გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოპასუხე - შპს „ქ--------–------------------“
დირექტორი - რ-------------------–ი
წარმომადგენელი - ნ----------------
დავის საგანი - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამარლთზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს „ქ--------–------------------ს“ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2016 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 30 ივნისამდე 996,2 ლარის ოდენობით (იხ.: სარჩელი, ს.ფ. 3-14).
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ს--------------- (ს.კ. 0---------------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სსიპ საჯარო რეესტრში აღრიცხულია 2008 წლის 6 დეკემბრიდან. აღნიშნული ქონების ნაწილით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა შპს „ქ--------–------------------“, რაც დასტურდება ფოტომასალით და ქ--------–------------------ს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის განცხადებით, რომლითაც ნაწილობრივ აღიარებს აღნიშნული ფართის არამართლზომიერად ფლობას.
სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიანი ფართის, ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 96 ლარს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან 101 ლარს. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილი და განესაზღვრა შესაბამისი ვადა ვალდებულების შესრულებისთვის, თუმცა, ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს შპს „ქ--------–------------------ს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზეომიერად სარგებლობის გამო, ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 996,2 ლარის გადახდა.
(მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, იხ. სდომის ოქმი)
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს „ქ--------–------------------მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას იმ ნაწილში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს 2016 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ბიზნეს სუბიექტად დარეგისტრირდა 2016 წლის 29 აგვისტოდან, მას სამეწარმეო საქმიანობა მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფართში არ დაუწყია რეგისტრაციისთანავე. ფართი იყო მეწარმეობისათვის გამოუსადეგარი და საჭიროებდა გარკვეული ტიპის სარემონტო სამუშაობს. დასახელებულ ფართში მოპასუხემ სამეწარმეო საქმიანობა დაეწყო 2017 წლის 7 მარტიდან და შეწყვიტა 14 ივნისს, მოსარჩელე მხარისაგან გაფრთხილების მიღებისთანავე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 12 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა (დირექტორმა), რ-------------------–მა ნაწილობრივ 2017 წლის 7 მარტიდან - 14 ივნისამდე, 30 მ2 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის სარგებლობის ნაწილში ცნო სარჩელი, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი დ------ი, საკადასტრო კოდი N0--------------- (ნაკვეთის წინა ნომერი 01.72.14.034.146) დაზუსტებული ფართობი 560.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 განაშენების ფართით 191 კვ.მ საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-18).
3.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 სექტემბრის N5004965717 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, სოფ. დ------ში მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების N1-ის და N2-ის (საერთო ფართობი - 65.62 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიან 65,52 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 68 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 72 ლარს. 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 93 ლარს, 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 96 ლარს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან 05 სექტემბრამდე - 101 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 სექტემბრის N5004965717 ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 26-33)
3.1.3. შპს „ქ--------–------------------“-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------------------------–-–---------–--------------------–-–-------------------------------------–-–----------------------- წერილებით, გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივნისის #7/28509 შპს „ქ--------–------------------ს“ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------------------------–-–---------–--------------------–-–-------------------------------------–-–------------------------–-----–--- (ს.ფ. 34-39)
- შპს „ქ--------–------------------ს“ 2017 წლის 16 ივნისის წერილი (ს.ფ. 23)
3.1.4. 2017 წლის 12 ივნისის 7/28509 წერილის საპასუხოდ, 2017 წლის 16 ივნისს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა რ-------------------–ის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შპს „ქ--------–------------------“ იმ დროისთვის მითითებულ მისამართზე საქმიანობას აღარ ახორციელებდა და მოითხოვა დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ქ--------–------------------ს“ დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის წერილი (ს.ფ. 23)
3.1.6. შპს „ქ--------–------------------“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 0--------------- უძრავი ნივთის ნაწილით, 30 მ2 ფართს, სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად იყენებდა 2017 წლის 07 მარტიდან 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპსუხე მხარის ახსნა-განმარტება;
- შპს „სოვრელის საკონდიტროს“ 2017 წლის 16 ივნისის წერილი (ს.ფ. 23)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამეთუ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ საზღაურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს საჯარო ინტერესი დაცულია კანონით.
6.3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებისა (მოპასუხემ ცნო სარჩელი 2017 წლისნ 07 მარტიდან 14 ივნისამდე პერიოდში) და საქმეში წარმოდეგნილი 2017 წლის 16 ივნისის წერილის საფუძველზე, სადაც მოპასუხის დირექტორმა მიუთითა, რომ აღნიშნულ ფართში დღეის მდგომარეობით საქმიანობას არ ახორციელებს საკითხის განხილვამდე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე 2017 წლის 7 მარტიდან 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით 30 მ2-ით და არ დასტურდება ამ პერიოდისათვის დარჩენილი 32,71 მ2 -ის სარგებლობის ფაქტი. ასევე, არ დასტურდება მის მიერ 2016 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 07 მარტამდე და 2017 წლის 17 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების ფართობით - 62,17 კვ.მ სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. კერძოდ, მოსარჩელე, შპს „ქ--------–------------------ს“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენების დასადასტურებლად უთითებს 2017 წლის 26 აპრილის ფოტოსურათებზე, შპს „ქ--------–------------------ს“ დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის წერილზე და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 სექტემბრის დასკვნაზე, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 26 აპრილს გადაღებული ფოტოსურათები არ ადასტურებენ 2017 წლის 26 აპრილამდე და მას შემდეგაც 62,17 კვ.მ ფლობა-სარგებლობის ფაქტს, ექსპერტიზა ჩატარებული იქნა კონკრეტული მიზნით, წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და არა ფართის ფლობის საკითხის გასარკვევად, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილ 16 ივნისის წერილში კი მოპასუხის დირექტორი ფართის ფლობას ადასტურებს მხოლოდ მარტის თვიდან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 12.06.2017წ. წერილით მოსარჩელეს არ უცნობებია თუ რა ოდენობის ფართისთვის ითხოვდენენ თანხის ანაზღაურებას, შეუძლებელია დადგინდეს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა 62,71 კვ.მ ფართის ფლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ქ--------–------------------ს“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 163,24 ლარის ანაზღაურება (30 კვ.მ საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს 46,17 ლარს, (101/65,62X30=47,17) მოპასუხე კი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა 3 თვისა და 16 დღის განმავლობაში), დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისსი 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, შპს „ქ--------–------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 8,18 ლარის ოდენობით (სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია სასარჩელო მოთხოვნის 16,37%, რის მიხევითავ მოპასუხის მიერ გადასახდელი ბაჟის ოდენობა არის 16,45 ლარი (100 ლარიX16,37%-ზე = 16,37 ლარს), თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელემ ცნო სარჩელი გადასახდელი ბაჟის ოდენობა განახევრდა).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს „ქ--------–------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 163,14 ლარის ანაზღაურება.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „ქ--------–------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 8,18 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი