გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34552-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს ''მ-----------------------------–------------------ი'';
წარმომადგენელი - მ-----------------–ი;
მოპასუხე - თ----–----------–---–ი;
წარმომადგენლები - მე--–-----------–----, ხ-------------;
დავის საგანი - თანხის დაკისრება, დაგირავებული ნივთების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ----–----------–---–ს შპს ''მ-----------------------------–------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 4 მარტის N860407 სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -12990.20 აშშ დოლარის გადახდა.
2.1. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი გირავნობის საგნები: ა) სამეული 750 სინჯით, 34.7---------------------–-------------------------., ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
3. მოპასუხე თ----–----------–---–ს შპს ''მ-----------------------------–------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 4 მარტის N860637 სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9996.59 აშშ დოლარის გადახდა.
3.1. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი გირავნობის საგნები: ა) სამეული 750 სინჯით, 33.7---------------------–-------------------------., ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ----–----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე დაეთანხმა მასსა და მოსარჩელეს შორის სალომბარდე სესხის ხელშეკრულებების დადების და ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. მოპასუხემ ასევე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 4 მარტს შპს ''მ-----------------------------–------------------ის'' და თ----–----------–---–ს შორის დიადო სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები:
2015 წლის 4 მარტს გაფორმდა N860407 სალომბარდე სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით: სესხის თანხა 13000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელი 1.5%.
2015 წლის 4 მარტს გაფორმდა N860637 სალომბარდე სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით: სესხის თანხა 10000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელი 1.5%.
ხელშეკრულებებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. ხელშეკრულებების 2.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ხელშეკრულების დანართში - ''შეფასების ქვითარში'' აღწერილი ნივთებით (გირავნობის საგანი), რომლებსაც კლიენტი მფლობელობაში გადასცემს და აძლევს მას უფლებას, ისარგებლოს აღნიშნული ნივთების დაგირავების უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი სესხის და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, კლიენტი პასუხს აგებს დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ 20-21).
- დაგირავებული ნივთების ჩამონათვალი.
3.1.3. 2016 წლის 1 მარტს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით დაგირავებული ძვირფასი ნივთები დათვალიერდა და დაილუქა (იხ. დათვალიერების ოქმი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დათვალიერების ოქმი (ს.ფ 22-27).
3.1.4. შსს ქ. თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–--- განყოფილების მიერ გაცემული წერილის თანახმად დგინდება, რომ დაგირავებული ნივთები 2017 წლის 30 მაისს შესანახად ჩაბარდა შპს ''მ-----------------------------–------------------ის'' უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვაკე-საბურთალოს სამმართველოს განყოფილების წერილი (ს.ფ 54).
3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სალომბარდე სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და ჯამში ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს - 22 986.79 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 28).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მისი უსაფუძვლობის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობას უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს ''მ-----------------------------–------------------ის'' მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების ნაწილის დაფარვა განხორციელდა - 2015 წლის სექტემბრის თვეში (იხ.ს.ფ. 75). შესაბამისად, 2015 წლის სექტემბრის თვიდან დაწყებული ხანდაზმულობის ვადის დენა 2018 წლის აგვისტოს თვეში შეწყდა, მოსარჩელის მიერ თავდაპირველი სარჩელი აღძრულ იქნა 2018 წლის 3 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 76-79), ხოლო წინამდებარე სარჩელის წარდგენა მოხდა 2018 წლის 30 ნოემბერს. შესაბამისად, მოსარჩელემ კანონით დადგენილ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში მიმართა სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 361-ე, მე-400, 623-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ დაარღვია სალომბარდე სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და ჯამში ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს - 22986.79 აშშ დოლარს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. წინამდებარე ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ხელშეკრულების დანართში - ''შეფასების ქვითარში'' აღწერილი ნივთებით (გირავნობის საგანი), რომლებსაც კლიენტი მფლობელობაში გადასცემს და აძლევს მას უფლებას, ისარგებლოს აღნიშნული ნივთების დაგირავების უფლებით.
სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის და სასამართლოს მოსაზრებით ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით დაგირავებული ძვირფასი (ოქროს) ნივთების რეალიზაციის მოთხოვნა დასაბუთებულია სრულად. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული სალომბარდე სესხის ხელშეკრულებ(ებ)ის 2.5 პუნქტს, რომლის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი სესხის და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, კლიენტი პასუხს აგებს დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით. ამდენად, სახელშეკრულებო პირობის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ასევე დასაბუთებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებლის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილშიც.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს - 1855 ლარი, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ''მ-----------------------------–------------------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე თ----–----------–---–ს მოსარჩელე შპს ''მ-----------------------------–------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 4 მარტის N860407 სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -12990.20 აშშ დოლარის გადახდა.
2.1. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი გირავნობის საგნები: ა) სამეული 750 სინჯით, 34.7---------------------–-------------------------., ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
3. მოპასუხე თ----–----------–---–ს შპს ''მ-----------------------------–------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 4 მარტის N860637 სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9996.59 აშშ დოლარის გადახდა.
3.1. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი გირავნობის საგნები: ა) სამეული 750 სინჯით, 33.7---------------------–-------------------------., ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
4. თ----–----------–---–ს შპს ''მ-----------------------------–------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1855 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი