განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002971210
საქმე №3ბ/2532-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ნანა დარასელია
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი-----------------–---–ი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- სს ,,თ--–--ი“
წარმომადგენელი - ზ------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ,,თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი, ქ. თბილისში, მ------–-–---–-------აზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში; ბათილად ცნობილ ნაწილში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი ბათილად ცნობის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №--- ბრძანება.
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.2.1. 2017 წლის 19 ივლისს სს ,,თ--–--მა’’ №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ. თბილისში, გ-–-----------, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.
2.2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილებით სს ,,თ--–--ს’’ დაუკმაყოფილდა წერილობითი მოთხოვნა და მიეცა თანხმობა განახორციელოს ქ. თბილისში, გლდანი 1მ/რ, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნული სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით და №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
2.2.3. 2017 წლის 9 ოქტომბერს სს ,,თ--–--ის’’ წარმომადგენელმა ზ---------------მ №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც დადგინდა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა.
2.2.4. 2017 წლის 26 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სს ,,თ--–--ის’’ 2017 წლის 9 ოქტომბრის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშრებით გაიმართა ზეპირი მოსმენა.
2.2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის’’ 2017 წლის 9 ოქტომბერს №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილება.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაიარად შეაფასა:
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №--- ბრძანება ,,სს ,,თ--–--ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულება)’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) 2.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა; ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა- ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ 3.1 მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშაპროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა დაადგენს ოქმს, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, თუ სააგენტო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაადგენს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ შეესაბამება მოთხოვნილ სამუშაოთა მოცულობას, განმცხადებელს აცნობებს ხარვეზის თაობაზე და ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 5 დღის ვადით.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას, დადგენილია ასევე, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის ივლისს სს ,,თ--–--მა’’ №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ. თბილისი, გ-–------------, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ, ელექტრონული მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე №1 დანართში მონიშნული სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად თანხმობის გაცემა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ - დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, სასამართლოს განმარტებით, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ. თბილისი, გ-–------------, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ, ელექტრონული მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე №1 დანართში მონიშნული სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად თანხმობის გაცემის მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, - როგორც აღინიშნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია, - შესაბამისობაში არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის (სს ,,თ--–--ი’’) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი დ უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ. თბილისში, გ-–------------, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს ,,თ--–--ს’’ მისცეს შესაბამისი თანხმობა,- თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული. კერძოდ,- როგორც აღინიშნა იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა იმაზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართომ განმარტა, რომ ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ხოლო ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც სს ,,თ--–--ის’’ სასარჩელო განცხადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მე-2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მოსულიშვილის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა, ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანია, შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილება მე-2 დანართის მე-11 პუნქტი ინ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მ------–-–---–-------აზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც სს ,,თ--–--ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანი იყო, კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანება, რომლითაც სს ,,თ--–--ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, აპელანტი განმარტავს, რომ საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.
აპელანტის განმარტებით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი ფარემოებები და ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზე იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტების გარდა სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალების წარმოდგენა. წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის ძირითად/სტანდარტულ პირობებს და შეზღუდვებს, თუმცა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, აპელანტი განმარტავს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებელების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სააგენტომ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.
სს „თ--–--მა“ 2017 წლის 19 ივლისს №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გაცემა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია. სააგენტოს 2017 წლის 06 სექტემბრის Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ--–--ი“-ს განცხადება და მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, გ-–-------------, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-4 მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს გარკვეული შეზღუდვით ან/და პირობით. კერძოდ: აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 06 სექტემბრის Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის თანახმად - მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად - მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება განხორციელდეს იმგვარად, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ასევე, ვინაიდან ტროტუარით სარგებლობენ მოქალაქეები, საზოგადოების/მოქალაქეთა ინტერესს და მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში/ახალმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარი აღდგეს არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ სრულად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციულ უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს, რომლის თანახმად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო, მე-7 მუხლი ადგენს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობას, რომლის თანახმად 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა და 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად ასევე გათვალისწინებული ყოფილიყო საჯარო ინტერესიც. ასევე აღინიშნა, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტო დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას ასევე ვალდებულია საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურება და აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. შესაბამისად, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირიპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. სააგენტოს უფლება აქვს განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ასევე დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები.
2017 წლის 06 სექტემბრის Q-------- გადაწვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტრესები, კერძოდ: 1. ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები. შესაბამისად, მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები დაიხარჯოს რაციონალურად და არ გახდეს საჭიროება ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობა და თანხები მოხმარდეს ქალაქში არსებულ უკვე დაზიანებული/განადგურებული ასპალტის საფარის კეთილმოწყობას. 3. მოქალაქეებს შეექმნათ გადაადგილების ნორმალური პირობები, არ მივიღოთ ქალაქში ხელოვნურად დაზიანებული ტროტუარები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა (მათ შორის ბავშვებმა) მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანებები. მეორეს მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯები ტროტუარის იმ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად.
აპელანტის განმარტებით, ასევე მნიშვენელოვანია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის განმარტება, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროესბს დასაბუთებას, თუ იგი გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებას და ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სწორედ სს „თ--–--ის“ განცხადების საფუძველზე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა დამატებით სხვა პირობის დადგენა, რომლის მიღების მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარი იყო კარგ მდგომარეობაში და მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი.
აპელანტი მიუთითებს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოში ყოველდღიურად შედის სს „თ--–--ის“ და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების უამრავი განცხადება, რომლითაც ითხოვენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტრორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას და პირობად მოთხოვნილია ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში. სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას. ხოლო, რაც შეეხება ახალმოწყობილ და დაუზიანებელ ტერიტორიას, მოცემულ შემთხვევაში კი სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ მოითხოვა სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები. სხვა დანარჩენ შემთხევაში სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ავრცელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ სტანდართულ პირობას - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი არ დგინდება სააგენტოს კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად სს „თ--–--ის“ კანონიერი უფლების ან ინტერესებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ხოლო, რაც შეეხება აქტის ბათილობის მეორე საფუძველს - მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით დადგენილი წესები ითვალისწინებს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ აქტის გამოცემისათვის დადგენილ პროცედურებს, ხოლო ამავე კოდექსის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კოლეგიური საჯარო დაწესებულება არის - საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით დადგენილი მოთხოვნებით შეფასებისას უნდა განისაზღვროს: პირველი - ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება შეესაბამება თუ არა გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედ კანონმდებლობას (ეწინააღმდეგება თუ არა კანონს) და მეორე - ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენად დაიცვა აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული 2017 წლის 06 სექტემბრის NQ-------- გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
4.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებას (საქმე N3/3187-19), მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, "სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით". ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, "სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით".
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტი აღნიშნავს, რომ „საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი". ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, "სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი". ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, "საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი".
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აპელანტის განმარტებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:
ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის N1524376 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ--–--ის“ Q-------- განცხადება და თანხმობა გაიცა ქ. თბილისში, გ-–------------, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტის თანახმად, სს „თ--–--ს“ დაევალა მ------–-–---–-------აზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა ისე, რომ ასფალტის ნიშნული მიყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. ხსენებული პუნქტის თანახმად, აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N19-75 დადგენილების (შემდგომში - „N19-75 დადგენილება“) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია კატეგორიის გაზსადენი, კატეგორიის წყალსადენი, კატეგორიის წყალარინების მილი, კატეგორიის ქუჩა, კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი“.
აპელანტი მიუთითებს, რომ 19-75 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა და არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).“
აპელანტის განმარტებით, საყურადღებოა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე, ზემოხსენებული სამუშაოების განხორციელება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დადასტურების ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სამუშაოების წარმოებაზე არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა.
აპელანტი მიუთითებს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების განხილვის წესს, გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხასა და თანხმობის გაცემის საფუძვლებს ადგენს N19-75 დადგენილების მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით“ მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა და ადგენს ოქმს.“
N19-75 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განმარტავს, რომ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვით ან და პირობით: ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.“
მითითებული ნორმების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, თანხმობის შესახებ აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს დადგენილებაში ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეზღუდვა ან/და პირობა. ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი, N19-75 დადგენილება განსაზღვრავს განმცხადებლისთვის თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენისა და ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის დავალებას. ამასთან, კანონმდებლობა აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებად მიიჩნევს ქონების მართვის სააგენტოს მიერ განმცხადებლისთვის ზემოაღნიშნულის გარდა სხვა შეზღუდვისა და პირობის დაწესებას, რა დროსაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი მიუთითებს, რომ „ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება“. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.“
ამრიგად, ქონების მართვის სააგენტოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებისას მან საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. ამავდროულად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოს ბოჭავს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებით, რითაც ზღუდავს მისთვის კანონით მინიჭებულ თავისუფლებას - დისკრეციას და ამით იცავს პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს დაუსაბუთებელი შეზღუდვისაგან. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევას კი უკავშირებს შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რაც მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს განაპირობებს.
აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების CSN-06/3190/17 პროექტის საფუძველზე საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ადგენს, რომ საპროექტო მონაკვეთზე, ქ. თბილისში, მ------–-–---–-------ის გავლით, იგეგმება 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ობიექტისა და N9--- ქვესადგურის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა. აღნიშნული ქსელის მოწყობის მიზნით, საპროექტო მონაკვეთზე, მათ შორის, ქ. თბილისში, ფ. მ------–-–---–-------აზე, გათვალისწინებულია გათხრითი სამუშაოების ჩატარება.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საპროექტო მონაკვეთის ამსახველი ფოტომასალის საფუძველზე დადგინდა, რომ საპროექტო მონაკვეთზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ფ. მ------–-–---–-------ის გასწვრივ მდებარე ტროტუარზე არსებობს ასფალტის საფარი, რომელიც უმეტესწილად კარგ მდგომარეობაშია.
აპელანტი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ქონების მართვის სააგენტომ, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელა საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხაზოვანი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. შედეგად, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, არსებული ასფალტის საფარის კარგი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემოხსენებული ნაგებობის განთავსება თავისი Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტით მიზანშეწონილად მიიჩნია იმ პირობით, რომ ქ. თბილისში, ფ. მ------–-–---–-------ის გასწვრივ არსებულ ტროტუარზე გათხრითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგეს არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ ტროტუარის მთლიან ფართზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს კერძო ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, ვინაიდან გათხრითი სამუშაოების შედეგად საპროექტო მონაკვეთის ზემოხსენებულ ნაწილში არსებული ასფალტის საფარის დაზიანების შემდეგ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის დავალება გამომდინარეობს ხაზობრივი ნაგებობის იმგვარად განთავსების მიზნიდან, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ასევე, ვინაიდან, ტროტუარით სარგებლობენ მოქალაქეები, საზოგადოების/მიქალაქეთა ინტერესს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია სამუშაოების წარმოების შედეგად მისი დაზიანების შემდგომ ხსენებული ასფალტის საფარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა.
აღნიშნულზე დაყრდნობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადგინა, რომ 2017 წლის 6 სექტემბრის Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტის მიღებისას, ქონების მართვის სააგენტოს მიერ მართლზომიერად იქნა განხორციელებული მისთვის კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 06.09.2017წ. №--------- გადაწყვეტილების მე-2 დანართის მე-11 პუნქტის ბათილად ცნობის მართებულობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „თ--–--ს“ დაევალა თხრილის ზომის მიუხედავად, მ------–-–---–-------აზე ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის’’ წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განახორციელოს ქ. თბილისში, გლდანი 1 მ/რ, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნული სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით და №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ მ------–-–---–-------აზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. სწორედ ამ ნაწილში გახადა მოსარჩელე მხარემ აღნიშნულ გადაწყვეტილება სადაოდ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას, დადგენილია ასევე, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა, ამავე დროს, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ. თბილისი, გ-–------------, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ, ელექტრონული მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე №1 დანართში მონიშნული სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად თანხმობის გაცემის მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, როგორც აღინიშნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია, - შესაბამისობაში არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის (სს ,,თ--–--ი’’) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.
ამასთან, პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნდა უფლებამოსილება ქ. თბილისში, მ------–-–---–-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობით სს ,,თ--–--ი’’-სათვის მიეცა შესაბამისი თანხმობა, თუმცა, პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული. კერძოდ, როგორც აღინიშნა, იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა იმაზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ, ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების არგუმენტაცია იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის საჭირო გარემოებები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი მითითება კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის დასაბუთების ვალდებულებისგან, დასაბუთება უნდა იყოს კონკრეტული და ემყარებოდეს საქმის გარემოებებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების ნორმათა დაცვით, რაც მართებულად გახდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატა მიუთითებს, რომ ანალოგიური მსჯელობაა განვითარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-780-780 (კ-18).
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების წინაპირობები.
რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც სს ,,თ--–--ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რაც თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანება, რომლითაც სს ,,თ--–--ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
რაც შეეხება აპელანტ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში როცა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ნანა დარასელია
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ინგა კვაჭანტირაძე