გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-284-19
(საქმე N190210019002862591)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - სს ,,ს----------–---------’’
წარმომადგენელი - გ------- ც-------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ი--- პ----–---ი
წარმომადგენელი - დ-------- მ----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
შეგებებული სარჩელით - ხელშეკრულების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - ი--- პ----–---ს სს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5609.06 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა: 4646.14 ლარი, სარგებელი - 284.71 ლარი, საკომისიო 20.00 ლარი, პირგასამტეხლო - 658.21.
1.2. მოპასუხე - ი--- პ----–---ს სს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის - 100.00 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე - ი--- პ----–---ს სს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი 171.27 ლარი.
მოსარჩელესა და ი--- პ----–---ს შორის 2018 წლის 15 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 5000.00 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 12.4%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს . ი--- პ----–---ის მხრიდან არ მოხდა თანხის გადახდა დადგენილი გრაფიკით და ვალდებულების შესრულება.
სსასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:
1.1. გაუქმდეს 15.03.18 წლის N7416064 საკრედიტო ხელშეკრულება, როგორც ამორალური და ფორმის დაუცველად დადებული.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი გარემოება (ხელშეკრულებაში არც არის ნახსენები), რომ ი--- პ----–---ი (პ/ნ 3----------- უსინათლო პირი გახლავთ და საკრედიტო ხელშეკრულებაც ისეთი ფორმით იქნა შედგენილი, რომ პოტენციურ მსესხებელს არ მიეცა მისი პირობების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა. ყოველივე ამან კი, შედეგად გამოიწვია ის, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში მოსარჩელისათვის არ ყოფილა დაზუსტებულად ცნობილი, არც სესხად აღებული ფულადი თანხის სრული ოდენობა და არც კრედიტის პირობები. აქეიდან გამომდინარე უნდა გააუქმდეს 15.03.2018 წლის N7416064 საკრედიტო ხელშეკრულება, როგორც ამორალური და ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
ამორალური - იმიტომ, რომ საბანკო დაწესებულებამ ფაქტობრივად ისარგებლა უსინათლო პირის უმწეო მდგომარეობით და ფორმის დაუცველად დადებული იმიტომ, რომ საკრედიტო ხელშეკრულება არ გახლდათ შედგენილი უსინათლო პირისათვის გასაგები ფორმით, ანუ ე.წ. „ბრაილის შრიფტით“.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - ი--- პ----–---მა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არ გაფორმდა იმ ფორმით, რომ მას, როგორც უსინათლო პირს შესაძლებლობა მისცემოდა მისი პირობების ზუსტად გაცნობის და გააზრების.
2.2. შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი წარმოადგინა ასევე სს ,,ს----------–---------ს" წარმომადგენლმა, რომლმაც ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ ბანკსა და ი--- პ----–---ს შორის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა კანონის სრული დაცვით და მის მიერ შეგებებული სარჩელის წარმოდგენა მიზნად ისახავს ბანკის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თავიდან აცილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 15 მარტს ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და ი--- პ----–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 5000.00 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 12.4%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება, ს.ფ. 18-25.
3.1.2. 2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ი--- პ----–---ის დავალიანება სესხზე შეადგენს 5609.06 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა: 4646.14 ლარი, სარგებელი - 284.71 ლარი, საკომისიო 20.00 ლარი, პირგასამტეხლო - 658.21 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ფურცელი, ს.ფ. 26..
3.1.3. ს.ს. „ს----------–---------“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ირღვეოდა გრაფიკით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებელის დაფარვა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, ს.ფ. 27-31.
3.1.4. 2018 წლის 21 დეკემბერს ს.ს. „ს----------–---------“-ს მიერ ი--- პ----–---ის მიმართ, ზემოაღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებულიწარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპოდენტის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საფასურების გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები, ს.ფ. 32.
- გადაწყვეტილება N181226407/538593 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ, ს.ფ. 33.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე და შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ი--- პ----–---ი, როგორც შესაგებელში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად , ასევე შეგებებულ სარჩელში სესხის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი არის უსინათლო პირი და შესაბამისად, მას არ შეეძლო საკრედიტო ხელშეკრულების გაცნობა და მისი შინაარსისა და პირობების სრულყოფილად აღქმა, ამიტომ სესხის ხელშეკრულება არის ამორალური გარიგება და ასევე ფორმის დაუცველად დადებული.
როგორც ი--- პ----–---ი განმარტავს, 2018 წლის მარტის თვეში, მას დაუკავშირდა ვინმე მ------ დ---–--- და შესთავაზა გარკვეული ფულადი თანხის, საქმეში ჩადება და შედეგად, მოგების მიღება, რაშიც, ეს უკანასკნელი დახმარებას პირდებოდა მოსარჩელეს. გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის უსინათლო, სოციალურად დაუცველი პირი, ბუნებრივია, რომ მას არ გააჩნდა საჭირო ოდენობის ფულადი თანხები, თუმცა, მ------ დ---–---მ შესთავაზა გამოსავალი მდგომარეობიდან, კერძოდ კი, საჭირო თანხის ბანკიდან კრედიტის აღება. 15.03.2018 წელს, მ------ დ---–---მ და ი--- პ----–---მა მიაკითხეს სს „საქართველოს ბანკს“ და შედეგად, გაფორმდა N7416064 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელმა მიიღო კრედიტი 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოსაზრებით, ბანკის მხრიდან უხეშად იქნა დარღვეული კრედიტის გაცემის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ი--- პ----–---ი უსინათლო პირია და შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ფორმით უნდა ყოფილიყო შედგენილი, რომ პოტენციურ მსესხებელს მისცემოდა მისი პირობების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა, პირველ რიგში კრედიტის აღების სათანადო პირობები და შესაბამისად, ხელშეკრულებაც სათანადო, ე.წ. „ბრაილის შრიფტით“ უნდა ყოფილიყო შედგენილი. მოსარჩელემ ხელი მოაწერა საკრედიტო ხელშეკრულებას, ისე, რომ მისთვის არ ყოფილა დაზუსტებით ცნობილი, არც სესხად აღებული ფულადი თანხის ოდენობა და არც კრედიტის პირობები. მოსარჩელემ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს მ------ დოლიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყების მოთხოვნით.
ზემოაღნიშნული საფუძვლით სესხის ხელშეკრულების ამორალურ გარიგებად მიჩნევა და ამ საფუძვლით მისი ბათილად ცნობა სასამართლოს მიხედულებით, დაუსაბუთებელია. ი--- პ----–---ს სესხის აღების დროს ბანკში წარდგენილი აქვს მთელი რიგი ცნობები, მათ შორის, მის დასაქმების და ხელფასის , შემოსავლების შესახებ. 2018 წლის 13 მარტს შპს " ჯ--------- ავტო პარკი"-ს დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ი--- პ----–---ი დასაქმებული იყო საწარმოში , ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1500 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 01.08.2017 წლიდან 28.02. 2018 წლამდე მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 13 125 ლარს (ს.ფ. 108,109 ცნობები).
როგორც მოსარჩელე ს.ს. „ს----------–---------“-ს წარმომადგენელი განმარტავს, ი--- პ----–---მა თავად მოაწერა ხელის სესხის ხელშეკრულებას პირობების გაცნობის შემდგომ და მას მის ფიზიკურ ნაკლზე არ განუცხადებია , თავად არ მოუთხოვია რაიმე დამატებითი ღონისძიებების საჭიროების შესახებ და მათთვის აღნიშნულის შესახებ უცნობი იყო.
ამასთან, 5000 ლარის თანხის ბანკიდან მიღებას ი--- პ----–---ი არ უარყოფს, სხვა საკითხია, ვინ ისარგებლა ამ თანხით, რასაც ხელშეკრულების ნამდვილობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების გაუქმების ( ბათილად ცნობის ) თაობაზე უსაფუძვლოა და არუნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,ს.ფ.83.
-საკრედიტო ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკამაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 59-ე, 70-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს „საქართველოს ბანკსა“ და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2018 წლის 15 მარტს ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და ი--- პ----–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 5000.00 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 12.4%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–---------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.
ამდენად, თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ი--- პ----–---ს ს.ს. „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა 4646.14 ლარი, სარგებელი 284.71 ლარი.
ასევე სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხის ხელშეკრულებით გათვალსიწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი . 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - ნაცვლად 658.21 ლარისა 164.55 ლარი. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სსკ-ის 54-ე მუხლით განმარტებულია ამორალური გარიგება, როგორც ზნეობის საწინააღმდეგო შეთანხმება. ზნეობის ნორმებში კი ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპს. მხარეთა ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა, მისი უგულებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია; სასამართლო ბათილად მიიჩნევს გარიგებებს, თუ არსებობს მხარეთა ვალდებულებების დისპროპორცია და იგი დადებულია მეორე მხარის გონივრული განსჯის უუნარობით, ნების მნიშვნელოვანი სისუსტით, მძიმე მდგომარეობით და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ ი--- პ----–---ი მ------ დ---–---სთან ერთად იყო ბანკში სესხის მისაღებად მისული და თავად წარადგინა ცნობები შემოსავლების , სამუშაო ადგილისა და ხელფასის შესახებ, თავადვე მოაწერა ხელი სესხის ხელშეკრულებას, არ უარყოფს თანხის მიღებას, მას თავად არ განუცხადებია კრედიტორისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით სესხის ხელშეკრულების ამორალურ გარიგებად მიჩნევა დაუსაბუთებელია. ამავე კოდესის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია წერილობით, რომელსაც უშუალოდ მოაწერა ხელი ი--- პ----–---მა. მას არ მოუთხოვია ფიზიკური ნაკლის გამო არც ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ხელშეკრულება, ხოლო არც ხელმოწერის შეუძლებლობაზე მიუთითებია. სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის დანაწესი აწესრიგებს ხელის მოწერის სხვა პირისათვის გადანდობის საკითხს: იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა. ამდენად, 15.03.18 წლის N7416064 საკრედიტო ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება ფორმის დაუცველად დადებულ ხელშეკრულებად და ამორალურ გარიგებად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 171.27 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილის 166,33 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი ნაწილი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი
მოსარჩელე ითხოვდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტი ითვალისწინებს ამ საკითხს.
სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას.
ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ს----------–---------“-ს სარჩელი ი--- პ----–---ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ი--- პ----–---ს დაეკისროს მოსარჩელე სს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 5 115.4 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4646.14 ლარი, სარგებელი 284.71 ლარი, საკომისიო 20 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 164.55 ლარი.
მასვე დაეკისროს სს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 100 ლარის გადახდა.
3. ი--- პ----–---ის შეგებებული სარჩელი 2018 წლის 15 მარტის #7416064 საკრედიტო ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ი--- პ----–---ს სს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 166.33 ლარის ოდენობით, დანარჩენი ნაწილი ბაჟის ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. სს „ს----------–---------“-ს მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი