განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002669114
N1/225-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - რ--------- ლ--–---;
ბრალდებული - ი-----–- ზ---------, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, თევდორე მღვდლის ქუჩა N-;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი); 2) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი); 3) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2012 წლიდან ი---------- ქორწინებაში იმყოფება ი-----–- ზ---------სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონში, თევდორე მღვდლის ქუჩა N--ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: ლ---- ზ--------- (დ-------------) და ს-------- ზ--------- (დ--------------). დაქორწინების შემდეგ, ი-----–- ზ---------სა და ი----------ს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა ქალის მიმართ გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება, რაც გამოიხატებოდა ი-----–- ზ--------ის მიერ მეუღლის, ი---------ის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის აკრძალვაში, ქცევის და პირადი ცხოვრების კონტროლში. 2018 წლის 23 მაისს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, თევდორე მღვდლის ქუჩა N--ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ზ---------მ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს, ი----------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მკლავში ხელის მოკიდებით გაიყვანა სააბაზანოში, სადაც, ორივე ხელი მოკიდა მხრებში და რამოდენიმეჯერ მიარტყმევინა თავი კედელზე. ი-----–- ზ--------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ი----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. 2012 წლიდან ი---------- ქორწინებაში იმყოფება ი-----–- ზ---------სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონში, თევდორე მღვდლის ქუჩა N--ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: ლ---- ზ--------- (დ-------------) და ს-------- ზ--------- (დ--------------). დაქორწინების შემდეგ ი-----–- ზ---------სა და ი----------ს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა ქალის მიმართ გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება, რაც გამოიხატებოდა ი-----–- ზ--------ის მიერ მეუღლის, ი---------ის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის აკრძალვაში, ქცევის და პირადი ცხოვრების კონტროლში. 2018 წლის 1 აგვისტოს, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, თევდორე მღვდლის ქუჩა N--ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ზ---------მ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს, ი----------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ი---------- შეეცადა გასცლოდა მეუღლეს - ი-----–- ზ---------ს, თუმცა ამ უკანასკნელმა ესროლა ლიმონათის ბოთლი, რაც ზურგში მოხვდა ი----------ს. განაგრძობდა რა ძალადობას ი-----–- ზ---------მ, ი----------ს, მარჯვენა ხელი გადაუტრიალა, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა მარცხენა მკერდის ზედა ნაწილში, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ლ---- ზ--------- (დ-------------). ი-----–- ზ--------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ი----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
3. 2012 წლიდან ი---------- ქორწინებაში იმყოფება ი-----–- ზ---------სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონში, თევდორე მღვდლის ქუჩა N--ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: ლ---- ზ--------- (დ-------------) და ს-------- ზ--------- (დ--------------). დაქორწინების შემდეგ ი-----–- ზ---------სა და ი----------ს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა ქალის მიმართ გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება, რაც გამოიხატებოდა ი-----–- ზ--------ის მიერ მეუღლის, ი---------ის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის აკრძალვაში, ქცევის და პირადი ცხოვრების კონტროლში. 2018 წლის 2 აგვისტოს, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, თევდორე მღვდლის ქუჩა N--ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ზ---------მ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს, ი----------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რასაც შეესწრო მათი არასრულწოვანი შვილი ლ---- ზ--------- (დ-------------). ი-----–- ზ--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ი----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
4. 2018 წლის 23 მაისს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, თევდორე მღვდლის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი-----–- ზ---------ს, მეუღლის - ი---------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
5. 2018 წლის 1 აგვისტოს, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, თევდორე მღვდლის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი-----–- ზ---------ს, მეუღლის - ი---------ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის - ლ---- ზ--------ის (დაბ:0---------) თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.
6. 2018 წლის 2 აგვისტოს, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, თევდორე მღვდლის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი-----–- ზ---------ს, მეუღლის - ი---------ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის - ლ---- ზ--------ის (დაბ:0---------) თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
7. დაზარალებულ ი---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2012 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი-----–- ზ---------სთან და ჰყავთ ორი შვილი.
8. მოწმეები ო------------ის და ნ-----------ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, მათი შვილი, ი----------, 2012 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი-----–- ზ---------სთან.
9. 2017 წლის 14 თებერვლის ს-------- ზ--------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი----------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ი-----–- ზ---------.
10. 2012 წლის 9 ოქტომბრის ლ---- ზ--------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი----------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ი-----–- ზ---------.
11. 2013 წლის 5 აგვისტოს ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ი----------, ხოლო საქმროდ გ------- ი-----–- ზ---------.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- ზ--------- და დაზარალებული ი---------- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი;
2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი;
3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდი;
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----–- მ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 2 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, რომ ქალბატონი ითხოვდა დახმარებას. როდესაც ხდებოდა ინიციატორის ტელეფონზე დაკავშირება, ტელეფონს პასუხობდა მამაკაცი და ეუბნებოდა, რომ დახმარება არ იყო საჭირო. ადგილზე, მისამართზე მისულებს, სახლში დახვდათ დაზარალებული ი---------- და ი-----–- ზ---------. ი.ა-------ს განმარტებით, ი.ზ--------- მას სისტემატურად აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე, ფიზიკურ შეურაცხყოფას. იმყოფებოდა აღელვებულ მდგომარეობაში. აღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ ი.ზ--------- ცემით დაემუქრა პოლიციელების თანდასწრებით ი.ა--------, ნ.მ------–-–---–ის და გ.ც---–----ს მიერ, ადგილზე იქნა დაკავებული ი-----–- ზ---------.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------–------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო ი-----–- ზ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო ი.ზ---------ს, გამოკითხა მოწმის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, დაათვალიერა 112-ის აუდიო ჩანაწერი.
16. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია საქმეზე არსებული როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ასევე, მოწმეები და აღარ მოითხოვა ი---------ის, ო------------ის, ნ-----------ის, ლ---- ზ--------ის, ლ--–--------ის, დ---------–----–--ის, ლ--------–---–----ის, გ--------------ის, ვ-–--------------–---–ის, გ--------------–---–ის, ა-----–-----–------ის, თ--------------–---–--ას, ი----- ზ--------ის, გ----–---–---ის და ნ---------------ის დაკითხვა.
17. დაზარალებულ ი---------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 23 მაისს, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მეუღლემ, ი-----–- ზ---------მ მას ხელი მოჰკიდა მარცხენა მკლავის არეში და ძალით შეიყვანა სააბაზანო ოთახში. აღნიშნულ დროს, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ი.ზ---------მ ორივე ხელი მძლავრად მოკიდა მხრებში და 3-4 ჯერ, მძლავრად მიარტყმევინა თავი, უკანა ნაწილით, ფილებით მოპირკეთებულ კედელზე, რა დროსაც, ყველა დარტყმის დროს, განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 1 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- ზ---------მ პლასტმატის ბოთლი ესროლა მას ზურგის არეში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. განაგრძობდა რა ძალადობას, მიუახლოვდა მას და მძლავრად გადაუტრიალა ხელი, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, მარჯვენა ხელი მოუჭირა მკერდის არეში, მარცხენა მხარეს, რა დროსაც, ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- ზ---------მ ხელი მოუჭირა კისრის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 1 აგვისტოს და 2 აგვისტოს განხორციელებულ ძალადობებს, ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ლ---- ზ---------.
18. მოწმე ო------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის დაახლოებით ივნისის თვეში, მის მეუღლეს, ნ-----------ეს დაუკვშირდა შვილი ი---------- და უთხრა, რომ მისმა მეუღლემ, ი-----–- ზ---------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაგდო სახლიდან და იმყოფებოდა მეზობლად მყოფ ლ--–- კ-------–---სთან. აღნიშნულის საფუძველზე, იმავე დღეს, გაემგზავრნენ ქალაქ ზესტაფონში. ადგილზე მისულებს, ი----------მ დაუდასტურა, რომ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მეუღლემ - ი-----–- ზ---------მ, ის ძალის გამოყენებით შეიყვანა სააბაზანო ოთახში, ჩაკეტა კარი, ორივე ხელი მოკიდა მხრებში და სამი-ოთხჯერ, მძლავრად მიარტყმევინა თავი აბაზანის კედელზე. ასევე, 2018 წლის 2 აგვისტოს მის მეუღლეს ტელეფონზე დაუკავშირდა შვილი ი---------- და უთხრა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს მას ი-----–- ზ---------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ბოთლი ესროლა ზურგის არეში და გადაუწია ხელი, მძლავრად მოუჭირა ხელი მარცხენა მკერდის არეში. ასევე, განუმარტა რომ 2018 წლის 2 აგვისტოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ზ---------მ ხელი მძალავრად მოუჭირა ყელის არეში.
19. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას მოწმის სახით გამოკითხულმა ნ-----------ემ.
20. არასრულწლოვანი მოწმის ლ---- ზ--------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ დასმულ შეკითხვებზე ლ---- ზ---------მ პასუხები არ გასცა.
21. მოწმე ლ--–--------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის მაისის თვის ბოლო რიცხვებში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, საღამოს, მასთან, სახლში მივიდა აღელვებული ი----------, რომელსაც თან ახდა მცირე წლოვანი შვილი ს--------. ი---------ის განმარტებით, მეუღლემ ი-----–- ზ---------მ, მას, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სხვა კონკრეტული დეტალები მისთვის არ უთქვამს. პირადად, მას, ი---------ისათვის რაიმე სახის ვიზუალური დაზიანება არ შეუმჩნევი-. ი---------- ტელეფონით დაუკავშირდა მშობლებს, რომლებიც დაახლოებით 2-3 საათში მივიდნენ მასთან სახლში და მისვლიდან 2-3 წუთში წავიდნენ.
22. მოწმე დ---------–----–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს სტუმრად ჩავიდა მამიდაშვილთან, ი-----–- ზ---------სთან, სახლში იმყოფებოდნენ ი-----–-ს და თ----- ზ---------, მისი მეუღლე გ------- მ-----–---–-, ი-----–- ზ--------- და მის მეუღლე ი----------. ასევე, მათი შვილები ს-------- და ლ---- ზ---------ები. იქ ყოფნის დროს ი-----–-სა და ი-ს შორის მოხდა სიტყვიერი შეკამათება. მოწმის განმარტებით 2018 წლის 2 აგვიტოს იგი არ შესწრებია ი-----–- ზ--------ის მიერ ი---------ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ასევე, მისთვის უცნობია ი---------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.
23. მოწმე გ--------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, 2018 წლის 3 აგვისტოს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ჩაატარა ი---------ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და გაცემული იქნა შესაბამის დასკვნა, რომლის სისწორესაც ადასტურებს.
24. მოწმე ლ--------–---–----ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს ღამის საათებში მის მიერ იქნა ი-----–- ზ--------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, 5 გრამიანი შპრიცით.
25. 2018 წლის 3 აგვისტოს გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, ი---------ის თანხმობით, განხორციელდა მისი სხეულის დათვალიერება და ფოტო გადაღება. ი----------ს მარჯვენა ხელის მაჯაზე, შიდა ზედაპირზე, აღენიშნება მოლურჯო მოწითალო ფერის ჰემატომა. ასევე, მაჯვენა ხელის მკლავზე, შიდა ზედაპირზე, იგივე ფორმისა და ზომის დაზიანება ჰემატომის სახით. ასევე, მარცხენა მკლავისა და მკერდის არეში აღენიშნება დაზიანება მოლურჯო მოწითალო ფერის ჰემატომის სახით. ასევე, დაზიანებები ჩაწითლების სახით ემჩნეოდა ყელისა და ზურგის არეში. აღნიშნულ დაზიანებებზე ი----------მ განაცხადა, რომ მიაყენა მეუღლემ ი-----–- ზ---------მ ფიზიკური ძალადობისას.
26. ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 03.08.2019წ-ს 03:58-04:06 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ: ი----------ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით: 0.5X0.4სმ. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, ასეთივეე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 0.4X0.3სმ. მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება 2, ერთმანეთთან ახლოს მდებარე, უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი თითოეული ზომით: 1) 0.5X0.4სმ 2) 0.3X0.2სმ. მარჯვენა წინა მხრის უკანა ზედაპირზე ქედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათი სისხლნაჟღენთი ზომით: 0.7X0.3სმ. მარჯვენა წინა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სიხლნაჟღენთი ზომით 4.2X2.7სმ. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომი: 3.8X3.5სმ. კულმკერდის უკანა ზედაპირზე, ცენტრალურად შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 0.6X0.3სმ. მარჯვე წვის ზინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება 2, ერთმანეთთან ახლოს მდებარე, უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი თითოეული ზომით: 1) 3.8X1.6სმ. 2) 0.8X0.5სმ. მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1.2X0.5სმ.).
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
27. ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ „ი-----–- ზ--------ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 2.18% ეთილის სპირტი, შეესაბამება ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს.
28. 2018 წლის 3 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, თევდორე მღვდილის ქუჩა N--ში და წარმოადგენს ი-----–- ზ--------ის საცხოვრებელ სახლს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, გამოძიებისათვის რაიმე მნიშვნელობის მქონე ნივთი არ ამოღებულა.
29. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), რაიმე საგნის ჩარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
დანაშაულის ერთერთი დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრზე ძალადობა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
30. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი-----–- ზ--------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ი-----–- ზ--------ის ბრალეულობა ოჯახური ძალადობის 3 (სამ) ეპიზოდში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი-----–- ზ--------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (3 ეპიზოდი). აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ი-----–- ზ--------ის მხრიდან დაზარალებულ ი---------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 23 მაისს, 2018 წლის 1 აგვისტოს და 2018 წლის 2 აგვისტოს, ი-----–- ზ---------ს, დაზარალებულ ი---------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
31. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
33. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
35. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
36. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ-18 გადაწყვეტილება, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავს დათქმას შეიცავს ამავე კოდექსის 82-ე მუხლი, რომლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N15).
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ მ. კ. კ-ს ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 15 მაისს მსჯავრდებულმა ჯ.კ-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მართალია, საკასაციო პალატას დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. კ-ს მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა (სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N16).
რაც შეეხება მოწმეების - ი. ც-ს და თ. გ-ს ჩვენებებს (ასევე, დანარჩენი მოწმეების ჩვენებები) ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს (სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N17).
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო მსჯავრდებული ჯ. კ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში (პარაგრაფი N18)“.
37. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-----–- ზ--------ის მიერ, ი---------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის ი---------ის და სამი ირიბი მოწმის - ო------------ის, ნ-----------ის და ლ--–--------ის ჩვენებები. ასევე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ი---------ის მიმართ. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-----–- ზ--------ის მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა სასამართლოს ი-----–- ზ--------ის ბრალეულობაში. მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის ი---------ის უდავოდ მიჩნეული ჩვენება კი, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მართალია, საქმეში მოიპოვება გარეგნული დათვალიერების ოქმი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია ი---------ის სხეულზე არსებული დაზიანებები, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, თუმცა, აღნიშნული გარეგნული დათვალიერების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, დაზიანებების მიმყენებელი პირის ნაწილში ეფუძნება მხოლოდ ერთადერთი პირის, ი---------ის განმარტებას. შესაბამისად, დოკუმენტებში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ი-----–- ზ--------- უნდა გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდით); 2) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდით); 3) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
38. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–- ზ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდით); 2) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდით); და 3) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში;
ი-----–- ზ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს N12/18-18 განჩინებით ა---------–---------–---–-ს (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N-------------;
გამართლებულ ი-----–- ზ---------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ი-----–- ზ--------ის სისხლის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოფოტურათები დისკზე და სსიპ 112-ის ჩანაწერი დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე