გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2020
საქმის ნომერი
330310019003173488
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3/6894-19

30 მარტი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

 

მოსარჩელე - მი----–--------ძე

წარმომადგენელი - კა----------–-----ე

 

მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენლები - მა----------–ია, ნ---------------ძე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო კომისიის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მი----–--------ძის შეფასება (ნედლი ქულა 16) და 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება მი----–--------ძის ნაწილში (დაზუსტებული მოთხოვნა, 06.03.2020 წლის სხდომის ოქმი);

 

1.2. დაევალოს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მი----–--------ძეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიენიჭება გამსვლელი ქულა 18 და აღნიშნული ქულის გათვალისწინება მოხდება რანჟირების დოკუმენტში (დაზუსტებული მოთხოვნა, 06.03.2020 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მი----–--------ძემ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 16 ქულა, შესაბამისად, მან ვერ დააგროვა აღნიშნულ გამოცდაში გამსვლელი ქულა - 17,50-ზე მეტი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აბიტურიენტის საგამოცდო ბარათი (ს.ფ. 20);

-შეფასების ბარათი (ს.ფ. 23);

 

3.2. მი----–--------ძეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა შეესრულებინა 3 დავალება, მათ შორის, მხატვრული ტექსტის ანალიზი (მე-3 დავალება).

 

დადგენილია, რომ წინასწარ დამტკიცდა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის შეფასების სქემა, ხოლო დანართი №1-ით განისაზღვრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შეფასების სქემა.

 

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის (ქართული ენა და ლიტერატურა) შეფასების სქემის თანახმად, ,,მხატვრული ტექსტის ანალიზში“ დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 30-ს და ის ფასდებოდა 10 კრიტერიუმით. ამასთან, შეფასების სქემაში აღნიშნული იყო, რომ თუ აბიტურიენტის ნაშრომი მოცემული ტექსტის პერიფრაზია, თითოეული მითითება მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით არის შესრულებული ან ტექსტი მთლიანად არაადეკვატურადაა გაგებული (ანდა გაურკვეველი კალიგრაფიის გამო ნაშრომის წაკითხვა ვერ ხერხდება), დაიწერებოდა 0 ქულა და ნაწერი აღარ გასწორდებოდა. დავალების ესა თუ ის მითითება შესრულებულად არ ჩაითვლებოდა, თუ მასზე მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნებოდა პასუხი გაცემული.

 

აბიტურიენტის შეფასების ბარათის მიხედვით, მი----–--------ძის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შესრულებული მე-3 დავალება (მხატვრული ტექსტის ანალიზი) საგამოცდო კომისიის მიერ შეფასებული იქნა 0 ქულით, შესაბამისად, ბარათში აღნიშნული დავალების ყველა კრიტერიუმში მითითებული იქნა 0 ქულა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის (ქართული ენა და ლიტერატურა) შეფასების სქემა (დანართი N1) (ს.ფ. 94-102);

-შეფასების ბარათი საგანში - ქართული ენა და ლიტერატურა (ს.ფ. 25);

 

3.3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 13 აგვისტოს №1----- ბრძანებით შეიქმნა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განმხილველი საგნობრივი კომისიები, კონკრეტული შემადგენლობებით.

 

დადგენილია, რომ მი----–--------ძემ გაასაჩივრა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. კერძოდ, მან სადავოდ გახადა მე-3 დავალების (მხატვრული ტექსტის ანალიზი) შეფასება 0 ქულით (ნაშრომის კოდი: 4--------).

 

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კომისიამ იმსჯელა წარდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადებიდან: ა) 16203 დავალების შეფასების სისწორე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გამსწორებლების მიერ სწორედ იქნა შეფასებული ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებებში მითითებული ტესტური დავალებები; ბ) 846 დავალების სისწორე უნდა დაკმაყოფილდეს და აბიტურიენტს შეეცვალოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების/დავალებების შეფასება.

 

ამავე გადაწყვეტილების დანართის თანახმად, მი----–--------ძის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ,,მხატვრული ტექსტის ანალიზის“ დავალებაში (ნაშრომის კოდი: 4--------) მიღებული შეფასება დარჩა უცვლელი - 0 ქულა (ყველა კრიტერიუმში).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 13 აგვისტოს №1----- ბრძანება (ს.ფ. 103-107);

-ამონაწერი აპლიკანტის პორტალიდან (ს.ფ. 24);

-2019 წლის 23 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 57);

-2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და მისი დანართი (ს.ფ. 58-61).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება”

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის 51-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 05 თებერვლის №93 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულება“. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს ცენტრის სახელით; ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული და საერთო

სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცდა ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება”, რომელიც არეგულირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.

 

მითითებული დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. ამავე დებულების მე-2 მუხლის ,,ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საგნობრივი კომისია არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო, ხოლო ,,ფ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეფასების სქემა არის ამ დებულებით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება პასუხების ფურცლების გასწორება.

 

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება: ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით; ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტებისშეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით. მითითებული დებულების 301 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.

 

აღნიშნული დებულების 302-ე მუხლის მიხედვით, საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო 306-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები: ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ; ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ; გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს ცენტრის დირექტორს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მი----–--------ძემ მონაწილეობა მიიღო 2019 წელს გამოცხადებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 16 ქულა. შესაბამისად, მან ვერ დააგროვა გამსვლელი ქულა - 17,50-ზე მეტი.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ,,მხატვრული ტექსტის ანალიზის“ დავალებაში მიიღო შეფასება 0 ქულა, რაც გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 13 აგვისტოს №1----- ბრძანებით შექმნილ შესაბამის საპრეტენზიო განცხადებების განმხილველ საგნობრივ კომისიაში.

 

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილმა საგნობრივმა კომისიამ იმსჯელა წარდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე და 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მი----–--------ძის მიერ სადავოდ გამხდარი დავალების შეფასება დარჩა უცვლელი.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ,,მხატვრული ტექსტის ანალიზის“ დავალებაში მიღებულ შეფასებას (0 ქულა) და მიაჩნია, რომ აღნიშნული დავალების შეფასების სქემის მე-4, მე-6 და მე-8 კრიტერიუმებში შესაძლებელი იყო საგამოცდო კომისიის მიერ მისთვის თუნდაც თითო ქულის დაწერა. ამასთან, მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მი----–--------ძე დაიბადა და 2015 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, მან სრულფასოვნად არ იცოდა ქართული ენა და ლიტერატურა და მისი შესწავლა გამოცდამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე დაიწყო. ასევე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩატარებამდე 2 დღით ადრე გარდაეცვალა მამა, რამაც მძიმე ემოციური გავლენა იქონია მასზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აბიტურიენტის მიერ შესრულებული ნაშრომის შეფასებას საგამოცდო კომისია ახდენს წინასწარ დადგენილი შეფასების სქემის მიხედვით, რაც მოცემულ შემთხვევაშიც იყო დადგენილი. კერძოდ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის (ქართული ენა და ლიტერატურა) შეფასების სქემის თანახმად, ,,მხატვრული ტექსტის ანალიზში“ დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 30-ს და ის ფასდებოდა 10 კრიტერიუმით. ამასთან, შეფასების სქემაში აღნიშნული იყო, რომ თუ აბიტურიენტის ნაშრომი მოცემული ტექსტის პერიფრაზია, თითოეული მითითება მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით არის შესრულებული ან ტექსტი მთლიანად არაადეკვატურადაა გაგებული (ანდა გაურკვეველი კალიგრაფიის გამო ნაშრომის წაკითხვა ვერ ხერხდება), დაიწერებოდა 0 ქულა და ნაწერი აღარ გასწორდებოდა. დავალების ესა თუ ის მითითება შესრულებულად არ ჩაითვლებოდა, თუ მასზე მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნებოდა პასუხი გაცემული.

 

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტი დავალების გაცნობისას ეცნობა მითითებულ ინსტრუქციას, რომელიც თითოეულ დავალებას თან ახლავს და სადაც განმარტებულია დავალების შესრულების პრინციპი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპი ცნობილი იყო მი----–--------ძისთვისაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული დავალება წინასწარ დადგენილი შეფასების სქემის მიხედვით, საგამოცდო კომისიის მიერ შეფასებული იქნა 0 ქულით და ნაწერი აღარ გასწორებულა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გარკვეულ კრიტერიუმებში შესაძლებელი იყო მისთვის თუნდაც ერთი ქულის დაწერა, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოცემული დავალების შესრულების პრინციპის დარღვევის გამო, ნაშრომი შეფასდა 0 ქულით და შეფასების თითოეული კრიტერიუმის მიხედვით იგი აღარ გასწორებულა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ მი----–--------ძის მიერ შესრულებული ნაშრომი წარმოადგენდა მოცემული ტექსტის პერიფრაზს, მოკლე შინაარსს და მასში არ იყო გადმოცემული თავად აბიტურიენტის მსჯელობა (თითოეული მითითება მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იყო შესრულებული), რის გამოც ვერ მოხერხდა ნაშრომის უფრო მაღალი ქულით შეფასება. მანვე განმარტა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა არაპროგრამული ნაწარმოების ნაცვლად არჩევანი გაეკეთებინა პროგრამულ ნაწარმოებზე, მაგრამ მან აირჩია უცნობი ნაწარმოები, თუმცა დავალება სრულყოფილად ვერ შეასრულა. საწინააღმდეგო არგუმენტაცია მოსარჩელე მხარეს სასამართლო სხდომაზე არ დაუფიქსირებია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესრულებული დავალებების შეფასება საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არსებითად ვერ შეაფასებს მი----–--------ძის მიმართ, კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებებს/მისთვის დაწერილ ქულებს. სასამართლოს დასკვნით, განცხადებების/საჩივრების განმხილველი საგნობრივი კომისიების მიერ მიღებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა თუ არა გამოცდის ჩატარება და აბიტურიენტის შეფასება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით (შეფასების სქემების მიხედვით), ხოლო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე№ბს-797 (კ-18)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,...ექსპერტებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში ხდება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მიზანშეწონილობის მოსაზრებებს არ აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონიერების მოთხოვნებთან. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.“

 

სასამართლოს მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტსა და 27-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომელთა თანახმად, საგნობრივი კომისია არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრებისას, საჩივრებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საგნობრივი კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. კომისიის მიერ სხვადასხვა საგამოცდო დავალებების, აბიტურიენტების მიერ გაცემული პასუხებისა და მათი შეფასების შედეგად დაწერილი ქულების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით, საგამოცდო კომისიის/საგნობრივი კომისიის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგამოცდო/საგნობრივი კომისიის წევრების მიერ კონკრეტული აბიტურიენტის მიერ შესრულებული ნამუშევრის შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ საგნობრივი კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, თავის მხრივ, არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შეფასების სქემა წინასწარ იყო დამტკიცებული და იგი ზუსტად განსაზღვრავდა იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მოხდებოდა აბიტურიენტის ნაშრომის შეფასება.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დეტალურად არის განსაზღვრული რა პრინციპით უნდა შემოწმდეს თითოეული ნაშრომი, ხოლო მოსარჩელის პოზიცია მხოლოდ მის განმარტებებსა და სუბიექტურ შეფასებებს ემყარება და არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კომისიამ მოსარჩელის მიერ შესრულებული ნაშრომი/დავალება შეაფასა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით. კომისიის მხრიდან რაიმე სახის პროცედურულ დარღვევაზე არც მოსარჩელე მიუთითებდა.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებებზე, რომ იგი დაიბადა და 2015 წლამდე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, სათანადოდ არ იცოდა ქართული ენა და გამოცდამდე 2 დღით ადრე გარდაეცვალა მამა, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მი----–--------ძისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული ქულის მომატების საფუძველს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში უფლებამოსილია შეამოწმოს მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და არა მისი მიზანშეწონილობა. ამასთან, მოსარჩელის ინდივიდუალური/სუბიექტური გარემოებები, რომელსაც კანონმდებელი აქტის კანონიერების განმსაზღვრელ გარემოებებად არ მიიჩნევს, ვერ გახდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მი----–--------ძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მი----–--------ძის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი