გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
330210119002900789
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/5460-19

გადაწყვეტილება -

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - შპს ,,SK-----------------A"

წარმომადგენელი - პლ-------------–--ე

მოპასუხე - შპს ,,რე-–---"

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა :

 

1.1. მოპასუხე შპს ,,რე-–----ს’’ შპს ,,SK-----------------A"-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 19 721 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით - 6 921.72 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 18 ივნისს მხარეებს შორის დაიდო საქონლის შესყიდვის შესახებ №1------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებლმა აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის საქონელი, 2018 წლის 31 ივლისამდე, ხოლო შემკვეთმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ანგარიშსწორება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების საერთომ ღირებულებამ დღგ-ს ჩათლით შეადგინა 19 721 ლარი. ასევე ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.15 %-ის ოდენობით, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

შპს ,,SK-----------------A"-მ შპს ,,რე-–----ს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიაწოდა 2018 წლის 13 ივლისს. თუმცა მოპასუხემ არ უზრუნველყო მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდა.

 

2018 წლის 17 ოქტომბრის №1---- წერილით შპს ,,რე-–----მა’’ აიღო ვალდებულება დავალიანების 2018 წლის 5-6 ნოემბრამდე დაფარვის თაობაზე, არც ასევე არ იქნა შესრულებული.

მოპასუხეს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მხარეთა შორის 2018 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 6.4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.15 %-ის ოდენობით, რომელმაც 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგინა 6 921.72 ლარი.

 

მოპასუხემ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს, რომლითაც მოითხოვა დავალიანების დაფარვა, თუმცა უშედეგოდ.

 

მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. ბიუროს ცნობით, გამარტივებული წარმოების დაწყვების შესახებ შეტყობინება მოპასუხეს გაეგზავნა ხუთჯერ, მაგრამ ვერ მოხერხდა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება მათთვის ცნობილ მისამართზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ძირითადი თანხის 19 721 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 18 ივნისს შპს ,,SK-----------------A"-სა და შპს ,,რე-–----ს’’ შორის დაიდო №1------- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსრულებლის მიერ შემკვეთისათვის ხელშეკრულების დანართი 1-ით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდება. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ დღგ-ს ჩათლით შეადგინა 19 721 ლარი. მიწოდების ვადა განისაზღვრა 2018 წის 31 ივლისამდე. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.15 %-ის ოდენობით, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 19-22).

 

3.1.2. შპს ,,SK-----------------A"-მ შპს ,,რე-–----ს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიაწოდა 2018 წლის 13 ივლისს, რასთან დაკავშირებითაც, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 23).

 

3.1.3. 2018 წლის 17 ოქტომბრის №1---- წერილით შპს ,,რე-–----მა’’ აიღო ვალდებულება დავალიანების 2018 წლის 5-6 ნოემბრამდე დაფარვის თაობაზე (ს.ფ. 31).

 

3.1.4. შპს ,,SK-----------------A"-მ შპს ,,რე-–----ს’’ მიმართა ელექტრონული წერილით და მოითხოვა თანხის ანაზღაურება (ს.ფ. 28-30).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

მოცემულ საქმეზე, მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელს გი-------------–---–ს 2019 წლის 22 მაისს ტექნიკური საშუალებით ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ. აღნიშნულზე შედგა სატელეფონო აქტი, რომელიც დაერთო საქმეს. მოპასუხე მხარეს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონის 230-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

ვინაიდან, სარჩელში მითითებული გარემოებები მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებს იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, 2-ე-3-ე ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში - ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

 

მოპასუხის წარმომადგენელს 2019 წლის 22 მაისს ტექნიკური საშუალებით ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ. აღნიშნულზე შედგა სატელეფონო აქტი, რომელიც დაერთო საქმეს. მოპასუხე მხარეს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. მხარეს ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

მოპასუხე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ვინაიდან ეს გარემოებები ნაწილობრივ იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, ადგილი უნდა ჰქონდეს მყიდველისა და გამყიდველის ქმედებების თანხვედრას. კერძოდ, გამყიდველმა უნდა გადასცეს, ხოლო მყიდველმა უნდა მიიღოს ნივთი და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. ე.ი მხარეებს თანადროული მოქმედებების განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას, გამყიდველი და მყიდველი შეიძლება შეთანხმდნენ, როგორც ნივთის გადაცემის, ასევე თანხის გადახდის განსხვავებულ წესზე, მაგალითად, მოგვიანებით, ნაწილ-ნაწილ გადახდა და ა.შ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია რა, რომ გამყიდველმა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულა ვალდებულება - გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, გამყიდველს მის მიერ ვალდებულების შესრულების მომენტიდან - წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილია N1------- ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, წერილი დავალიანების დაფარვის თაბაზე (იხ. 19-23, 31), რომელთა საფუძველზეც დგინდება ნასყიდობის ფაქტი, რასაც მოპასუხეც არ უარყოფს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიწოდებული საქონლის საფასური - 19 721 ლარი.

 

რაც შეეხება პირგასამატეხლოს, სასამართლო განმარტავს შემდეგს: მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს შესაბამისი ოდენობის დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,რე-–----ს’’ შპს ,,SK-----------------A"-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 2500 ლარის გადახდა და არა ხელშეკრულების სრული ღირებულების მიხედვით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 800 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ძირითადი თანხის ნაწილში (19 721 ლარი), მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხე ცნო სარჩელი (591.63 ლარი). თუმცა ვინაიდან 2019 წლის 19 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად (591.63 - 50 = 541.63).

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს მიერ იქნა დაკმაყოფილებული. კერძოდ, 75 ლარის ოდენობით, ხოლო დაუკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა ასევე უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,SK-----------------A"-ს სარჩელი შპს ,,რე-–----ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს ,,რე-–----ს’’ შპს ,,SK-----------------A"-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 19 721 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,რე-–----ს’’ შპს ,,SK-----------------A"-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 2 500 ლარის გადახდა პირგასამტეხლოს სახით.

 

2. მოპასუხე შპს ,,რე-–----ს’’ შპს ,,SK-----------------A"-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 75 ლარი ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. შპს ,,SK-----------------A"-ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თიბისი ბანკში" 13/03/2019 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 800.00 ლარის ნაწილი - 541.63 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N300773150; ბანკის კოდი TRESGE22.

 

4. მოპასუხეს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტის გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

5. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე