გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4279-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე სს „სა-------------------------------------–-----ი“
წარმომადგენელი ლე--------------–-ა
მოპასუხე გა---------------ი
წარმომადგენელი მა-------------ე
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე გა---------------ს სს „სა-------------------------------------–-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 31 923,59 ლარის გადახდა;
სარჩელის თანახმად: 2016 წლის 14 ივნისს სამსახურებრივი ავტომანქანა ფ------ი სახ. ნომრით A------, რომელსაც მართავდა გო------–------–---–ი მოძრაობდა თ.ს.ლ.ს 67-ე კილომეტრზე სადაც დააფიქსირა ავტომანქანა სუ------ სახ. ნომრით B------. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ პიროვნებას ეკრძალებოდა ავტომანქანის მართვა. შესაბამისად, გო------–------–---–ი დაედევნა სუ------ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩართო ციმციმა და ხმამაღლა მოლაპარაკით უთითებდა გაეჩერებინა ავტომობილი.
დევნის პროცესში მანევრირებისას პატრულ ინსპექტორმა დაინახა უკუსვლით მოძრავი მანქანა სახ. ნომრით A-----, პატრულ ინსპექტრომა გამოიყენა მუხრუჭი, მაგრამ მაინც მოხდა შეჯახება პაჯეროს მარკის ავტომანქანასთან. საპატრულო პოლიციის 2016 წლის 14 ივნისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა გა---------------ი, რომელმაც გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა.
ფ------ის მარკის ავტომანქანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაზღვეული იყო სს „სა-------------------------------------–-----ში“. ავტომანქანის საბალანსო ღირებულება, რომელიც მოცემული იყო სადაზღვევო თანხაში შეადგენდა - 45059.59 ლარს.
დაზიანებული ავტომანქანა ზიანის ხარისხის განსაზღვრისათვის წარდგენილი იქნა შპს ავტოექსპერტიზაში, რომლის დეფექტური აქტის თანახმად, ავტომანქანას აღენიშნებოდა სხვადასხვა ტიპის მძიმე დაზიანებები, ძარამ შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც გამოიხატება მისი გეომეტრიის რღვევაში, მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომანქანის მზიდი ძარა და სავალი ნაწილი, ასევე მწყობრიდანაა გამოსული უსაფრთხოების სისტემა. დასახელებული დაზიანებების გათვალისწინებით მანქანის აღდგენა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად და ავტომობილის ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 5000 აშშ დოლარს.
2017 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად სს „სა-------------------------------------–-----ი“ ვალდებული იყო დაზიანებული ავტომობილი ჩაენაცვლებინა სხვა ავტომანქანით.
იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო სრული ზიანი და სადაზღვევო თანხა განისაზღვრებოდა 45059.59 ლარით, აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს ავტომობილის ნარჩენი ღირებულება 5000 აშშ დოლარი, რომელიც ჩანაცვლების დროისათვის 2017 წლის 9 ნოემბერი, ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენდა13136 ლარს. სხვაობა შეადგენს 31923.59 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს სრულად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გა---------------მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო ზიანის ოდენობის ნაწილში იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამება რეალურად არსებული სურათს. სადავოა ავტომანქანის დაზიანების ხასიათი რაც აღწერილია ექსპერტიზის დასკვნაში. მოპასუხის განმარტებით ავტომობილს გაცილებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა ვიდრე ეს წარმოდგენილ დასკვნაშია აღნიშნული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 14 ივნისს სამსახურებრივი ავტომანქანა ფ------ი სახ. ნომრით A------, რომელსაც მართავდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გო------–------–---–ი მოძრაობდა თ.ს.ლ. სავალი გზის 67-ე კილომეტრზე სადაც დააფიქსირა ავტომანქანა სუ------ სახ. ნომრით B------. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ პიროვნებას ეკრძალებოდა ავტოამნქანის მართვა. გო------–------–---–ი დაედევნა სუ------ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩართო ციმციმა და ხმამაღლა მოლაპარაკით უთითებდა გაეჩერებინა ავტომობილი. დევნის პროცესში მანევრირებისას პატრულ ინსპექტორმა დაინახა უკუსვლით მოძრავი მანქანა სახ. ნომრით A-----. პატრულ ინსპექტორმა გამოიყენა მუხრუჭი, მაგრამ თავიდან ვერ აიცილა ავტოსაგზაო შემთხვევა და შეეჯახა პაჯეროს მარკის ავტომობილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 15 ივნისის ცნობა (ს.ფ 17)
3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე გა---------------ის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად, ამავდროულად მოპასუხე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 325-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით. ჯარიმა მოპასუხის მიერ გადახდილია სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #აბ 000124700 (ს.ფ 18)
- ამონარიდი შსს ვებ გვერდიდან (ს.ფ 19)
3.1.3. ავტომანქანა ფ------ი სახ. ნომრით A------, რომელიც ირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე დაზღვეული იყო სს „სა-------------------------------------–-----ში“. ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო თანხა შეადგენდა 45059.59 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ 20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ავტოექსპერტიზას“ დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის FO-------------R, სახ. ნომრით A------ დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანას აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები. კერძოდ, ძარამ შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც გამოიხატება მისი გეომეტრიის რღვევაში, მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომანქანის მზიდი ძარა და სავალი ნაწილი. მწყობრიდანაა გამოსული უსაფრთხოების სისტემა. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად დაზიანებულია და გამოცვლას საჭიროებს მაკომპლექტებელი დეტალები. დეფექტურ აქტში დასახელებული დეტალების მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩამოთვლილი დაზიანებების გათვალისწინებით, ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული. არსებულ მდგომარეობაში აღნიშნული ავტომანქანის თავისუფალი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 5000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ავტოექსპერტიზის“ დასკვნა (ს.ფ 21)
3.2.2. 2017 წლის 9 ნოემბერს შპს „ჯი თი მოტორსს (მიმწოდებელი), სს „სა-------------------------------------–-----ს“ (ამნაზღაურებელი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (მიმღები) შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად სს „სა-------------------------------------–-----ი“ უზრუნველყოფს მიმღების თანხმობით შერჩეულ ქარხნულ მდგომარეობაში მყოფ (ახალი) ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურებას მიმწოდებლისთვის.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელის მხრიდან აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, რომელიც განისაზღვრა შემდეგნაირად:
იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო სრული ზიანი და სადაზღვევო თანხა განისაზღვრებოდა 45059.59 ლარით, აღნიშნულ თანხას გამოაკლდა ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება 5000 აშშ დოლარი (13136 ლარი) და ანაზღაურებული თანხის ოდენობამ შეადგინა 31923.59 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება (ს.ფ 22-26)
- საგადახდო დავალება (ს.ფ 31)
3.2.3. მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს ავტომანქანის დაზიანების ხასიათს, სიმძიმეს და ზიანის ოდენობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა და სასამართლო ასეთ ვითარებაში იზიარებს სასარჩელო განცხადებას თანდართული შპს ავტოექსპერტიზის 2016 წლის 24 ივნისის დასკვნის შინაარსს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ავტოექსპერტიზას“ დასკვნა (ს.ფ 21)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „სა-------------------------------------–-----ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 832-ე, 992-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
უდავო გარემოებაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა სა-------------------------------------–-----ში დაზღვეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა ზიანი 31923.59 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, იმისათვის რომ დამზღვევს მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვას, სახეზე უნდა
იყოს, შემდეგი წინაპირობები: ა.დამზღვევსა და მზღვეველს შორის ხელშეკრულება ნამდვილია; ბ.დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა; გ.სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მესამე პირის ბრალეულმა ქმედებამ უნდა გამოიწვიოს და დ.დასახელებული ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ანაზღაურებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად საჭირო თანხა გადახდილი იქნა დამზღვევისათვის, შესაბამისად სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირების მიმართ, რომლებსაც ეკისრებოდათ მისი ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი
ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.
გა---------------ის ბრალეულობა დადასტურებულია ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა ოქმით, დასახელებული ოქმი არ ყოფილა გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით და იგი იმთავითვე ადასტურებს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს, აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, სასამართლო წინამდებარე დავაში დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის ბრალეულობას. დადგენილია, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს (ზიანი) შორის.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სასამართლო განმეორდება და აღნიშნავს, რომ კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. ასეთი მიდგომა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე.
მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ავტომანქანის დაზიანების ხარისხის სიმძიმე და ზიანის ოდენობა არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დადგენილია, მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრისათვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ფაქტი, გა---------------ს სს „სა-------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 31923.59 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1037 ლარის გადახდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას იურიდიული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „სა-------------------------------------–-----ის“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს;
2. გა---------------ს სს „სა-------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 31923.59 ლარის გადახდა;
3. გა---------------ს სს „სა-------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1037 ლარის გადახდა;
4. სს „სა-------------------------------------–-----ს“ უარი ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებაზე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე