გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019002861999
#2/44-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03.06.2019 წელი ქ.საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ”ლ-------- ბ---ი”
წარმომადგენელი: ლ--–- გ------ა
მოპასუხე: ნ-----–- კ----------ე
მოპასუხის წარმომადგენელი: ნ----- ჭ---------ე
დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს.კ.2--------) წარმომადგენელმა, ლ--–- გ------ამ (პ.№ 0----------) მოპასუხე - ნ-----–- კ----------ის (პ.№5----------) მიმართ, საკრედიტო დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს ნ-----–- კ----------ეზე საკრედიტო განცხადების საფუძველზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით (ლ-------- ექსპრესი) 24 თვის ვადით. საბანკო კრედიტის „ელექტრონული და სხვა არსების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების“ თანახმად კრედიტის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 64.75%, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - კრედიტის მთლიანი ნარჩენი ძირითადი თანხის 0.4%-ის ოდენობით.
მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებია გრაფიკის და ელექტრონული და სხვაარხების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად.
2018 წლის 14 თებერვლიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული პერიოდიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში და ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, ნ-----–- კ----------ეს დავალიანება სს „ლ-------- ბ---ი“-ს მიმართ შეადგენს 5906.22 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2947.13 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 2015.06, სესხის ვადაგადაცილების ჯარიმა - 944.03 ლარი.
1.1. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ნ-----–- კ----------ეს სს “ ლ-------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5906.22 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2947.13 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 2015.06 ლარი, ჯარიმა 944.03 ლარი.
1.2. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის - 177.18 ლარის სრულად გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ-----–- კ----------ემ შესაგებელი შემოიტანა სს „ლ-------- ბ---ი“-ს სარჩელზე, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით მოპასუხე ცნობს მხოლოდ სესხის ძირ თანხას - 2947.13 ლარს, დანარჩენ ნაწილში მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მორიგების თაობაზე. სასამართლოს მიერ მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსარიგებლად, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს ნ-----–- კ----------ეზე საკრედიტო განცხადების საფუძველზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით (ლ-------- ექსპრესი) 24 თვის ვადით. საბანკო კრედიტის „ელექტრონული და სხვა არსების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების“ თანახმად კრედიტის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 64.75%, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - კრედიტის მთლიანი ნარჩენი ძირითადი თანხის 0.4%-ის ოდენობით.
მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებია გრაფიკის და ელექტრონული და სხვაარხების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი საბანკო კრედიტის აღების შესახებ, ლ-------- ექსპრესის ხელშეკრულება და ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ.13-32)
3.2.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 14 თებერვლიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული პერიოდიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში და ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, ნ-----–- კ----------ეს დავალიანება სს „ლ-------- ბ---ი“-ს მიმართ შეადგენს 5906.22 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2947.13 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 2015.06, სესხის ვადაგადაცილების ჯარიმა - 944.03 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 33)
- გაფრთხილების წერილები თანდართული საფოსტო შეტყობინებებით (ს.ფ 35-38)
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ სს ”ლ-------- ბ---ი”-ს სარჩელი ნ-----–- კ----------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ . მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია, 24 თვით ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პროცენტი, ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, რომელიც ასახულია ჯარიმის ფორმულირებაში. სასამართლო თვლის რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 294 ლარით და 71 თეთრით.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე, 50--ე 53-ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-420, 623-ე, 624-ე, 867-ე, მუხლებით
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.”
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი - 64.75 %-ის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.“
8.5. სასამართლოს მიერ, როგორც საქმეში არსებული მასალების, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ დადგენილია, რომ მოპასუხის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, სს „ლ-------- ბ---ი“-ს მიმართ შეადგენს 5906.22 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2947.13 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 2015.06, სესხის ვადაგადაცილების ჯარიმა - 944.03 ლარი.
ამასთან მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი სესხის ძირი თანხის - 2947.13 ლარის ნაწილში.
8.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 294.71 ლარამდე.
8.7.. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
9. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 88.41 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,, ლ-------- ბ---ის“-ს (ს/კ2--------) სარჩელი, ნ-----–- კ----------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ნ-----–- კ----------ეს (პ/ნ.5----------) სს. ,,ლ-------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5256 (ხუთი ათას ორასორმოცდათექვსმეტი) ლარისა და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრის გადახდა (საიდანაც 2947 ლარის და 13 თეთრი არის ძირი თანხა, 2015 ლარი და 06 თეთრი არის პროცენტი და 294 ლარი და 71 თეთრი არის პირგასამტეხლო)
2. ნ-----–- კ----------ეს დაეკისროს ს.ს. ,,ლ-------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 69 (სამოცდაცხრა) ლარი და 29(ოცდაცხრა) თეთრი.
3. ს.ს. ,, ლ-------- ბ---“-ს (ს/კ.2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 88 (ოთხმოცდარვა) ლარი და 41 (ორმოცდაერთი) თეთრი (საგადახდო დავალება №5152877235, სს ”ლ-------- ბ---ი”, გადახდის თარიღი-2019 წლის 20 თებერვალი, სახაზინო კოდი 300223150, გადამხდელი - სს”ლ-------- ბ---ი”, თანხა - 177.18 ლარი,) კანონით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი