განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ა---------ს
ბრალდებულ – დ----- მ--------–---–ის
ადვოკატ – ლ---- შ--–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– დ----- ვ--–------ის ძე მ--------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------------------–---------–------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- მ--------–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- მ--------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------–--–------------------------------------ში ყოფნისას, დ----- მ--------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ---- ზ-----ეს, კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. დ----- მ--------–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება - დ----- მ--------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ----- მ--------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა დ----- მ--------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, საეჭვო სატელეფონო მიმოწერის გამო მეუღლესთან - ნ---- ზ-----ესთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც მან უთხრა ცოლს, რომ ისინი ერთად ვეღარ იცხოვრებდნენ და საცხოვრებლად გადადიოდა სხვაგან. აღნიშნულის შემდეგ, ნ---- ზ-----ემ იმის გამო, რომ ქმარი არ წასულიყო სახლიდან, დაუმალა პირადი ნივთები, მათ შორის ავტომანქანის გასაღები და საფულე, სადაც ჰქონდა პირადი დოკუმენტაცია. სწორედ აღნიშნული ნივთების ძებნისას გადმოყარა საძინებელში ტანსაცმელი და კომოდის უჯრები, რის შემდეგაც წავიდა სახლიდან. ბრალდებულის განმარტებით, არც დასახელებულ დღეს და არც სხვა დროს, მას მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ---- ზ-----ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მცირეწლოვანმა მოწმეებმა ი--- და ს-------- მ--------–---–ებმა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების თანამშრომლები - ვ--–---- გ-----–---–- და გ------- ბ------, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
ამასთან, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები - 2018 წლის 24 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმე ლ---- კ-----–---–--ს გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერი #------, ნ---- ზ-----ის სამედიცინო დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი, თანდართული სამედიცინო დოკუმენტაციით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–--------------ის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა - უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა დ----- მ--------–---–ის მიერ ნ---- ზ-----ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ დ----- მ--------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დ----- მ--------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ---- ზ-----ემ, ასევე, მცირეწლოვანმა მოწმეებმა - ი--- და ს-------- მ--------–---–ებმა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი თქვეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა უარყო მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი და მიუთითა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლესთან მოუვიდა უთანხმოება, რის გამოც გადაწყვიტა სახლიდან წასვლა, რა დროსაც ნ---- ზ-----ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე და შემსწრე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა უარყო მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, და ამ ფონზე კი სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია ძალადობის განხორციელების ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.
რაც შეეხება უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სადაც დაფიქსირებულია დაზარალებულ ნ---- ზ-----ის განმარტება, რომ მეუღლემ გაარტყა ხელი; ასევე მოწმე ლ---- კ-----–---–--ს გამოკითხვის ოქმს, რომლის თანახმად, ნ---- ზ-----ემ განუცხადა მას, რომ სცემა მეუღლემ - სახეში გაარტყა ხელი, თუმცა პაციენტს ვიზუალურად რაიმე დაზიანება არ ემჩნეოდა; სამედიცინო დოკუმენტაციას და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ასევე დაზარალებულ ნ---- ზ-----ის მიწოდებული ინფორმაციაა დაფიქსირებული, რომ მეუღლემ შემოარტყა ხელი, თუმცა ამავე დოკუმენტაციასა და დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნ---- ზ-----ეს სხეულზე მექანიკურ დაზიანებები არ აღენიშნებოდა, - ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება ემყარება მხოლოდ ერთი წყაროდან - დაზარალებულ ნ---- ზ-----ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ინფორმაცია ვერ გადამოწმდა პირველწყაროსთან, ნაკლებია მათი სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. სწორედ ამიტომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- მ--------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- მ--------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. გაუქმდეს დ----- მ--------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–--------------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
3. დ----- მ--------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი