განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2018
საქმის ნომერი
330310114535605
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310114535605 (3ბ/706-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ი-----–------------–---, ს--------–-–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’

წარმომადგენელი - ც---–-----------–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ივნისის №----- გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ უარი ეთქვა ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე; მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მიერ წარდგენილი ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაეკისრა მოსარჩელე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 25 აპრილს წარადგინა სატარიფო განაცხადი ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით. კომისიის 2014 წლის 29 აპრილის №6------------- წერილით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა.

 

2.2. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2014 წლის 4 ივნისის №------- წერილით წარუდგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მათ შორის: განხორციელებული შესყიდვების სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების RS რეესტრი; 2013 წლის საბანკო ამონაწერების ელექტრონული ვერსია; საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის წესის ასლი; ხელშეკრულების ასლები ბუღალტრულ, იურიდიულ-საკონსულტაციო, აუდიტორულ მომსახურებაზე, ქონების იჯარაზე, საწარმოს დაცვაზე და საწარმოს ქონების დაზღვევაზე (სადაზღვევო პოლისი); მოქმედი სასესხო ხელშეკრულებები და გრაფიკები. ამასთან, ამავე წერილით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ მითითებული ინფორმაციის კომპანიის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა მოითხოვა. 2014 წლის 12 ივნისს წარდგენილი წერილით, მოსარჩელემ დამატებით ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მოითხოვა.

 

2.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ივნისის №----- გადაწყვეტილებით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მოთხოვნა 2014 წლის 4 ივნისის №------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მიერ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტები: განხორციელებული შესყიდვების სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების RS რეესტრი; 2013 წლის საბანკო ამონაწერები; მოქმედი სასესხო ხელშეკრულებები და გრაფიკები ცნობილ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ უარი ეთქვა ,,საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის წესის’’, სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და ქონების იჯარაზე გაფორმებული ხელშეკრულებების, აგრეთვე ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ივნისის №----- გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავო სფეროში მოქმედ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. იმავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ნ'' ქვეპუნქტის თანახმად, საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. კომერციულ საიდულოებას განმარტავს და ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის პროცედურას ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით - სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას. მითითებულ ნორმის ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია კომერციული ღირებულება, ანუ რომლის გამჟღავნებასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამასთან, პირი, რომელსაც შეეხება ინფორმაცია, პირადად განსაზღვრავს კომერციული თვალსაზრისით რამდენად ღირებულია ეს ინფორმაცია მისთვის და თავადვე ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხის ინიცირებას. შესაბამისად, მასვე ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს, თუ რა საფრთხეების მატარებელია მისთვის ინფორმაციის ღიად დატოვება. ამდენად, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მატარებელია, მოსარჩელის მხარესაა, მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს და დასაბუთოს ინფორმაციის გამჟღავნების შედეგები, კერძოდ, ინფორმაციის გამჟღავნება რა გავლენას იქონიებს მის კომერციულ ფასეულობაზე, რა გავლენას მოახდენს ინფორმაციის მფლობელის კონკურენტუნარიანობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლით დადგენილი პროცედურით მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლიებად მიჩნევა, ხოლო საფრთხის ობიექტად მიუთითა საწარმოს კონკურენტუნარიანობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონიერების შეფასებისას უნდა დადგინდეს, სადავო ინფორმაციის გამჟღავნება გავლენას იქონიებს თუ არა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ კონკურენტუნარიანობაზე. აღნიშნული საკითხის შეფასებისთვის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის ცნებებზე. ზოგადი წესის თანახმად, კონკურენცია არის მეტოქეობა ცალკეულ სუბიექტებს (კონკურენტებს) შორის რაიმე ასპარეზზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ეკონომიკის სფეროში კონკურენცია გულისხმობს მეწარმეთა შეჯიბრს საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და გასაღების ხელსაყრელი პირობებისათვის. ანალოგიური შინაარსისა კონკურენციის ნორმატიული განმარტება, კერძოდ, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენცია არის შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. შესაბამისად, კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს საწარმოს უნარს, უზრუნველყოს კომერციული წარმოება გარკვეულ ბაზარზე ისე, რომ გაუძლოს ანალოგიური საქონლის (მომსახურების) საბაზრო კონკურენციას. იმისათვის, რომ მეწარმემ გაუძლოს კონკურენციას და იყოს კონკურენტუნარიანი, უნდა უზრუნველყოს მიმწოდებლებითვის/მომხმარებლებისთვის ბაზარზე მოქმედ სხვა საწარმოსთან შედარებით ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. სადავო ინფორმაციის გამჟღავნებით საწარმოს კონკურენტუნარიანობაზე გავლენის ქონას სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი ელექტოენერგიას ყიდულობს მცირე ჰესებისგან, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ვალდებულება მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიყიდონ მხოლოდ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’. ბაზარზე გარდა პირდაპირი მომახრებელებისა, ფუნქციონირებს სამი ენერგოგამანაწილებელი კომპანია, რომლებიც ელექტროენერგიას, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მსგავსად, ყიდულობენ მცირე ჰესებისგან. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ რომელიმე პირდაპირმა მომხმარებელმა ან სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაზე’’ სულ მცირე ოდენობით ზედმეტი საფასური შესთავაზოს ჰესებს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ჰესების მხრიდან სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან’’ უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ფასის გაძვირება ან უარეს შემთხვევაში, საერთოდ ხელშეკრულების შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ იძულებული გახდება ელექტროენერგია შეიძინოს გაცილებით ძვირად, რათა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება - აბონენტებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის აღნიშნული მოტივაცია და მიიჩნია, რომ კონკურენტი საწარმოების მიერ ელექტროენერგიის გამყიდველებისთვის სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან’’ შედარებით უფრო ხელსაყრელი პირობების შეთავაზებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელისთვის არახელსაყრელი შედეგები - ხარჯების ზრდა, შემოსავლებისა და მოგების შემცირება, რაც თავისთავად გავლენას იქონიებს საწარმოს კონკურენტუნარიანობაზე. ამ შინაარსის ინფორმაცია არის საწარმოს კომერციული საიდუმლოება. აღნიშნულ ინფორმაციას, მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტაციიდან, შეიცავს მხოლოდ ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებები. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მითითებული დოკუმენტაციისთვის კომერციული საიდუმლოების მინიჭების მოტივად მხოლოდ აღნიშნული ინფორმაციის შემცველობას ასახელებს. სადავო დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის სხვა მოტივაცია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მატარებელია, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის ვალდებულებაა.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ივნისის №----- გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ უარი ეთქვა ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე, წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სადავო აქტი უკანონოდ მიიჩნია ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მიერ წარდგენილი ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს წინააღმდეგობრივ სამართლებრივ და ამავდროულად ზოგად, ნაკლებად დასაბუთებულ მსჯელობაზე. სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ (სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’) კომისიაში ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა კონკურენტუნარიანობა, რომ „იგი ელექტროენერგიას ყიდულობს მცირე ჰესებისაგან, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ვალდებულება მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიყიდონ მხოლოდ სს ენერგო-პრო ჯორჯიას. ბაზარზე გარდა პირდაპირი მომხმარებლებისა, ფუნქციონირებს სამი ენერგოგამანაწილებელი კომპანია, რომლებიც ელექტროენერგიას, სს ენერგო-პრო ჯორჯიას მსგავსად, ყიდულობენ მცირე ჰესებისაგან. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ რომელიმე პირდაპირმა მომხმარებელმა ან სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ სს ენერგო-პრო ჯორჯიაზე სულ მცირე ოდენობით ზედმეტი საფასური შესთავაზოს ჰესებს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ჰესების მხრიდან სს ენერგო-პრო ჯორჯიასთან უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ფასის გაძვირება ან უარეს შემთხვევაში, საერთოდ ხელშეკრულების შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში სს ენერგო-პრო ჯორჯია იძულებული გახდება ელექტროენერგია შეიძინოს გაცილებით ძვირად...“. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ „კონკურენტი საწარმოების მიერ ელექტროენერგიის გამყიდველებისათვის სს ენერგო-პრო ჯორჯიასთან შედარებით უფრო ხელსაყრელი პირობების შეთავაზებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელისათვის არახელსაყრელი შედეგები - ხარჯების გაზრდა, შემოსავლებისა და მოგების შემცირება, რაც თავისთავად გავლენას იქონიებს საწარმოს კონკურენტუნარიანობაზე. ამ შინაარსის ინფორმაცია არის საწარმოს კომერციული საიდუმლოება“. აღნიშნული დასაბუთების პარალელურად, სასამართლო იქვე აღნიშნავს, რომ „ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მითითებული დოკუმენტაციისთვის კომერციული საიდუმლოების მინიჭების მოტივად მხოლოდ აღნიშნული ინფორმაციის შემცველობას ასახელებს. სადავო დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის სხვა მოტივაცია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მატარებელია, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის ვალდებულებაა“. მხოლოდ აღნიშნული დასაბუთებულობა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებზე და 27.2 მუხლზე მითითება სასამართლომ მიიჩნია საკმარისად, კომისიის 13.06.2014 წ. №----- გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ნაწილი ეცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კანონსაწინააღმდეგოდ და ბათილად. ამასთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - დადგენილებით ამტკიცებს ტარიფებს, ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 1.1 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წაროებისათვის დადგენილი წესები. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დადგენისას ეყრდნობა: ა) დასაბუთებულ სატარიფო განაცხადს, რომელსაც ერთვის აუდიტორული და ფინანსური ინფორმაცია; ბ) სატარიფო განაცხადის განხილვისა და შესაბამისი დადგენილების მიღების პროცედურებს; გ) მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ტარიფის დადგენის კომენტირების პროცედურებს... საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 ივნისის №8 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის’’ 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,სატარიფო განაცხადის მიღების შემთხვევაში, იწყება მისი განხილვა. ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, გაეცნოს კომისიაში წარდგენილ მასალებს და აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები’’. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართვლოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წაროების განხორციელების დებულების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია 10 დღის ვადაში შესაბამისი სამართლებრივი აქტით კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ნ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონმდებლობით.

 

3.2. აპელანტი ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად კი, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება, აგრეთვე, იურიდიულ პირებზე. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (,,ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს სჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. იმავე კოდექსის 38-ე მუხლი ადგენს, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკითხის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათთვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ღიაობა ორ შემთხვევაშია შეზღუდული: 1) როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და 2) როცა დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, სქემა, ელექტრონული ინფორმაცია...) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ. საჯარო ინფორმაციის გაცემის სუბიექტს წარმოადგენს ყველა ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია სათანადო საჯარო ინფორმაცია ან ხელი მიუწვდება მასზე. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ მტკიცების ტვირთი სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ვალდებულებაა და კონკურენტუნარიანობის შესაძლო დარღვევის გარდა სხვა მოტივაცია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლოსთვის სავარაუდოდ უცნობია, რომ ელექტროენერგიის განაწილების ბაზარზე მოქმედი სამი კომპანიიდან რაზეც გადაწყვეტილებაშია მითითებული, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ე.წ. ,,ბუნებრივ მონოპოლიას“ თავად სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს და იგი სალიცენზიო საქმიანობას ახორციელებს მთელს საქართველოში, გარდა თბილისისა და კახეთის რეგიონისა. აპელანტის მოსაზრებით, აპელირება იმაზე, რომ მცირე ჰესებისათვის, რომლებსაც ხანგრძლივი და გრძელვადიანი ურთიერთობა აკავშირებთ სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, მესამე პირის მიერ სს „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ სულ მცირე ოდენობით ზედმეტი საფასურის შეთავაზებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰესების მხრიდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ფასის გაძვირება ან უარეს შემთხვევაში, საერთოდ ხელშეკრულების შეწყვეტა, ნაკლებ სარწმუნო და არალოგიკურია. რა ფორმით უნდა უღირდეს მცირე ჰესს გაართულოს ან გაწყვიტოს ურთიერთობა ბუნებრივ მონოპოლიასთან, რომელთანაც ხანგრძლივ, მჭიდრო კავშირში იმყოფება და, ამასთან, როცა გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებენ მნიშვნელოვან და სერიოზულ პირგასამტეხლოებს, ჯარიმებსა თუ საურავებს ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მოხმობილი მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, სწორედ კომისიაში საკითხის განხილვის დროსაც კი ვერ შეძლო სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ თავისი მოთხოვნის დასაბუთება, კერძოდ, რა სახის ზიანი ადგებოდა მოთხოვნილი ინფორმაციის ღიად ცნობის შემთხვევაში.

 

3.4. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27.2 მუხლის თანახმად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისათვის აუცილებელია პირის გამოხატული ნება, რომ კოდექსის 27.2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას მიენიჭოს კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ამასთან, მხოლოდ პირის სურვილი არ არის საკმარისი ამა თუ იმ ინფორმაციის დახურულად ცნობისათვის, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას - დამოუკიდებლად, გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე გადაწყვიტოს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნის ამოსავალს წარმოადგენს მისი ინტერესი, დაიცვას საკუთარი კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, თუმცა ინფორმაციის საბოლოოდ გასაიდუმლოებისათვის მხოლოდ ეს ინტერესი არ არის გადამწყვეტი. კომისიას რჩება დისკრეციული უფლებამოსილება, თუ ინფორმაცია თავისი შინაარსით არ შეესაბამებოდა ამ კოდექსის 27.2 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, უარი თქვას ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში კომისიამ მიიჩნია, რომ სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭირვალობა მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენადაც ელექტროენერგიის მომხმარებელმა, რომელიც რეგულარულად იხდის განსაზღვრულ საფასურს, უნდა იცოდეს დადგენილი ტარიფის წარმომავლობის წყარო. შესაბამისად, კომისიამ ჩათვალა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნა არ იყო საკმარისად დასაბუთებული. ინფორმაციის საიდუმლოდ ცნობის მოთხოვნის თავისუფლებას უპირისპირდება ადმინისტრაციული წარმოების ინფორმაციის საჯაროობის ვალდებულება, რომელიც არანაკლები ღირებულებისაა და ემსახურება საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი ინსტიტუტების საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ინტერესის გათვალისწინების უზრუნველყოფას. ეს ორივე ღირებულება ერთმანეთის საპირწონეა და ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევებში პრიორიტეტულობის განსაზღვრას ახდენს უფლებამოსილი დაწესებულება მინიჭებული დისკრეციულობის ფარგლებში. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო სს „ენერგო-პროს ჯორჯიას“ სარჩელის განხილვისას გაეანალიზებინა კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის პროცესის გამჭვირვალობის საკანონმდებლო გარანტია, კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების შინაარსობრივი დატვირთვის არსი და კომპანიის მოთხოვნის მიზანი, მომხმარებელთა საჯარო ინტერესის დაცულობის სს „ენერგო-პროს ჯორჯიას“ კერძო ინტერესთან თანაფარდობა, როდესაც საკითხი ეხებოდა მომხმარებელთა უფლებებს და მათ მოთხოვნებს. შესაბამისად, სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისას კომისიის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია არ გაუთვალისწინებია, სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ხოლო მტკიცებულებები ობიექტურად შეფასებული. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აპელანტის მოსაზრებით, კომისიის მხიდან გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს სს „ენერგო-პროს ჯორჯიას“ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. აპელანტის განმარტებით, კომისიის 2014 წლის 13 ივნისის 2---- გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3.6. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მითითებული საპროცესო დარღვევების გამო, ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად, საქმეზე გამოტანილია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 25 აპრილს წარადგინა სატარიფო განაცხადი ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით. კომისიის 2014 წლის 29 აპრილის №6------------- წერილით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა.

 

4.2. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2014 წლის 4 ივნისის №------- წერილით წარუდგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მათ შორის: განხორციელებული შესყიდვების სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების RS რეესტრი; 2013 წლის საბანკო ამონაწერების ელექტრონული ვერსია; საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის წესის ასლი; ხელშეკრულების ასლები ბუღალტრულ, იურიდიულ-საკონსულტაციო, აუდიტორულ მომსახურებაზე, ქონების იჯარაზე, საწარმოს დაცვაზე და საწარმოს ქონების დაზღვევაზე (სადაზღვევო პოლისი); მოქმედი სასესხო ხელშეკრულებები და გრაფიკები. ამასთან, ამავე წერილით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ მითითებული ინფორმაციის კომპანიის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა მოითხოვა. 2014 წლის 12 ივნისს წარდგენილი წერილით, მოსარჩელემ დამატებით ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მოითხოვა.

 

4.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ივნისის №----- გადაწყვეტილებით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მოთხოვნა 2014 წლის 4 ივნისის №------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მიერ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტები: განხორციელებული შესყიდვების სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების RS რეესტრი; 2013 წლის საბანკო ამონაწერები; მოქმედი სასესხო ხელშეკრულებები და გრაფიკები ცნობილ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ უარი ეთქვა ,,საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის წესის’’, სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და ქონების იჯარაზე გაფორმებული ხელშეკრულებების, აგრეთვე ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.7. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის #ბს-33-32(კ-16) განჩინების გათვალისწინებითა და საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

4.8. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ 2014 წლის 25 აპრილის წერილით ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფის დასადგენად, სახელმწიფოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარუდგინა სატარიფო განაცხადი. კომისიის 2014 წლის 29 აპრილის N06------------- წერილით კომპანიას განესაზღვრა ვადა დამატებით წარსადგენი დოკუმენტაციისათვის. სატარიფო განაცხადის სრულყოფის მიზნით კომპანიამ კომისიას წარუდგინა დამატებითი დოკუმენტაცია. კომპანიამ 2014 წლის 4 ივნისს შუამდგომლობით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, რათა წარდგენილი დოკუმენტაციიდან რამოდენიმე, კერძოდ: შესყიდვების სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების ღშ რეესტრის, 2013 წლის საბანკო ამონაწერის, საქონლის სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის წესის ასლები, ბუღალტრული, იურიდიულ-საკონსულტაციო, აუდიტორულ მომსახურებაზე, ქონების იჯარაზე, საწარმოს დაცვაზე და საწარმოს ქონების დაზღვევაზე ხელშეკრულებების ასლები, მოქმედი სასესხო ხელშეკრულებები და გრაფიკები სზაკ-ის 272-ე მუხლის საფუძველზე კომპანიის კომერციულ საიდუმლოებად ყოფილიყო მიჩნეული და მისი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სხდომის ის ნაწილი, სადაც მოხდება კომერციული საიდუმლოების განხილვა, დახურულად გამოცხადებულიყო. 2014 წლის 12 ივნისს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ კომისიაში დამატებით წარადგინა N------- წერილი, რომლითაც დამატებით მოითხოვა ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, ხოლო კომისიის საჯარო სხდომაზე განხილვისას მოთხოვილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნებას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა მის კონკურენტუნარიანობაზე. სახელმწიფოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ივნისის N2---- გადაწყვეტილებით წარდგენილი ინფორმაცია ნაწილობრივ იქნა ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, კერძოდ, განხორციელებული შესყიდვების სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ-ს ანგარიშფაქტურების (ე.წ. ღშ) რეესტრი, 2013 წლის საბანკო ამონაწერები, მოქმედი სასესხო ხელშეკრულებები და გადახდის გრაფიკები ცნობილ იქნა კომერციულ სადუმლოებად. ამასთანავე, კომპანიას უარი ეთქვა „საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის წესის“, სხვადასხვა მომსახურების შესყიდვასა და ქონების იჯარაზე გაფორმებული ხელშეკრულებების, აგრეთვე ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კომისიის სადავო გადაწყვეტილების (13.06.14წ. N2----) მე-3 პუნქტი ცნობილ იქნა ბათილად იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ უარი ეთქვა ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ამდენად, მოცემული საქმის განხილვის საგანს შეადგენს მხოლოდ კომისიის სადავო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ეხება ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებას.

 

4.9. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მსჯელობას და განმარტავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 5.2 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვს ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სახეზეა მავალდებელი სარჩელი (სასკ-ის 23-ე მუხ.), რომლის დაკმაყოფილება სასკ-ის 33-ე მუხლის თანახმად შესაძლებელია, თუ აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერების გარკვევა საჭიროებს სადავო აქტის კანონიერების შემოწმებას. ვინაიდან სეწმეკ-ის სადავო 13.06.14წ. N2---- გადაწყვეტილება, სზაკ-ის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს ამ აქტის მე-3 პუნქტის იმ ნაწილის, რომლითაც კომპანიას უარი ეთქვა ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებაზე, სათანადო, მოცემულ შემთხვევაში ენერგეტიკის, სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის გარკვევას.

 

4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. ამდენად, კომერციული საიდუმლოება არის საიდუმლო ინფორმაციის ერთ-ერთი სახეობა. კომერციული საიდუმლოების დეფინიციას განსაზღვრავს და ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის პროცედურას ადგენს სზაკ-ის 272-ე მუხლი, რომლის თანახმად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას (272-ე მუხლის 1-ლი ნაწ.). ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ინფორმაციისათვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება მოითხოვს ინფორმაციის კომერციული საიდუმლოებისადმი მიკუთვნების დოკუმენტურ დადასტურებას. პერსონალური მონაცემების დაცვისაგან განსხვავებით, კომერციული საიდუმლოების შემთხვევაში მისი დაცვა იმთავითვე არ არის პრეზუმირებული, ინფორმაციის დაცვის ინტერესი ამ შემთხვევაში თავისთავად არ იგულისხმება. პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი რეჟიმისაგან განსხვავებით, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის, მისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ნების გამოხატვა. ამასთანავე, ინფორმაციის გასაიდუმლოება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სუბიექტის ნება-სურვილზე და მოსაზრებაზე. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებისთვის მფლობელს, ნების გამოხატვის გარდა, უნდა გააჩნდეს საჯარო დაწესებულებაში შენახული ინფორმაციის დაცულობის მიმართ გამართლებული, პატივსადები ინტერესი, რაც განპირობებულია საიდუმლოების მფლობელის შესაძლო თვითნებობის შეზღუდვის საჭიროებით, ვინაიდან კომერციულ საიდუმლოებად ინფორმაციის გამოცხადება აკისრებს სხვებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ვალდებულებას, ანიჭებს ინფორმაციის მფლობელს განსაკუთრებულ უფლებებს, ხოლო სახელმწიფოს ამ უფლებების უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებებს. ინფორმაციის მფლობელის უფლება წინააღმდეგობაში მოვიდოდა თავად უფლების ცნებასთან, უკეთუ იგი მხოლოდ სუბიექტურ შეხედულებაზე იქნება დამოკიდებული და არ დააკმაყოფილებდა რაიმე უნივერსალობის და ობიექტურობის კრიტერიუმს, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი და არა სუბიექტური გრძნობები.

 

4.11. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევა ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია კომერციული ღირებულება, რომლის გამჟღავნება ზიანის მომტანია პირის კონკურენტუნარიანობისათვის. პირი, რომელსაც შეეხება ინფორმაცია, თავად განსაზღვრავს ინფორმაციის ღირებულებას მისთვის და თავადვე ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხის ინიცირებას, მასვე ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ინფორმაციის მისაწვდომობა საფრთხის შემცველია მისთვის. სზაკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა, თუ სურს ამ ინფორმაციის საიდუმლოების უზრუნველყოფა. შესაბამისად, მასვე ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს, თუ რა საფრთხეების მატარებელია მისთვის ინფორმაციის ღიად დატოვება. ამდენად, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მატარებელია, მოსარჩელეს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებას მოითხოვს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოსაგან. ადმინისტრაციულ ორგანოში შესაძლოა სხვა პირთა კომერციული საიდუმლოება ინახებოდეს, საიდუმლოების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფაზე ადმინისტრაციული ორგანო არის ვალდებული, მაგრამ თავად ამ ორგანოს საკუთარი კომერციული საიდუმლოება არ გააჩნია, ადმინისტრაციულ ორგანოსთან დაკავშირებული არც ერთი ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად. სხვა პირის კომერციული საიდუმლოება ადმინისტრაციული ორგანოს მუშაკებისათვის სამსახურებრივი საიდუმლოების სტატუსით უნდა ინახებოდეს ანუ ადგილი აქვს კომერციული საიდუმლოების ერთგვარ ტრანსფორმირებას სამსახურებრივი საიდუმლოების რეჟიმში. სზაკ-ის 273-ე მუხლის მიხედვით, პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემს ან კომერციულ საიდუმლოებას. დაცვის განსხვავებულ რეჟიმს განაპირობებს განსხვავებული სტატუსის მქონე სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცემა. სზაკ-ის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია არის ღია და ხელმისაწვდომი ყველასათვის მანამ, სანამ საპირისპირო არ იქნება დადგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გასაიდუმლოებულია, უკეთუ ინფორმაცია მოცემულ შემთხვევაში განეკუთვნება ინფორმაციის მიმწოდებელი პირის კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, უნდა გაირკვეს, განმცხადებლის სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მიერ დადებული ელექტროენერგიის შესყიდვისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებისადმი მიკუთვნების შესაძლებლობა.

 

4.12. სააპელაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ კომერციული საიდუმლოება არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომერციული ღირებულება აქვს ან ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს მოგების მიღება საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გეგმის, პროცესის, ფორმულის სახით და ეხებოდეს საქონლის წარმოებას, გადამუშავებას, მომზადებას ან მომსახურების გაწევას. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება წარმოადგენდეს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშნელოვან შედეგს. კომერციულად მიიჩნევა ასევე ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე. საიდუმლოების მფლობელის დაცვა ხდება მის მიერ არა მხოლოდ რაიმე განსაკუთრებული ინფორმაციის (მაგ., ბაზარზე დიდი მოთხოვნილების მქონე საქონლის შემადგენლობა) მფლობელობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არამედ ნებისმიერი მესამე პირების არამართლზომიერი ჩარევისაგან დაცვისათვის. საუბარია კომერციული საიდუმლოების მფლობელის უფლებაზე მისთვის სასურველი რეჟიმის დაცვაზე, ასეთ დროს უზრუნველყოფილია საიდუმლოების სამართლებრივი რეჟიმის არამართლზომიერი დარღვევისაგან დაცვა. კომერციული საიდუმლოების დაცვა არის საიდუმლოების მფლობელის ნორმალური საქმიანობის, ფუნქციონირების დაცვა და არა ავტორობის, გამომგონებლობის და ა.შ. დაცვა. მოცემულ შემთხვევაში კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების მოთხოვნა არ ეხება ტექნიკურ მონაცემებს (საიდუმლოების მფლობელს შეუძლია პატენტირების შესაძლებლობის ნაცვლად აირჩიოს მის ხელთ არსებული ტექნიკური ხასიათის მონაცემების საიდუმლო სარგებლობა, ასეთი უპირატესობის დაკარგვის რისკით ნებისმიერი ობიექტურად შემდგარი საიდუმლოების დარღვევის შედეგად. ასეთი არჩევანის მოტივი შეიძლება იყოს ტექნიკური მონაცემების არაპატენტუნარიანობა ან სხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზი). კომერციულ საიდუმლოებას შეიძლება შეადგენდეს როგორც ტექნიკური (ნახაზი, მოდელი, შტამპი), ასევე საქმიანი (მიწოდების და რეალიზაციის არხები, კლიენტურის სია, ხელშეკრულებები) ხასიათის მონაცემები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს პირისათვის. ინფორმაცია, რომელიც შეადგენს კომერციულ საიდუმლოებას, არის ნებისმიერი ხასიათის მონაცემი (საწარმოო, ტექნიკური, ეკონომიკური, ორგანიზაციული და სხვ.), მათ შორის, პროფესიონალური საქმიანობის განხორციელების საშუალების შესახებ მონაცემები, რომლებსაც აქვთ მოქმედი ან პოტენციური კომერციული ღირებულება მათი მესამე პირების მიერ არცოდნის გამო და რომელთა მიმართ მესამე პირებს არ აქვთ თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა კანონის საფუძვლეზე და ამ მონაცემების მიმართ ამოქმედებულია კომერციული საიდუმლოების რეჟიმი. განსახილველ შემთხვევაში კომერციული საიდუმლოების გამოცხადების მოთხოვნა ეხება საქმიანი ხასიათის მონაცემების (დადებული ხელშეკრულებების) კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებას. ვინაიდან ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურად ცნობას ითხოვს მოსარჩელე, არის არა პირველადი, ანუ არ არის შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არამედ ნაწარმოებია, შექმნილია ხელშეკრულების მხარეების მიერ, ხოლო საიდუმლო ინფორმაცია შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულებაში არა მხოლოდ შექმნილი, არამედ აგრეთვე მიღებული და დაცული ინფორმაცია (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ნ“ ქვეპუნქტი), შესაბამისად, ინფორმაციის მფლობელები (ხელშეკრულების მხარეები) დამოუკიდებლად წყვეტენ ინფორმაციისათვის კონფიდენციალური ინფორმაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოში ინიცირების საკითხს. კომერციული საიდუმლოება ქმნის კონფიდენციალური ინფორმაციის რეჟიმს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მის მფლობელს შეინარჩუნოს ბაზარზე მდგომარეობა ან მიიღოს სხვა კომერციული მოგება, გაზარდოს შემოსავალი, თავი აარიდოს გაუთვალისწინებელ დანახარჯებს. ინფორმაციის კონფიდენციალობა გულისხმობს კანონის საფუძველზე დადგენილ სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, პირის (მფლობელის) თანხმობის გარეშე მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვას (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), პირის (ინფორმაციის მფლობელის) უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითხი.

 

4.13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე გამოტანილ 2017 წლის 28 თებერვლის #ბს-33-32(კ-16) განჩინებაში საკასაციო პალატამ ასევე მართებულად განმარტა, რომ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა საჭიროებს ინფორმაციის მფლობელის ნების გამოხატვას. კომერციული საიდუმლოება, როგორც სამართლით დაცული ობიექტი, არ არსებობს ინფორმაციის მფლობელის გარეშე (ამით განსხვავდება ის ნოუ-ჰაუსგან, რომელიც შესაძლოა არსებობდეს მფლობელისაგან დამოუკიდებლად). საიდუმლოების მფლობელის გამართლებულ პატივსადებ ინტერესთან და ინფორმაციის გაუვრცელებლობასთან ერთად, საიდუმლო ინფორმაციის ერთ-ერთი ნიშანი არის აგრეთვე მფლობელის ნება დაიცვას ინფორმაციის საიდუმლოება მესამე პირებისაგან. კონფიდენციალობა არის ინფორმაციის თვისება, მისი ნიშანი, რომელიც მიცემულია მისთვის დაინტერესებული პირის მიერ. შესაბამისად, პირის ვალდებულება არ დაუშვას მისი გავრცელება, არის ამ თვისებების შედეგი. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაციის მფლობელი არის არა ერთი, არამედ რამოდენიმე პირი (ელექტროენერგიის ნასყიდობის და გატარების ხელშეკრულებების მხარეები). კომერციული საიდუმლოების სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, ინფორმაციისათვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება შექმნის ვითარებას, რომლის პირობებში ის იმპერატიული, შესასრულებლად სავალდებულო იქნება იმ პირისთვის, რომელსაც ის წარედგინება (მოცემულ შემთხვევაში კომისიისათვის) და დისპოზიციური იქნება ინფორმაციის წარმდგენი სუბიექტისათვის (მოცემულ შემთხვევაში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’-თვის) და იმ პირებისათვის, რომლებსაც ის უშუალოდ ეხება, კერძოდ, ელექტროენერგიის გენერაციის და გატარების სუბიექტებისათვის ანუ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მიერ დადებული შესაბამისი ხელშეკრულებების კონტრაჰენტებისათვის. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, უკანასკნელთა მიერ რაიმე დაინტერესება ასეთი ინფორმაციის გასაიდუმლოებით საქმის მასალებით არ იკვეთება, მათ ასეთი ნება-სურვილი არ გამოუთქვამთ, ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების მოთხოვნით კომისიისათვის განცხადებით არ მიუმართავთ, ისინი საერთოდ არ არიან ჩართულნი საქმეში. შესაბამისად, არ იკვეთება ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების ძირითადი პირობა - ინფორმაციის მფლობელის ნება. აღნიშნული ეხება ელექტროენერგეტიკის დერეგულირებულ სფეროში მოქმედ სუბიექტთან დადებულ ხელშეკრულებებსაც, კერძოდ იმ საწარმოებთან დადებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობენ (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, აგრეთვე 01.08.08წ. შემდეგ აშენებულ ელექტროსადგურებს („ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-2 მუხ. „ჯ“ ქვეპუნქტი, 493 მუხ.)). სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საიდუმლოება გულისხმობს ერთგვარ მონოპოლიას ინფორმაციაზე, ინფორმაციის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას ინფორმაციაზე, მეორე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად, მათ ეკრძალებათ ამ ინფორმაციის გადაცემა, გამოქვეყნება, ნებისმიერი საშუალებებით გავრცელება. ამასთანავე, მესამე პირებს ევალებათ ამ ინფორმაციის მოპოვებისაგან თავის შეკავება. სწორედ ასეთ სამართლებრივ რეჟიმს ქმნის საწარმოო-კომერციული საიდუმლოება. უკვე აღინიშნა, რომ კომერციული საიდუმლოების დაცვა დისპოზიციურია ინფორმაციის მფლობელისათვის. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ისეთი ინფორმაციის კომერციული საიდუმლოების რეჟიმში დაცვას, ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას, რომელსაც თავად ინფორმაციის მფლობელი ავრცელებს. საიდუმლოება არის ინფორმაცია მისი მფლობელისთვის, მაგრამ მესამე პირების მიმართ საიდუმლოება ენტროპიის, არცოდნის, გაურკვევლობის სახით ავლენს თავს. ამასში ვლინდება საიდუმლოების ფენომენის ორმაგი, პოლარული, ამბივალენტური ხასიათი. უფლება საიდუმლოებაზე მოქმედებს მანამ, სანამ დაცულია ინფორმაციაზე ფაქტობრივი მონოპოლია, აგრეთვე სახეზეა მისი დაცვის კანონით გათვალისწინებული პირობები. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში ინფორმაციის მფლობელი არის არა მხოლოდ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’, არამედ ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ხელშეკრულებების კონტრაჰენტები, რომლებიც სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მსგავსად ფაქტობრივად ასევე არიან ინფორმაციის მფლობელები და აღნიშნულის გამო ამ ინფორმაციის კომერციული საიდუმლოების რეჟიმი მათთვის არ არის იმპერატიული. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ინფორმაციის გამჟღავნების შედეგად მისი ხელმისაწვდომობა, ასეთი ინფორმაციის მიმართ ვერ დგინდება შემდგომში საიდუმლოების რეჟიმი. ინფორმაციის მისაწვდომობა უკარგავს მას კომერციული ღირებულების ხარისხს. ინფორმაციაზე მონოპოლიის შენარჩუნება დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა თავად იმ პირზე, რომელმაც უნდა მიიღოს სათანადო ზომები ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვისა და ფაქტობრივი მონოპოლიის შენარჩუნებისათვის. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებებისათვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება არ იქნება ხელშეკრულებების კონტრაჰენტებისათვის, როგორც ინფორმაციის მფლობელებისათვის, ხელშეკრულებებში ასახული ინფორმაციის (გასაყიდი ელექტროენერგიისა და გატარების მომსახურების ფასის, ოდენობის, ამ ხელშეკრულებებში ასახული სხვა ინფორმაციების) გავრცელების დამაბრკოლებელი გარემოება. ინფორმაციის ერთიანობის, განუყოფლობის თვისებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება აზრს უკარგავს მის დაცვას. სამოქალაქო კოდექსის 1105-ე მუხლის თანახმად, მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით, განსაკუთრებული უფლება აქვს ამ ინფორმაციაზე. სკ-ის 1105-ე მუხლის თანახმად, საწარმოო-კომერციული საიდუმლოების მფლობელს, ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტის მფლობელის მსგავსად, გააჩნია მასზე განსაკუთრებული უფლებები. მფლობელის განსაკუთრებული უფლების დასაცავად მფლობელს უნდა ჰქონდეს მიღებული ზომები ინფორმაციის საიდუმლოდ შესანახად. საწარმოს საიდუმლოების მფლობელი უნდა ეცადოს დაიზღვიოს თავი და ნებისმიერ პირთან, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლოებაზე, დადოს ე.წ. ხელშეკრულება საიდუმლოს გაუმჟღავნებლობის შესახებ (ხელშეკრულება კონფიდენციალურობის შესახებ), რომელიც მხარეებს უადვილებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, ვინაიდან მათ აღარ მოეთხოვებათ იმის მტკიცება, რომ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები გააჩნიათ ერთმანეთთან. ასეთი ხელშეკრულება თავისთავად წარმოადგენს ასეთ დასტურს. მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში დამრღვევის პასუხისმგებლობა არ დგება. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ წარმოუდგენია კონტრაჰენტებთან დადებული კონფიდენციალობის შესახებ ხელშეკრულებები ან ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ხელშეკრულებები, რომლებიც შეიცავენ კონფიდენციალობის შესახებ დათქმის დებულებებს. ინფორმაციის კონფიდენციალურობის კატეგორიისადმი მიკუთვნება გულისხმობს თავისუფალი შეღწევისაგან დაცვას და მათი დაცვის ეფექტური სისტემის არსებობას. საიდუმლო ინფორმაცია სამართლის დაცვის განსაკუთრებულ ობიექტად იქცევა, საიდუმლოების დაცვის საშუალებანია: საიდუმლოების უფლების აღიარება, საიდუმლოების რეჟიმის დამრღვევის მოქმედების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურება და სხვ, საშუალებები, რომლებზედაც შესაძლოა მიუთითოს საიდუმლოების მფლობელმა. ხელშეკრულებების კონტრაჰენტების, როგორც ინფორმაციის მფლობელებისათვის, ინფორმაციის გავრცელების აკრძალვის მოთხოვნა ვერ იმოქმედებს, ვინაიდან მათთვის კომერციული საიდუმლოების სამართლებრივ რეჟიმს ვერ ექნება იმპერატიული ხასიათი, შესაბამისად, არ არსებობს გენერაციისა და გატარების სუბიექტებისათვის ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვის, ასეთი ინფორმაციის გავრცელებისა და გამოყენებისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების, კონკრეტული პირების მიმართ სანქციების გამოყენების, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების (სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვების, გახმაურების ან გამოყენებისათვის) საფუძველი. დოკუმენტისათვის საიდუმლოს სტატუსის მინიჭება მოითხოვს გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის, დაცულობის მოთხოვნების ოპტიმალური სისტემის უზრუნველყოფას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

4.14. მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატამ ასევე სწორად განმარტა, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურების და მაშასადამე კონფიდენციალობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი შემდგომი დაცვა არ მიიჩნევა „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 26.11.1991წ. გადაწყვეტილება „ობსერვერი და გარდიანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", Oბსერვერ ანდ Gუარდიან ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ). ინფორმაციის პოლარული, ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობა - ერთი მხრივ, ინფორმაციის საიდუმლოება და მეორე მხრივ, საჯაროობა - მკვეთრად ავლენს ინფორმაციის ტრანსფორმირების მიმართულებას - როგორც წესი საიდუმლოებიდან საჯაროობისაკენ და არა პირიქით. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებების კონტრაჰენტების შესაძლებლობა - გაავრცელონ ინფორმაცია ხელშეკრულებების შესახებ, არ იძლევა კომერციული საიდუმლოების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების მიღების შესაძლებლობას. საქმის მასალების ხელახალი შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ინფორმაციის გავრცელების გამო მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, კონკურენტუნარიანობის შელახვა, რაც წარმოადგენს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების პირობას. საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ სადავო აქტის მიღების მომენტისთვის სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების კომპანია. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ ელექტროენერგიის ბაზარზე არის დომინანტი სუბიექტი, შესაბამისად, მისი კონკურენტუნარიანობის შეზღუდვის მოსაზრებებით კომპანიის მიერ დადებული ელექტროენერგიის შესყიდვისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადება არ არის დასაბუთებული. ზიანის ობიექტად კომპანია უთითებს საწარმოს კონკურენტუნარიანობას. კომერციული საიდუმლოების დაცვის საჭიროებას სამეწარმეო საქმიანობისათვის კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნა განაპირობებს. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. კონკურენცია არის მეტოქეობა ცალკეულ სუბიექტებს (კონკურენტებს) შორის რაიმე ასპარეზზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ეკონომიკის სფეროში კონკურენცია გულისხმობს მეწარმეთა შეჯიბრს საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და გასაღების ხელსაყრელი პირობებისათვის. ანალოგიური შინაარსისაა კონკურენციის ნორმატიული განმარტება, კერძოდ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენცია არის შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. შესაბამისად, კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს საწარმოს უნარს, უზრუნველყოს კომერციული წარმოება გარკვეულ ბაზარზე ისე, რომ გაუძლოს ანალოგიური საქონლის (მომსახურების) საბაზრო კონკურენციას. იმისათვის, რომ მეწარმემ გაუძლოს კონკურენციას და იყოს კონკურენტუნარიანი, უნდა უზრუნველყოს მიმწოდებლებითვის/მომხმარებლებისთვის ბაზარზე მოქმედ სხვა საწარმოსთან შედარებით ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. საქართველოს კონსტიტუციის 30.2 მუხლით დადგენილი აკრძალვა მონოპოლიურ საქმიანობასთან მიმართებით არ არის აბსოლუტური ხასიათის და სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებისათვის ხელშეწყობის ვალდებულების პირობებში ითვალისწინებს მონოპოლიური საქმიანობის გამონაკლის შემთხვევებსაც. ეკონომიკური თვალსაზრისით კომერციული საიდუმლოება არის საწარმოს უპირატესობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, კომერციული საიდუმლოების დარღვევა განიხილება როგორც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები, რომ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი მონოპოლიები შეადგენს. აღნიშნული განაპირობებს მარეგულირებელი ორგანოს რეგულირების ფუნქციის გაძლიერებას, რაც ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, სამართლიანი მიდგომის პრინციპის დაცვით, უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების რეგულირებას. ამისათვის უნდა განისაზღვროს მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მარტივი და სამართლიანი წესები, რომლებიც გულისხმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ტრანსფარენტობის მაღალ ხარისხს. არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით საკანონმდებლო რეგულირება მოწოდებულია უზრუნველყოს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში, საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა და მათ საფუძველზე სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ბაზის შექმნა, რათა დაიცვას მომხმარებელი მონოპოლიური ტარიფებისაგან და ამავე დროს ხელი შეუწყოს ენერგეტიკის დარგის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობასა და განვითარებას („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 1.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, 43-ე მუხ. „ა“ ქვეპუნქტი, სეწმეკ-ის 08.06.11წ. N8 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის“ მე-4 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი). დადგენილია, რომ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. სატარიფო დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით ამ კომპანიას კომისიისათვის 2014 წლამდე არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იდენტური ინფორმაციის საჯაროობის პირობებში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ რაიმე ზიანი არ მისდგომია და არც მისი კონკურენტუნარიანობის რაიმე ფორმით შეზღუდვას ჰქონია ადგილი. პირიქით, ამ ხნის განმავლობაში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ელექტროენერგიის წარმოების და განაწილების კომპანიად (ს.ფ. 71). სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მოთხოვნა ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების შესახებ ემყარება იმ მოსაზრებებს, რომ კომპანიის მიერ ჰესებისაგან შესყიდული ელექტროენერგიის ფასის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობა შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენტების მიერ ზღვრული ტარიფის ფარგლებში უფრო მაღალი ფასის შეთავაზება, რაც იძულებულს გახდის მას აწიოს შესყიდვის ფასი. საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოსარჩელე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ თავადაც ფლობდა გენერაციის საწარმოებს. გენერაციის საწარმოების კომპანიიდან გამოყოფამდე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ ფლობდა და ამუშავებდა საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურებს. გენერაციის გარდა, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი, წარმოადგენს წამყვან ჰიდროენერგეტიკულ ოპერატორს რეგიონში. ამდენად, მსგავსი ინფორმაციის გამჭვირვალობით აქამდე კომპანიას რაიმე სახის ზიანი არ განუცდია, ინფორმაციის გამჭვირვალობას არ გამოუწვევია ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობის შესუსტება. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის არგუმენტაციას ძირითადად ამყარებს მცირე გენერაციის საწარმოებთან მის მიერ დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის ნასყიდობის ფასზე უფრო მეტი ფასის კონკურენტების მხრიდან შეთავაზების შესაძლებლობით. თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა ეხება არა მხოლოდ მცირე გენერაციის საწარმოებთან დადებულ ხელშეკრულებებს, არამედ მთლიანად ელექტოენერგიის ყოველგვარი ნასყიდობის და გადაცემის ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. სწორედ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრვი გაზის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტის თანახად, არის ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამავე მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის დადგენილია დერეგულირების რეჟიმი ანუ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება ხელშეკრულების კონტრაჰენტის - მცირე სიმძლავრის ჰესის თანხმობა ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებაზე, თვით ასეთი ხელშეკრულების დადების ფაქტი მაშინ, როდესაც კომისიის მიერ სადავო აქტის მიღების პერიოდში მოსარჩელე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ იყო მრავალი მცირე და საშუალო ჰესების მეპატრონე.

 

4.15. მოსარჩელის მითითებით, მას აქვს არა მხოლოდ ხელშეკრულების კონტრაჰენტების ვინაობის, არამედ აგრეთვე ხელშეკრულებების შინაარსობრივი ნაწილის (შესყიდული ელექტროენერგიის ოდენობის, შესყიდვის ფასის) კონფიდენციალობის მიზანი. მხედველობაშია მისაღები, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი ვრცელდება ფიზიკურ და არა იურიდიულ პირებზე. საერთო წესის თანახმად, კომერციული საიდუმლოების დაცვა უნდა მოხდეს არა იურიდიული პირის მონაცემების, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვით. თუ პერსონალური მონაცემების შემთხვევაში დაცვის ობიექტი შეეხება არა იმდენად ინფორმაციის შინაარსს, არამედ იდენტიფიკაციის მომენტს, პერსონიფიკაციას, კომერციული საიდუმლოების დაცვაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის შინაარსს. ამასთანავე, სეწმეკ-ის 30.07.2014წ. N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ 26.7 მუხლის მიხედვით, შესაბამისი სატარიფო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, გარდა იდენტიფიცირებად პირებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციისა. გარდა ამისა, აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საერთო, ჯამური მონაცემების გამოქვეყნება არ გამორიცხავს, უფრო მეტიც, გულისხმობს ამ მონაცემების სისწორის გადამოწმების შესაძლებლობას, რაც შეუძლებელი იქნება ხელშეკრულებების ტექსტების ხელმიუწვდომლობის პირობებში.

 

4.16. მოსარჩელე დოკუმენტაციისათვის კომერციული საიდუმლოების მინიჭების მოტივად ინფორმაციის შემცველობას ასახელებს, კერძოდ, ნასყიდობის და გატარების მომსახურების ფასს, რომელიც დადგენილი ტარიფებით განისაზღვრება. მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ ენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფების დადგენა. სამართლიანმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლის მიერ მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება სამართლიან და გამჭვირვალე ფასად (საქართველოს პარლამენტის 24.06.15წ. დადგენილებით დამტკიცებული „საქართელოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“, მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი). კანონმდებლობა ითვალისწინებს ტარიფის ორ სახეობას - ზუსტად განსაზღვრულს და მაქსიმალური ზღვარით განსაზღვრულს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 43.11 მუხლის შესაბამისად, იმ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატს, რომელიც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით“ მიჩნეულია ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად, უდგინდება კანონით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი. სეწმეკ-ის 04.12.08წ. N33 დადგენილებით განსაზღვრულია არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი), არამედ აგრეთვე თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ზუსტად განსაზღვრული ტარიფები (მე-2 მუხ.) და საქართველოს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიჩნეული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების ფიქსირებული ტარიფები (მე-3 მუხ.), რაც წარმოადგენს ნორმატიული აქტით აღიარებულ საჯარო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ტარიფის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აღიარებულ საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. აღნიშნულის მიუხედავად, კომისიას დაევალა ელექტროენერგიის შესყიდვის ყველანაირი ხელშეკრულების, მათ შორის, ნორმატიულად განსაზღვრული ინფორმაციის, კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადება. კომისიის 04.12.08წ. N33 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების არა ზღვრულ, არამედ ზუსტად ფიქსირებულ ტარიფებს, რომლის გაანგარიშება სეწმეკ-ის 30.07.14წ. N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-15 მუხლის თანახმად, ხდება განსაზღვრული ფორმულით. გატარების ტარიფები იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ გატარების მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისა და გატარების ელექტროენერგიის რაოდენობის საფუძველზე („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 43.7 მუხ.). ტარიფები მტკიცდება კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი), ქვეყნდება ოფიციალურ გამოცემაში, სავალდებულოა შესასრულებლად, მისგან განსხვავებულ ტარიფზე შეთანხმება ხელშეკრულების მხარეებს შორის არ დაიშვება. ელექტროენერგიის გატარების ტარიფის ანუ განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ზუსტად ფიქსაცია გამორიცხავს ხელშეკრულების მხარეების მიერ მის შეცვლას. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე კომისიის სადავო აქტის ბათილად ცნობა და კომისიისათვის ასეთი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების შესახებ აქტის გამოცემის დავალება. ზუსტად განსაზღვრული ტარიფის ასახვა გატარების ხელშეკრულებაში არ უკავშირდება კონკურენტულ უპირატესობას ან ამ უპირატესობის დაკარგვას. რაც შეეხება ზღვრული ტარიფის ფარგლებში ელექტროენერგიის შესყიდვის ფასებს, ტარიფების გაანგარიშებისას კომისია ხელმძღვანელობს საწარმოს მიერ შესყიდული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობის ფაქტობრივი მონაცემებით, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის განსაზღვრისათვის საწარმო ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ელექტროენერგიის კონკრეტული წყაროებიდან შესყიდვის სავარაუდო რაოდენობა და ფასი, აგრეთვე ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა საპროგნოზო დანახარჯები, როგორიცაა გადაცემის, დისპეტჩერიზაციის მომსახურებასა და გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯები (სეწმეკ-ის 30.07.14წ. N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-17 მუხ.). სზაკ-ის 10.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი კომისიის 08.06.11წ. N8 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის“ 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გაეცნოს კომისიაში წარმოდგენილ მასალებს და აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები. ამდენად, ტარიფებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დადგენისას ეყრდნობა დასაბუთებულ სატარიფო განაცხადს. სატარიფო განაცხადის დასაბუთებულობის გარკვევამ შესაძლოა საჭირო გახადოს გაწეული დანახარჯების, შესყიდვების რაოდენობის და მაშასადამე ხელშეკრულებების გაცნობა.

 

4.17. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საკასაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ, ვინაიდან დავა ეხება არა მხოლოდ დერეგულირებულ, არამედ რეგულირებად სფეროსაც, ზოგადად შესყიდული და გატარებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისად დავის გადაწყვეტა საჭიროებს ენერგეტიკის მომწესრიგებელი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებას. სზაკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. კომისიის 07.08.03წ. N12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ 11.1 მუხლი, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის გამომრიცხავ გარემოებად ასევე ითვალისწინებს ისეთ გარემოებას, როდესაც ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონმდებლობით. საიდუმლოების დაცვაში კანონმდებელი იყენებს ღირებულებათა შეფასების მეთოდს, პრიორიტეტთა გარკვეულ სისტემას, პროპორციულობას, მოქმედებს უკიდურესი აუცილებლობის პრინციპი: ნაკლები სოციალური ღირებულება უფრო მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულების დაცვას ეწირება (სზაკ-ის 99.2 მუხ.). ინფორმაციის საიდუმლოდ გამოცხადების უფლებას უპირისპირდება ადმინისტრაციული წარმოების ინფორმაციის საჯაროობის ვალდებულება, რომელიც ემსახურება საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვას. კომისიის ამოცანას შეადგენს მათ შორის ბალანსის დაცვა, ინტერესთა პროპორციულობის უზრუნველყოფა („ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხ.). კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურობის, სატარიფო განაცხადის შესაბამისობის დადგენა, ნორმატიული აქტის მიღებით ტარიფის განსაზღვრა სეწმეკ-ის კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ასპექტთაგანია, რომლის სამართლებრივი შედეგი აისახება კომისიის საქმიანობაზე, მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, სამართლიანი წესრიგის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, ოპტიმალური, პროპორციული ტარიფის განსაზღვრისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცესის გამჭვირვალობას. ტარიფთან დაკავშირებული წარმოება განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს იწვევს და ამ წარმოების დროს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გასაიდუმლოებამ შესაძლოა მიაყენოს ზიანი მომხმარებელს, რომელიც არის ელექტროენერგიის მომხმარებელი და დაინტერესებულია რაციონალური, ობიექტური, გონივრული ტარიფის დადგენაში. ელექტროენერგიის ღირებულება არის ქვეყანაში წარმოებული საქონლის ყველა სახეობის ფასების სტაბილიზაციის ძირითადი ფაქტორი, ვინაიდან ელექტროენერგიაზე დანახარჯები ნებისმიერი წარმოების დანახარჯებში შედის. ელექტროენერგიის ობიექტური ფასი, რაციონალური ტარიფი, ხელს უწყობს არა მხოლოდ ენერგეტიკული დარგის, არამედ აგრეთვე მთლიანად ეკონომიკის განვითარებას. ელექტროენერგიის ბაზარზე სუბიექტებს შორის ურთიერთობა უნდა აიგოს თანამშრომლობისა და ნდობითი (ფიდუციალური) ურთიერთობების საფუძველზე, ასეთი ურთიერთობის აგება შეუძლებელია გამჭვირვალობის, ინფორმაციის მისაწვდომობის გარეშე. ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ტარიფები აისახება ელექტროენერგეტიკის ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მიერ დადებულ ხელშეკრულებებში. სეწმეკ-ის 30.07.2014წ. N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ 3.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესება. მეთოდოლოგიის 26-ე მუხლის, ასევე სზაკ-ის 103-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, სრულყოფილად წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის მიღების შემდეგ ან კომისიის ინიციატივით ტარიფის გადახედვის შემთხვევაში კომისიის, როგორც კოლეგიურიადმინისტრაციული ორგანოს, გადაწყვეტილებით იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი ცნობა ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. სატარიფო განაცხადის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით („ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის 4.5 მუხ.). ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გაეცნოს კომისიაში წარდგენილ საჯაროდ ხელმისაწვდომ მასალებს და აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები (სზაკ-ის 1064, 117-ე მუხ.). ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია სზაკ-ის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიის წევრსა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. ელექტროენერგიის შესყიდვისა და ელექტროენერგიის გადაცემის ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადება უცილობლად გამოიწვევს ამ დოკუმენტის, მასში ასახული ინფორმაციის, რომელიც ტარიფის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, კომისიის საჯარო სხდომაზე განხილვის შეუძლებლობას, ვინაიდან „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ კანონის 4.5 მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით იმართება დახურული სხდომები. სეწმეკ-ის 18.09.08წ. N23 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების“ მე-3 მუხლის თანახმად, მეწარმე ვალდებულია ყოველწლიურად კომისიას წარუდგინოს საქმიანობის - მომსახურების პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა შეიცავდეს მის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 30.08.06წ. N77 ბრძანებულებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას. წესების თანახმად, ღია ინფორმაციად მიიჩნევა: შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები - ელექტროენერგიის ფასის მითითებით; შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობისა და ფასების შესახებ; ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების მოთხოვნის საჯარო დანაწესთან, ნორმატიული აქტებით დადგენილი ინფორმაციის ღიაობის, მისაწვდომობის რეჟიმთან შესაბამისობა არ არის დასაბუთებული. სეწმეკ-ის 18.09.08წ. N23 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების“ 2.2 მუხლის მიხედვით, მეწარმე ვალდებულია ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობა წარმართოს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის კომისიის მიერ მიღებული დადგენილების, გადაწყვეტილებისა და სხვა სახის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტროენერგიის მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფის წარმომავლობის წყაროს, მისი შემადგენელი ნაწილების შესახებ ინფორმაცია. ამდენად, სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - უზრუნველლყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენადაც ელექტროენერგიის საფასურის რეგულარულ გადამხდელს - მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს დადგენილი ტარიფის წარმომავლობის წყარო. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება ნორმატიული დანაწესებით არის დადგენილი. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, კომერციულ საიდუმლოებად ინფორმაციის გამოცხადების მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს გამართლებულ ეკონომიკურ, პატივსადებ ინტერესს და უნდა შეესაბამებოდესდადგენილ საჯარო წესრიგს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მიერ საქალაქო სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ უნდა დაეკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მიერ საქალაქო სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

5. სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ დაეკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე