გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/15-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2018 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - ს----------–-----–---------------------------ო;
წარმომადგენელი - ქ------ნ მ----–--------ე;
მოპასუხე - გ--- ა------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ--- ა------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად მიღებული პრემიის 100 (ასი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე გ--- ა------ეს სარჩელში მითითებულ მისამართზე ქ. სამტრედია, ა. ქ-----------ს ქუჩა N2-, გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალებით და 2018 წლის 12 მარტს ჩაბარდა პირადად. მოპასუხე - გ--- ა------ეს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია და სხდომაზეც არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე წესის 36-ე მუხლის (დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე III ასეულის სპეციალური საშუალებების ოცეულის მ--------–- (გ----------–-), უ-------ი ს---–----- - გ--- ა------ე (პ/ნ 3----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 10 აპრილიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 აპრილის №892417 ბრძანება (ს. ფ. 18 ).
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის წერილით, გ--- ა------ეს ეცნობა მასზე ზედმეტად დარიცხული თანხის შესახებ და ეთხოვა თანხის სახელმწიფო ხაზინაში დაბრუნება. კერძოდ, ზედმეტად მიღებული 2017 წლის აპრილის თვის პრემიის თანხა შეადგენს - 100 ლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის მიმართვა. (ს. ფ. 15)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 2- აპრილის №75764 საგადახდო მოთხოვნით დგინდება, რომ გ--- ა------ეს დაერიცხა აპრილის თვის პრემია - სააღდგომო - 100 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 2- აპრილის №75764 საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 17);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროში საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს, ხოლო იმავე კანონის პრეამბულის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხე - გ--- ა------ეს დაეკისროს ზედმეტად მიღებული პრემიის სახით თანხის ანაზღაურება.
6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 13 აპრილის №892417 შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე III ასეულის სპეციალური საშუალებების ოცეულის მ--------–- (გ----------–-), უ-------ი ს---–----- - გ--- ა------ე (პ/ნ 3----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 13 აპრილიდან.
საქმეში წარმოდგინილი 2-.04.2017 წლის №75764 საგადახდო მოთხოვნით დგინდება, რომ გ--- ა------ეს დაერიცხა აპრილის თვის პრემია - 100 ლარის ოდენობით. ამასთან იგი, 2017 წლის 13 აპრილს გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და შესაბამისად, მოსარჩელეს ზედმეტად აქვს ჩარიცხული აპრილის თვის პრემია, რაც შეადგენს - 100 ლარს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - გ--- ა------ისთვის აპრილის თვეში უსაფუძვლოდ დარიცხული თანხის (პრემია) ოდენობამ შეადგინა - 100 ლარი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე - გ--- ა------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება - 100 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოპასუხე გ--- ა------ეს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–-----–---------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ--- ა------ეს ს----------–-----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად ჩარიცხული თანხის - 100 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე გ--- ა------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1).
მოსამართლე ნონა ზარქუა