გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210018002373710
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9426-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მაისი, 2019 წელი თ---–-სი

 

შესავალი ნაწილი

 

თ---–-სის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - შ-- „ე-----ი“

წარმომადგენელი - გ------ი უ-----–---–ი

 

მოპასუხე - შ-- „ს----“

წარმომადგენელი - ვ------- კ-------–---ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 12712,80 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლიდან მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. შ-- „ე-----ის" ვალდებულებას წარმოადგენდა მოპასუხის მომარაგება სხვადასხვა სახის პროდუქციით, ხოლო შ-- „ს----“, თვის მხრივ, ვალდებული იყო გადაეხადა პროდუქციის ღირებულება.

 

2017 წლის 12 აპრილს მხარეთა შორის გაფორდმა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმად, შ-- „ს----“-მაშ-- „ე-----ის" წინაშე აღიარა დავალიანების არსებობა, კერძოდ, ვალი 2017 წლის 12 აპრილისთვის შეადგენდა 13 412,80 ლარს, რაც მოვალეს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა. კერძოდ, ზემოხსნებული დავალიანების 70% უნდა დაფარულიყო 2017 წლის 30 აპრილამდე, ხოლო დარჩენილი 30% - 2017 წლის 10 მაისამდე. შეთანხმების შემდგომ შ-- „ს----“-მა დაფარა მხოლოდ 700 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეებს შორის მართლაც არსებობდა სამეწარმეო ურთიერთობა, მოსარჩელე მოპასუხეს აწოდებდა პროდუქციას, მყიდველი გამყიდველს უნაზღაურებდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას. თუმცა, შ-- „ს----“-ს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

2017 წლის 19 აგვისტოს ორგანიზაციაზე განხორციელებული კიბერნეტიკული შეტევის გამო, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

2017 წლის 12 აპრილის მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება ვალის აღიარების თაობაზე არ გაფორმებულა, ამ დოკუმენტზე ხელი შ-- „ს----“-ის დირექტორს ს---–----- ჰ-------–-------–უს არ მოუწერია, ამ დოკუმენტზე კიდევაც, რომ ყოფილიყო ს---–----- ჰ-------–-------–უს ხელმოწერა, მას მაინც არ ექნებოდა იურიდიული ძალა, რადგან, ე.წ. "შეთანხმების" თარგმნა, მისთვის გასაგებ თ--------– ენაზე – არ მომხდარა, ს---–----- ჰ-------–-------- არის თ--------ის მოქალაქე, მან არ იცის ქართული წერა-კითხვა და ვერ გაეცნობოდა დოკუმენტის შინაარსს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ 2017 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რაც გულისხმობდა შ-- „ე-----ის" ვალდებულებას მიეწოდებინა მოპასუხისათვის სხვადასხვა სახის პროდუქცია, ხოლო შ-- „ს----“, თავის მხრივ, ვალდებული იყო გადაეხადა პროდუქციის ღირებულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.დ. 3-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 70).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 12712,80 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის მხარეთა შორის ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის დავალიანების არსებობას.

 

მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხის დავალიანების - 12 712,80 ლარის დასადასტურებლად წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები:

 

- 2017 წლის 12 აპრილს შ-- „ს----“-სა, წარმოდგენილი მისი დირექტორის ს---–----- ჰ-------–-------–უს სახით და შ-- „ე-----ის“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, 2017 წლის 12 აპრილისათვის შ-- „ს----“-ის დავალიანება შ-- „ე-----ის“ წინაშე შეადგენდა 13 142,80 ლარს. შ-- „ს----“-მა აიღო ვალდებულება აღნიშნული დავალიანების 70% დაეფარა 2017 წლის 30 აპრილამდე, ხოლო დარჩენილი 30% - არაუგვიანეს 2017 წლის 10 მაისისა.

 

შეთანხმებას ხელს აწერს შ-- „ს----“-ის დირექტორი ს---–----- ჰ-------–-------–უ და შ-- „ე-----ის“ დირექტორის შ--–-ა თ------იას წარმომადგენელი გ------ი მ---–--ე (იხ. ს.ფ. 32).

 

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ასევე, სასაქონლო ზედნადებები და დადასტურებული ანგარიშფაქტურები. დადასტურებული ანგარიშფაქტურების თანახმად, მოსარჩელისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 12 966,2 ლარს (იხ. 17-31).

 

- ასევე, წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა №---- შ-- შ-- „ს----“-დან შ-- „ე-----ისადმი“ მისაღები შემოსავლის აუდიტის შესახებ, რომლის თანახმად - შ-- "ე-----სა" და შ-- „ს----“-ს შორის არსებული პირველადი საფინანსო დოკუმენტაციით აუდიტორმა შეისწავლა გამყიდველის მიერ მიწოდებული პროდუქციის ასორტიმენტი, რაოდენობა და შესაბამისი ფასები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ შ-- "ე-----მა“ შ-- „ს-----ს“ პირველად მიაწოდა საქონელი 2015 წლის 27 აგვისტოს. კერძოდ, ქალაქ ქ------სში, ვ----–---–---–ის ქუჩა N--ში მდებარე მარკეტში. გარდა ამისა, შ-- „ე-----ის“ მიერ მიწოდებული იქნა სხვადასხვა სახის საქონელი ქალაქ ბ------ში, ლ------ის ქუჩა N---ში მდებარე მარკეტში (პირველი მოწოდება 2016 წლის 14 დეკემბერს) და ქალაქ თ---–-სში, ხ------–---–ის ქუჩა N---ში მდებარე მარკეტში (პირველი მოწოდება 2015 წლის 23 დეკემბერს). აღნიშნულ მისამართებზე მდებარე მარკეტებისათვის შ-- "ე-----ის“ მიერ 2015 წლის 27 აგვისტოდან 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული იქნა (პროდუქციის ბოლო მიწოდებამდე) სხვადასხვა სახის მინერალური წყლები: ნ------–--ი, და ბ------ო. სხვადასხვა ბოსტნეულის მწნილები, ჯემები და სხვადსხვა საქონელი. სულ შ-- „ე-----ის" მიერ შ-- „ს----“-თვის ზემოთ აღნიშნულ მარკეტებში 2015 წლის 27 აგვისტოდან 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით (პროდუქციის ბოლო მიწოდებამდე მიწოდებული პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 21 283.16 ლარი. ხოლო შ-- „ს----“-ის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოდან 2017 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში ნაწილი სალაროში ნაღდი თანხა იქნა შემოტანილი (3710.82 ლარი) და ნაწილი ჩარიცხული (4 859.54 ლარი) სულ 8 570.36 ლარი. ამრიგად, 2018 წლის 6 სექტემბრის (ანგარიშის გაცემის თარიღისათვის) მდგომარეობით შ-- „ს-----ის“ დავალიანება შ-- "ე-----ის" მიმართ შეადგინა 12 712.80 (21 283.16 – 8 570.36) ლარი (იხ. ს.ფ. 82-88).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად (სსსკ-ის 102-ე მუხლი), ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლია.

 

ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოპასუხე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2017 წლის 19 აგვისტოს შ-- „ს----“-ზე განხორციელებული კიბერნეტიკული შეტევის შედეგად, რასთაც დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჯერ-ჯერობით არ გააჩნდათ. სასამართლო მიუთითებს, რომ დავალიანების არ არსებობის დასადასტურებლად მხოლოდ ეს განმარტება არ არის საკმარისი და არ შეესაბამება სსსკ 102-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს.

 

რაც შეეხება 2017 წლის 12 აპრილის შეთანხმებას, მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შ-- „ს----“-ის დირექტორი ს---–----- ჰ-------–-------–უ არის თ-----ი ეროვნების და მას არ ეთარგმნა, თუ რა შეთანხმებაზე აწერდა ხელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებშიც შ-- „ს----“-ის დირექტორის მიერ წარმომადგენლის ვ------- კ-------–---ის სახელზე გაცემული მინდობილობა შედგენილია ქართულ ენაზე, რასაც ხელს აწერს მარწმუნებელი ს---–----- ჰ-------–-------–უ. შესაბამისად, როგორც დგინდება სამართლებრივ ურთიერთობებში მოპასუხე კომპანიის დირექტორი იყენებს ქართულ დოკუმენტებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ს---–----- ჰ-------–-------–უ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა იმ ფაქტის სასარგებლოდ, რომ ს---–----- ჰ-------–-------–უ მოკლებული იყო შესაძლებლობას გასცნობოდა შეთანხმების შინაარს ქართულ ენაზე და რომ მისთვის გასაგებ თ--------– ენაზე დოკუმენტი არ თარგმნილა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სადავოდ გახადა შეთანხმებაზე შ-- „ს----“-ის დირექტორის ს---–----- ჰ-------–-------–უს ხელმოწერის ნამდვილობა (იხ, 2019 წლის 18 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი; 12:07:12).

 

სასამართლო არ იზიარებს და არ აფასებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას ხელმოწერის ნამდვილობის საკითხთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პასუხში (შესაგებელში)სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).

 

შესაბამისად, სასამართლომ სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტით, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურა მოპასუხის დავალიანების არსებობა, ხოლო მოპასუხემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა 12 712,80 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. მოპასუხემ ამ შემთხვევაში ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 361-ე, 477-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ 2017 წლის 12 აპრილის შეთანხმებით მოპასუხის შ-- „ს----“-ის მიერ აღიარებულია ვალის არსებობა, სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წერილობითი ფორმის დაცვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების დროს სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისაა, საიდაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება. ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნის უფლება სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოეშობა და არა წინმსწრები ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან

 

ვალის აღიარების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვაა საჭირო. კანონით დადგენილი ფორმა კი მარტივი წერილობითია, რომელიც დაცულად ჩაითვლება, თუ მხარეები ვალის აღიარების ხელშეკრულებას ორმხრივად ხელს მოაწერენ.

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია ვალის არსებობის აღიარებიდან არ ჩანს, თუ რამ განაპირობა მოვალეთა მხრიდან ვალის აღიარება, თუმცა სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი აქტით აღიარებული ვალდებულება გამომდინარეობდა მხარეთა შორის უკვე არსებული ნასყიდობის სამართალურთიერთობიდან.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, არ წარმოადგენს ფორმასავალდებულო გარიგებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არც სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით დადგენილი, კანონით გათვალისწინებული რაიმე ფორმის დაცვის ვალდებულება არსებობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ ვალდებულების, 12 712,80 ლარის გადახდის შეუსრულებლობა, რაც მას ჯერ კიდევ 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა.

 

ხელშეკრულების დარღვევას შედეგად უნდა მოჰყვეს დამრღვევი მხარის იძულება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების დაცვის გარანტიაა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს შ-- „ე-----ს“ 12 712,80 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს 381,40 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ-- „ე-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შ-- „ს----“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 12 712,80 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 381,40 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–-სის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–-სი, გრ.რობაქიძის გამზ. №7ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–-სის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–-სი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თ---–-სის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე