გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7603-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - შპს ,,სა-----------–--–“
წარმომადგენელი - შ------------------ე
მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენლები - მა---------------რი, გ-------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 02 ნოემბრის N2-------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდება მოსარჩელის განცხადება შპს ,,სა-----------–--–ის“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველიც.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2018 წლის 13 ივლისს, შპს ,,სა-----------–--–მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შპს ,,სა-----------–--–ის“ (ს/ნ----------- საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაცია.
აღნიშნული განცხადების პასუხად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 26 ივლისს, N2-------- წერილით მიმართა შპს ,,სა-----------–--–ს“ და აცნობა, რომ 2018 წლის 13 ივლისს საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ: 1) დანართი N1-ში არ არის მითითებული მომსახურე კომერციული ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი;
2) დანართი N2-ით წარმოდგენილი პროვაიდერის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების სახეების ჩამონათვალი და მოწოდებული სქემატური აღწერები არ შეესაბამება ერთმანეთს. კერძოდ, დანართში არ არის მონიშნული განმცხადებლის მიერ აღწერილი მომსახურებები, ხოლო დანართში მონიშნული ,,მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს“ არ არის აღწერილი წარმოდგენილ სქემაში;
3) საგადახდო მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა არ მოიცავს მომსახურების პროცესში ინფორმაციისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გადახდის ოპერაციის ინიცირებიდან მის დასრულებამდე. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი გეგმავს განახორციელოს რამოდენიმე მომსახურება, მაშინ თითოეულ მომსახურებაზე წარდგენილი უნდა იქნეს ცალკე სქემა. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში შუამავალი ან მიმღები პროვაიდერის სახით ჩართული იქნება უცხო ქვეყნის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნეს ასეთი პროვაიდერების სია, მათი ზედამხედველი ორგანოების მითითებით;
4) არ არის წარმოდგენილი საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის მწარმოებლის შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ამონაწერი, ასევე შემდეგი ინფორმაცია: ელექტრონული სისტემის დასახელება, ელექტრონული სისტემის მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი;
5) არ არის წარმოდგენილი კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თორნიკე უსტარაშვილის ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ხოლო მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირების კირილე ოლივიერ ფოალემ ფოტსო საგოუნის და ივეს არსენე ტაბუე ბოგნეს ცნობები ნასამართლეობის შესახებ არის ვადაგასული, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტების გაცემის დღიდან მათი ეროვნულ ბანკში წარმოდგენის თარიღისთვის გასულია 60 კალენდარულ დღეზე მეტი;
6) წარმოდენილი ,,რწმუნებულების“ ასლი არ არის შესაბამისი წესით დამოწმებული.
ამავე წერილში ასევე მიეთითა, რომ ,,Komuna – Play it all”-ის 1.3 პუნქტში აღწერილია კომპანიის მიერ ქულების დაგროვებისა და შემდეგ ამ დაგროვილი ქულების გამოყენების პროცესი. ამდენად, განმცხადებელს დაევალა გაეთვალისწინებინა, რომ ,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ ამ კანონის მე-13 და მე-131 მუხლით განსაზღვრული საქმიანობა. შპს ,,სა-----------–--–ს“ ასევე ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება იმ ექვაირერი ბანკის შესახებ, რომელიც გაუწევდა მომსახურებას ბარათების გადახდების კუთხით.
ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაციის ეროვნულ ბანკში წარსადგენად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,საფი ფაინენშელს“ განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოუდგენლობა, დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შპს ,,სა-----------–--–ის“ 2018 წლის 13 ივლისის განცხადება (ს.ფ. 63);
-საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 26 ივლისის N2-------- წერილი (ს.ფ. 18-19);
3.2. 2018 წლის 23 აგვისტოს, შპს ,,სა-----------–--–მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და 2018 წლის 26 ივლისის N2-------- წერილით დადგენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, წარუდგინა დამატებითი დოკუმენტები: კორექტირებული დანართი N1 და დანართი N2; კორექტირებული სქემატური აღწერა; სათანადოდ დამოწმებული რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა); ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და წარმომადგენელი პირის ცნობები ნასამართლეობის შესახებ (სათანადოდ დამოწმებული).
2018 წლის 23 აგვისტოს განცხადების პასუხად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 20 სექტემბერს, N2-------- წერილით მიმართა შპს ,,სა-----------–--–ს“ და აცნობა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კვლავ არ აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ:
1) დანართი N2-ით წარმოდგენილი პროვაიდერის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების სახეების ჩამონათვალი და მოწოდებული სქემატური აღწერა კვლავ არ შეესაბამება ერთმანეთს. კერძოდ, არ არის აღწერილი ,,მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს“. ასევე, დანართ N2-ში არ არის მონიშნული გადახდის განხორციელება საგადახდო ბარათის გამოყენებით, რომლის სქემატური აღწერა არის წარმოდგენილი;
2) საგადახდო მომსახურების აღწერის პირველ პუნქტში - Komuna.ge ჩამოთვლილია კომპანიის მიზნები, რომელთა შორის ფიგურირებს ისეთი ინოვაციური სერვისების დანერგვა, როგორიცაა ,,ქულების დარიცხვა თითოეულ განხორციელებულ ტრანზაქციაზე“ და ,,თანხის ყოველთვიური ავტომატური ჩამოჭრის მოდული“. განმცხადებელს ეთხოვა თითოეული სერვისის დეტალური აღწერის მიწოდება. ამასთან, ეთხოვა გაეთვალისწინებინა, რომ ,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის შესაბამისად, პროვაიდერი ვერ განახორციელებს ე.წ. ,,ქულების დარიცხვას“ თუ ის მჭიდროდ არ არის დაკავშირებული მის საგადახდო მომსახურებასთან;
3) წარმოდგენილი საგადახდო მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერები არ არის სრულყოფილი. კერძოდ, სქემა 5 არ მოიცავს მომხმარებლისთვის ინფორმაციის დაბრუნების პროცედურებს, ხოლო სქემა 6-ში (,,ფულადი ნაკადების სქემატური აღწერა“) ბუნდოვანია ფულადი სახსრების მიმოცვლის რგოლები. მაგალითად, გაურკვეველია თუ რატომ მოძრაობს ფულადი სახსრები მომხმარებლის საკრედიტო/სადებეტო ბარათიდან ,,საქართველოს ბანკის საპროცესინგო ცენტრში“.
ამავე წერილით, განმცხადებელს ეთხოვა დამატებით წარმოედგინა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კომერციული ბანკი, რომელთან თანამშრომლობასაც გეგმავს კომპანია, იცნობს მის მიერ დაგეგმილ საგადახდო მომსახურების სქემას და აპირებს შესაბამისი მომსახურების კუთხით შპს ,,სა-----------–--–თან“ თანამშრომლობის დაწყებას.
2018 წლის 20 სექტემბრის N2-------- წერილით, განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაციის ეროვნულ ბანკში წარსადგენად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დარჩენილი ჰქონდა 3 კალენდარული დღე. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოუდგენლობა, დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შპს ,,სა-----------–--–ის“ 2018 წლის 23 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 20);
-საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 20 სექტემბრის N2-------- წერილი (ს.ფ. 21-22);
3.3. 2018 წლის 21 სექტემბერს, შპს ,,სა-----------–--–მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და 2018 წლის 20 სექტემბრის N2-------- წერილით დადგენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, წარუდგინა დამატებითი დოკუმენტები: კორექტირებული დანართი N1 და დანართი N2; კორექტირებული სქემატური აღწერა; კომერციულ ბანკსა და კომპანიას შორის არსებული მიმოწერა, რომლითაც დასტურდება, რომ ბანკი იცნობს კომპანიის პროექტს.
2018 წლის 21 სექტემბრის განცხადების პასუხად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 10 ოქტომბერს, N2-------- წერილით მიმართა შპს ,,სა-----------–--–ს“ და აცნობა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კვლავ არ აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ:
1) კვლავ არ არის წარმოდგენილი დანართი N2-ში აღნიშნული მომსახურების აღწერა, ,,რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს“;
2) ასევე კვლავ არ არის წარმოდგენილი ექვაიერი ბანკის წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ მისთვის ცნობილია შპს ,,სა-----------–--–ის“ მიერ დაგეგმილი საგადახდო მომსახურების სქემა და რეგისტრაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მზად არის გაუწიოს მას მომსახურება.
ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაციის ეროვნულ ბანკში წარსადგენად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული 30 კალენდარული დღიდან დარჩენილი ჰქონდა 2 დღე. მასვე განემარტა, რომ იმავე წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოუდგენლობა, დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შპს ,,სა-----------–--–ის“ 2018 წლის 21 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 23);
-საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 10 ოქტომბრის N2-------- წერილი (ს.ფ. 24-25);
3.4. 2018 წლის 11 ოქტომბერს, შპს ,,სა-----------–--–მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და 2018 წლის 10 ოქტომბრის N2-------- წერილით დადგენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, წარუდგინა დამატებითი დოკუმენტები: კორექტირებული დანართი N2; კომერციულ ბანკსა და კომპანიას შორის არსებული მიმოწერა, რომლითაც დასტურდება, რომ ბანკი იცნობს კომპანიის პროექტს და ადასტურებს, რომ კომპანიის პროვაიდერად დარეგისტრირების შემდგომ მზად არის თანამშრომლობისთვის.
2018 წლის 11 ოქტომბრის განცხადების პასუხად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 12 ოქტომბერს, N2-------- წერილით მიმართა შპს ,,სა-----------–--–ს“ და აცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ეროვნულ ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრირება. შესაბამისად, განმცხადებელს ეთხოვა 15 კალენდარული დღის ვადაში შპს ,,სა-----------–--–ის“ დირექტორს მოეხდინა კომპანიის მიერ გამოყენებული ელექტრონული სისტემის საქართველოს ეროვნულ ბანკში დემონსტრირება. მასვე ეთხოვა, რომ ზემოაღნიშნულ დემონსტრაციასთან ერთად კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილი ყოფილიყო პრეზენტაცია, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დაგეგმილი საგადახდო მომსახურების დეტალური სქემა, კომპანიის განვითარების სტრატეგია ან გეგმა, კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა, აგრეთვე საქართველოში კომპანიის სათაო ოფისის ფუნქციონირება.
ამავე წერილით, შპს ,,სა-----------–--–ს“ განემარტა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, მისთვის პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შპს ,,სა-----------–--–ის“ 2018 წლის 11 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 26);
-საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 12 ოქტომბრის N2-------- წერილი (ს.ფ. 27);
3.5. 2018 წლის 29 ოქტომბერს, შპს ,,სა-----------–--–მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და აცნობა, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს კომპანიის დირექტორად დაინიშნა შ------------------ე (პირადი N5----------), ხოლო პრეზენტაციასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკს ეცნობა, რომ მის ჩატარებას ორგანიზაციის დირექტორი შეძლებდა 30 ან 31 ოქტომბერს.
შპს ,,სა-----------–--–ის“ მიერ გამოყენებული ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში შედგა 2018 წლის 01 ნოემბერს.
2018 წლის 02 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა N2-------- წერილით მიმართა შპს ,,სა-----------–--–ს“ და საქართველოს ეროვნულ ბანკში კომპანიის 2018 წლის 1 ნოემბრის ვიზიტთან დაკავშირებით, აცნობა შემდეგი:
1) შპს ,,სა-----------–--–ის“ დირექტორმა ვერ მოახდინა საგადახდო მომსახურებისათვის გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრაცია. კერძოდ, ნაცვლად მოთხოვნილი სისტემისა, მის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ორი სურათი (ე.წ. mock-up), რომლიდანაც ერთი გამოსახავდა სისტემის ადმინისტრატორის პანელს და მეორე - პროგრამულ ენაზე დაწერილ ბრძანებებს. სისტემის ფუნქციონალის აღწერასა და მის შესაძლებლობებზე მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რადგან შეხვედრაზე მყოფი პროგრამისტის განმარტებით, ელექტრონული სისტემა შემუშავების პროცესშია და მისი სამუშაო ვერსიის დასრულებამდე და დანერგვამდე საჭიროა დაახლოებით 5-6 თვე;
2) კომპანიის დირექტორი არ ფლობს ინფორმაციას კომპანიის მომავალი საქმიანობის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საბოლოო ანგარიშსწორება სერვისის მიმწოდებლებთან, გადახდის განსახორციელებლად დაშვებული ბარათის სახეები (ქართული/უცხოური, ვიზა/მასტერქარდი), ფულადი სახსრების მოძრაობა საბარათე გადახდების დროს, მომხმარებლის ფულადი სახსრების განთავსება და ა.შ;
3) დირექტორის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიის მიხედვით, კომპანია გეგმავს მომსახურება აწარმოოს საქართველოში, რისთვისაც ჩაატარეს ბაზრის კვლევა. თუმცა, მნიშვნელოვანი დეტალების განხილვისას გამოიკვეთა, რომ იგი რეალურად არ იცნობს ინტერნეტ-გადახდების სექტორს საქართველოში, მის ძირითად მონაწილეებს და სავარაუდო კონკურენტებს, ბაზრის ძირითად ტენდენციებს და ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებს. დირექტორმა ვერ შეძლო წარმოედგინა სამომავლო შედეგების რეალური პროგნოზი და დასაბუთება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 02 ნოემბრის N2-------- გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,სა-----------–--–ს“ უარი ეთქვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შპს ,,სა-----------–--–ის“ 2018 წლის 29 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 168);
-საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 02 ნოემბრის N2-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-29).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი; ,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 02 ნოემბრის N2-------- გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
აღნიშნული ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფუნქციებია: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად; ბ) განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა; გ) უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირება; დ) ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები; ე) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი; ვ) ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას; ზ) განახორციელოს საქართველოს ფულის ნიშნების ემისია; თ) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკა; კ) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადახდო სისტემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს კანონი, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ჩ“ პუნქტის მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) არის იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურება არის: ა) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს; ბ) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს; გ) გადახდის განხორციელება პირდაპირი დებეტის (მათ შორის, ერთჯერადი დავალებით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ან საკრედიტო გადარიცხვა (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი თანხის ან საკრედიტო რესურსის ფარგლებში; დ) საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების, გამოშვება ან/და ექვაირინგი; ე) ფულადი გზავნილები; ვ) ელექტრონული ფულის გამოშვება, გადახდის ოპერაციების განხორციელება ელექტრონული ფულის მეშვეობით, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით; ზ) გადამხდელის მიერ სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო-ტექნოლოგიური მოწყობილობის საშუალებით გაცემული თანხმობის საფუძველზე გადახდის ოპერაციის განხორციელება იმ სატელეკომუნიკაციო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემის ან ქსელური ოპერატორის მიმართ ან სასარგებლოდ, რომელიც მოქმედებს, როგორც შუამავალი გადამხდელსა და მიმღებს − მომხმარებელსა და მომსახურების ან საქონლის მიმწოდებელს − შორის.
,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია საგადახდო მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.
,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“ დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით.
მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი, „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან ერთად, განსაზღვრავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში – პროვაიდერი) საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ რეგისტრაციისა და რეგულირების საკითხებს, კერძოდ: ა) ეროვნულ ბანკში პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პირობებსა და პროცესს; ბ) საგადახდო მომსახურების საქმიანობიდან გამომდინარე პროვაიდერის ვალდებულებებს; გ) მნიშვნელოვანი პროვაიდერის დამატებით ვალდებულებებს; დ) პროვაიდერის ურთიერთობას მის აგენტებთან და სხვა მესამე პირებთან; ე) პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულად სახსრებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ იურიდიულ პირს აქვს უფლება, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ საქართველოში განახორციელოს საგადახდო მომსახურება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებზე, ასევე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ დაინტერესებულმა პირმა პროვაიდერად რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) სრულად შევსებული პროვაიდერის სარეგისტრაციო ფორმა (დანართი №1); ბ) პროვაიდერის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების სახეების ჩამონათვალი (დანართი №2); გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა, რომელიც მოიცავს მომსახურების პროცესში ინფორმაციისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გადახდის ოპერაციის ინიცირებიდან მის დასრულებამდე. თუ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის შემდეგ გეგმავს განახორციელოს რამდენიმე მომსახურება, მაშინ თითოეულ მომსახურებაზე წარდგენილი უნდა იქნეს ცალკე სქემა. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში შუამავალი ან მიმღები პროვაიდერის სახით ჩართულია უცხო ქვეყნის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნეს ასეთი პროვაიდერების სია, მათი ზედამხედველი ორგანოების მითითებით; დ) საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის მწარმოებლის შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ამონაწერი, ასევე შემდეგი ინფორმაცია: ელექტრონული სისტემის დასახელება, ელექტრონული სისტემის მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი; ე) საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს დაინტერესებული პირის მიერ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას. თუ დაინტერესებული პირი სააქციო საზოგადოებაა, მაშინ დამატებით წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან; ვ) ინფორმაცია დაინტერესებული პირის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილის (შემდგომში „მნიშვნელოვანი წილის“) უშუალო მესაკუთრეების, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (ბენეფიციარი ან უშუალო მესაკუთრე ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, უშუალო მესაკუთრე იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს პროვაიდერის მიერ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას, ხოლო თუ უშუალო მესაკუთრე იურიდიული პირი სააქციო საზოგადოებაა, მაშინ დამატებით წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან); ზ) დოკუმენტაცია, რომელიც ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის საშუალებას იძლევა; თ) დაინტერესებული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ი) ცნობა (ცნობები) დაინტერესებული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) და მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნასამართლობის შესახებ. ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს; კ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება პროვაიდერის სათავო ოფისი. შესაბამისი მისამართი მითითებული უნდა იქნეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადში როგორც საკონტაქტო მისამართი (შემდგომში „საკონტაქტო მისამართი“); ლ) რეგულირებას/ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირის შემთხვევაში (გარდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირისა), ასევე შესაბამისი რეგულატორის/ზედამხედველის მიერ გაცემული ცნობა/ნებართვა იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს განახორციელოს საგადახდო მომსახურება; მ) ინფორმაცია (სტრატეგია, გეგმა ან სხვა), რითაც დადასტურდება, რომ დაინტერესებული პირი გეგმავს საგადახდო მომსახურების საქმიანობის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე.
,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრირება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მას 30 კალენდარული დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული ვადის დინება იწყება ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის დადგენილი ხარვეზების წერილობითი ფორმით წარდგენის დღიდან, ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში, დაინტერესებული პირის მიერ ამ პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, ასევე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მცდარი ინფორმაციის არსებობა, მისთვის პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 02 ნოემბრის N2-------- გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,სა-----------–--–ს“ უარი ეთქვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოსარჩელისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა სამი ძირითადი გარემოება: 1) შპს ,,სა-----------–--–ის“ დირექტორმა ვერ მოახდინა საგადახდო მომსახურებისათვის გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრაცია. კერძოდ, ნაცვლად მოთხოვნილი სისტემისა, მის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ორი სურათი (ე.წ. mock-up), რომლიდანაც ერთი გამოსახავდა სისტემის ადმინისტრატორის პანელს და მეორე - პროგრამულ ენაზე დაწერილ ბრძანებებს. სისტემის ფუნქციონალის აღწერასა და მის შესაძლებლობებზე მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რადგან შეხვედრაზე მყოფი პროგრამისტის განმარტებით, ელექტრონული სისტემა შემუშავების პროცესშია და მისი სამუშაო ვერსიის დასრულებამდე და დანერგვამდე საჭიროა დაახლოებით 5-6 თვე;
2) კომპანიის დირექტორი არ ფლობს ინფორმაციას კომპანიის მომავალი საქმიანობის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საბოლოო ანგარიშსწორება სერვისის მიმწოდებლებთან, გადახდის განსახორციელებლად დაშვებული ბარათის სახეები (ქართული/უცხოური, ვიზა/მასტერქარდი), ფულადი სახსრების მოძრაობა საბარათე გადახდების დროს, მომხმარებლის ფულადი სახსრების განთავსება და ა.შ;
3) დირექტორის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიის მიხედვით, კომპანია გეგმავს მომსახურება აწარმოოს საქართველოში, რისთვისაც ჩაატარეს ბაზრის კვლევა. თუმცა, მნიშვნელოვანი დეტალების განხილვისას გამოიკვეთა, რომ იგი რეალურად არ იცნობს ინტერნეტ-გადახდების სექტორს საქართველოში, მის ძირითად მონაწილეებს და სავარაუდო კონკურენტებს, ბაზრის ძირითად ტენდენციებს და ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებს. დირექტორმა ვერ შეძლო წარმოედგინა სამომავლო შედეგების რეალური პროგნოზი და დასაბუთება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ, ზემოაღნიშნულ მე-2 და მე-3 გარემოებებთან დაკავშირებით აპელირებს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებაზე და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი საერთოდ არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა განმცხადებლის ბიზნეს ინტერესები და მისი კვალიფიკაციის დონე კონკრეტულ საკითხში. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, ეროვნული ბანკის კომპეტენციას არ წარმოადგენდა განმცხადებლის ბიზნეს გეგმის მომგებიანობისა და მის მიერ ჩატარებული საქართველოს ბაზრის კვლევის შეფასება (მათ შორის, განმცხადებლის პოზიცია, თუ ვის აღიქვამდა იგი კონკურენტად), შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები არ უნდა დადებოდა საფუძვლად შპს ,,სა-----------–--–ის“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-8 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადახდო მომსახურების საიმედოობის, მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, პროვაიდერს უნდა გააჩნდეს ნათლად ჩამოყალიბებული კომპანიის ბიზნეს-გეგმა, გამართული მმართველობითი სტრუქტურა და შიდა პოლიტიკა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მნიშვნელოვანი პროვაიდერის შიდა პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ საკითხებს: ა) კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურას ნათლად ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობების განაწილებით; ბ) მოვალეობების განაწილებისა და შიდა კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებს; გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას; დ) ყოვლისმომცველ და კარგად დოკუმენტირებულ საოპერაციო და ტექნიკურ პროცედურებს; ე) საინფორმაციო უსაფრთხოების ზომებს; ვ) ფინანსური ანგარიშგების წარმოებას და აუდიტს; ზ) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების ეფექტიან სისტემას; თ) ინციდენტების აღრიცხვის სათანადო სისტემას; მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდის ოპერაციის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად, პროვაიდერს უნდა გააჩნდეს გადახდის ოპერაციის სქემის სირთულის ადეკვატური რისკების მართვის პროცედურები; მე-4 პუნქტის მიხედვით, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თავისი მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნიკური საშუალებების საიმედო ფუნქციონირება, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვან პროვაიდერს საგადახდო მომსახურების სქემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამატებით უნდა გააჩნდეს:
ა) წესები და პროცედურები, რომელშიც ნათლად იქნება განსაზღვრული პროვაიდერის, აუთსორსინგული კომპანიის, აგენტის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის, მომხმარებლის და სხვა მონაწილე მხარის უფლებები და ვალდებულებები; ბ) საგადახდო მომსახურების სქემის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფის პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ და ფორს-მაჟორული სიტუაციებში პროცესების კონტროლისა და მართვის ღონისძიებებს, რომლებიც ფარავს ყველა შესაბამის სისტემასა და პლატფორმას (როგორც შიდა ასევე, გარე – აგენტის/აუთსორსინგზე გატანილი); გ) საგადახდო მომსახურების საქმიანობის სუსტი და არაეფექტიანი მხარეების ანალიზი და მათი აღმოფხვრის ზომები; დ) საგადახდო მომსახურების საქმიანობაში მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირების, მართვისა და მონიტორინგის პროცედურები.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ნათლად ჩამოყალიბებული კომპანიის ბიზნეს-გეგმის, გამართული მმართველობითი სტრუქტურისა და შიდა პოლიტიკის არსებობა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც პროვაიდერის რეგისტრაციაზე, რეგისტრაციის გაუქმებასა და კანონით დადგენილი ვალდებულებების შესაბამისად, პროვაიდერის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, უფლებამოსილია შეაფასოს რამდენად იცავს კონკრეტული პირი ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-8 მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს. მათ შორის, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაფასოს კომპანიის ბიზნეს-გეგმა და მისი სამომავლო ინტერესები, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ბანკის მიერ.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების გარდა, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,სა-----------–--–ს“, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ წარდგენილი განცხადების განხილვის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეთხოვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მომავალი საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შესახებ, რისი უფლებამოსილებაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე გააჩნდა. ამდენად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია აღნიშნული საკითხების შეფასებაზე ეროვნული ბანკის არაკომპეტენტურობასა და უფლებამოსილების არქონასთან დაკავშირებით, სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 02 ნოემბრის N2-------- გადაწყვეტილების თანახმად, შპს ,,სა-----------–--–ის“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს ასევე წარმოადგენდა ის გარემოება, რომ შპს ,,სა-----------–--–ის“ დირექტორმა ვერ მოახდინა საგადახდო მომსახურებისათვის გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრაცია. კერძოდ, ნაცვლად მოთხოვნილი სისტემისა, მის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ორი სურათი (ე.წ. mock-up), რომლიდანაც ერთი გამოსახავდა სისტემის ადმინისტრატორის პანელს და მეორე - პროგრამულ ენაზე დაწერილ ბრძანებებს. სისტემის ფუნქციონალის აღწერასა და მის შესაძლებლობებზე მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რადგან შეხვედრაზე მყოფი პროგრამისტის განმარტებით, ელექტრონული სისტემა შემუშავების პროცესშია და მისი სამუშაო ვერსიის დასრულებამდე და დანერგვამდე საჭიროა დაახლოებით 5-6 თვე.
სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ მისივე განმარტებით, შპს ,,სა-----------–--–ის“ მიერ განცხადების წარდგენამდე განხორციელებული რეგისტრაციებისას, საქართველოს ეროვნულ ბანკს საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად რეგისტრაციის მსურველი სხვა კომპანიებისთვის არ მოუთხოვია იმაზე მაღალი დონის ფუნქციონალის მქონე ელექტრონული პროგრამის წარდგენა, ვიდრე ეს შპს ,,სა-----------–--–ს“ ჰქონდა წარდგენილი. მოსარჩელის პოზიციით, ვინაიდან არც კანონმდებლობით და არც სხვა სახელმძღვანელო პრინციპებით არ არის დადგენილი თუ რა დონის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციის ვალდებულება აქვს კომპანიას რეგისტრაციის ეტაპზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს სწორედ მის მიერ პრაქტიკაში უკვე დადგენილი სტანდარტით. პრაქტიკასთან დაკავშირებით კი, მოსარჩელე მიუთითებს, რომ გაესაუბრა სხვა კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ რეგისტრაციისას მათ მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ ე.წ. ,,mock-up“, რაც ეროვნული ბანკისთვის მისაღები აღმოჩნდა და რეგისტრაციის ეტაპზე სხვა დონის ელექტრონული პროგრამის წარდგენა არ ყოფილა მოთხოვნილი. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა განსხვავებული სტანდარტით და კანონის ნორმა (,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი) სხვადასხვა კომპანიების შემთხვევაში განმარტა განსხვავებულად, რითაც დაირღვა მოსარჩელე მხარის უფლებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრირება.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე ცალსახაა და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა განმცხადებლისთვის საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრირება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში სადავოა წარსადგენი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების დონე, კონკრეტულად რა დონემდე, რა ეტაპამდე უნდა იყოს სისტემა შემუშავებული, რომ იგი აკმაყოფილებდეს პროვაიდერად რეგისტრაციის ეტაპზე წარსადგენი ელექტრონული სისტემის სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის ეტაპზე განმცხადებლის მიერ წარსადგენი ელექტრონული სისტემის სტანდარტს და მისი ფუნქციონირების სავალდებულო დონეს, თუმცა სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ დაინტერესებულმა პირმა უნდა მოახდინოს საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრირება. ელექტრონული სისტემის მნიშვნელობასთან დაკავშირებით კი, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელსაც ასევე დაეთანხმა მოსარჩელე მხარე და რომლის თანახმადაც, ე.წ. ,,mock-up“ წარმოადგენს მხოლოდ ელექტრონული სისტემის დიზაინს და მის გარეგნულ, ვიზუალურ მხარეს. მისივე განმარტებით, ,,mock-up“-ს არ აქვს პროგრამული კოდი და არ გააჩნია არანაირი ფუნქციონალი, პროგრამული კოდის გარეშე კი არ არსებობს თავად პროგრამაც. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ,,mock-up“-ს არ გააჩნია პროგრამული კოდი და იგი მხოლოდ პროგრამის დიზაინია, ,,mock-up“ ვერ იქნება განხილული პროგრამული უზრუნველყოფის განმახორციელებელ სისტემად და შესაბამისად, ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ელექტრონულ სისტემად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სხვა კომპანიის მიმართ განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების კვლევა არ წარმოადგენს მოცემული სარჩელის დავის საგანს და ვერ იქნება განხილული სასამართლოს მიერ, მით უფრო, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა თავად განმარტეს, რომ მხოლოდ ე.წ. ,,mock-up“-ის პრეზენტაცია არ არის საკმარისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციისათვის და წარდგენილ ელექტრონულ სისტემას საწყის ეტაპზე უნდა ჰქონდეს შიდა სისტემის ფუნქციონირების მაჩვენებელი რამდენიმე ფუნქციონალი მაინც. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ გაუგებარია რატომ ადგენს მოსარჩელე მხარე, მისივე განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პრაქტიკის საფუძველზე დადგენილ სტანდარტს (წარსადგენი ელექტრონული სისტემის დონის შესახებ) კერძო პირებთან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანო თავად განმარტავს რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებლის მიერ რეგისტრაციის ეტაპზე წარსადგენი ელექტრონული სისტემა. საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციის საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,სა-----------–--–ს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არაერთხელ მიმართა წერილით და მიუთითა იმ კონკრეტული ხარვეზების შესახებ, რომლის გამოსწორებაც კომპანიას უნდა განეხორციელებინა, პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით. ასევე, მოსარჩელეს განესაზღვრა ვადა საქართველოს ეროვნულ ბანკში დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარსადგენად და მიეწოდა ინფორმაცია ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციისას განსახილველი კონკრეტული საკითხების შესახებ. ამდენად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რამდენჯერმე მისცა შესაძლებლობა შპს ,,სა-----------–--–ს“ გამოესწორებინა დადგენილი ხარვეზები, ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, განუსაზღვრა დამატებითი ვადა და მიუთითა პრეზენტაციისას განსახილველი კონკრეტული საკითხები, თუმცა მოსარჩელის მიერ აღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში, ამ პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ იქნა შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იყო ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა შპს ,,სა-----------–--–ის“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 02 ნოემბრის N2-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სა-----------–--–ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს არაქონებრივ დავაზე 100 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 200 (ორასი) ლარი, საიდანაც 100 (ასი) ლარი, როგორც შეცდომით გადახდილი თანხა, უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს, ხოლო 100 (ასი) ლარი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,სა-----------–--–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,სა-----------–--–ს“ სარჩელზე 2018 წლის 04 დეკემბერს გადახდილი (გადამხდელის დასახელება: შ------------------ე, გადასახადის გადამხდელის დასახელება: საფი ფაინენშალი; ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150, გადახდის დანიშნულება: ბაჟი; საქალქო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე (საფი ფაინენშელ; დამატებითი ინფორმაცია: 5----------) სახელმწიფო ბაჟიდან - 200 (ორასი) ლარიდან 100 (ასი) ლარი დაუბრუნდეს უკან, ხოლო დარჩენილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მერი გულუაშვილი