გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
330210018002581493
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/23683-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - ე---------ე გ------–--ე, კ------------ე ზ-----ე

წარმომადგენელი - ა-- ბ-----ე, მ------ დ-----ა

მოპასუხე - შპს ,,პ----- თ---ი’’

წარმომადგენელი - მ------ ბ------–-–---–ი

დავის საგანი - ფაქტის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე შპს ,,პ----- თ---ი’’-ს იმავე საშუალებით ცნობის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც მის მიერ 2018 წლის 23 მაისს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქი’’-ს მეშვებით შპს ,,პ----- თ---ი’’-ს გვერდზე განთავსებული ვიდეო სათაურით - ,,როგორ გადაუყარეს საჭმელი ძაღლს, რომელსაც მოგვიანებით მანქანა გადაატარეს’’ - არ შეესაბამება სინამდვილეს;

 

1.2. მოპასუხე შპს ,,პ----- თ---ი’’-ს მოსარჩელეების ე---------ე გ------–--ის და კ------------ე ზ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2 000 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2018 წლის 23 მაისს შპს ,,პ----- თ---ი’’-ს ოფიციალური ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გავრცელდა სადავო ვიდეორგოლი სათაურით - ,,როგორ გადაუყარეს საჭმელი ძაღლს, რომელსაც მოგვიანებით მანქანა გადაატარეს’’, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეს უნდა სცოდნოდა, რომ პროვოკაციული სათაურით გავრცელებულმა ვიდეორგოლმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, რამაც გამოიწვია პატივისა და ღირსების შემლახველი მიმართვები მოსარჩელეების მიმართ. მოპასუხემ გამოაქვეყნა უკანონო გზით მოპოვებული ისეთი შინაარსის ჩანაწერი და თან გადაუმოწმებლად (ვალდებული იყო გადაემოწმებინა) იმ კონტექსტით, რაც არსებითად მცდარია და იწვევს საზოგადების შეცდომაში შეყვანას და ძაღლის სიკვდილის არაბრალეულ პირთან აფილირების განცდას, რამაც არსებითი მორალური ზიანი მიაყენა მოსარჩელეებს, განსაკუთრებით არასრულწლოვანს, რომელიც აღნიშნული ფაქტის გავრცელებიდან 1 კვირის განმავლობაში აცდენდა სკოლას მძიმე სტრესის ფონზე. მოპასუხეს უნდა სცოდნოდა ჩანაწერის სინამდვილესთან შეუსაბამობა ან მინიმუმ უნდა გადაემოწმებინა იგი გავრცელებამდე, რაც მან არ განახორციელა და აღნიშნული უმოქმედობით ზიანი მიაყენა მოსარჩელეებს.

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. ვიდეო რგოლით გავრცელდა მხოლოდ ის ინფორმაცია თუ როგორ უყრიან საჭმელს ძაღლს ქუჩაში მიზანმიმართულად მომავალი ქ--–- და ბ--–-ი. შპს ,,პ----- თ---ი’’-ს არ ჰქონია ის მიზანი, რომ მანქანის ძაღლზე გადატარების ფაქტი მოსარჩელეებთან დაეკავშირებინა. აღნიშნული არის მხოლოდ საზოგადოების წარმოსახვა თუკი ასეთს ადგილი ჰქონდა, შესაბამისად ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გავრცელებული ნიუსსა და ვიდეო რგოლებზე საზოგადოების მიერ სოციალურ ქსელში გამოხატულ რეაქციაზე და შეფასებაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,პ----- თ---ი’’ წარმოადგენს მედია საშუალებას. იგი საზოგადოებისათვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს როგორც ბეჭდური მედიის, ასევე ოფიციალური ვებ-გვერდისა და ოფიციალური ,,ფეისბუქ გვერდის’’ საშუალებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. 2018 წლის 30 მაისს შპს ,,პ----- თ---ი’’-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო რგოლი სათაურით ,,როგორ გადაუყარეს საჭმელი ძაღლს, რომელსაც მოგვიანებით მანქანა გადაატარეს’’. ვიდეო რგოლი შედგება ორი ეპიზოდისგან. პირველში, ასახულია ქუჩაში მიმავალი მოსარჩელეები - დე----–---–ი და მათი ქმედებები. მეორე ეპიზოდში ნაჩვენებია მესამე პირის მოქმედება ქუჩაში მწოლიარე ძაღლთან მიმართებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დისკი (ს.ფ.95);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. მოპასუხის მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლს მოჰყვა მოსარჩელეთა მიმართ საზოგადოების მკვეთრი უარყოფითი შეფასება სოციალურ ქსელში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დისკი (ს.ფ.95);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4. მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელ ,,ფეიქსბუქი’’-ში გამოქვეყნებულ ვიდეო რგოლი სათაურით - ,,როგორ გადაუყარეს საჭმელი ძაღლს, რომელსაც მოგვიანებით მანქანა გადაატარეს’’ მის მიერ აღებული იქნა ამავე სოციალურ ქსელში სხვა მომხმარებლების გვერდიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დისკი (ს.ფ.43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.5. 2019 წლის 30 აპრილს, შპს ,,პ----- თ---ი’’-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე --------------- მოპასუხის მიერ გამოქვეყნდა განმარტება შემდეგი სათაურით :,,პ----- თ---ი’’-ს განმარტება ძაღლის ტრაგიკულ ისტორიაზე’’.

 

აღნიშნული განმარტებაში მითითებულია შემდეგი: ,,2018 წლის 23 მაისს ,,პ----- თ---ი’’-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით - ,,როგორ გადაუყარეს საჭმელი ძაღლს, რომელსაც მოგვიანებით მანქანა გადაატარეს’’. ინფორმაციას თან ახლდა საჭმლის გადაყრის ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა სხვადასხვა პოპულარულ გვერდებზე და რამაც საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით კი ტელეკომპანია ,,რ----------’’-ის ეთერში ასევე გავრცელდა კადრები იგივე ძაღლზე, რომელსაც სხვა პირმა ამჯერად მანქანა გადაატარა. ,,პ----- თ---მა’’ ძაღლის ისტორია (როგორც საჭმლის გადაყრის, ისე მანქანის გადატარების ამბავი) საკუთარ მკითხველს გააცნო, რის გამოც საზოგადოების ერთ ნაწილს შესაძლოა გაუჩნდა აღქმა, რომ ,,საჭმლის გადაყრის’’ და ,,მანქანის გადატარების’’ სხვადასხვა ინციდენტში ერთი და იგივე პირები ფიგურირებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ასეთმა არასწორმა დასკვნამ შესაძლოა დააზიანა დაინტერესებული მხარის ინტერესი და საჭმლის გადაყრის ვიდეოში ასახული ქ--–- და ბ--–-ი დაუკავშირეს მანქანის გადატარების ინციდენტში მონაწილე პირს, ,,პ----- თ---ი’’ განმარტავს, რომ ეს არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბავი ძაღლზე, რომელიც საბოლოოდ ადამიანის სასტიკმა დამოკიდებულებამ იმსხვერპლა. მკითხველს განვუმარტავთ, რომ მანქანის გადატარების ფაქტს ადგილი არა აქვს ქ--–---- და ბ--–-თან, რომელიც ჩვენს მიერ სოციალური ქსელიდან წამოღებულ ვიდეოშია ასახული. თუ სათაურმა და გამოქვეყნებულმა მასალამ დააზიანა ბ--–-ის კანონიერი უფლებები, ზიანი მიადგა დაინტერესებულ მხარეს, ,,პ----- თ---ი’’ ბოდიშს უხდის მათ და აქედან გამომდინარე აქვეყნებს ზემოხსენებულ განმარტებას’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონარიდი ვებ-გვერდიდან (ს.ფ.82-83);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლების მიხედვით; ,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუვალობის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის მე-12 მუხლი ადგენს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება კანონის მიერ იყოს დაცული ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან. ანუ, ამ რეგულაციათა მოცემულობა, თანამედროვე კაცობრიობის სოციალური და სამართლებრივი ყოფის მთავარ ქვაკუთხედს გვაძლევს: ადამიანის უფლება (მათ შორის ზემოაღნიშნული მე-12 მუხლით გარანტირებული უფლებანი) ბუნებით გარანტირებულია; მისი ნებისმიერი შეზღუდვა კი უნდა იყოს კანონით დადგენილი და ამავე დროს ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კონვენცია ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ’’ და „შეზღუდვად’’ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას თავისი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირად არაქონებრივ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება სახელის უფლება, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია.

 

ამავე დროს, სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლი ითვალისწინებს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასაც, ვიანიდან მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბოლო წინადადებით, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები არიან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „კ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული კერძო პირები.

 

კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის’’ ფარგლებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ღირებულებათა კონფლიქტის სპეციფიკურობა. გამოხატვის თავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე თავისუფალი და ღია დისკუსიების გამართვის საშუალება, იმავდროულად თავად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს. ეს დებულება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე პრესის თავისუფლებას შეეხება და ეს ბუნებრივია, ვინაიდან აზრთა თავისუფალი ურთიერთგაცვლა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ღია საჯარო დებატები სწორედ პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებებით ხორციელდება.

 

პრესის ფუნქციაა, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე. ამ ფუნქციის პრესის მიერ შეუსრულებლობა ტოლფასია საზოგადოებისათვის იმ უფლების წართმევისა, რომ მიიღოს ეს ინფორმაცია და იქონიოს მასზე თავისი შეხედულება, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პრესის საშუალებით ინფორმაციებისა თუ იდეების გავრცელების თავისუფლება, თავისი არსით, გაცილებით უფრო მეტადაა საჯარო ინტერესის საგანი, ვიდრე ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვა. ამდენად, პრესის თავისუფლებას მაღალი ღირებულება გააჩნია და ამიტომაც არის, რომ მისი შეზღუდვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით „უჩვეულოდ წონად გამართლებას მოითხოვს’’.

 

ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესების მქონე თემატიკა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საიმისოდ, რომ ღირებულებათა კონფლიქტი პრესის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყდეს, ცხადია, პრესის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს, თუ არსებობს საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძველი. ასეთი საფუძველი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგალითად, რეალური ან პოტენციური ზიანის სიმძიმე, ჟურნალისტთა მხრიდან „მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის უგულებელყოფა’’ და სხვა. ყველა შემთხვევაში პრესის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი უნდა იყოს ,,წონადი’’ და ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’.

 

საქმეში - LINGENS VS AUSTRIA, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,მიუხედავად იმისა, რომ პრესა უნდა ეცადოს და არ გადააბიჯოს იმ ზღვარს, რასაც სხვათა რეპუტაციის დაცვა ჰქვია, მას უპირველეს ყოვლისა ევალება ინფორმაციისა და იდეების გავრცელება როგორ პოლიტიკურ, ასევე საზოგადოების ინტერესების სფეროში შემავალ სხვა საკითხებზეც. ასეთი ინფორმაციისა და იდეების გავრცელება არა მხოლოდ პრესის ვალდებულებაა, არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება მათი მიღებისა’’. ,,გამოხატვის თავისუფლების პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს პრესისათვის, რომლის წამყვანი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს’’ (CASE OF CASTEL VS SPAIN); ,,კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ პრესის თავისუფლებას, მოამარაგოს საზოგადოება ინფორმაციით, არამედ საზოგადოების უფლებასაც - იყოს სათანადოდ ინფორმირებული’’ (CASE OF SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM).

 

გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს გამავრცელებლის მიმართებას მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა-ჭეშმარიტებასთან. დაუშვებელია მედიის წარმომადგენლებს მოეთხოვოთ ასი პროცენტით გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, თუმცა, გონივრულ ფარგლებში გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების სტანდარტის დაცვა აუცილებელია, რათა არ მოხდეს დემოკრატიულ ფასეულობათა გაუფასურება. ქცევის ამგვარი სტანდარტის დაწესება სრულად შეესაბამება სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს (იხ. სუსგ, Nას-1332-1258-2012).

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხე არ არის სადავო ვიდეო რგოლის გავრცელების პირველწყარო. მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ვიდეორგოლის სათაურის, ასახულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტის, რომ მოპასუხემ 2019 წლის 30 აპრილს, შპს ,,პ----- თ---ი’’-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე --------------- გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც უარყო მოსარჩელეთა კავშირი ვიდეორგოლში ასახულ იმ კადრთან, რომელიც ძაღლის მიმართ ძალადობას ასახავდა და ბოდიშიც მოიხადა მიყენებული ზიანისთვის.

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვევის აღიარება საკმარისი რესტიტუციაა მოსარჩელეთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად. სარჩელის დაკმაყოფილება კი გამოიწვევს პრესის თავისუფლების არათანაზომიერ შეზღუდვას. სასამართლო მაგალითისათვის ასევე მიუთითებს ცნობილ ევროპულ საქმეს - ქრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელშიც დარღვევის აღიარება საკმარის რესტიტუციად ჩაითვალა და სასამართლომ აღარ იმსჯელა არაქონებრივ ზიანზე.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და, არც სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 220 ლარი (ს.ფ.24). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 70 ლარი. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე---------ე გ------–--ის და კ------------ე ზ-----ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,პ----- თ---ი’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე ე---------ე გ------–--ეს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თ----- ბ---ი’’ - ში 11.07.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 220 ლარიდან 70 ლარი (საგადახდო დავალება #-);

 

3. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია