გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
330310018002564123
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/4728-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ჩიქოვანი

 

მოსარჩელე - ჩ----------------------–-------ი

წარმომადგენელი - ა---------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №---------- გადაწყვეტილება ჩ----------------------–-------ის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩ----------------------–-------ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ჩ----------------------–-------ი (დაბადებული 1----–-–------------) არის ინდონეზიის მოქალაქე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 59-62);

- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 68-70);

 

3.2. 2018 წლის 8 ივნისს ჩ----------------------–-------ი დაქორწინდა საქართველოს მოქალაქეზე - რ---------------–---–ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 87);

 

3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის N------------ წერილით ჩ----------------------–-------ს დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი: კერძოდ, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 20 ივნისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის N------------ წერილი (ს.ფ. 103-104);

 

3.4. ჩ----------------------–-------მა 2018 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებას თან ერთვოდა მინდობილობა, ქორწინების მოწმობა, მოქალაქის პასპორტი. ამავე თარიღის განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.06.2018 წ. განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით (ს.ფ. 80-90)

 

3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N------------/1 გადაწყვეტილებით ჩ----------------------–-------ს ხარვეზის შევსების მიზნით დოკუმენტების წარდგენის ვადა განესაზღვრა დამატებით, 2018 წლის 27 ივნისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N------------/1 გადაწყვეტილება (ს.ფ. 102);

 

3.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 7 ივნისის N--------- გადაწყვეტილებით ჩ----------------------–-------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისამდე.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის N--------- გადაწყვეტილებით ჩ----------------------–-------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 7 ივნისის N--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 98-100);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის N--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 96-97) ;

 

3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №---------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ჩ----------------------–-------ის 2018 წლის 8 ივნისის განცხადება №---------- მუდმივი ბინადრობის გაცემის თაობაზე განუხილველად დარჩა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 105-106).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩ----------------------–-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №---------- გადაწყვეტილება შეესაბამება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისობა.

 

6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა, გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. ამავე ნორმის მე-9 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჩ----------------------–-------ს 2018 წლის 12 ივნისის N------------ წერილით ჩ----------------------–-------ს დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი: კერძოდ, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 20 ივნისამდე.

 

დადგენილია, რომ ჩ----------------------–-------მა 2018 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებას თან ერთვოდა მინდობილობა, ქორწინების მოწმობა, მოქალაქის პასპორტი. ამავე თარიღის განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N------------/1 გადაწყვეტილებით ჩ----------------------–-------ს ხარვეზის შევსების მიზნით დოკუმენტების წარდგენის ვადა განესაზღვრა დამატებით, 2018 წლის 27 ივნისამდე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 7 ივნისის N--------- გადაწყვეტილებით ჩ----------------------–-------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისამდე. ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის N--------- გადაწყვეტილებით ჩ----------------------–-------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა თუ არა ვალდებულება გაეთვალისწინებინა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების პერიოდი (2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე) ჩაითვლებოდა თუ არა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის საკმარის დოკუმენტად. ამისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, თუ რა პერიოდს მოიაზრებს კანონი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადად და შრომითი ბინადრობის მოთხოვნისათვის დადგენილი საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღიანი ვადა შეიძლება თუ არა გახანგრძლივდეს ბინადრობის მოთხოვნის თაობაზე განცხადების განხილვამდე საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, უცხოელი ვალდებულია შრომითი ბინადრობის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

 

ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. ამავე მუხლის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება თუ მას სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად; ამავე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების თანახმად: 3. უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით.

 

ამდენად, კანონმდებელი აძლევს რა შესაძლებლობას უცხოელს ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადების განხილვის მიზეზით მოითხოვოს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება და ამისათვის განსაზღვრავს პროცედურულ ვადას (საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე სააგენტოსათვის მიმართვის აუცილებლობას); ამასთან, ბინადრობის მოთხოვნის განცხადების საფუძვლით საქართველოდან გასვლის გადავადება დასაშვებია ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული პროცედურა არ უგულვებელყოფს უცხოელის ვალდებულებას შრომითი ბინადრობის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე და ასევე არ ემსახურება ბინადრობის მოთხოვნის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, 40 დღიანი ვადის შევსებას. არამედ, აღნიშნული შესაძლებლობა გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც უცხოელს არ აქვს დაგეგმილი ბინადრობის მოთხოვნის წარდგენა სააგენტოსათვის და ეს აუცილებლობა წარმოიშვება ბინადრობის უფლების მომთხოვნის პირისაგან დამოუკიდებლად, რაიმე ობიექტური გარემოებებით, რომლის დადასტურების ვალდებულებაც უცხოელს ეკისრება. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებას, კერძოდ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომ უცხოელი ვერ ასრულებს საქართველოდან გასვლის ვალდებულებას, რაც არ გულისხმობს ამ ვალდებულების საკუთარი შეხედულებისამებრ შეუსრულებლობას. აღნიშნული ნორმის იმგვარად განმარტება, რომ ბინადროების ნებართვის მოთხოვნის წარდგენა ამართლებდეს ნორმატიული აქტით განსაზღვრული განცხადების წარდგენის ვადის დარღვევას და იძლეოდეს გაცდენილი ვადის შევსების შესაძლებლობას საქართველოდან გასვლის გადავადების უფლების გამოყენებით, ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს, რომ საქართველოში ბინადრობის მსურველი უცხოელი, რომელიც საქართველოში იმყოფება შესაბამისი საფუძვლით, ვალდებულია დაიცვას ნორმატიული აქტით დადგენილი სააგენტოსათვის მიმართვის ვადა და წესი.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უცხოელს ბინადრობის ნებართვის მიღების განაცხადის წარდგენის მომენტისათვის უნდა ჰქონდეს დარჩენილი საქართველოში ყოფნის ვადა არანაკლებ 40 დღისა და გაცდენილ ვადაში არ ჩაითვლება საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა. ამასთან, უდავოა, რომ ხარვეზის შესავსებად დამატებით რაიმე დოკუმენტი, რაც დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას ხელს შეუწყობდა, განსაზღვრულ ვადაში ჩ----------------------–-------ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო განცხადება განუხილველად დაეტოვებია.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩ----------------------–-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №---------- გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჩ----------------------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე