გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
330210018002741903
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/34539-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - სს „-–-------- ბ----’’

წარმომადგენელი - ნ---- კ--------

მოპასუხე - ს------ ქ--------–-–---–-, თ------- ქ--------–-–---–-

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ს------ ქ--------–-–---–- და თ------- ქ--------–-–---–- მოსარჩელე სს „-–-------- ბ----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 17 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6 653.76 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4 205.48 ლარი, პროცენტი - 2 048.28 ლარი და პირგასამტეხლო 400 ლარი.

 

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2016 წლის 17 სექტემბერს სს ,,ლ-------- ბ----’’-სა და ს------ ქ--------–-–---–- შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N------- და გაიცა სამომხმარებლო საბანკო კრედიტი 5 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრა საპროცენტო სარგებელი 32%-ის და პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე.

 

აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს ,,ლ-------- ბ----’’-სა და თ------- ქ--------–-–---–- შორის 2016 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N--------0----------, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული თავდებობა, კრედიტის თანხის დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, ასევე საპროცესო ხარჯების გათვალისწინებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელმა სს ,,ლ-------- ბ----’’-ს მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და 2017 წლის 17 მარტიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მსესხებლის დავალიანება შეადგენს - 15 955.33 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 4 205.48 ლარი, პროცენტი - 2 048.28 ლარი ხოლო ჯარიმა - 9 701.57 ლარი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

2.1. მოპასუხე ს------ ქ--------–-–---–-- წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ცნო, კერძოდ, 2016 წლის 17 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 4 205.48 ლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ. მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იყო მისი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარებით და უსახსრობით. იგი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს სახელმწიფოს დახმარება. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

2.2. მოპასუხე თ------- ქ--------–-–---–- სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საჯარო შეტყობინების გზით, თუმცა მოპასუხეს დადგენილ ვადაში სარჩელთან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 17 სექტემბერს სს ,,ლ-------- ბ----’’-სა და ს------ ქ--------–-–---–- შორის დაიდო საბანკო კრედიტის N------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32%-ით, კრედიტის მოქმედების ვადა - 24 თვე. ხელშეკრულების თანახმად კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად.

 

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 17);

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.18-21);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სს ,,ლ-------- ბ----’’-სა და ს------ ქ--------–-–---–- შორის 2016 წლის 17 სექტემბერს დადებული საბანკო კრედიტის N------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში სს ,,ლ-------- ბ----’’-სა და თ------- ქ--------–-–---–- შორის დაიდო თავდებობის შესახებ ხელშეკრულება რომლითაც თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 5 150 ლარით.

 

ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ამ მუხლში აღწერილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 23);

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე ს------ ქ--------–-–---–-ს მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2017 წლის 17 მარტიდან. ამ დროიდან მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.29);

- ამონაწერი (ს.ფ.28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. საბანკო კრედიტის N------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 22 ნოემბრის მდომარეობით, ჯარიმის შეღავათის ხარჯზე მოსარჩელის მიერ შემცირებული მოპასუხეთა დავალიანება სს ,,ლ-------- ბ----’’-ს წინაშე შეადგენს 7 654.76 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 4 205.48 ლარი, პროცენტი - 2 048.28 ლარი და პირგასამტეხლო - 1 401 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 29);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოპასუხე ს------ ქ--------–-–---–-- სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 17 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 4 205.48 ლარის გადახდის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს „-–-------- ბ----’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ს------ ქ--------–-–---–-- სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 17 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 4 205.48 ლარის გადახდის ნაწილში. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 17 სექტემბერს სს ,,ლ-------- ბ----’’-სა და ს------ ქ--------–-–---–- შორის დადებული საბანკო კრედიტის N------- ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32%-ით,ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ს------ ქ--------–-–---–-ს მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2017 წლის 17 მარტიდან. ამ დროიდან მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით, რის შედეგადაც მას ერიცხება დავალიანება კრედიტორის სასარგებლოდ.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სს ,,ლ-------- ბ----’’-სა და თ------- ქ--------–-–---–- შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ამ მუხლში აღწერილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალეთათვის 2016 წლის 17 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის - 2 048.28 ლარის დაკისრების თაობაზე, პროცენტის როგორც აქცესორული ვალდებულების არსიდან გამომდინარე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 17 სექტემბერს სს ,,ლ-------- ბ----’’-სა და ს------ ქ--------–-–---–- შორის დადებული ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს ერიცხება ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ შემცირებული ოდენობით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 400 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეებს 2016 წლის 17 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შემცირებული პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 229.65. ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 1 001 ლარით, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 30.03 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ვინაიდან მოპასუხემ - მსესხებელმა სარჩელი ცნო ძირითადი თანხის - 4 205.48 ლარის გადახდის ნაწილში, შესაბამისად მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 126.16 ლარი. ამასთან, ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის - 62.95 ლარის ანაზღაურება. სარჩელზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 10.51 ლარის ოდენობით კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ-------- ბ----’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს ს------ ქ--------–-–---–- და თ------- ქ--------–-–---–- მოსარჩელე სს „-–-------- ბ----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 17 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 4 205.48 ლარის, პროცენტის - 2 048.28 ლარის და პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა;

 

2. მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ლ-------- ბ----’’ - ში 26.11.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 229.65 ლარიდან 156.19 ლარი (საგადახდო დავალება #-);

 

4. მოპასუხეებს ს------ ქ--------–-–---–- და თ------- ქ--------–-–---–- მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 62.95 ლარის ანაზღაურება;

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 10.51 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია