გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2019
საქმის ნომერი
330210019002911046
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6080-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

6 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ''A-----------'';

წარმომადგენელი - მ--------------ე'';

მოპასუხე - შპს ''კ------–-----------'';

წარმომადგენელი - უ---------;

დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ''კ------–-----------ს'' მოსარჩელე შპს ''A-----------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3843.54 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მხარეებს შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ყიდდა, ხოლო მოპასუხე ყიდულობდა გარკვეული სახის მასალას. მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული აქვს 8315.31 ლარის ღირებულების და 528.23 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც, მას დაფარული აქვს დავალიანების ნაწილი - 5000 ლარი, ხოლო 3843.54 ლარი მოსარჩელისათვის არ გადმოუცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელს არ ცნობს. ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, თუმცა მისი განმარტებით სადავოა მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა. აღნიშნული არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 8315.31 ლარის და 528.23 ლარის ღირებულების პროდუქცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (იხ. 20-21).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დაფარულ იქნა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი - 5000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო დავალება (იხ. 22).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის მასალების შესწავლის და შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია მიწოდებული საქონლის ღირებულება სრულად, დარჩენილი დავალიანება შეადგენს - 3843.54 ლარს.

 

დავალიანების ოდენობის შესახებ შედარების აქტის არარსებობაზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დადასტურებული სასაქონლო ანგარიშფაქტურებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2016 წლის აგვისტოს თვეში მიაწოდა - 8315.31 ლარის ღირებულების, ხოლო 2016 წლის სექტემბრის თვეში - 528.23 ლარის ღირებულების საქონელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სასამართლო მიუთითებს, რომ მყიდველის მიერ სასაქონლო ანგარიშფაქტურების დადასტურებით, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის არსებით პირობაზე - ფასზე, რომელიც შეადგენდა ერთ შემთხვევაში - 8315.31 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 528.23 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს- მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდას, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს. თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მყიდველს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მან გადაიხადა ნასყიდობის საფასური სრულად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წერილობითი სახის მტკიცებულება, რა სახის მტკიცებულების წარდგენაც კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, მხოლოდ მხარის განმარტება სადავო ფაქტობრივ გარემოებას ვერ დაადასტურებს უცილოდ, შესაბამისად დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილი - 3843.54 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (იხ. 20-21).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

~

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 477-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამყიდველსა და მყიდველს გააჩნიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.

 

მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა გარკვეული სახის პროდუქციას. ამასთან, სასამართლომ დაადგინა (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტი), რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 8315.31 ლარის და 528.23 ლარის ღირებულების პროდუქცია. ანუ ფაქტობრივად გადასცა ნასყიდობის საგანი. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ მოპასუხემ მიწოდებულ საქონელზე საკუთრების უფლება მოიპოვა. თუმცა, ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხემ გამყიდველს შეთანხმებული ფასის მხოლოდ ნაწილი 5000 ლარი გადაუხადა, ანუ ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია რა, რომ გამყიდველმა გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, გამყიდველს მის მიერ ვალდებულების შესრულების მომენტიდან - წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეს სრულად არ აქვს გადახდილი მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 3843.54 ლარს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების - 3843.54 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 115.31 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 115.31 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გაწეულ იქნა სასამართლოსგარეშე ხარჯი, კერძოდ მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილია - 700 ლარი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად - 150 ლარის გადახდა (სასარჩელო მოთხოვნის 3843.54 ლარის 4%).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''A-----------''-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე შპს ''კ------–-----------ს'' მოსარჩელე შპს ''A-----------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3843.54 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ''კ------–-----------ს'' მოსარჩელე შპს ''A-----------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 115.31 ლარის და სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით - 150 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი