გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26246-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
კახა კომლაძის მდივნობით
მოსარჩელე შპს „კ-–-----“
წარმომადგენელი სო-------------
მოპასუხე შპს „L---------------“
წარმომადგენელი ამ----------------–-–---–-
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს 2017 წლის 10 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 7149.62 აშშ დოლარი 20%-ით და დაეკისროს მოპასუხე შპს „L---------------“-ს მოსარჩელე შპს „კ-–-----ს“ სასარგებლოდ 285 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.
1.2. შემცირდეს 2017 წლის 6 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 18 880 აშშ დოლარი 20%-ით და დაეკისროს მოპასუხე შპს „L---------------“-ს მოსარჩელე შპს „კ-–-----ს“ სასარგებლოდ 2336 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.
1.3. დაეკისროს მოპასუხე შპს „L---------------“-ს მოსარჩელე შპს „კ-–-----ს“ სასარგებლოდ 4701 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა.
2017 წლის 10 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელი მოპასუხე ვალდებული იყო საკუთარი მასალით დაემზადებინა და გადაეცა დამკვეთისათვის 2 ცალი გარე ვიტრაჟის კარ-ფანჯარა და 3 ცალი შიდა ფანჯარა 2017 წლის 26 მარტისათვის, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული საზღაური ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, რაც ჯამში შეადგენდა 7149.62 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
მოსარჩელემ მოპასუხეს ჩაურიცხა სამუშაოს ღირებულების 70%-ზე მეტი - 6004.73 აშშ დოლარი, ხოლო შემსრულებელმა ვალდებულება არ შეასრულა ვადაში და ამასთან მიაწოდა ნაკლიანი ნივთი, კერძოდ, კარ-ფანჯარას ძვრება საღებავი და ხემ გადაბმის ადგილებში გაიჩინა ბზარები. მოპასუხემ რეაგირების გარეშე დატოვა დამკვეთის როგორც ზეპირი, ისე წერილობითი მოთხოვნები ნაკლიანი შესრულების გამოსწორებასა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან დაკავშირებით.
2017 წლის 06 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მენარდე ვალდებული იყო საკუთარი მასალით დაემზადებინა და გადაეცა შპს „კ-–-----სათვის“ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ნაკეთობები 2017 წლის 07 აპრილისათვის, ხოლო შემკვეთი ვალდებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გადაეხადა შეთანხმებული საზღაური ჯამში - 18 880 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. შემკვეთმა შემსრულებელს გადაუხადა სამუშაოების ღირებულების 92%-17 440 აშშ დოლარი, ხოლო მენარდის მხრიდან შეთანხმებული ვადის გადაცილებასთან ერთად ადგილი ჰქონდა ნაკლიან შესრულებას, კერძოდ, წინამდებარე ხელშეკრულების დანართში 8 და 9 ნომრით აღნიშნული ნაკეთობა 1950 აშშ დოლარის ღირებულების დარბაზის დიდი მაგიდა 400/120-ზე და 1125 აშშ დოლარის ღირებულების ვიპის მაგიდა 240/90-ზე გადაბმის ადგილებში გაიხსნა, აღნიშნული ხარვეზი მოკლე ვადაში გაჩნდა. მოპასუხემ რეაგირების გარეშე დატოვა დამკვეთის მიერ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი მოთხოვნები ნაკლიანი შესრულების გამოსწორებასა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან დაკავშირებით.
2017 წლის 21 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო საკუთარი მასალით დაემზადებინა და გადაეცა შემკვეთისათვის ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ნაკეთობები 2017 წლის 15 მაისისათვის, ხოლო შემკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული საზღაური ჯამში, 20 085 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. დამკვეთმა შემსრულებელს გადაურიცხა სამუშაოს ღირებულების 65%-მდე - 13 051 აშშ დოლარი. მენარდეს საერთოდ არ შეუსრულებია და არ გადაუცია ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული შემდეგი ნაკეთობები, კერძოდ: 10 125 აშშ დოლარის ღირებულების სკამი, 530 აშშ დოლარის ღირებულების პატარა დივანი 160/7-ზე და 660 აშშ დოლარის ღირებულების 2 კაციანი სავარძელი.
2. მოპასუხის პოზიცია
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 10 იანვარს შპს „კ-–------“ და შპს „L---------------“-ს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებლის შპს „L---------------“-ს მიერ შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს ქ. თბილისში, ს-----------------ში მდებარე რესტორან „კ-–-----ს“ გარე ვიტრაჟის (კარ-ფანჯარა) 2 ცალი და შიდა (ფანჯარა) 3 ცალი წარმოება და დამკვეთისათვის მიწოდება.
ხელშეკრულების დანართი N1-ის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა: 7149.62 აშშ დოლარით.
შემსრულებელი ასრულებს სამუშაოს თავისი მასალით და გადასცემს დამკვეთს შესრულებულ სამუშაოს.
შემსრულებელი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის.
შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს და გადასცეს დამკვეთს შესრულებული სამუშაო უნაკლოდ 75 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
მომსახურების ხელშეკრულება. (ს.ფ. 20-22).
3.1.2.ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, შპს „კ-–------“ შემსრულებელს 2017 წლის 12 იანვარს ავანსის სახით გადაურიცხა 5004.73 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში 13 710.46 ლარი და 2017 წლის 08 მაისს 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 2 438.40 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საგადახდო დავალება N0--- (ს.ფ. 26).
საგადახდო დავალება N0----
3.1.3. 2017 წლის 06 თებერვალს შპს „კ-–------“ და შპს „L---------------“-ს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელი შპს „L---------------“ კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს და გადასცეს დამკვეთს ამავე ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო დამკვეთი ვალდებულია მიიღოს 18 880 აშშ დოლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს შემსრულებელს შეთანხმებული საზღაური.
მომსახურების ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებულია შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა, კერძოდ, 1. სარკე შესასვლელში 480/150 მასალა: მეტალი, სარკე, ხე მდფ 1ცალი; 2. სარკე ვიპისათვის 180/110, მასალა:მეტალი, სარკე, ხე, მდფ 1ცალი; 3. ბარის მაგიდა 250/110 მასალა:მ ეტალი, ხე, მდფ 1 ცალი; 4. სამზარეულოს მაგიდა დასაჯდომი 350/110 მასალა: მეტალი, ხე, მდფ 1 ცალი; 5. ბარის კარადები 190/90 მასალა: მეტალი, ხე, მდფ 1 ცალი; 6. კარები მდფ-ის 250/90 მასალა: ხე, მდფ 3 ცალი; 7. მაგიდა ონკანის 140/50/75 მასალა: მეტალი, ხე 2 ცალი; 8. დარბაზის მაგიდა დიდი 400/120 მასალა: მეტალი, ხე 1 ცალი; 9. ვიპის მაგიდა 240/90 მასალა: მეტალი, ხე 1 ცალი. 10. სარკე საპირფარეშოსი 120/100 მასალა: მეტალი, ხე 2 ცალი. 11. ტრანპორტირება და მონტაჟი: შედის ფასში, 12. მონტაჟი: შედის ფასში. 13. 3 კარის სახელური: არ შედის ფასში. 14. 3 კარის საკეტი: არ შედის ფასში.
სამუშაოების ჩაბარების ვადა 60 დღე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ.34-36).
3.1.4. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს ავანსის სახით, 2017 წლის 08 თებერვალს ჩაურიცხა 9440 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში -25 163.26 ლარი, 2017 წლის 07 აპრილს - 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 16 989 ლარი და 2017 წლის 29 მაისს - 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 2417.20 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საგადახდო დავალებები.
3.1.5. 2017 წლის 21 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა და გადაეცა დამკვეთისათვის ამავე ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო დამკვეთს უნდა მიეღო შესრულებული სამუშაო და გადაეხადა შემსრულებლისათვის შეთანხმებული საზღაური.
ხელშეკრულების დანართი N1-ში მოცემულია შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაო აღწერილობა, რომლის ღირებულებაა 20 085 აშშ დოლარით სამუშაოების ჩაბარების ვადად განისაზღვრა 60 კალენდარული დღე.
დანართი N1-ის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობაა: 1. სკამის სახელური 75 ცალი; 2. მაგიდა მრგვალი 100/100 მასალა: მეტალი ხე 4 ცალი; მაგიდა მრგვალი 80/80 მასალა: მეტალი, ხე 3 ცალი; მაგიდა ოვალური 100/70 მასალა: მეტალი, ხე 2 ცალი; მაგიდა ოთხკუთხედი 60/60 მასალა:მეტალი, ხე 1 ცალი; დივანი დიდი დარბაზის 390/85 1 ცალი; დივანი პატარა160/75 1 ცალი; ფანჯარა დიდი მასალა, ხე 1 ცალი; სავარძელი 2 კაციანი 2 ცალი; კარები ორფრთიანი მეორე შესასვლელის 150/280 მასალა მეტალი, მინა ან სარკე 1 ცალი; ტრანპორტირება და მონტაჟი, კარის სახელური, კარის საკეტი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულება.
3.1.6.ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს შემსრულებლისათვის ჩარიცხული აქვს: ავანსის სახით, 2017 წლის 23 თებერვალს - 12 051 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 31 367.54 ლარი, 2017 წლის 08 მაისს - 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 2 438.40 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- საგადახდო დავალებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ 2017 წლის 10 იანვრისა და 06 თებერვლის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ დგინდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა ვადაგადაცილებით, ამასთან, შესრულებული სამუშაო იყო უხარისხო, კერძოდ, კარ-ფანჯარას ძვრება საღებავი და ხემ გადაბმის ადგილებში გაიჩინა ბზარები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე ითხოვს ნაკლიანი ნივთის მიწოდების გამო, ზიანის ანაზღაურებას, შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადების გადაცილების გარემოება არ წარმოადგენს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას და ამ ფაქტის არსებობას სასამართლო ამ დავის ფარგლებში არ ადგენს. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, მოპასუხის მიერ დამზადებული და მიწოდებული კარ-ფანჯრის უხარისხობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სარჩელში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა ფოტოსურათები (დანართი N3), რომელზეც აღბეჭდილია კარზე არსებული ბზარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტს. მხოლოდ კარზე არსებული დაზიანებებით შეუძლებელია ნაკლიანი შესრულების გარემოების დადგენა, რადგან ამ შემთხვევაში, არ დგინდება, ბზარების გაჩენის მიზეზები.
2017 წლის 06 თებერვლის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია მაგიდები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მაგიდების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, არ დგინდება, ნაკეთობების ნაკლი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი და თვლის, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე-641-ე, 394-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულება დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან -შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჯეროვნად შესრულების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სამუშაოს ხარისხიანად შესრულება. ზოგადად, ვალდებულების შესრულების ხარისხი შეიძლება განსაზღვრული იყოს კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან გამომდინარეობდეს ვალდებულების არსიდან. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გადასაცემი საგნის ხარისხი შეიძლება განსაზღვრული იყოს დადგენილი სტანდარტებით.
შესრულების ხარისხი უმეტესწილად განისაზღვრება კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით. თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ხელშეკრულების საგნის ხარისხი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ხარისხთან მიმართებაში მნიშვნელოვან დანაწესებს შეიცავს 639-641-ე მუხლები. თუ ნარდობის ხელშეკრულება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ უნდა წარუდგინოს შემკვეთს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. მაშასადამე, როგორც წესი, ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს შეთანხმება ნაკეთობის ხარისხთან მიმართებაში. ნარდობის ხელშეკრულების საგნის თავისებურებების გათვალისწინებით, დასამზადებელი ნაკეთობის ხარისხი შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ან თვითონ ხელშეკრულებით ან მასზე დართული სხვა დოკუმენტებით (პროექტი, ნახაზი და ა.შ.), ან ამა თუ იმ ტექნიკურ ნორმატივზე, მაგალითად, დადგენილი სტანდარტის მითითებით. შესაძლებელია აგრეთვე ნაკეთობის დამზადება ნიმუშის (ესკიზის) მიხედვით. შესაძლებელია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნარდობის ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის განსაზღვრული დასამზადებელი ნაკეთობის ხარისხი. ასეთ შემთხვევაში, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღნიშნული მუხლი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას საკუთარი მასალით დაემზადებინა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ნაკეთობები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, შემსრულებლის მიერ 2017 წლის 10 იანვრისა და 06 თებერვლის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, კერძოდ, ნაკლიანი ნივთების დამზადება და საკუთრებაში გადაცემა. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
რაც შეეხება 2017 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, ამ ნაწილშიც მოთხოვნა უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:
ამ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არ დაუმზადებია და არ გადაუცია საკუთრებაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 11 315 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯი.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. თუ არა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ დაირღვეოდა ვალდებულება და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი ვალდებულების შეუსრულებლოს შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობას შორის სხვაობით. მოსარჩელე ზიანის სახით ითხოვს 4701 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდევინებას. მოსარჩელის განმარტებით, ზიანის მოცულობა განსაზღვრულია ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოსა და შემკვეთის მიერ გადახდილ თანხას შორის სხვაობით. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ზიანის მოცულობას, რადგან არ დგინდება, ამ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი 20 085 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოდან რა ნაწილი შეასრულა მოპასუხემ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს არ გამოუყენებია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს "კ-–-----ს" სარჩელი მოპასუხე შპს „L---------------“-ის მიმართ, ვალდებულების დარღვევის გამო, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია