი გამჟღავნება დაუშვებელია თავად ამ პირთა სათანადო თანხმობის გარეშე, ხოლო გამონაკლისის სახით მისი გაცემა შესაძლებელია დაინტერესებული პირის აღმატებული ინტერესის არსებობის პირობებში, რისი დასაბუთების ვალდებულება თავად ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთია.
პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ითხოვს სხვა პირის პირად საკითხებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ერთმანეთს უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები; კერძოდ, ამ შემთხვევაში პირის უფლება, რომ მიიღოს საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია, კონფლიქტშია მეორე პირის უფლებასთან, რომ არავისთვის გახდეს ხელმისაწვდომი მის შესახებ არსებული ინფორმაცია. დასახელებულ უფლებებს შორის კონფლიქტის საკითხი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ უფლებების დაბალანსების გზით, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად უნდა გადაწყდეს, ამასთან შეპირისპირებულ ინტერესებს შორის ბალანსი თითოეულ შემთხვევაში ინფორმაციის შინაარსსა და ინდივიდუალურ გარემოებებზეა დამოკიდებული.
წინამდებარე საქმეზე, მოსარჩელის ინტერესი სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებზე გამოწვეული იყო ამ პირთა მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობით. აღნიშნული ხელშეკრულებები, არ შეიცავს ხელშეკრულების მხარის სრულყოფილ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რისი არქონის პირობებშიც აპელანტის განმარტებით ვერ ახდენს მისი სასამართლოსთვის მიმართვის უფლების რეალიზებას, ანუ ცალსახაა, რომ მოცემულ დავაში მხარის ინტერესი უკავშირდება სამოქალაქო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოში აღსაძრავი სამოქალაქო დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის შესაბამისი პირობების შექმნას.
პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებები მომსახურების გაწევაზე დადებულია კერძო ავტონომიის პრინციპზე დაყრდნობით. თითოეული სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა კი სწორედ აღნიშნული პრინციპის საფუძველზე ხორციელდება. კერძო ავტონომია ხელშეკრულების მონაწილე მხარეებზე სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი უფლებამოსილების დელეგირების მაგალითად შეიძლება იქნეს აღქმული. სახელმწიფო ხელშეკრულების ხელმშეკვრელ პირებს მათთვის სასურველი პირობის სამართლებრივად განსაზღვრის უფლებას ანიჭებს. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თავად აწესებენ იმ ქცევის წესს, რომლის შესრულების სავალდებულოობაც სწორედ მათ მიერ განისაზღვრება. ხელშეკრულების თავისუფლების ძირითადი არსია ის, რომ მხარეებმა საკუთარი ინტერესის ფორმირება საკუთარ ნებაზე დაფუძნებული სახელშეკრულებო პირობებით მოახდინონ. ხელშეკრულების თავისუფლება რამდენიმე ასპექტით განისაზღვრება. ესენია: ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება, კონტრაჰენტის არჩევის შესაძლებლობა, ხელშეკრულების ფორმის არჩევის თავისუფლება, ხელშეკრულების ტიპის არჩევის თავისუფლება და ხელშეკრულების დადების თავისუფლება. თითოეული მათგანის რეალიზაცია ხელშეკრულების მონაწილეთა უფლებების განხორციელების შედეგს წარმოადგენს, რაც მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებით ხორციელდება. ხელშეკრულება პირის მიერ გამოვლენილი ნების რეალიზაციის საშუალებას/ინსტრუმენტს წარმოადგენს. იგი, როგორც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ინსტრუმენტი, პიროვნების თავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები თვითონ განსაზღვრავენ ხელშეკრულების შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო რისკებს (მხარეები თავადვე არიან ვალდებულნი შეაფასონ სიტუაცია ეკომონიკური რისკის ფარგლებში, დასახონ პრიორიტეტები, გაითვალისწინონ კონტრაჰენტის ეკონომიკური თუ პიროვნული მახასიათებლები და სხვა) და ერთმანეთთან ურთიერთობაში შებოჭილნი არიან, სწორედ ამ ხელშეკრულებით.
პირად სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას.
შეპირისპირებულ ინტერესებს შორის ბალანსის შეფასების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებიდან გამომდინარე სასამართლოში წარსადგენი/წარდგენილი სარჩელის პერსპექტივის შექმნის მიზნით პირად სფეროში ჩარევა გამართლებული არ არის, რა დასკვნაც, როგორც უკვე აღინიშნა, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რა პირობებშიც ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა და ხელშეკრულება შეადგინონ იმგვარი სახით, რაც რომელიმე მხარის მხრიდან მისი დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს საშუალებას მისცეს დავა აწარმოოს სასამართლოში სრულყოფილად შევსებული და დასაბუთებული სარჩელის შედგენის გზით, შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც შესაძლოა გახდეს პირის ან მისი საკუთრების შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საფუძველი.
ამასთან, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მოპასუხის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული არ არის, ამ უკანასკნელის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კი არსებობს კანონიერი ნდობის პრინციპი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (ზაკ-ის 5.1. მუხლი). შესაბამისად ამ მიმართებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
აპელანტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბ---------------------–------“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე