გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2746-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - გი------ სა-------–--ე
წარმომადგენელი - მა---- ჯი-–--–--–---–ი
მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
წარმომადგენელი - ფი----- ზი-----–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „გი------ სა-------–--ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანება;
1.2. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გი------ სა-------–--ის სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოსარჩელე გი------ სა-------–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და დანამატების) ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური - 3500 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე გი------ სა-------–--ე 2015 წლის 23 დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხოლო 2016 წლის 06 იანვრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების განყოფილების უფროსად 3 თვის ვადით, რის შემდეგაც 2016 წლის 06 აპრილიდან უვადოდ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. 2017 წლის 30 ივნისის N3------------ ბრძანებით, მოსარჩელის თანამდებობა გარდაიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობად. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის N1------------ ბრძანებით გი------ სა-------–--ეს თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2800 ლარით და ასევე მიეცა მოხელის მე-8 კლასის შესაბამისი საკლასო დანამატი - 224 ლარის ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის N1----------- ბრძანებაში და ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში განისაზღვრა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის მართვისა და საორგანიზაციო მხარდაჭერის განყოფილებები. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში განისაზღვრა 6 საშტატო ერთეული, მათ შორის: განყოფილების ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული.
რეორგანიზაციამდე არსებული, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით ირკვევა, რომ ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციები არის: ა) პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ა1) ადმინისტრაციის შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ1) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; გ) ამოღებულია (8.12.2015 N 379); დ) ამოღებულია (8.12.2015 N 379); ე) ადმინისტრაციის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; ვ) საინფორმაციო რესურსების მიწოდების უწყვეტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არასანქცირებული წვდომისაგან მონაცემთა ბაზების დაცვის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და განახლება; ვ1) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა; ვ2) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. ამავე დებულებით, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციები არის: ა) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა; დ1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ე) საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა 2018 წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაადგინა, რომ ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცხადდა ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც შესაძლოა თან მოჰყვეს შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. აღნიშნული ბრძანება 2019 წლის 03 იანვარს გაეცნო მოსარჩელე გი------ სა-------–--ეს და წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 15 თებერვლის ხელწერილით ირკვევა, რომ მოსარჩელე გი------ სა-------–--ემ უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მისთვის შემოთავაზებულ თანამდებობაზე დასაქმებაზე, რომელიც წარმოადგენდა მის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობაზე უფრო დაბალ თანამდებობას კომპეტენციის გათვალისწინებით, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის პირველის კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის N15/03-4/05/1 ბრძანების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 60 საშტატო ერთეულით. მათ შორის, რეორგანიზაციამდე არსებული ორი დეპარტამენტი - სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი გაერთიანდა და შეიქმნა ერთი - სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, სადაც განისაზღვრა: სამსახურის ხელმძღვანელის - 1 საშტატო ერთეული, სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის - 2 საშტატო ერთეული და პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 2 საშტატო ერთეული.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედი დებულების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები არის: ა) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება; დ) სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ზ) ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში; თ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; კ) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში; ლ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; მ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, 2019 წლის 15 მარტს, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე გი------ სა-------–--ის დაკავებული თანამდებობიდან 2019 წლის 17 მარტიდან გათავისუფლებისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის მიცემის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოსარჩელე გი------ სა-------–--ის ,,თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ 2015 წლის 23 დეკემბრის ბრძანება (ს.ფ. 20-21);
- მოსარჩელე გი------ სა-------–--ის ,, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ“ 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება (ს.ფ. 22);
- მოსარჩელე გი------ სა-------–--ის ,,თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ 2016 წლის 06 აპრილის ბრძანება (ს.ფ. 24);
- მოსარჩელე გი------ სა-------–--ის ,,თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება (ს.ფ. 27-28);
- მოსარჩელე გი------ სა-------–--ის ,,თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება (ს.ფ. 30);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანება და თანდართული საშტატო ნუსხა (ს.ფ. 43-53);
- საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება (17/12/2018-14/02/2019) (ს.ფ.62-69);
- ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა 2018 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N31/12-4/05/1 (ს.ფ. 104-105);
-2019 წლის 03 იანვრის ოქმი (ს.ფ. 106-112);
- შეტყობინება (ს.ფ.121);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის N15/03-4/05/1 ბრძანება და თანდართული საშტატო ნუსხა (ს.ფ. 33-42);
- საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება (კონსოლიდირებული ვერსია) (ს.ფ.54-61);
-„გი------ სა-------–--ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანება (ს.ფ. 31-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გი------ სა-------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „გი------ სა-------–--ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე გი------ სა-------–--ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის, მეოთხე და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გი------ სა-------–--ე 2015 წლის 23 დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხოლო 2016 წლის 06 იანვრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსად 3 თვის ვადით, რის შემდეგაც 2016 წლის 06 აპრილიდან უვადოდ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. 2017 წლის 30 ივნისის N3------------ ბრძანებით, მოსარჩელის თანამდებობა გარდაიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობად. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა პროფესიულ საჯარო მოხელეს და მისი სამსახურიდან განთავისუფლება უნდა შეფასდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
მითითებული კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის N1----------- ბრძანებაში და ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში განისაზღვრა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის მართვისა და საორგანიზაციო მხარდაჭერის განყოფილებები. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში განისაზღვრა 6 საშტატო ერთეული, მათ შორის განყოფილების ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა 2018 წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაადგინა, რომ ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცხადდა ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც შესაძლოა თან მოჰყვეს შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. აღნიშნული ბრძანება 2019 წლის 03 იანვარს გაეცნო მოსარჩელე გი------ სა-------–--ეს და წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის N15/03-4/05/1 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 60 საშტატო ერთეულით. მათ შორის, რეორგანიზაციამდე არსებული ორი დეპარტამენტი - სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი გაერთიანდა და შეიქმნა ერთი - სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, სადაც განისაზღვრა სამსახურის ხელმძღვანელის - 1 საშტატო ერთეული, სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის - 2 საშტატო ერთეული და პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 2 საშტატო ერთეული.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის შედეგად, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტების გაერთიანებით ჯამში 24 საშტატო ერთეული შემცირდა 5 ერთეულამდე, ამასთან, ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე გი------ სა-------–--ე შემცირდა.
6.5. სასამართლო მიუთითებს, ,,პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეული არის საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ორგანიზაციული მოწყობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს საჯარო დაწესებულების სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მეორადი სტრუქტურული ერთეული არის საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ქვეშ არსებული ქვემიმართულების ორგანიზაციული მოწყობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს საჯარო დაწესებულების სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს. მითითებული დადგენილების მე-6 მუხლი განსაზღვრავს მოხელის თანამდებობათა იერარქიას, კერძოდ, საჯარო სამსახურში არსებული მოხელის თანამდებობების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია: ა) საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
ბ) საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა; გ) საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა; დ) საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; ე) საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; ვ) საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; ზ) საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა; თ) საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა; ი) საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.
სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში განისაზღვრა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის მართვისა და საორგანიზაციო მხარდაჭერის განყოფილებები. თავის მხრივ, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში განისაზღვრა 6 საშტატო ერთეული, მათ შორის: მოსარჩელის საშტატო ერთეული - განყოფილების ხელმძღვანელი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის N15/03-4/05/1 ბრძანების საფუძველზე, რეორგანიზაციამდე არსებული ორი დეპარტამენტი - სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი გაერთიანდა და შეიქმნა ერთი - სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, სადაც განისაზღვრა: სამსახურის ხელმძღვანელის - 1 საშტატო ერთეული, სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის - 2 საშტატო ერთეული და პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 2 საშტატო ერთეული.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთერთი დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელობა, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობის ტოლფასია, რადგან ,,პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილება განსაზღვრავს თანამდებობათა იერარქიას, სადაც, ნათლად არის მითითებული, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა უფრო მაღალი რანგის თანამდებობაა, ვიდრე საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გაუქმებულ და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ შტატებს შორის რანგობრივი თანხვედრის არ არსებობის გამო, მოპასუხე მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა მოსარჩელის კანდიდატურა მის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობაზე უფრო მაღალი რანგის თანამდებობაზე პირის დასაქმებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა, ვაკანტური, აღნიშნული საშტატო ერთეული. სასამართლო, ასევე, იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილი სამსახური აერთიანებდა, რეორგანიზაციამდე არსებული ორი დეპარტამენტის ფუნქციებს, თავის მხრივ, მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული კონკრეტული შტატის გაუქმება გამოწვეული იყო სწორედ იმით, რომ არ არსებობდა, კონკრეტულად მოსარჩელისთვის რეორგანიზაციამდე დაკისრებული ფუნქციების მატარებელი ახალი საშტატო ერთეული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ "საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებით დამტკიცებული რეესტრის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წამყვანი საჯარო თანამდებობებია საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, მთავარი მრჩეველი.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში განსაზღვრულ თანამდებობათა რანგები, საშტატო ერთეულის შემცირების დადგენის თვალსაზრისით, უპირობოდ არ განაპირობებს საშატო ერთეულთა ტოლფას მნიშვნელობას ან იდენტურობას და იგი დამოკიდებულია კონკრეტული საშტატო ერთეულის ფუნქციების შინაარსთან, მოცულობასთან და საჯარო სამსახურში მისი პასუხისმგებლობის ხარისხთან.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული წარმოადგენს რეორგანიზაციამდე არსებულ ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის საშტატო ერთეულს, რაც გამორიცხავს იმავე დეპარტამენტში არსებულ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო ერთეულის ფუნქციურად კვლავ არსებობას ან აღნიშნულ საშტატო ერთულში ტრანსფორმაციას. შესაბამისად, ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული ვაკანტურია, არ წარმოადგენს იმის დადგენის ფაქტობრივ და სამართლებრივ პირობას, რომ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო ერთეული არ შემცირებულა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 15 თებერვლის ხელწერილით ირკვევა, რომ მოსარჩელე გი------ სა-------–--ემ უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მისთვის შემოთავაზებულ თანამდებობაზე დასაქმებაზე, რომელიც წარმოადგენდა მის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობაზე უფრო დაბალ თანამდებობას კომპეტენციის გათვალისწინებით, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის პირველის კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფლებამოსილება, მოსარჩელის მიერ დაკავებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის შემცირების შემდგომ, დეპარტამენტში, რეორგანიზაციის შემდგომ ტოლფასი თანამდებობის არ არსებობის გამო, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენდა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას, იმ კვალობაზე, როდესაც მოსარჩელემ თავად განაცხადა მისთვის შეთავაზებულ დაბალ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობის საშტატო ერთეული არის სხვა და უფრო მაღალი იერარქიის, ვიდრე მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული, ასევე, განსხვავებული ფუნქციების მატარებელი, რის გამოც იგი იმთავითვე სხვა საშტატო ერთეულს წარმოადგენდა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები - დარჩენილ საშტატო ერთეულზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, დარჩენილი საშტატო ერთეულის ფუნქციები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელე ისეთ პირობებში იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, როდესაც იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც იგი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღარ არსებობდა, თავის მხრივ, მოსარჩელემ მობილობის ფარგლებში უარი განაცხადა მისთვის შეთავაზებულ უფრო დაბალ თანამდებობაზე.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „გი------ სა-------–--ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
ამრიგად, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, არ არსებობს მოსარჩელე გი------ სა-------–--ის სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაევალოს მოსარჩელე გი------ სა-------–--ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გი------ სა-------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი